როგორ უწევს ევროკავშირი წინააღმდეგობას რუსულ პროპაგანდას?
პრო-რუსული პროპაგანდისტული კამპანია არის კარგად ორგანიზებული სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც, რაც შეიძლება მეტი მედია რესურსით, მაქსიმალური სიხშირით, სხვადასხვა ენაზე ვრცელდება დეზინფორმაციის შემცველი ინფორმაცია.
ამ პროპაგანდისტული კამპანიისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით და ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს ლიდერთა მოთხოვნით, 2015 წელს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის East StratCom-ის სპეციალური ჯგუფი შექმნა.
East StratCom-ი აერთიანებს კომუნიკაციისა და რუსული ენის ექსპერტებს, რომლებიც ცდილობენ, გააუმჯობესონ ურთიერთქმედება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობას შორის და გააძლიერონ მედია პლურალიზმი რეგიონში, განსაკუთრებით რუსულენოვან გარემოში.
15-თვიანი მუშაობის შედეგად, East StratCom-ის ჯგუფმა გამოავლინა დეზინფორმაციის შემცველი 2 500-ზე მეტი პუბლიკაცია, რომელიც ნათარგმნი იყო 18 ენაზე და ეწინააღმდეგებოდა ოფიციალურ, საჯარო მონაცემებსა და ფაქტებს.
დეზინფორმაციის მსგავსი კამპანიები, რომლის უკანაც კრემლი დგას - პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არასამხედრო ხერხს წარმოადგენს.
რუსეთის ხელისუფლებაში ამაზე ღიად საუბრობენ – მაგალითად, რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ “ცრუ მონაცემების” და “დესტაბლიზაციისკენ მიმართული პროპაგანდის” გამოყენება ლეგიტიმურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს შეფასებით კი, ინფორმაცია “შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი სახეობაა”.
რუსეთის პროპაგანდისტული კამპანია მიზნად ისახავს დასავლეთის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას, არსებული უთანხმოებების გამოყენების ან ახალი დაპირისპირების ხელოვნურად შექმნის გზით. ეს უთანხმოებები შესაძლოა, იყოს სტრატეგიული ხასიათის: მაგალითად, ევროკავშირი ნატო/აშშ-ის წინააღმდეგ, სადაც შეერთებული შტატები და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წარმოდგენილი არიან, როგორც ევროპული ქვეყნების ოკუპანტები. აქტიურად გამოიყენება უთანხმოებები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორისაც (განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე).
დეზინფორმაციის კამპანიის ფარგლებში, ასევე აქტიურად გამოიყენება შიდა უთანხმოებები ამა თუ იმ ევროპულ სახელმწიფოში, როგორიცაა, მაგალითად. “უმცირესობების საკითხი” ან “მიგრანტების შიში”.
ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული პირის, პოლიტიკური ჯგუფის, მთავრობის ან სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციების დისკრედიტირებას, ასევე მიმართულია იმ არასამთავრობო სექტორის, წამყვანი მედიასაშუალებების, ელიტის, ექსპერტებისა და ყველა იმ პიროვნების წინააღმდეგ, რომელიც დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ინიციატივით გამოდის.
დეზინფორმაციის კამპანიის კიდევ ერთ სტრატეგიას წარმოადგენს რაც შეიძლება მეტი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცლება, რათა დაარწმუნოს აუდიტორია ჭეშმარიტების პოვნის სირთულეში. განსაკუთრებით, ამ სტრატეგიამ თავი იჩინა ლაინერ MH17-ის ჩამოვარდნის, ბორის ნემცოვის მკვლელობის და სირიაში, გაერო-ს ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვის დროს.
დეზინფორმაციის ინსტრუმენტები
მართალია, დასავლეთში რუსული პროპაგანდისტული მანქანის სისტემატური კვლევები ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა ნათელია, რომ დეზინფორმაციის ფარგლებში, გამოიყენება არამხოლოდ ისეთი მსხვილი მედიასაშაულებები, როგორიცაა ტელეკომპანია RT ან საინფორმაციო სააგენტო Sputnik -ი, არამედ მიზნობრივი ვებგვერდები, ბლოგები და facebook გვერდები.
კარგად ორგანიზებულ პროპაგანდისტული ქსელში გაწევრიანებული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და პრო-რუსული იდეების გამტარებლები ევროპაში. პრო-რუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად მრავალი არხი გამოიყენება, რაც, ერთი შეხედვით, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს დამოუკიდებელი წყაროები ერთმანეთისგან დამოუკიდებლდ მოქმედებენ.
East Stratcom-ში მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა რეგიონში პროპაგანდის განსხვავებული ინსტრუმენტები გამოიყენება, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში - რუსულენოვანი უმცირესობები, ცენტრალურ ევროპაში – “ალტერნატიული ვებგვერდები”, სკანდინავიაში – ე.წ. ტროლინგი”.
დეზინფორმაციის კამპანიის გავლენა
მართალია, არ ვიცით რა ახდენს გავლენას მოქალაქეების და ამომრჩევლის აზრსა და გადაწყვეტილებებზე, მაგრამ დეზინფორმაციის კამპანია, ისევე როგორც ყველა სხვა PR კამპანია, დროთა განმავლობში, სხვადასხვა მედიასაშუალებების მეშვეობით, მისაღებს და ნაცნობს ხდის პროპაგანდისტულ გზავნილებს მოსახლეობისთვის და თესავს უნდობლობას ავტორიტეტული პირების ან ნებისმიერი სოლიდური წყაროს მიმართ.
2017 წლის პროგნოზირებისას, იკვეთება რომ ორივე, როგორც გერმანია ისე საფრანგეთი, უკვე გაფრთხილებული არიან საარჩევნო პერიოდში დეზინფორმაციული თავდასხმების საფრთხის შესახებ, მაშინ როცა უსაფრთხოების ევროპული სამსახურები ღიად საუბრობენ რუსეთის მტრული, დეზინფორმაციული აქტივობის საფრთხის შესახებ.
არის კი დეზინფორმაციის კამპანია წარმატებული?
ნამდვილად კი. თუმცა, ისევე როგორც საავტომობილო ბრენდის სარეკლამო კამპანიის მიზანია არა ის, რომ მომხმარებელს მოაწონოს რეკლამა, არამედ გადააწყვეტინოს მას მანქანის ყიდვა, ასევე დეზინფორმაციის კამპანიის მიზანია არა ის, რომ მომხმარებელმა მოიწონოს თავად პროდუქტი, არამედ მიიღოს დეზინფორმაციული გზავნილი, როგორც სანდო ინფორმაცია.
თუ საზომად გამოვიყენებთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს, თუ რამდენი ადამიანისთვის არის მისაღები მრავალი პრო-რუსული მედიის მიერ გავრცელებული აშკარა დეზინფორმაცია, უნდა ვაღიაროთ, რომ პროპაგანდისტული კამპანია ძალზე წარმატებულია. ეს ჩვენ გვავალებს, უფრო ფრთხილი ვიყოთ იმასთან მიმართებაში.
* „სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს“.