რა შანსები აქვს საქართველოს Tesla-ს დასაინტერესებლად? ვინ როგორ მუშაობს საქართველოში მსხვილი ინვესტორების მოსაზიდად
ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის - Tesla-ს პირველი ქარხანა საზეიმოდ 2016 წლის 29 ივლისს ნევადაში გაიხსნა. შტატის გუბერნატორმა მაშინ განაცხადა, რომ ეს პროექტი ნევადას მომდევნო ორი ათეული წლის განმავლობაში 100 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანდა. იმისთვის, რომ Tesla-ს არჩევანი ნევადაზე შეეჩერებინა, ამერიკის ამ შტატს დრო და რესურსი არ დაუზოგავს. ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიას ერთმანეთზე უფრო მიმზიდველ პირობებსა და შეღავათებს კალიფორნია, არიზონა, ნიუ მექსიკო და ტეხასიც სთავაზობდნენ, თუმცა მაშინ ეს ბრძოლა ნევადამ მოიგო. დღეს კი Tesla-სთვის მომგებიანი გარემოს შეთავაზებაზე ახალი კონკურენცია დაიწყო. ამერიკული კომპანია ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს, ადგილი ჯერ შერჩეული არ აქვს, თუმცა ცნობილია, რომ Gigafactory 2, სადაც როგორც ბატარეები, ასევე ავტომობილები უნდა აწარმოონ, ევროპაში იქნება. რთული მისახვედრი არ არის, რომ ამ პროექტისთვის ბრძოლა ევროპის ქვეყნებს უკვე დაწყებული აქვთ, Tesla სავარაუდოდ არა ერთ შეთავაზებას იღებს. მსურველთა შორის საქართველოც არის. ეკონომიკის სამინისტრომ ამერიკულ კომპანიას წერილიც მისწერა, მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი დეტალებზე ლაპარაკისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ Tesla-ს მთავრობა უკვე დაუკავშირდა.
„Tesla–ს დავუკავშირდით. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ პასუხს მოგვწერენ. მხოლოდ დავუკავშირდით, მთელი ევროპის ქვეყნები ეკონტაქტებიან, მნიშვნელოვანია, სწორად მოხდეს კომუნიკაცია. თუ დაინტერესდებიან, ჩვენ მზად ვართ, გავესაუბროთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესიც არის ისეთი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, როგორიცაა Tesla“, – ამბობს ქეთი ბოჭორიშვილი.
ეკონომიკის სამინისტროს კომუნიკაციის ფორმას უწუნებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი. მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში მთავრობას გაცილებით მეტი აქტიურობა მართებს.
„ეს დამოკიდებულება ყოვლად წარმოუდგენელია, ხელში უნდა ეჭიროს ბილეთი, მიფრინავდეს, ხვდებოდეს კომპანიის ხელმძღვანელს და არწმუნებდეს, რომ საქართველოში ჩადოს ინვესტიცია. უნდა სთავაზობდეს მჭიდრო თანამშრომლობას, რაც გამოიხატება ინფრასტრუქტურული მიმართულებით პარტნიორობაში, ზოგადად არ ვეთანხმები, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება, შესთავაზოს კადრების კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით სახელმწიფოს თანამონაწილეობა, ასევე მნიშვნელოვანი შეღავათები საგადასახადო კუთხით“, – ამბობს ირაკლი ყიფიანი.
რომელ ქვეყანაზე შეაჩერებს Tesla არჩევანს, ალბათ მალე გახდება ცნობილი. მანამდე კი განხილვის საკითხია, რა შანსები აქვს სხვადასხვა სახელმწიფოს. ერთ–ერთი ყველაზე აქტიური, რომელიც ამ პროექტისთვის ძალებს არ იშურებს, პორტუგალიაა. ამბობენ, რომ Gigafactory 2 ლისაბონისთვის საშობაო ზღაპარივით იქნება, რადგან ახალი საწარმო ქვეყანას ათასობით სამუშაო ადგილსა და დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. „ხელისუფლებამ უკვე დაამყარა კონტაქტი Tesla-სთან,“ – განაცხადა პორტუგალიის ეკონომიკის მინისტრმა. რას სთავაზობს ლისაბონი ელექტრომობილების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიას? პორტუგალიის საავტომობილო ინდუსტრია სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, მუშახელი ბევრ ქვეყანასთან შედარებით საგრძნობლად იაფია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა – მაღალ დონეზე, აქვს თანამედროვე პორტები, ამასთან, პორტუგალია მსოფლიოში ლითიუმის მეექვსე ყველაზე დიდი მწარმოებელია, ლითიუმი კი ჰიბრიდული და ელექტრომანქანების უმთავრესი ინგრედიენტია. ლითიუმის ყველაზე დიდი მაღარო სწორედ პორტუგალიის ქალაქ გუარდაში მდებარეობს, სწორედ ეს ფაქტორი ქალაქის მერს აძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ Tesla არჩევანს გუარდაზე შეაჩერებს, მით უმეტეს, რომ პორტუგალიას დიდ კომპანიებთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების გამოცდილებაც აქვს. Volkswagen–ს 25 წლის წინ საკუთარი ქარხანა ლისაბონთან ახლოს რომ გაეხსნა, ამისთვის პორტუგალიამ გერმანული კომპანიისთვის მიმზიდველი შეთავაზებები არ დაიშურა. ეს სია კი ასე გამოიყურებოდა – უფასო ინფრასტრუქტურა, უხვი სუბსიდიები, მრავალი წლის განმავლობაში გადასახადებისგან გათავისუფლება, ასევე, გაიყვანეს ახალი სარკინიგზო ხაზი, სპეციალურად ქარხნისთვის აშენდა პორტი, რათა კომპანიას სატრანსპორტო ჰაბებთან დაკავშირება არ გასჭირვებოდა. ასეთი კონკურენციის პირობებში Eugeorgia.info დაინტერესდა, რას სთავაზობს საქართველო ისეთ დიდ კომპანიებს, როგორიცაა მაგალითად Tesla?
„სახელმწიფოს აქვს ინსტრუმენტები, რომლებსაც როგორც ადგილობრივს, ასევე საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს. საქართველო "Doing Business 2017" -ის რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესის წარმოება, დარეგისტრირება საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე მარტივია. მთელი რიგი ინდიკატორებია, რომლითაც საქართველო გამოირჩევა და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, ის სხვა ქვეყნებს შეადაროს. საქართველოს გააჩნია ერთ–ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო რეჟიმი, ძალიან დაბალი წნეხია ბიზნესზე, ეს უკვე ინვესტორისთვის მომხიბვლელია. მესამე, გვაქვს სავაჭრო რეჟიმები, სხვა ქვეყნებიდან ევროპაში ექსპორტისთვის კომპანიამ უნდა გადაიხადოს სატარიფო ღირებულება, საქართველოში წარმოებულ მთელ რიგ პროდუქტებზე კი ასე არ არის. ასევე, გვაქვს რამდენიმე კონკრეტული ინსტრუმენტი პროგრამაში „აწარმოე საქართველოში,“ – აცხადებს ქეთი ბოჭორიშვილი.
ეკონომისტი გიორგი პაპავა სხვადასხვა კომპანიისთვის ცალ–ცალკე შეღავათების მომხრე არ არის, თუმცა, ამბობს, რომ დიდ ინვესტორებს საქართველოს კანონმდებლობაც უნდა მოერგოს, რადგან ჩვენს ეკონომიკაში დიდი გარღვევის მოხდენა შეუძლიათ.
„მეტი აქტიურობა უნდა იყოს, მხოლოდ დაკონტაქტება, წერილის მიწერა და ინტერესის გამოხატვა საკმარისი არ არის, შესაძლებელია შეხვედრა, დოკუმენტის მომზადება იმის შესახებ, რა შედარებითი უპირატესობები აქვს საქართველოში ამ ქარხნის გახსნას, ძალიან ბევრ ფაქტორზე შეიძლება, ყურადღების გამახვილება. ასევე ძალიან მნიშნელოვანია, საქართველოს მთავრობამ იცოდეს კარგად, რა გარემოს ეძებს Tesla ქარხნის ასაშენებლად, რა პირობებით არიან დაინტერესებული ისინი, რომ ჩვენი უპირატესობები ამ ჭრილში წარმოვაჩინოთ. მაგალითად, თუ Tesla-ს შემთხვევაში მნიშვნელოვანია დენის ტარიფი, უნდა ვუთხრათ, თუ რამდენად იაფია ის სხვა ქვეყნებთან შედარებით. DCFTA ევროკავშირთან, Doing Business–ის რეიტინგი, დაბალი გადასახადები – ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ, ასე ვთქვათ, ყველა შეთავაზების შესავალია. Tesla-ს, Amazon-ს საქართველოს კანონმდებლობა უნდა მოერგოს, ერთი მსგავსი ინვესტორი შეიძლება, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან დიდი ბიძგი გახდეს“, – ამბობს გიორგი პაპავა.
„საქართველომ შეიძლება, ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს ძალიან დიდი კომპანია დააინტერესოს. ნებისმიერი ერთი დიდი კორპორაციის საქართველოში შემოსვლა არ ნიშნავს მხოლოდ ფულის შემოდინებას, ქვეყნის რეპუტაცია საერთაშორისო ბაზარზე მაღლდება და ამას სხვა კომპანიებიც ხედავენ. მასიური ხასიათი არ უნდა მიიღოს, მაგრამ დიდი კორპორაციების შემთხვევაში თანახმა ვარ, სახელმწიფომ შეისწავლოს მათი მოთხოვნები და დააკმაყოფილოს. დიდი კომპანია რომ შემოვიდეს, ფინანსთა სამინისტროს შენობას დაადოს ხელი და თქვას, აქ მინდა, მქონდეს ცენტრალური ოფისიო, უნდა გამოიყვანო ყველა თანამშრომელი და მისცე ინვესტორს“, – ამბობს ირაკლი ყიფიანი.
ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ შედგენილია კომპანიების სპეციალური სიები, რომლებსაც სხვადასხვა არხით უკავშირდებიან. ეს არის გამოფენები, კონფერენციები, მიზნობრივად ირჩევენ ღონისძიებებს, სადაც ინვესტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა აქვთ. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ინვესტიციების მოზიდვის პროცესში კი საელჩოების მუშობაა.
„საელჩოები ძალიან აქტიურად მუშაობენ ინვესტორებთან კომუნიკაციის, კავშირების დამყარების თვალსაზრისით. ყველა ქვეყანაში ვერ ჩახვალ, სელექცია კეთდება – სადაც უფრო მომწიფებული სიტუაციაა და კომპანიების მხრიდან მზაობა იგრძნობა, ამას დიპლომატიური კორპუსი ქმნის, ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან კომპანიებს, აწარმოებენ მათთან მოლაპარაკებებს, და ინტერესის შემთხვევაში კი ვიზიტი იგეგმება საქართველოში, ან მათ ქვეყანაში“, – ამბობს ქეთი ბოჭორიშვილი.
ამ მიმართულებით ხელისუფლების მუშაობასთან შენიშვნები აქვს ეკონომისტების ნაწილს.
„საელჩოებში არ მუშაობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც, უხეშად რომ ვთქვათ, ბიზნესის კეთების გამოცდილება აქვთ. ბიზნესატაშეები უნდა იყვნენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ევროპის ბევრი სახელმწიფო, საიდანაც ინვესტიციების მოზიდვაა შესაძლებელი. ატაშეები უნდა იყვნენ არა დიპლომატები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, არამედ ბიზნესის მკეთებლები, რომლებმაც იციან, რა დარგები ვითარდება ქვეყანაში, რას აქვს პოტენციალი, სად რა დაბრკოლებებია. როდესაც მაგალითად გავიგებთ, რომ Tesla-ს სურს საწარმოს გახსნა, წერილებს კი არ მივწერთ, ბიზნესი თავისი კავშირებით გავა ამ ადამიანებზე, შეეცდება, მათი მოთხოვნებიც გაარკვიოს, ჩვენი უპირატესობები სწორად წარმოაჩინოს, როგორც ბიზნესი ბიზნესს ისე გაესაუბრება და არა – როგორც სახელმწიფო ბიზნესს, რადგან სახელმწიფომ ხშირად არ იცის, რა დაბრკოლებები შეიძლება, ჰქონდეს ბიზნესის კეთებას“, – ამბობს გიორგი პაპავა
„ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, საინვესტიციო მიმზიდველობაზე, სხვადასხვა პროექტში სახელმწიფო მხარდაჭერაზე ინფორმაციას უნდა აწვდიდეს კომერციულ დიპლომატს, რომელიც საელჩოში იმუშავებს. მათი ყოველდღიური საქმე უნდა იყოს ბიზნესასოციაციაებთან, ბიზნესგაერთიანებებთან შეხვედრა, რომ დააინტერესონ და ინვესტიცია საქართველოში შემოიტანონ. დღეს თვეში ერთხელ დელეგაცია ჩადის სადღაც და ამით სრულდება ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით მუშაობა, ამას არა აქვს ყოველდღიური სახე“, – აცხადებს ირაკლი ყიფიანი.
როგორ იზომება ელჩების მუშაობა ამ მიმართულებით და რამდენად წარმატებულად ახერხებენ ინვესტორების დაინტერესებას საქართველოს დიპლომატები? Eugeorgia info.–მ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მიმართა შეკითხვით, თუ ყოფილა ისეთი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს საელჩოს დამსახურებით ქვეყნით დიდი კომპანია დაინტერესებულიყოს. ქეთი ბოჭორიშვილი გვპასუხობს, რომ ამის მიღწევა ერთ დღეში ერთი აქტივობით არ ხდება.
„ეს არის ყოველდღიური მუშაობა, ჩვენ თუ გადავხედავთ ინვესტიციების მოცულობას, იტყვით, რომ ზრდადია, განსაკუთრებით იმატა ბოლო წლების განმავლობაში. ეს ერთი დღითა და აქტივობით არ ხორციელდება, საჭიროა ყოველდღიური მუშაობა ყველა ზემოთჩამოთვლილი ინსტრუმენტის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ელჩები რომ აწარმოებენ მოლაპარაკებას, ვიზიტები რომ იგეგმება – სამინისტროსა და სააგენტოების აქტიური ჩართულობით დგება ეს შედეგი. ვერ გამოვყოფ, 80 პროცენტი ელჩებს მოაქვთ ინვესტიცია, თუ 100 პროცენტით ეკონომიკის სამინისტროს, ან მთავრობის ადმინისტრაციას, თუ ასე შემდეგ. ეს არის ერთობლივი, შეთანხმებული მუშაობის შედეგები, რომლითაც ინვესტორს ვაინტერესებთ, რომ ჩამოვიდეს საქართველოში“, – ამბობს ბოჭორიშვილი.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1564 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2016 წლის III კვარტალში 463 მლნ. აშშ დოლარის ტოლია, რაც 4 პროცენტით ნაკლებია 2015 შესაბამისი კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე. მიმდინარე წლის ცხრა თვეში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კი 1298 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელს 5 პროცენტით აღემატება. რას თვლის ხელისუფლება ყველაზე დიდ წარმატებად ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით?
„ყველა ინვესტორი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, ყველა მათგანი ძალიან დიდი შრომის ფასად იწყებს საქმიანობას. არ მიყვარს გამოყოფა, ყველა მნიშვნელოვანია, ყველას თავისი ფუნქცია აქვს, მაგრამ რამდენიმე მაგალითს გეტყვით, საქართველოში შეიქმნა შინაური ცხოველების ავეჯის საწარმო, რომელიც ადრე ჩინეთში იყო, თუმცა შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოში აწარმოონ, რადგან ჩვენ ევროპასთან DCFTA გვაქვს, ამ რეჟიმით კი ის სარგებელს ნახულობს. ასევე, – „რაუხი“, რომელიც მსხვილი ავსტრიული კომპანიაა და გადაწყვიტა, საქართველოში შემოვიდეს, აწარმოოს სასმელები, ცივი ყავა, შემდეგ red bull და საქართველოდან განახორციელოს ექსპორტი შუა აღმოსავლეთის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, თურქეთში, სხვა მეზობელ სახელმწიფოებში, ამავე დროს, საქართველოს ბაზარზეც მოახდინოს რეალიზაცია. ასევე, ძალიან მსხვილმა ფრანგულმა რძის საწარმომ გადაწყვიტა საქართველოდან გაიტანოს პროდუქცია სხვა ქვეყნებში. საერთაშორისო მსხვილი კომპანიები ინტერესდებიან საქართველოთი, შემოდიან და საწარმოებს აშენებენ, ასეთი კარგი მაგალითები გვაქვს“, – ამბობს ქეთი ბოჭორიშვილი.
„მივესალმები „რაუხის“ ჩვენს ბაზარზე შემოსვლას, მსგავსი კომპანიების მხრიდან ინტერესი ქვეყანაში ზრდის დასაქმებას, ეს რა თქმა უნდა მთავრობის დამსახურებაა, რადგან ბიზნესს გაუჩნდა ნდობა, მაგრამ ასეთი შემთხვევები ძალიან ცოტაა და ეს არის პრობლემა, სერიოზული და დიდი კორპორაციები ჩვენს ქვეყანაში არ არიან, წარმოება არ არის“, – ამბობს ირაკლი ყიფიანი.
საინტერესოა ტენდენცია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე აქტიურად შეინიშნება – უმსხვილესი კომპანიები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებით სულ უფრო ინტერესდებიან. ამ თემებს ვრცელ სტატიებს არა ერთი წამყვანი გამოცემა უძღვნის. მაგალითად, „გარდიანი“ წერს, რომ „ბრექსიტის“ შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით იზრდება, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს – დაბალი გადასახადები და თავისუფალი წვდომა ევროპულ ბაზართან. გამოცემა „ფორბსის“ შეფასებით კი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი უდიდესი გერმანული კომპანიები –Volkswagen AG, Daimler AG ეტაპობრივად საქმიანობის ძირითად ლოკაციას ცვლიან, თუ ადრე ისინი დასავლეთ ევროპაზე იყვნენ კონცენტრირებული, დღეს უფრო მეტ ინვესტიციას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დებენ. ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, ასეთი დიდი კომპანიები დააინტერესოს, სამთავრობო გუნდი კი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
ავტორი: ხატია შამანაური