საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირთან თანამშრომლობით დამატებით 4,3%-ით გაიზრდება სხვა თანაბარ პირობებში
წყარო: GEOSTAT. * - 2016 წლისათვის მოცემულია იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია ბოლო ორი წლის განმავლობაში. კერძოდ, 2014 წელს 87%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2015 წლის მაჩვენებელი 11%-ით ჩამორჩება წინა წლის მაჩვენებელს. რაც შეეხება 2016 წელს, პირველ სამ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებლს 5%-ით აღემატება. ინვესტიციები ძირითადად მშენებლობის, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების მიმართულებით გაიზარდა. ე.ი. ინვეტიციები ძირითადად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით მიიმართა; 2014-2015 წლებში FDI-ს 50% ჩაიდო აღნიშნული მიმართულებით. ხოლო გადამამუშავებელ მრეწველობაზე 2014 და 2015 წლებში FDI-ს 12% და 4% მოდის შესაბამისად, მოკლედ რომ შევაჯამოთ, DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოში FDI გაზრდილია ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რაც მისასალმებელი ფაქტია; მაგრამ ეს მეტყველებს ქართული ეკონომიკის განვითარების საწყის ეტაპზე; ხოლო ამის შემდგომ გადამაუშავებელი მრეწველობაში ინვეტიციების წილის კიდევ უფრო ზრდა რეკომენდირებულია ეკონომიკური ზრდის გასაძლიერებლად. დასახელებული ციფრების საფუძველზე შეუძლებელია ცალსახად ვთქვათ, რომ ინვესტიციების ზრდას ხელი შეუწყო ევროკავშირთან ეკონომიკურმა ინტეგრაციამ. მსგავსი დასკვნის გასაკეთებლად, თუ რა ფაქტორებმა განაპირობებს FDI-ს ცვლილება უფრო სიღრმისეულ ეკონომეტრიკულ კვლევასა და ანალიზს მოითხოვს.
DCFTA-ს მოსალოდნელი შედეგები უკვე შეფასებულია ევროკომისიის მიერ განხორცელებულ კვლევაში "ვაჭრობის მდგრადობის ზემოქმედების შეფასება" (TSIA, 2012). გავლენის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხედველობაში მიღებით. ამ კვლევას ეყრდნობა არაერთი ნაშრომი DCFTA-ს შედეგების შესახებ. მაგალითად, ვენის საერთაშორისო ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი, რომელმაც 2016 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა კვლევა "DCFTA-ს ხარჯები და სარგებელი: საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე გავლენის შეფასება". TSIA-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გრძელვადიან პეროდში ევროკავშირში ექსპორტის ზრდის პროგნოზი 12%-ს, ხოლო იმპორტის ზრდა 7,5%-ს შეადგენს, სხვა თანაბარ პირობებში. თუკი ამ საპროგნოზო ნიშნულს დავეყრდნობით ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის ზრდა შესაძლოა შემცირდეს ექპორტის ზრდის მაღალი მაჩვენებლის მიღწევის შემთხვევაში. მაგრამ საწყის ეტაპზე ექსპორტი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმპორტს, შესაბამისად, დასახელებული ზრდა შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი სავაჭრო ბალანსის აბსოლუტური მნიშვნელობის გაუმჯობესებისათვის. ამას ემატება ვენის უნივერსიტეტის დასკვნაც, რომ ყველაზე დიდი ეფექტი ევროკავშირთან ვაჭრობას ქიმიკატების, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის კუთხით ექნება, ხოლო ხორცპროდუქტების სექტორი სხვა სექტორებთან შედარდებით შემცირდება.
სავაჭრო ბალანსის გარდა, კვლევაში ვაჭრობის ლიბერალიზაცის ეფექტი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქზეც არის გათვლილი. გრძელვადიან პერსპექტივაში DCFTA-ს გავლენით მშპ-ს ზრდა მოსალოდნელია 4,3%-ით და მთლიანი ეროვნული შემოსავლის 292 მილიონი ევროს ექვივალენტით ზრდა იმ დაშვებით, რომ ევროკავშირსა და საქართველოში სხვა ცვლილებები არ მოხდება. სიმარტივისათვის გაკეთებული ეს დაშვება, რა თქმა უნდა, რეალობას არ ასახავს და ევროკავშირთან დაახლოების გარდა ორივე მხარე განიცდის უწყვეტ ცვლილებს. მაგალითად, საქართველომ უკვე მიიღო არაერთი ცვლილება დედოლარიზაციის ფარგლებში, რისი შედეგებიც საეჭვოა ბიზნესის ზრდის კუთხით. მოსალოდნელი სარგებლის სრული ათვისების შემთხვევაშიც, ქვეყანაში სხვადასხვა სექტორი განსხვავებულ ეფექტებს მიიღებს, საზოგადოების ნაწილი შესაძლოა დაზარალდეს ნაწილმა კი შედარებით მეტი სარგებელი მიიღოს, რასაც უფრო დეტალურად მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
მარიამ ლუკაშვილი