სასარგებლო, ელიტური ჩაი ისტორიით - რას ითხოვენ ევროპელი მომხმარებლები
წარსულს ჩაბარდა ქართული ჩაის “დამკვრელური” მოსავალი - 120 ათასი ტონა, საიდანაც 115 ათასი ტონა ექსპორტზე გადიოდა. ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად, ჩაის პლანტაციები, დაახლოებით, 19 ათას ჰა ფართობზეა შემორჩენილი, აქედან ექსპლუატაციაში 2.4 ათასი ჰაა, დანარჩენი კი გატყევებულია და ეკალ-ბარდებით დაფარული. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2015 წელს საქართველომ მხოლოდ 2100 ტონა ჩაი აწარმოა, ექსპორტზე კი 1700-მდე ტონა გაგზავნა (მთლიანი ღირებულება -1,8 მილიონი დოლარი). ბაზარზე რამდენიმე მცირე კომპანიაა, რომელიც ქართული ჩაის ღირსებებში დარწმუნებული, წლებია, “მწვანე ოქროს” წარმოებას ჯიუტად არ ეშვება და ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს პოზიციების დაბრუნებას.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომზადებულ აგროსასურსათო პროდუქტების საინვესტიციო გზამკვლევში ჩაი შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რენტაბელური კულტურა: მისი IRR (მოგების შინაგანი ნორმა) 26 %-ია. ჩაი დარგვიდან 5 წელიწადში შეიძლება დაიკრიფოს, ნარგავი კი 100 წელზე მეტხანს ძლებს. ინდუსტრიის წასახალისებლად გარკვეული სახელმწიფო პროგრამებიც ამოქმედდა. eugeorgia.info დაინტერესდა, რა ტენდენციებია ჩაის 500-მილიონიან ევროპულ ბაზარზე და რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს ქართულ ჩაის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ.
ჩაის მოხმარება და იმპორტი ევროკავშირში
ჩაის მოხმარებამ ევროპაში 2015 წელს 229 ათასი ტონა შეადგინა, რაც მსოფლიოს მოხმარების მხოლოდ 4,6%-ია. აღსანიშნავია, რომ ჩაის იმპორტი და მოხმარებაც ევროპაში, ზოგადად, მცირდება. 2011 წლიდან იმპორტის წლიურმა კლებამ 2% შეადგინა, თუმცა, ღირებულება 5%-ით გაიზარდა.
ჩაის ბაზარი ტრადიციულად გაჯერებულია, თუმცა, დაბალი ფასებისა და გაძვირებული სასუქების ფონზე, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჩაის წარმოება ბევრი ფერმერისთვის მიმზიდველი ვეღარ იქნება და მიწოდებასა და მოთხოვნას შორის წონასწორობა 2020 წლისთვის აღდგება.
2015 წელს ჩაის იმპორტმა ევროკავშირში 342 ათასი ტონა შეადგინა, აქედან განვითარებად ქვეყნებს 87% უკავია. ევროკავშირის ქვეყნებს შორის შიდა იმპორტი კი 85 ათასი ტონით განისაზღვრა, რომელიც განხორციელდა რეექსპორტის, ან გადამუშავების საფუძველზე.
ყველაზე დიდი მოცულობით ჩაი შედის დიდ ბრიტანეთში, მასზე მოდის ევროპის მთლიანი იმპორტის 39%, მომდევნო ადგილებს ინაწილებენ: გერმანია, პოლონეთი, ნიდერლანდები, ბელგია, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია და ესპანეთი.
ცხრილი 1. ჩაის უმსხვილესი იმპორტიორები ევროკავშირში:
რაც შეეხება ჩაის მიმწოდებლებს, მათ შორის ლიდერობენ: კენია, ინდოეთი, ჩინეთი, შრი-ლანკა, მალავი, ინდონეზია, არგენტინა, ვიეტნამი, ტანზანია და სხვ.
გერმანია და პოლონეთი ასევე ჩაის ევროპული ბაზრების მსხვილი მიმწოდებლები არიან (2015 წელს 20 და 19 ათასი ტონის ექსპორტი განახორციელეს). ეს ქვეყნები ევროკავშირში მნიშვნელოვანი სავაჭრო ჰაბებია.
ცხრილი 2. ჩაის უმსხვილესი ექსპორტიორები ევროკავშირში:
მწვანე ჩაი ექსკლუზიურად აზიური ბაზრებიდან მოდის (90%), 2014 წელს ევროკავშირში მწვანე ჩაის ექსპორტში ჩინეთს 62% ეკავა. მსხვილი მიმწოდებლები არიან: ინდოეთი, ვიეტნამი, ინდონეზია, კოლუმბია და ახალი ზელანდია.
შენიშვნა: ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემაში (GSP) , რომელიც განვითარებად ქვეყნებს პროდუქციის შეტანისას საბაჟო შეღავათებს სთავაზობს, ცვლილებები შევიდა, შესაბამისად, ჩინეთს აღარ შეუძლია ამ ტარიფებით სარგებლობა. 3 კგ-იანი დაფასოებით მწვანე ჩაიზე საბაჟო მოსაკრებელი ჩინეთისთვის 3,2%-ია, რაც მას აძვირებს და კონკურენტუნარიანობას ამცირებს.
ძირითადი ტენდენციები:
იმპორტიორ ქვეყნებს ევროპაში, ძირითადად, დაუფასოებელი ჩაი შეაქვთ, რადგან ევროპული კომპანიები თვითონ არიან უმსხვილესი ტრეიდერები, ან გადამამუშავებლები. ნედლეულის სახით ჩაის დაფასოება ხდება 3 კგ-იან შეფუთვაში.
დაუფასოებელი ჩაის (ნედლეულის) მსოფლიო ფასების ფორმირება ხდება მომბასას, კოლომბოს, ჯაკარტას, ლიმბეს, კალკუტას, კოჩინის და სხვა აუქციონებზე, ამიტომ უპრიანია, მწარმოებლები/ექსპორტიორები მიმდინარე ტენდენციებს ინტერნეტის საშუალებით დააკვირდნენ (https://www.teaauction.gov.in , http://www.srilankabusiness.com http://www.eatta.com)
რაც შეეხება გადამამუშავებელ საწარმოებს, ევროკავშირის ჩაის ბაზარზე დომინირებს რამდენიმე უმსხვილესი კომპანია, მათ შორის, Unilever (ბრენდი Lipton), Tata beverages (ბრენდები: Tetley, Tata Tea), Associated British Foods (ბრენდი Twining), Jacobs Douwe Egberts, van Rees, McLeod Russell, James Finlay. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ნედლეულს იღებენ და საკუთრი ბრენდებისთვის გადამუშავება/კუპაჟირებას ახორციელებენ, რათა უზრუნველყონ ჩაის უნიკალური გემო და კონკურენტული ფასი.
საცალო ქსელში ჩაის რეალიზაციის 91% სუპერმარკეტებზე, სასურსათო და სპეციალურ ინტერნეტმაღაზიებზე მოდის, დანარჩენი 9% კი- ყავის სახლებზე, რესტორნებსა და ოფისებზე. მცირე ნაწილი გამოყენება კოსმეტიკისა და ცივი ჩაის საწარმოებლად.
ევროკავშირის ბაზარზე ტრადიციულად შავი ჩაი დომინირებს. შავი ჩაის წილად დიდ ბრიტანეთში - 97%, ხოლო ნიდერლანდებში 53% მოდის, გერმანიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში შავ ჩაის ბაზარზე კვლავ მყარი პოზიცია უკავია - 18%-25% (2015 წ.), თუმცა, ბოლო პერიოდში მომხმარებელთა გემოვნება შეიცვალა და, შესაბამისად, ბაზარიც უფრო დივერსიფიცირებული გახდა. მიმდინარეობს ჩაის ევროპული ბაზრის პრემიუმიზაცია: მოხმარებლები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან უმაღლესი ხარისხის და უნიკალური ჩაის დაგემოვნებით, თუმცა, ეს ნიშა შედარებით მაინც მცირეა, დაახლოებით, 5%. იზრდება მწვანე და ხილის/მცენარეული ჩაის პოპულარობაც, შესაბამისად, შავი ჩაის მოხმარება მცირდება. განსაკუთრებით, ეს ტენდენცია შეინიშნება ბელგიაში, დანიასა და საფრანგეთში
შენიშვნა: ხილის ჩაი (ვაშლის, შავი მოცხარის) შეიცავს შავ ჩაისა და ხილის ქერქებს/ნაწილებს, ისევე, როგორც მცენარეული ჩაი (მაგალითად,დარიჩინი, პიტნა, მუსკატი), თუმცა, პოპულარულ ნაყენებში (გვირილა, ცხარე პიტნა და ჭინჭარი) ჩაის ერთი ფოთოლიც არ ურევია. მსგავსი კუპაჟები და ნაყენები დიდ კონკურენციას უწევენ ჩაის მწარმოებლებს, მაგრამ, ამავე დროს, ახალ შესაძლებლობებს ქმნიან ფერმერებისთვის ალტერნატიული კულტურების მოსაყვანად.
პროდუქციის სეგმენტაცია, ფასები:
მაღალფასიანი:
- პრემიუმხარისხის ჩაი, ხელით მოკრეფილი, მთლიანი ფოთლებით, იყიდება სპეციალურ მაღაზიებში, ფეშენებელურ რესტორნებსა და სასტუმროებში, აქვს ასევე ორგანული, ან სხვა სერთიფიკატები;
- სპეციალური ჯიშები, რომლებსაც განსაკუთრებული გემო აქვთ და რომელთა ჩანაცვლება შეუძლებელია, მაგალითად, დარჯელინგი, ოოლონგი, ცეილონ-უვა;
- იყიდება პირდაპირ, აუქციონების გვერდის ავლით, შესაძლებელია გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება თავისი უნიკალურობის გამო;
- ამ სეგმენტში 1 კგ ჩაის ფასი 20 ევროს აღემატება. მაგ, 1 კგ ორგანული Ambootia loose leave (ამბუთია - რეგიონი ჰიმალაის მთებში) მწვანე ჩაის საცალო ფასი 54 ევროა (მწარმოებელი Simon Levelt).
საშუალოფასიანი:
- კარგი ხარისხის, იყიდება სუპერმარკეტებსა და სპეციალიზებულ მაღაზიებში;
- აღნიშნულ სეგმენტში მდგრადობის სერთიფიკატი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება (ძირითადად, UTZ და Rainforest Alliance);
- ინოვაციური დაფასოება (აქცენტი გადატანილია, ძირითადად, შესაფუთ მასალასა და ფორმაზე);
- 1 კგ ჩაის ფასი 10-20 ევროა. მაგ., 1 კგ English Blend-ის საცალო ფასი 10-12 ევროა (მწარმოებელი ჰოლანდიური კომპანია Albert Heijn).
დაბალფასიანი:
- სტანდარტული შავი ჩაი, დაუფასოებელი, რომლებიც აუქციონების მეშვეობით იყიდება;
- მყიდველები მოქმედებენ მოქნილად, მარაგებისა და სპეკულაციური ტრანზაქციების წყალობით. ჩაის ხარისხს ნაკლებად ექცევა ყურადღება, რადგან მათი კუპაჟირება ხდება, შესაბამისად, მთავარია ნედლეულის სიიაფე;
- 1 კგ ჩაის ფასი 2-10 ევროა, მაგ., ბრიტანული საცალო ქსელი Tesco საკუთარ ბრენდს 5 ევროდ ყიდის.
მარკეტინგი:
განვითარებადი ქვეყნებიდან ჩაის მცირე ექსპორტიორებს ექაპერტები ურჩევენ, საკუთარი ბრენდირებული პროდუქციის რეალიზაციისთვის ევროპაში მცირე და სპეციალიზებულ მაღაზიებს მიმართონ, ამავე დროს “შექმნან” ისტორია, სად მოიკრიფა აღნიშნული ჩაი, რა პირობებში, რა არის მისი სპეციფიკა და ა.შ. მცირე მწარმოებლებს ურჩევენ, შექმნან კოოპერატივები და დაიქირავონ ექსპორტის გამოცდილი მენეჯერი.
იქიდან გამომდინარე, რომ მაღალხარისხიანი და სპეციფიკური ჩაი ბაზრის სწრაფად მზარდი სეგმენტია, მომხმარებელი სულ უფრო მეტად ინტერესდება, გაერკვიოს ჩაის სახეობებში, მათ წარმოშობასა და დაყენების ტექნოლოგიაში, აკვირდება დაყენების ხანგრძლივობას, რეკომენდებულ ტემპერატურასა და წყლის ხარისხსაც კი. ევროპაში მოდური გახდა ჩაის დასაყენებელი სპეციალური ელექტროჩაიდნები.
სურათი 1. დასაყენებელი ელექტროჩაიდნები
ჩაის ინდუსტრია ასევე გამუდმებით ეძებს სწრაფ და ალტერნატიულ გზებს ერთჯერადი ჩაის დაფასოებისთვის. ახალი ტენდენციაა პირამიდის ფორმის “პაკეტებში” შეფუთვა, რათა ჩაის გასაშლელად დიდი ადგილი დარჩეს, შესაბამისად, სურნელი უკეთ გამოსცეს, ასევე ჩაის “სთიქები” და ყავის სახდელებისთვის, რომლებსაც ჩაის დაყენებაც შეუძლიათ, სპეციალური ჩაის კაფსულები და პაკეტები.
სურათი 2. დაფასოებული ჩაი
შენიშვნა: ევროკავშირის ბაზრებზე თავის დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანია, მწარმოებელი იცნობდეს კონკრეტულ ქვეყანაში ჩაის სმის კულტურას: მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, ჩაიში რძეს ამატებენ, შესაბამისად, ერთჯერად ჩაის მოიხმარენ და დასაყენებული ჩაისთვის ამ ბაზრებზე მცირე ნიშაა.
რადგან ევროპელი მომხმარებლები სულ უფრო ინტერესდებიან ნატურალური, ჯანმრთელი და ავთენტური საკვებით, ამიტომ ჩაის მსხვილი დისტრიბუტორები აქტიურად იყენებენ ისეთ მარკეტინგულ სლოგანებს, როგორიცაა, “ მწვანე ჩაი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას’. მწვანე და მცენარეულ ჩაის ევროპელი მომხმარებლები გაცილებით სასარგებლოდ აღიქვამენ. პროდუქტის დადებით თვისებებში შედის: ანთების საწინააღმდეგო და ქოლესტერინის დონის მარეგულირებელი, ასევე გარკვეული სიმსივნეებისგან პრევენციის უნარიც. მსგავსი ინფორმაციის ეტიკეტზე მითითება საკმაოდ ეფექტურია მომხმარებლის მისაზიდად.
შენიშვნა: თუ მწარმოებელს გადაწყვეტილი აქვს, ყურადღება გაამახვილოს პროდუქციის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებზე, ევროკავშირის რეგულაციის EC1924/2006 თანახმად, ეტიკეტზე აღსანიშნავად საჭიროა მიიღოს ნებართვა EFSA-ს დიეტური პროდუქციის, კვებისა და ალერგიების განყოფილებისგან.
უვნებლობის სტანდარტები და სერთიფიკატები
ევროკავშირი სურსათის და, მათ შორის, ჩაის უვნებლობასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრია. საცალო ქსელები მოითხოვენ, ჩაი წარმოებული იყოს HACCP -ის სისტემის შესაბამისად, ანუ, მიკვლევადობა წარმოების ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იყოს. პესტიციდების გამოყენება ჩაის კულტივაციის დროს დასაშვებია, თუმცა, ევროკავშირი მოითხოვს, მკაცრად იყოს კონტროლირებული მისი დონე. ზოგიერთი ბაიერი, მაგალითად, გერმანიაში, საერთო ევროპულ კანონმდებლობასთან შედარებით კიდევ უფრო მომთხოვნია. აკრედიტებულ ლაბორატორიებს შეუძლიათ 500-მდე პესტიციდის ნარჩენები დააფიქსირონ. ძალიან ხშირად ნარჩენებს შორის ფიგურირებს: dicofol, ethion, quinalphos, hexaconazole, fenpropathrin, fenvalerate და propargite. ბოლო პერიოდში დიდ ყურადღებას ანიჭებენ ანტრაქინონის შემცველობასაც სურსათსა და ჩაის ფოთოლში, რომელიც 1 კგ-ზე 0.02 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
შენიშვნა: ჩაის მწარმოებელ რიგ ქვეყნებს, მაგალითად, ჩინეთსა და ვიეტნამს, სადაც ქიმიური პრეპარატები მრავლად და დაბალ ფასად მოიპოვება, პესტიციდების კონტროლის მხრივ დიდი პრობლემები აქვთ, რაც სხვა მწარმოებლებს უპირატესობას აძლევს.
ევროპელი მოხმარებელი აგრეთვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სპეციალურ სერთიფიკატებს, რომლებიც მიმართულია გარემოს დაცვაზე, სოციალურ პროექტებსა და მდგრად განვითარებაზე, შესაბამისად, ექსპორტიორებს დასავლელი ექსპერტები ურჩევენ, იზრუნონ ისეთი ტიპის სერთიფიცირებაზე, როგორიცაა, Rainforest Alliance, UTZ Certified, Fairtrade და Organic (ორგანული),
Unilever, Tata beverages, Associated British Foods და რიგი კომპანიები 2020 წლისთვის გეგმავენ თავიანთი პროდუქციისთვის გამოყენებული ნედლეული 100%-ით მდგრადი სერთიფიკატებით იყოს უზრუნველყოფილი.
წყარო: CBI (Centre for the Promotion of Imports from developing countries) www.cbi.eu
ბელა ნოზაძე
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.