ლევან დავითაშვილი: საგრანტო პროექტები საყოველთაო აღარ იქნება და სუსტი რგოლების გაძლიერებაზე ფოკუსირდება
ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას დარგების მიხედვით გეგმავს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გასულ წელს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს განაცხადა. Eugeorgia.info ახალი აგრარული პოლიტიკის დეტალებით დაინტერესდა. რის საფუძველზე შეირჩევა პერსპექტიული დარგები, რას გულისხმობს სახელმწიფო ხელშეწყობა და როგორია სექტორის განვითარების მთავრობისეული ხედვა - ამ კითხვებს მინისტრმა ვრცელ ინტერვიუში უპასუხა.
ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი: ჩვენი პოლიტიკის პირველი ფაზა ზოგადი პირობების შექმნას ითვალისწინებდა, ისეთი პროგრამების ამოქმედებას, როგორიცაა, იაფი აგროკრედიტი და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. მიზანი იყო მოსახლეობის შემობრუნება სოფლის მეურნეობისაკენ, უკვე გაჩნდა ეკონომიკურ აგენტებში სიცოცხლის ნიშანი, გაიზარდა სექტორის პოპულარობაც. თუმცა, ვხედავთ, რომ ცალკეულ დარგებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეკონომიკის პრინციპიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისინი თავისითაც განვითარდება, მაგრამ შედარებით ნელი ტემპით. ჩვენ კი გვსურს, უფრო დიდი შედეგი მივიღოთ. ამიტომ ნელ–ნელა გადავდივართ ეტაპზე, როდესაც აქცენტები კონკრეტულ დარგებზე გაკეთდება, იაფ აგროსესხებსაც საყოველთაო ხასიათი აღარ ექნება.
უკვე გაქვთ განსაზღვრული ასეთი დარგები, თუ დამუშავების პროცესშია?
კონცეპტუალურ დონეზე უკვე ბევრი პროექტი განვსაზღვრეთ, გვაქვს კონკრეტული გეგმა სად, რა და როგორ განვახორციელოთ. საექსპორტო თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია მეთხილეობა. ამ სექტორის შესასწავლად კვლევა უკვე ჩატარებულია, იდენტიფიცირებულია ყველა სუსტი რგოლი. ჩვენი საგრანტო პროექტი მიმართული იქნება სწორედ მათ გაძლიერებაზე. თუმცა, არ არის ორიენტირებული ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფო დაფინანსებაზე. ვცდილობთ, კომბინირებული სქემა შევიმუშავოთ - ჩვენი და დონორების ფული, ასევე პოტენციური ბენეფიციარების თანადაფინანსება, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება.
ამ კვლევის მიხედვით, ძირითადი პრობლემებია მოსავლის სწორი დაბინავება და შრობის დანაკარგები, რომელიც არა მხოლოდ რაოდენობაზე, არამედ ხარისხზეც აისახება, ხარისხი კი, თავის მხრივ - ქართული თხილის რეპუტაციაზე. კვლევა რომ განვაზოგადო, ყველა სექტორში მსგავსი პრობლემები გვაქვს, როგორიცაა, ჯიშების არასწორად შერჩევა - მოყვანა და შენახვის სათანადო პირობების არარსებობა. ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსავლის დაბინავების, კონსოლიდაციისა და შეფუთვის ტექნოლოგიები, რათა პროდუქტი ბაზარზე მაქსიმალურად მცირე დანაკარგებით და მაღალხარისხიანი გავიტანოთ. დანაკარგების მოცულობა, ჩვენი შეფასებით, 20% -ს აღწევს, ამის ფუფუნება დღევანდელ კონკურენტულ გარემოში, როდესაც სოფლის მეურნეობა მაღალ ტექნოლოგიებს ეფუძნება და მთლიანად ინფორმატიზებულია, არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველა ფერმერი პროტექციონიზმს მოითხოვს - საკუთარი კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად წარმოებისა და შენახვის გაუმჯობესებას ბაზრის ჩაკეტვა ურჩევნია.
საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, 700 000 ჰა-მდე სახნავი მიწა და 600 000–ზე მეტი ფერმერი გვყავს. ამ ფართობის ტერიტორიას, მაგალითად, რუსეთში შესაძლოა, ერთი ადამიანი ფლობდეს. გარდა ამისა, მიწა ყველგან თანაბრად ხარისხიანი არ არის, განსხვავებული რელიეფი და კლიმატური პირობებია, შესაბამისად, ერთი ტიპის კულტურას ვერ მოიყვან. ჩვენი ერთ- ერთი ძირითადი პრობლემაა - რაც გვაქვს, ცოტაა და დიდ ბაზარზე ვერ გაგვაქვს. საჭიროა მასშტაბების გაზრდა, თუმცა, ყველაფერს ვერ მივედ- მოვედებით. მიწები, რომელიც მაღალხარისხიანია, უნდა გამოვიყენოთ მაღალი ღირებულების კულტურებისთვის. აქცენტს მრავალწლიანებზე ვაკეთებთ - ხილზე, კაკლოვნებზე, კენკრაზეც, მხოლოდ კენკრის მასშტაბსაც უსასრულოდ ვერ გაზრდი, დიდი რაოდენობით მუშახელი სჭირდება, რაც საქართველოსთვის დიდი პრობლემაა. 900 მეტრის ზემოთ, სადაც მემცენარეობისთვის ხელსაყრელი პირობები არ არის, ალპური მეცხოველეობის განვითარების მაღალი პოტენციალია. თუ სწორ კომუნიკაციას დავგეგმავთ, გაცილებით მეტი მარკეტინგული ღირებულება შეიძლება მივანიჭოთ - ბალახზე გაზრდილ საქონელს უფრო დიდი ღირებულება აქვს. ალპურ ზონაში 1,7 მილიონამდე ჰა საძოვარია, სწორად უნდა დავგეგმოთ ჩვენი წარმოება, განვახორციელოთ მიზნობრივი პროგრამები.
მიწების გამსხვილება ახსენეთ... მიწები ძალიან ფრაგმენტირებულია, ერთი ფერმერი შეიძლება ფლობდეს 1 ჰა ნაკვეთს სხვადასხვა ადგილზე, კონსოლიდირების გარკვეული გზა თუ გესახებათ?
ისეთი ამოცანა დასვით ახლა... სქემა არ გვაქვს, მაგრამ ამ მიმართულებით საერთაშორისო კონსულტაცია მოვითხოვეთ. მსგავსი საპილოტე პროექტი უკვე მიმდინარეობს უკრაინაში და, სავარაუდოდ, მომავალ წელს საქართველოშიც გადმოვიტანთ. იგეგმება კონკრეტულ რაიონებში მდგომარეობის შესწავლა, ადგილმონაცვლეობისა და კომუნიკაციის შესაძლებლობის დადგენა. ალბათ, გარკვეული ტიპის სქემებს შემოგვთავაზებენ და ცალკეულ ადგილებში განხორციელდება კიდეც. წარმატების შემთხვევაში, პროექტის მასშტაბებს გავზრდით. თუმცა, ეს გრძელვადიანი პროცესია და ზედმეტად ოპტიმისტები ნუ ვიქნებით, მე, პირადად, არ ვარ. ჩვენთვის პირველი რიგის ამოცანა ამ ეტაპზე მიწების რეგისტრაციის დროული დასრულებაა. მიწა წარმოების მთავარი საშუალებაა და თავისუფალ მიმოქცევაში მისი არსებობა სოფლის მეურნეობის განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ, მაგრამ მარტივი ამოცანა არ არის, ნაწილობრივ, ამ პრობლემას, ალბათ, ბაზარიც დაარეგულირებს.
როგორ შეაფასებდით კოოპერაციის პროცესს?
მათ ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიასა და სამთავრობო პროგრამაში ერთ–ერთი პრიორიტეტია, თუმცა,კოოპერატივი ყველაფერს ვერ მოაგვარებს. თვითონ კოოპერატივებსაც განვითარების დიდი გზა აქვთ გასავლელი. ვხედავთ წარმატებისა და წარუმატებლობის ბევრ მაგალითს, თუმცა, მისი შედეგები საქართველოში დღეს უფრო დიდია, ვიდრე მოლოდინი იყო. არის სექტორები, სადაც კოოპერაციას უფრო დიდი გავლენა და შესაბამისად, ეფექტურობა ექნება და უფრო ადვილია მათი წახალისება. მაგალითად, ძალიან გაამართლა კოოპერაციამ თაფლის წარმოებაში, რადგანაც კოოპერატივები ახერხებენ ძალების გაერთიანებას შეფუთვასა და ტრანსპორტირებაში. იგივე შედეგი შეიძლება, მივიღოთ, მაგალითად, მეცხოველეობაში. მაგრამ არის სხვა სექტორები, სადაც შედარებით უფრო რთული იქნება კოოპერატივების ჩამოყალიბება.
როცა ახსენებთ დარგის განვითარების სწორად დაგეგმვას. ხშირად ჩნდება კითხვა, რამდენად ემყარება სამთავრობო სტრატეგიები ანალიტიკურ კვლევებს, თუნდაც სუბსიდირება და ფინანსური მხარდაჭერა ეკონომიკურ შეფასებასა და პროგნოზს? ითვალისწინებთ თუ არა საერთაშორისო გამოცდილებას, კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, უკვე განხორციელებული პოლიტიკის გააზრებას?
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს ანალიტიკურ კვლევებს, არ იყოს სპონტანური და არ მიიღებოდეს შეგრძნების დონეზე. ჩვენი შიდა რესურსით ხორციელდება გარკვეული სიმულაციები და კვლევები, მაგრამ ძალიან გვეხმარება ამ მხრივ გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO, გვაქვს სოფლის მეურნეობის კომპეტენციის ზრდის პროექტი, რომლის მეშვეობით რეგულარულად ვიღებთ კონსულტაციებს და ტექნიკურ დახმარებას. FAO -ს შერჩეული და დაფინანსებული ექსპერტები მუშაობენ და პროექტებს ეკონომიკური კუთხითაც აფასებენ. თუმცა, როდესაც რაღაცას ვაფასებთ, ვერ ვიქნებით 100 %- ით კორექტულები, ზოგიერთს მეტი სოციალური ეფექტი ჰქონდა და არ იყო საუბარი პირდაპირ ეკონომიკურ ეფექტზე.
ევროკავშირის 2020 წლის აგრარული პოლიტიკის მიხედვით, ფერმერისთვის გასაცემი დახმარებას მისივე აქტიურობა განსაზღვრავს. საქართველოში ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას, გვყავს ბევრი მიწათმფლობელი და ნაკლები - აქტიური ფერმერი. როგორ განისაზღვრება ფერმერების აქტიურობა ჩვენთან?
ევროპის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა დაფუძნებულია ფერმერთა აქტიურობაზე, რომლის საფუძველზე მათი პირდაპირი სუბსიდირება ხდება. ეს იყო მრავლმილიონიანი, მრავალწლიანი პროექტი, რომლითაც შეძლეს მწარმოებლების საქმიანობის აღრიცხვისა და დეკლარირების ძალიან ზუსტი სისტემის შექმნა. საქართველოში განხორციელებული პროექტები, ძირითადად, ემყარებოდა მიწის მფლობელთა ბაზას, რადგანაც ფიზიკურად არ არსებობდა სხვა საშუალება, ფერმერის საქმიანობის შესახებ მეტი დეტალური ინფორმაცია გვქონოდა. ევროკავშირთან დაახლოების ფარგლებში გვაქვს რეესტრის, სტატისტიკის გაუმჯობესების სისტემის შექმნის ვალდებულება. საპილოტე პროექტი უკვე განვახორციელეთ რაჭაში - დავარეგისტრირეთ რამოდენიმე ფერმერი. გარდა ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტო აკეთებს მევენახეობის კადასტრს, ადგილწარმოშობის ვენახების სრული აღრიცხვა მოხდა რაჭა–ლეჩხუმში (ხვანჭკარისთვის) და ყვარლის მუნიციპალიტეტში (ქინძმარაულისთვის). ფრაგმენტულად ეს ინფორმაცია უკვე გაგვაჩნია, თუმცა, მთელი საქართველოს მოცვას წლები დასჭირდება და დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, თუ ამის ფუფუნება გაქვს, ადვილია შენი პოლიტიკა პირდაპირ დააფუძნო ფერმერების საქმიანობაზე, თუმცა, რეალურად, ეს არ არის ჯერ ჩვენთვის ხელმისაწვდომი. მაგრამ ამ მიმართულებით უკვე მივდივართ. გაჩნდა სხვა საერთაშორისო პროექტები, მათ შორის, აშშ-ის სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი პროექტი, რომელიც სამინისტროსა და საქსტატს ეხმარება სოფლის მეურნეობის სტატისტიკის გაუმჯობესებაში.
სოფლის მეურნეობის განვითარებაზე საუბრისას ძირითადად, მაინც პირველად წარმოებას შეეხეთ. გადამამუშავებელი წარმოების კუთხით თუ გაქვთ გარკვეული გეგმები?
ბოლო დროს საყოველთაოდ მიღებული აზრია, რომ გამართლებული სახელმწიფო პოლიტიკა გადამამუშავებელი წარმოების ხელშეწყობაა. ის იწვევს პირველადი წარმოების სტიმულსა და მოტივაციას, კარნახობს ბაზარს, რა პროდუქცია უნდა გამოუშვას. ამ მიმართულებით საგრანტო პროგრამა გვაქვს, რომლის განხორციელებაც, სხვათა შორის, საკმაოდ რთულია (დანარჩენი პროგრამები გატანილია „აუთსორსინგიზე“ და ბანკები წარმართავენ). ჩვენ დავინახეთ, რომ საკმაოდ დიდი სივრცე დარჩა, რომელიც ვერ შეავსეს ვერც დონორებმა და ვერც კერძო საფინანსო ინსტიტუტებმა. ამ მიმართულებას მეტი წახალისება სჭირდებოდა. საკმაოდ კარგი პროგრამაა, 30 ახალი ბიზნესპროექტი დამტკიცებულია, 10 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო უკვე ფუნქციონირებს, მათი პროდუქცია ნელ-ნელა დახლებზე ჩნდება, ყველა სტარტაფია. ეს ქართული აგროსასურსათო სექტორის კონკურენტუნარიანობის ლოკომოტივია, რომელიც მთელ ინდუსტრიას ჩაიბამს. თუმცა, გადამამუშავებელ მრეწველობას სჭირდება ნედლეული. გამოცდილებამ დაგვანახა, რომ პირველადი წარმოების შესანარჩუნებლად აქტიურობა აუცილებელია, კიდევ ვიმეორებ, სწრაფი ეფექტის მისაღებად. ჩვენი საგრანტო პროექტი ითვალისწინებს ასევე საკონსოლიდაციო - სამაცივრე ცენტრების დაფინანსებას, რადგან ისინიც ღირებულებათა ჯაჭვის აუცილებელი რგოლებია, რომლებიც ამოვარდნილი იყო წლების განმავლობაში. აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. ეს გზა გაიარა ევროპის ყველა ქვეყანამ, ჩვენზე ადრე დაიწყეს და დღეს ძალიან შედეგიანები არიან.
სოფლის მეურნეობის დაფინანსების კუთხით?
დიახ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი პროგრამები იყო ბალკანეთის ყველა ქვეყანაში, მათ ძალიან სწრაფად განიცადეს პროგრესი, ჩვენს მსგავსად, თუმცა, ნაკლებად მწვავედ ერთი ფორმაციიდან მეორეში გადასვლისას ბევრი რამ მათაც დაკარგეს. ჩვენ ბევრ ისეთ კულტურას ვაწარმოებდით საბჭოთა კავშირში, დახურული ბაზრის პირობებში, რომელთაც არ ჰყავდათ კონკურენტები და შეგვეძლო, ეფექტიანობაზე საერთოდ არ გვეფიქრა. გახსნილი ბაზრის პირობებში ადაპტაცია ვერ შევძელით. ფაქტობრივად, ძალიან სწრაფი ტემპით ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს.
გაქვთ, თუ არა სტატისტიკური ინფორმაცია, რამდენად გაიზარდა გადამამუშავებელი საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის წილი მთლიან შიდა პროდუქტში?
თუ მობილიზებულ დამატებითი ღირებულების გადასახადში გადამამუშავებელი მრეწველობის წილს ვნახავთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდაა. თუმცა, ბევრი საწარმო ახლა იდგამს ფეხს, რომელიც საგრანტო და იაფი კრედიტის დახმარებით დაფუძნდა, შესაბამისად, უფრო მეტ ეფექტს შემდგომ წლებში ველოდებით. მათ რომ მნიშვნელოვანი ღირებულება შექმნან, ამისთვის დროა საჭირო.
სახელმწიფო ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროზე 300 მილიონი ლარია გამოყოფილი, აქედან, დაახლოებით, 100 მილიონი ლარი მოდის ისეთ პროექტებზე, როგორიცაა, „დანერგე მომავალი“ და ა.შ. გაცილებით ნაკლები კი -მელიორაციაზე. ხომ არ ფიქრობთ არსებული სტრუქტურის შეცვლას, ინფრასტრუქტურული პროექტების (მელიორაცია, სეტყვისგან დამცავი ბადეები და ა.შ) , ან განათლების და კვლევების სასარგებლოდ?
კვლევებზე სოფლის მეურნეობაში საკმაოდ სოლიდური თანხა, დაახლოებით, 10 მილიონი ლარია გამოყოფილი, ეს პრაქტიკული ხასიათის კვლევებია, რომლებსაც შემდგომში ფერმერები გამოიყენებენ. მეცნიერული და ფუნდამენტური შრომების დაფინანსება განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ცენტრალური აპარატის დაფინანსებაში დიდი წილი სწორედ ცოდნასა და საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრებზე მოდის. გვესმის, განათლება მისატანია ფერმერებამდე, თუმცა, ბევრი ფულის დახარჯვით შეიძლება ძალიან დიდი შედეგი ვერ მივიღოთ, ვერ გამოვყოფთ ერთბაშად პირობითად 100 მილიონ ლარს განათლებისთვის, რადგან ყველაფერს თავის აბსორბაციის უნარი აქვს.
რაც შეეხება ინფრასტრუქურის განვითარებასა და მელიორირებულ მიწებს, ბოლო ოთხ წელიწადში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევა გვქონდა: სარწყავი მიწები 40 ათასი ჰექტრიდან 120 ათას ჰექტრამდე გაიზარდა. ასეთი სწრაფი ზრდის პირობებში მნიშვნელოვანია, იმავე ტემპით დაიწყოს მიწების ათვისებაც, თუმცა, ვხედავთ, რომ ასე არ არის. ასათვისებელ მიწებს რომ კაპიტალიზაცია შევძინოთ ახალი ბაღის გაშენებით და ა.შ, საჭიროა, ფული ძალიან სწრაფად დავაწიოთ.
თანამედროვე ტექნოლოგიების, თუნდაც ყინვის, ქარის, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების შემოტანა სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანია, რადგან მცირდება გარემოზე ზემოქმედების რისკები და პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა. თუმცა, ეს ყველაფერი კაპიტალური ხარჯებია და დასათვლელია - რა გვიღირს, როგორ გვიღირს, ფინანსური შეფასება უნდა მოხდეს. შეიძლება ავავსოთ ტექნოლოგიებით მეურნეობა, მაგრამ ინვესტიცია ვერასდროს ამოვიღოთ, ან იმდენად გრძელვადიან პერიოდში, რომ არ ღირდეს. ამ ბაზარს დაარეგულირებს ინვესტორი, თუმცა, როდესაც სახელმწიფო თანადაფინანსებას ვთავაზობთ ფერმერს, მისგან მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილებას ვითხოვთ: ბაღები სპონტანურად ვერ გაშენდება,სარგავი მასალა უნდა იყოს კონტროლირებადი, რათა მეხუთე წელს უნაყოფო, ან დავირუსებული არ აღმოჩნდეს, სწორად იყოს დარგული, ჰქონდეს მინიმალური წვეთოვანი, ან თანამედროვე ირიგაციის სისტემა, ამის გარდა, თუ ადამიანი დააყენებს ყინვის საწინააღმდეგო სისტემას, ეს უკვე ფუფუნების, გემოვნების ამბავია.
ამ შემთხვევაში უფრო მეტად ვგულისხმობდით განათლებას, ანუ, თუ ასწავლი ფერმერს- როგორ წარმართოს ესა თუ ის საქმიანობა - უფრო მეტ ეფექტს იძლევა, ვიდრე პირდაპირ ფულის მიცემა...
გეთანხმებით, თუმცა, არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტის განაწილებაში სწორი ბალანსი მოვძებნეთ. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს როგორც განათლების მიღებაზე მზადყოფნა, ასევე განათლების გადამცემთა საკმარისი რაოდენობა. მაგალითად, პირობითად გვყავს 40 ათასამდე ხილის მწარმოებელი და გვსურს, მათ გავაცნოთ თანამედროვე აგროტექნოლოგიები, მაგრამ არ გვყავს ტრენერები. ტრენერების მომზადება დროში გაწელილი პროცესია. ფული, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება, მაგრამ პრობლემას ერთბაშად ვერ გადავჭრით.
ჩვენი ორგანიზაცია რეგიონებში ხშირად ხვდება ფერმერებს და მათ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივებს აცნობს. მცირე ფერმერები ხშირად ჩივიან, რომ სახელმწიფო პროგრამებში უპირატესობა მსხვილ მწარმოებლებს (10 ჰა-ზე მეტი მიწის მფლობელებს) ენიჭებათ, ფინანსური მხარდაჭერა კი მათ უფრო ესაჭიროებათ, მოთხოვენ, შეცვალოთ ზღვარი...
ამ შემთხვევაში კულტურას გააჩნია, რა ფართობზეა მისი წარმოება მოგებიანი. თუმცა, გასათვალისწინებელია ჩვენი რესურსებიც. წარმოიდგინეთ, მეათედჰექტრიანი მიწის მფლობელის უამრავი განაცხადი რომ შემოგვივიდეს, მაშინ ამ პროექტის განხორციელება ძალიან დიდ ადმინისტრაციულ ხარჯს მოითხოვს, შესაბამისად, ნაკლებადეფექტური იქნება. ფერმერებს ვეუბნებით, მოდი, გაერთიანდით და ისე მოგვმართეთ. ჩვენი რესურსებიც დაიზოგება და მასშტაბის ეფექტიც ექნება.
მოამზადეს: მირიან ეჯიბიამ, მარიამ ლუკაშვილმა, ბელა ნოზაძემ