დასავლეთის ზეწოლის შედეგი - რუსეთი სამხედრო ხარჯებს 23,7%-ით ამცირებს და გლობალურ რეიტინგებში პოზიციებს კარგავს

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის, დასავლური სანქციების, ნავთობის ფასის ვარდნისა და სხვა ფაქტორების გამო, რუსეთი სახელმწიფო ხარჯებს მკვეთრად ამცირებს. პირველად, 1990-იანი წლების შემდეგ, შეკვეცის პოლიტიკა ეროვნული თავდაცვის ხარჯებსაც შეეხო. ექსპერტები რუსეთის ფედერაციის 2017-2019 წწ.. ბიუჯეტს “სოციალურად ორიენტირებულს” უწოდებენ, რადგან ხარჯვით ნაწილში ჭარბობს ხარჯები სოციალურ და ეროვნული თავდაცვის მუხლებზე, ხოლო ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ორიენტირებული მუხლების დაფინანსება კვლავ მინიმალურია.
სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი
2016 წლის დეკემბრის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა “2017 წლის და 2018-2019 წწ. გეგმური პერიოდის ფედერალური ბიუჯეტის” კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 20 დეკემბერს მოაწერა ხელი.
ბიუჯეტში, ენერგორესურსებზე არასტაბილური ფასებისა და ნეგატიური საგარეო ფაქტორების გამო, შენარჩუნებულია საბიუჯეტო შემოსავლის/ხარჯების შემცირების ტენდენცია.
მიღებული დოკუმენტის თანახმად, 2017 წელს საბიუჯეტო შემოსავალი 13,5 ტრილიონი რუბლია ($219 მლრდ), ხარჯები კი – 16,24 ტრილიონი რუბლი ($263,7 მლრდ). ამგვარად, 2017 წლის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი დეფიციტური იქნება, რაც მშპ-ს 3,16%-ია.
ეს მაჩვენებელი საგრძნობლად არის გაზრდილი 2014 წელთან შედარებით, როცა დეფიციტი მშპ-ის 0,5% იყო.
დეფიციტის დასაფარად კრემლი სარეზერვო და ეროვნული კეთილდღეობის ფონდების რესურსების გამოყენებას გეგმავს.
2017 წელს რუსეთის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა 18,1 მილიარდი აშშ დოლარი, რის შემდეგაც ფონდში ფინანსები აღარ დარჩება და დეფიციტის დასაფარად მოზიდული იქნება რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის რესურსი – 2018 წელს 18,1 მილიარდი აშშ დოლარი, 2019 წელს კი 2,2 მილიარდი აშშ დოლარი.
ფინანსური დოკუმენტის თანახმად, 2017-2019 წლებში კრემლისთვის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის პრიორიტეტულ დარგებად სოციალური და სამხედრო ხარჯები იქნება. ამასთან, რუსეთი უარს ამბობს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მუხლების სათანადო დაფინანსებაზე, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა – ამ ორი სფეროსთვის საბიუჯეტო სახსრების მხოლოდ 5,8%-ია გათვალისწინებული.
რუსეთის ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს ინფრასტრუქტურული, კერძოდ სატრანსპორტო სფეროს საბიუჯეტო დაფინანსების შეკვეცის გადაწყვეტილებაც. 2017-ში, 2018-სა და 2019-ში შემცირება ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 14%, 12% და 30%-ს.
რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯები მილიარდ რუბლში (ნომინ).
ჯანდაცვის, განათლებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ნაცვლად, მოსკოვი სოციალურ პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას.
ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, საპენსიო უზრუნველყოფისთვის, სოციალური დახმარებისთვის და სხვა მსგავსი აქტივობების განსახორციელებლად, 2017 წელს გამოიყოფა 5,1 ტრილიონი რუბლი – 82,8 მილიარდი აშშ დოლარი, რაც ბიუჯეტის 30%-ია. აღნიშნული თანხა 2016 წელთან შედარებით 8,2 მილიარდი აშშ დოლარით მეტია.
ეროვნული თავდაცვის ხარჯების შემცირება
პირველად ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთი მსოფლიოს უმსხვილესი თავდაცვის ბიუჯეტის მქონე ქვეყნების ხუთეულში ვეღარ მოხვდა. საერთაშორისო კვლევითი კომპანია IHS Jane’s-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, რუსეთმა, 48,4 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო ბიუჯეტით, მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.
ხუთეულში კი მოხვდნენ აშშ (622 მილიარდი აშშ დოლარი), ჩინეთი (192 მილიარდი აშშ დოლარი), დიდი ბრიტანეთი (53,8 მილიარდი აშშ დოლარი), ინდოეთი (50,69 მილიარდი აშშ დოლარი) და საუდის არაბეთი (48,69 მილიარდი აშშ დოლარი).
ეს იმ ფონზე, როდესაც პირველად 2010 წლიდან გაიზარდა ნატო-ს ხარჯები თავდაცვაზე, რაც IHS Jane’s-ის ექსპერტების შეფასებით, არის პასუხი რუსეთიდან და დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოდან” მომავალ მზარდ სტრატეგიულ გამოწვევებზე.
ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება დასავლეთ ევროპაში, სადაც მომდევნო 5 წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტი დამატებით 10 მილიარდი აშშ დოლარით გაიზრდება და ბალტიისპირეთში, სადაც რუსეთისგან მომავალი საფრთხეების გამო, თავდაცვის ხარჯები 981 მილიონი აშშ დოლარიდან (2014 წ.) გაიზრდება 2,1 მილიარდ აშშ დოლარამდე (2020 წ.).
ევროკავშირის ჯამური თავდაცვის ბიუჯეტი 2016 წელს 219 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2020 წლისთვის კი, 230,4 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.
რაც შეეხება რუსეთს, “2017 წლის და 2018-2019 წწ. გეგმური პერიოდის ფედერალური ბიუჯეტი” ითვალისწინებს ეროვნული თავდაცვის ხარჯების შემცირებას – 1990-იანი წლების შემდეგ რუსეთმა ეს ნაბიჯი პირველად გადადგა.
მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან რუსეთი ეროვნული თავდაცვის ხარჯებს ამცირებს, თავდაცვის და საიდუმლო ხარჯები ჯანდაცვის ხარჯებზე 15-ჯერ მეტია, განათლებაზე კი – 10-ჯერ მეტი.
2017 წელს ფედერალური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ეროვნული თავდაცვის წილი წლევანდელ წელთან შედარებით 23,7%-ით შემცირდება და 17,5%-ს შეადგენს, 2018-ში – 17,0%-ს, 2019 წელს – 17,6%-ს. ასევე, 6%-ით შემცირდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიც - სხვაობა წლევანდელ წელთან შედარებით, დაახლოებით, 100 მილიარდი რუბლია.
- 2016 წელს რუსეთის ეროვნული თავდაცვის ხარჯებმა 3 888 982,5 ტრილიონი რუბლი - $63,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა ( მშპ-ს 4,7%).
- 2017 წელს ეროვნული თავდაცვის ხარჯები საგრძნობლად შემცირდება და შეადგენს 2 835 792,1 ტრილიონ რუბლს - 46 მილიარდ აშშ დოლარს, რაც ფედერალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 17,5% და რუსეთის მშპ-ს 3,3%-ია.
- 2018 წელს კლების ტენდენცია შენარჩუნდება – ეროვნული თავდაცვის ხარჯებისთვის დაგეგმილია 2 728 307,5 ტრილიონი რუბლის - 44,3 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა (მშპ-ს 3,0%).
- 2019 წელს კი ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტი უმნიშვნელოდ: 2 816 027,5 ტრილიონ რუბლამდე – 45,7 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება (მშპ-ს 2,8%).
როგორც ვხედავთ, მომავალ წელს რუსეთი ეროვნული თავდაცვის ხარჯებს 17,1 მილიარდი აშშ დოლარით შეამცირებს. ბიუჯეტის ღია ნაწილის თანახმად, 2017 წელს, 74,7 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდება სპეციალური და სამხედრო ობიექტების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაფინანსება, თუმცა გაიზრდება ხარჯები ისეთ აქტივობებზე, როგორიცაა:
- სამხედრო გადაზიდვები;
- არქტიკულ ზონასა და ყირიმში სამხედრო წარმომადგენლობა;
- საბრძოლო მომზადების ინტენსივობა;
- სპეციალური საწვავი და საწვავ-საპოხი მასალები.
მსოფლიო კრიზისის, საერთაშორისო სანქციებისა და საინვესტიციო ბლოკადის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება მომდევნო 3 წელიწადში ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს და მისთვის კვლავ იქნება პრიორიტეტული სოციალური პოლიტიკის გატარება.
რუსი ექსპერტების განმარტებით, სოციალური ბიუჯეტის გაზრდით, რუსეთის ხელისუფლება მოსახლეობის მხრიდან მზარდი უკმაყოფილების ჩახშობას ცდილობს.
როგორც მოსკოვის კარნეგის ცენტრის პროგრამის, “ეკონომიკური პოლიტიკის” დირექტორი, ანდრეი მოვჩანი წერს, “თუ სოციალური დახმარებების და შრომის ანაზღაურების დარიგება მოსახლეობის პროტესტისგან შესაკავებლად საკმარისი არ აღმოჩნდება, რუსეთს კარგად დაფინანსებული ძალოვანი უწყებების გამოყენება აქვს გათვალისწინებული”.
* „სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს“.