ცვლილებები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში - ასრულებს თუ არა ქვეყანა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შესყიდვების მიმართულებით?
“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის პირველი საკომიტეტო მოსმენა წამყვანი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე უკვე შედგა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განმარტების თანახმად, ცვლილებების კანონპროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის დირექტივებით აღებული ვალდებულებების შესრულებას. გარდა ამისა, კანონპროექტი მოიცავს მნიშვნელოვან ცვლილებებს გასაჩივრების პროცესში. მოცემული სტატიის მიზანია შეაფასოს კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები და მათი შესაბამისობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალებულებებთან.
არასამთავრობო სექტორის მიერ დადებითად შეფასებული ცვლილებები:
- გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გაუქმება;
- სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე გამოქვეყნების უფლებამოსილება;
- ევროკავშირის მიერ მონეტარული ზღვრების ჩანაწერის გაკეთება;
- შესყიდვების ობიექტის აღწერისას საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების გამოყენება;
- ელექტრონული ტენდერისთვის სატენდერო წინადადებების ფიქსირებული ვადის გაუქმება (ვადა დამოკიდებული იქნება შესყიდვის ღირებულებაზე);
- ევროპული სტანდარტებით გათვალისწინებული პროპორციულობისა და თანასწორი მოპყრობის პრინციპების შემოღება;
- ცვლილება ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში, კონკრეტულად საქმე ეხება სხვადასხვა ღირებულების შესყიდვის შემთხვევაში სხვადასხვა ვადების დაწესებას;
- სატენდერო პირობების ცვლილების შემთხვევაში, ხელახლა დაიწყება სატენდერო განცხადების გაცნობის ვადის ათვლა;
განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზეზებად სახელდება ასოცირების შესახებ შეთანხმების 144-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, თუმცა კანონპროექტი არ ითვალისწინებს აღნიშნული მუხლის სრულ დაახლოებას. ამის მიზეზია ის, რომ ამ მუხლით განსაზღვრული ზოგიერთი საკითხის შესრულება მეორე ფაზაში იგეგმება, რომელიც 2017 წლის 1 სექტებმრიდან დაიწყება და 2 წელს გასტანს. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით იგეგმება 2016 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მუხლების დაახლოება. არასამთავრობო სექტორმა დადებითად შეაფასა პრინციპების დონეზე შესატანი ცვლილებები, კერძოდ პროპორციულობისა და თანასწორი მოპყრობის პრინციპის შემოღება, რაც უშუალოდ მოცემულია ასოცირების შეთანხმების 144-ე მუხლში. ასევე დადებითად შეაფასეს ვადებთან დაკავშირებული ცვლილებებიც. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ექსპერტის, გიორგი ლომთაძის ინფორმაციით, პროპორციულობისა და თანასწორი მოპყრობის პრინციპები პირდაპირ 24-ე დირექტივიდანაა აღებული, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის ძირითად საკანონმდებლო ბაზას. თანასწორი მოპყრობის პრინციპის მიზანია შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნვეყოფა, ხოლო პროპორციულობის პრინციპი გულისხმობს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ პრეტენდენტისადმი მოთხოვნების დადგენას კონკრეტული შესყიდვის მიზნებიდან და ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ვადებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ლომთაძის მოსაზრებით გაცნობისა და წინადადებების წარდგენის ვადა ნამდვილად მცირე იყო და დიდ პრობლემებსაც ქმნიდა. ერთის მხრივ, ეს შესაძლოა პროცესების სწრაფ განვითარებას უწყობდა ხელს, თუმცა გასათვალისწინებელია ჩავარდნილი ტენდერების სტატისტიკაც.
2015 წელს სულ 35 421 ტენდერი გამოცხადდა. აქედან უარყოფითი შედეგით დასრულებული და შეწყვეტილი ტენდერების რაოდენობა 2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით და შეადგენს 31%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქედან 22,6% უჭირავს არშემდგარ ტენდერებს.
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 2015 წლის საქმიანობის ანგარიში.
“ამ სამი მიზეზიდან ყველაზე დიდი წილი მოდიოდა არშემდგარ ტენდერებზე. ყველაზე დიდი პრობლემა სინამდვილეში არის ის, რომ ან ბაზარი არ არის კონკურენტული ან უბრალოდ ფასები არის არასწორად შედგენილი. ასევე მიზეზი შეიძლება იყოს ვადის სიმცირე. ვადების შემოღება ნორმალური და მისაღებია, თუმცა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტანდარტით მინიმალური ვადა 10 დღეა. “-აღნიშნა გიორგი ლომთაძემ.
განმარტებითი ბარათის თანახმად, ვადების გადახედვის აუცილებლობა დადგა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში არსებული არაგონივრულად მცირე ვადების გამო. აქედან გამომდინარე, აზრი ეკარგება ტენდერების გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერად და ელექტრონულ ტენდერად დაყოფას. კანონპროექტის მიხედვით იარსებებს მხოლოდ ელექტრონული ტენდერი, რომლის გამოცხადების ვადები დამოკიდებული იქნება შესყიდვის ღირებულებაზე.
ახალი კანონპროექტით სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელებისას ვადის ხელახალი ათვლის აუცილებლობა განმარტებით ბარათში ახსნილია იმ გარემოებით, რომ ტენდერში წინადადებების მიღებამდე თუნდაც 1 წუთით ადრე ცვლილების შეტანის შესაძლებლობა აჩენს კორუფციულ რისკებს. საინტერესო იქნებოდა წარმოდგენილიყო შესაბამისი სტატისტიკა, რომელშიც ნაჩვენები იქნებოდა, თუ რა წილი უჭირავს იმ ტენდერებს, სადაც ცვლილება განხორციელდა წინადადებების მიღებამდე თუნდაც რამდენიმე საათით ადრე.
არასამთავრობო სექტორის მიერ უარყოფითად შეფასებული ცვლილებები:
- შეიცვლება დავების საბჭოში გასაჩივრების პროცედურა, დავების განხილვის პროცესში დამკვიდრდება ,,დაინტერესებული მხარის'' ცნება. სატენდერო დოკუმენტაციის გასაჩივრება კვლავ შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ხოლო სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება უშუალოდ ტენდერში მონაწილე პირს;
- საჩივრის წარდგენის საფასური, რომელიც შეადგენს შესყიდვის ღირებულების 2%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა. საჩივრის საფასური არ დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გარდა საერთაშორისო ვალდებულებებისა, ცვლილებების მიზეზად დასახელდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი დღეს არსებული წესი, რომელიც განმატრებითი ბარათის მიხედვით არ შეესაბამება ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედ დაინტერესებული მხარის ინსტიტუტს. მათივე განმარტებით, გასაჩივრების წესი გაუმართლებლად ამკვიდრებს იმაზე მაღალ სტანდარტს, ვიდრე ეს დადგენილია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით.
კანონის 23-ე მუხლში არსებული ცვლილებების აუცილებლობა გამყარებულია დაუსაბუთებელი საჩივრების გაზრდილი რაოდენობით, რომელიც იწვევს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების გაჭიანურებას. აღნიშნულის საილუსტრაციოდ მოყვანილია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე დავების განხილვის საბჭოში ტენდერში არადაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ იქნა 283 საჩივარი, რაც საჩივრების საერთო რაოდენობის 21%-ია. აღნიშნულ სტატისტიკას არადამაჯერებლად მიიჩნევს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სალომე საღარაძე და მიიჩნევს, რომ მეტი დამაჯერებლობისთვის საინტერესო იქნებოდა თუ რა ხვედრითი წილი უჭირავთ არადაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ საჩივრებს სხვადასხვა ეტაპზე:
“მათ მიერ დასახელებული სტატისტიკა ძალიან ბუნდოვანია. მაგრამ საინტერესო იქნებოდა რა ეტაპზე შევიდა ეს საჩივრები, იქნებ საერთოდ არ შესულა შერჩევა-შეფასების ეტაპზე და მხოლოდ სატენდერო იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჯარო ფინანსებს რაც ეხება, ნებისმიერ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღება უნდა იყოს საზოგადოებისთვის გამჭირვალე და გასაჩივრების უნარის მქონე. ამ დროს ძალიან დეტალური არგუმენტაცია უნდა არსებობდეს, რომ ჩვენ, საზოგადოება დავრწმუნდეთ ცვლილების საჭიროებაში.”- აღნიშნა სალომე საღარაძემ.
აქვე დავაკვირდეთ 2011-2015 წლების სტატისტიკას.
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 2015 წლის საქმიანობის ანგარიში.
როგორც გრაფიკიდან ჩანს საჩივრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან მიანიშნებს საზოგადოების მხრიდან დავების საბჭოს მიმართ ნდობის გაზრდაზე. არასამთავრობო სექტორი დავების განხილვის პროცესში დაინტერესებული მხარის ინსტიტუტის შემოღებას უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ დღეს არსებული წესი არის მაღალი სტანდარტი, რომელზეც უარის თქმა გვიწევს, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ცვლილება არ ყოფილა ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრი ვალდებულება. ამ ცვლილებით იზღუდება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ტენდერებზე დაკვირვების შესაძლებლობა. თუ მაგალითად, არსებობს დამკვირვებელი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების გამჭირვალობას აკვირდება, მას არ ექნება გასაჩივრების უფლება შერჩევა-შეფასების ეტაპზე, თუ კი არსებობს რაიმე ტიპის დარღვევა.
“ის პრინციპი, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ პროცესში შუძლია გასაჩივრება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის თვალსაზრისით არის ძალიან მაღალი სტანდარტი, რომელიც ბევრ ევროპის ქვეყანას არ აქვს, ისევე როგორც კარგად გამართული ელეტრონული სისტემა. საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემით და იმ გამჭირვალობის დონით რომელიც ჩვენ გვაქვს. დაინტერესებული მხარის ცნების შემოღებით უარს ვამბობთ ამ სტანდარტზე”- აღნიშნა გიორგი ლომთაძემ.
სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის მხრიდან გამოთქმული შეფასებების პასუხად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ განცხადება გააკეთა კანონპროექტით გათვალისწინებული ზოგიერთი ცვლილების შესახებ. კერძოდ, დავების პროცესში დაინტერესებული მხარის ინსტიტუტისა და გასაჩივრებისას საფასურის შემოღებაზე:
“საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებში ფართოდ გამოიყენება დაინტერესებული პირის ინსტიტუტი. ასეთ მიდგომას ვხვდებით ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში, მაგალითად, ავსტრიაში, დანიაში, ესტონეთში, ბულგარეთში, ხორვატიაში, კვიპროსში, უნგრეთში, მალტაში, პოლონეთსა და სხვ. ზემოაღნიშნული ინსტიტუტი გულისხმობს, რომ საჩივრის შეტანის უფლება აქვს იმ პირს, რომელსაც კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით აქვს იურიდიული ინტერესი, რაც განიმარტება იმგვარად, რომ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეხებოდეს კონკრეტულ პირს, რომელსაც ამ უკანონო გადაწყვეტილების შედეგად ადგება ან შესაძლებელია მიადგეს ინდივიდუალური და უშუალო ზიანი.”- აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
მაგალითად, თუ ერთი პრეტენდენტია, ამ შემთხვევაში თავს იჩენს კორუფციული რისკები. თუ მოხდა ისე, რომ შემყიდველმა ორგანიზაციამ არ მისცა დისკვალიფიკაცია ამ ერთ პრეტენდენტს, რომლის დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა მოთხოვნებს, არავინ არ არსებობს, ვინც ამას გაასაჩივრებს. ეს განცხადებაშიც გვეწერა და კომიტეტზეც გვინდოდა გაგვეტანა, მაგრამ სამწუხაროდ არ მოგვეცა სიტყვა”- განაცხადა სალომე საღარაძემ.
რაც შეეხება საფასურის გადახდას, იმავე განცხადებაში ახსნილია, რომ სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაჩივრება კვლავაც უფასო იქნება. საჩივრის საფასურის გადახდა სავალდებულოა შერჩევა-შეფასების ეტაპთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის. სააგენტოს განმარტებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მონაწილეები ხშირ შემთხვევაში განზრახ წარადგენენ საჩივრებს, რათა ხელოვნურად გააჭიანურონ შესყიდვის პროცედურები. მათი მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში საფასური უკან უბრუნდება მომჩივანს, გაუმართლებლად ვერ შეზღუდავს გასაჩივრების მექანიზმს. არასამთავრობო სექტორი კი მიიჩნევს, რომ საფასურის დაწესება დამატებითი ბარიერია, რაც გაუმართლებელია.
ასოცირების შეთანხმება და საჯარო შესყიდვები
ასოცირების შეთანხმების მერვე თავი ეხება საჯარო შესყიდვებს, სადაც დეტალურად არის გაწერილი ევროკომისიის დირექტივების მიხედვით გათვალისწინებული ვალდებულებები. აღნიშნული თავი მოიცავს 141-149 მუხლებს და ემსახურება საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობასთან.
დაახლოების ბოლო ეტაპის შემდგომ მოხდება მსჯელობა ორმხრივად გახსნის შესაძლოებლობებზე იმ შესყიდვებზე, რომელიც XVI-A დანართში მოცემულ მონეტარულ ზღვრებს ქვემოთაა. ევროკავშირის მიერ დაწესებული მონეტარული ზღვრები მოიცავს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების მინიმალურ ქვედა ზღვარს, რომლის ზემოთაც მოქმედებს ევროკავშირში საერთაშორისოდ აღიარებული პროცედურები. მონეტარული ზღვრები დადგენილია ევროკავშირის მიერ და იგი გადაიხედება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. მონტარულ ზღვრებს ქვემოთ შესყიდვისას მოქმედებს ეროვნული სტანდარტები, ხოლო მონეტარულ ზღვრების ზემოთ შესყიდვა უნდა განხორცილედეს ევროკავშირის საერთაშორისოდ აღიარებული პროცედურების დაცვით.
2016 წლის 16 მარტს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევი.
აღნიშნული გზამკვლევის შექმნის ვალდებულება ასოცირების შეთანხმების 145-ე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა და მოიცავს ყველა იმ პროცედურის გეგმა-გრაფიკს, რაც დაახლოების 8 წლიან პერიოდში არის გაწერილი.
აღნიშნულ გზამკვლევში წარმოდგენილია შემდეგი ეტაპები:
პირველი ფაზა მოიცავს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების და შესაბამისი ინსტიტუციური ბაზის მარეგულირებელი ძირითადი სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანას.
მეორე ფაზა მოიცავს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დირექტივისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის ძირითად ელემენტებს.
მესამე ეტაპზე დაიწყება სექტორების შესახებ დირექტივისა და სექტორების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის ძირირითადი ელემენტების დაახლოება;
სხვა სავალდებულო და არასავალდებულო ელემენტების გათვალისწინება იგეგმება დაახლოების მეოთხე და მეხუთე ფაზაში.
პირველი ფაზა სრულდება 2017 წლის სექტემბერში. ამ პერიოდში უნდა მოხდეს 144-ე მუხლის შესაბამისად, არადისკრიმინაციულობის, თანასწორი მოპყრობის, გამჭირვალობის და პროპორციულობის პრინციპების დანერგვა. გზამკვლევში წარმოდგენილია ყველა ის შეუსაბამობა ძირითად სტანდარტებთან, რაც უნდა აღმოიფხვრას დაახლოების პირველ ფაზაში. სწორედ ამ შეუსაბამობათა აღმოფხვრას ემსახურება ახალი კანონპროექტის ზოგიერთი მუხლი.
გზამკვლევის მიხედვით ერთ-ერთ შეუსაბამობად დასახელებულია ის, რომ შემსყიდველ ორგანიზაციებს არ გააჩნიათ შესაძლებლობა გამოიყენონ შესყიდვების პროცედურა ე.წ. “პრეკვალიფიკაციით”, რაც გულისხმობს პრეტენდენტების შეზღუდული რაოდენობით მოწვევის შესაძლებლობას. ამ მიმართულებით ცვლილება მიმდინარე კანონპროექტში წარმოდგენილი არ არის. გიორგი ლომთაძის შეფასებით საკმაოდ ბევრი არშემდგარი ტენდერების ფონზე, ამ მეთოდის დანერგვამ შესაძლოა გარკვეული კორუფციული რისკების წარმოშობას შეუწყოს ხელი.
“პრეკვალიფიკაცია გულისხმობს წინასწარ ზოგიერთი მიმწოდებლების გაცხრილვის შესაძლებლობას, რასაც საქართველოში შეიძლება ნეგატიური შედეგი მოჰყვეს. ამის დანერგვის ვალდებულება დირექტივის მიხედვითაც გვაქვს და ძირითადი ჩარჩოც მოცემულია. ქვეყანა მაინც თვითონ განსაზღვრავს თუ როგორი იქნება პრეკვალიფიკაციის პროცედურა. ჩვენი მოსაზრებთ, პრეკვალიფიკაცია არ არის ყველაზე მაღალი სტანდარტის პროცედურა. ტენდერი არის იმისთვის, რომ ყველამ დააფიქსიროს თავისი შეთავაზება და ამის შემდეგ მოხდეს გადარჩევა და არა წინასწარ.”-აღნიშნა გიორგი ლომთაძემ.
პირველი ფაზა ასევე ითვალისწინებს დავების განხილვის საბჭოს რესტრუქტურიზაციას, რომელიც გეგმა გრაფიკის მიხედვით 2017 წლის მეორე კვარტალში უნდა შესრულდეს. გარდა ამისა, სააგენტოს მიერ უკვე წარმატებით დაინერგა ე.წ. ფასი-ხარისხის ორეტაპიანი ტენდერი, რომლის შესრულება მეორე ფაზაში იყო გაწერილი. ამ ტიპის ტენდერების პრინციპი არის ის რომ წინასწარ განსაზღვრული ფორმულის საშუალებით ხდება ქულობრივი ღირებულების მინიჭება, რომელშიც გათვალისწინებულია, როგორც დაბალი ფასი, ისე ხარისხის პარამეტრები. შემსყიდველი თვითონ გადაწყვეტს თუ რა ხვედრითი წონა მიანიჭოს სხვადასხვა ხარისხის პარამეტრს. მაგალითად, თუ საქმე ეხება მშენებლობას, სხვადასხვა ხარისხის სამშენებლო მასალას მიანიჭებს განსხვავებულ წონას ან გაითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების განსხვავებულ პარამეტრებს.
***
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ცვლილებების კანონპროექტი უმეტესწილად დადებითად შეფასდა არასამთავრობო სექტორის მიერ, რადგან ცვლილებების დიდი ნაწილი სწორედ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულელების შესრულებას ემსახურება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით, მათ ჰქონდათ მჭიდრო კომუნიკაცია როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე ბიზნესის წარმომადგენლებთან. თუმცა, კანონპროექტში წარმოდგენილმა ზოგიერთმა ცვლილებამ, არასამთავრობოების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა და მათ მოითხოვეს დეტალური არგუმენტაცია დავების განხილვის პროცესში არსებული ცვლილებების თაობაზე.
რაც შეეხება ევროკავშირის დირექტივებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, ამ მხრივ ჩამორჩენა არ გვაქვს და სახელმწიფო ზუსტად მიყვება იმ გზამკვლევს, რომელიც მომზადდა შესყიდვების სფეროში კანონმდებლობის დაახლოებისათვის. მეტიც, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს ფასი-ხარისხის პრინციპის შემოტანას უკვე დანერგილია წინსწრებით და 2016 წლიდან ჩვენ უკვე გვაქვს ფასი-ხარისხის ორეტაპიანი ტენდერი.
ტერმინი „დაინტერესებული პირი“, ანუ ვისაც შეეძლება ტენდერის გასაჩივრება, უნდა იქნას ფართოდ გაგებული და უნდა მოიცავდეს ნებისმიერ მოქალაქესა თუ ორგანიზაციას. ნებისმიერი გადასახადის გადამხდელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ფლობდეს ინფორმაციას თუ როგორ ხარჯავს მთავრობა გადამხდელის მიერ ბიუჯეტში შეტანილ თანხებს. დავების განხილვის წესში არსებული ცვლილების შეფასება უკვე ერთი წლის თავზე შეგვეძლება. ვნახავთ რეალურად შემცირდება თუ არა საჩივრების რაოდენობა და გაიზრდება თუ არა დაკმაყოფილებული საჩივრების %-ული წილი, რაც სისტემის გაჯანსაღების ნიშანი იქნება. იქამდე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო მეტი კონსულტაცია და დისკუსია უნდა გამართულიყო როგორც არასამთავრობო, ისე ბიზნეს-სექტორთან იმისათვის, რომ არ გვეთქვა უარი ისეთ მაღალ სტანდარტზე, რომელიც ევროპის ბევრ სახელმწიფოს არ აქვს.
ქეთი მელქაძე (ISET-ის მაგისტრი)