ავეჯის ქართველ მწარმოებლებს ევროპის ბაზარზე თავის დამკვიდრება შეუძლიათ
"ჩვენ ექვს თვეში გავხსენით ქარხანა და ძალიან მალე ევროპის ბაზარზე ვიყავით, რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენი პროდუქცია შეიძინა მან, ვინც უკვე დამკვიდრებული იყო ბაზარზე.“
ავეჯის გლობალური ბაზარი ყოველწლიურად იზრდება, განვითარებადი ქვეყნებიდან ევროპაში ავეჯის სხვადასხვა ნაწილის ექსპორტის მოცულობა შესამჩნევად მზარდია. ჰოლანდიურმა კვლევითმა ინსტიტუტმა (CBI) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში ამჯერად ავეჯის ნაწილები მოექცა. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ბაზარზე ჩინური, თურქული, ტაილანდური კომპანიები საკმაოდ კონკურენტუნარიანი არიან, სხვა სახელმწიფოებს აქვთ კარგი შესაძლებლობა, სრულიად განსხვავებული ნიშა დაიკავონ. CBI-ის რჩევა ექსპორტიორებს - იყავით ინოვაციური და მოქნილი, შეეცადეთ დააკმაყოფილოთ მომხმარებლების მუდმივად ცვალებადი მოთხოვნები. ამ პირობების შესრულება ქართულმა კომპანიამ „ჯორჯიან პროდაქტსმა“ უკვე წარმატებით შეძლო. კომპანია ცხოველების 25-ზე მეტი სახეობის ავეჯს აწარმოებს და ევროპის არაერთ ქვეყანაში ყიდის. სულ მალე კი „ჯორჯიან პროდაქტსი“ ევროკავშირის ბაზარზე ახალ ნიშასაც დაიკავებს, კომპანიის დირექტორი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბიზნესის გაფართოებას გეგმავს, ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები კი უკვე დაწყებული აქვს.
„ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ახალ მიმართულებაზე საექსპორტოდ - ეს იქნება ე.წ. „გარდენ ჰაუსები“, ეზოებში პატარა სახლები რომ არის, რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ, ევროპაში ძალიან პოპულარულია. ამით დავიწყებთ და შემდეგ გადავალთ მაგიდებზე, სხვა სახის ავეჯზე. ჩვენი პარტნიორები გერმანელები არიან, რომლებიც ევროკავშირში თითქმის ყველგან ვაჭრობენ, გარდა რამდენიმე ქვეყნისა. ძირითადად საწყობები აქვთ გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბელგიაში, იქიდან კი პროდუქციას ანაწილებენ - სკანდინავია-ბრიტანეთისა და ესპანეთი-იტალიის მიმართულებით“, - ამბობს შპს „ჯორჯიან პროდაქტსის“ დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე.
ავეჯი ძირითადად ხის, ლითონისა და პლასტმასის ნაწილებისგან შედგება. ევროკავშირის ბაზარზე ავეჯის სრული რაოდენობის 12%-ის უმთავრესი ნაწილი სწორედ ლითონია. ლითონს თავისი უპირატესობებიც აქვს - გაცილებით უფრო გამძლე და მდგრადია, ხშირ შემთხვევაში ვიზუალურადაც ყველაზე მიმზიდველად გამოიყურება. ავეჯის დასამზადებლად ლითონის ყველაზე გავრცელებული ტიპებია ფოლადი და ალუმინი. ორივე მათგანს საკუთარი უპირატესობა აქვს. ალუმინი ძირითადად არ იჟანგება, ამიტომაც ბაღებისა და ეზოების ავეჯისთვის თითქმის შეუცვლელია. რაც შეეხება ალუმინს, ის სახლის ავეჯის თანამედროვე დიზაინისთვის გამოიყენება. დავით ბარდაველიძე მიიჩნევს, რომ ევროპაში საექსპორტოდ ძალიან მომგებიანი სწორედ ავეჯის ნაწილები იქნება.
„კომპანიამ, რომელიც ამზადებს სკამს და უკვე დამკვიდრებულია ბაზარზე, იცის, რომ ასი პროცენტით გაყიდის საკუთარ პროდუქციას, ამიტომ მისთვის სკამის ნაწილების მიყიდვა ძალიან წარმატებული საქმიანობა იქნება. თავდაპირველად ბაზარზე შესვლა კი დიდ დროსა და დიდ ფულს მოითხოვს. მანქანის უდიდესი მწარმოებლებიც კი, როგორიცაა მაგალითად, „აუდი“, „პორშე“, ავტომობილების ნაწილებს სხვა კომპანიებისგან ყიდულობენ. ბაზარი კი არ უნდა ეძიო, კომპანიები უნდა მოძებნო, რომლებსაც უკვე აქვთ ბაზარი. ჩვენ ექვს თვეში გავხსენით ქარხანა და ძალიან მალე ევროპის ბაზარზე ვიყავით, რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენი პროდუქცია შეიძინა მან, ვინც უკვე დამკვიდრებული იყო ბაზარზე“, - ამბობს დავით ბარდაველიძე.
2011-დან 2015 წლამდე ავეჯის ლითონის ნაწილების იმპორტი ევროპაში ყოველწლიურად 5%-ით იზრდებოდა, 2015 წელს კი მისმა ღირებულებამ 4,3 მილიარდ ევროს მიაღწია. ყველაზე დიდი იმპორტიორია გერმანია, შემდეგ პოლონეთი, მესამე ადგილს კი გაერთიანებული სამეფო იკავებს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო რამდენიმე წელიწადში გერმანიამ განვითარებადი ქვეყნებიდან 232 მილიონი ევროს ღირებულების ავეჯის ნაწილები შეიძინა. შესამჩნევია აშკარა ტენდენციაც - გერმანია ამ მიმართულებით იმპორტს განვითარებადი ქვეყნებიდან ყოველწლიურად ზრდის. სპეციალისტების პროგნოზით, ეს პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
შპს „ჯეოარ პლიუსი“ კიდევ ერთი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ავეჯს ამზადებს. ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტის დოკუმენტი ავეჯის ნაწილების ექსპორტის პოტენციალის შესახებ კომპანიის დირექტორისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. როგორც თენგიზ თავზარაშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, „ჯეოარ პლიუსმა“ შეიძინა ახალი დაზგა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მაღალი ხარისხის ავეჯის ნაწილების დამზადება. კომპანიის მიზანია, მიმდინარე წელს მათმა ავეჯმა კონკურენცია ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას გაუწიოს, მომავალი წლიდან კი ევროპაში ექსპორტითაც დაინტერესდება.
„ჩვენი კომპანია 2011 წელს დაარსდა, პირველ ეტაპზე „ემდეეფის“ კარის წარმოებაზე ვიყავით ორიენტირებული, შემდეგ კი სხვადასხვა ტიპის ავეჯიც დავამატეთ. უკვე შევიძინეთ თანამედროვე იტალიური დაზგა, შედეგად კი ველოდებით წარმოების ხარისხისა და ასევე რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას. წელს დაგვემატება ახალი მიმართულება - რბილი ავეჯიც. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ დასრულებულ პროდუქციას, თუმცა ახალი დაზგა საშუალებას გვაძლევს, რომ ავეჯის ნაწილებიც დავამზადოთ. ჩვენი მიზანია, შიდა ბაზარი ავითვისოთ, კონკურენცია გავუწიოთ იმპორტირებულ ავეჯს და შემდეგ თუ შეგიძლიათ, გვითხრათ მეტი ევროპის ბაზარზე, ამაზე აუცილებლად ვიფიქრებთ. ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა“, - ამბობს შპს „ჯეოარ პლიუსის“ დირექტორი თენგიზ თავზარაშვილი.
შესაძლებლობებთან ერთად ევროპის ბაზარს თან ახლავს გამოწვევებიც. CBI -ის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ევროპის ბაზარზე უკვე არის დომინანტი - ჩინეთი ევროპის ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელია ( 83%). 1 მილიარდი ღირებულების პროდუქციიდან ევროპაში ჩინეთს 832 მილიონი ევროს ავეჯის ნაწილები შეაქვს. ჩინეთს მეორე ადგილზე თურქეთი 61 მილიონი ევროთი მოჰყვება, შემდეგ ტაილანდი 39 მილიონი ევროს ღირებულებით, მეოთხე ადგილს კი ინდოეთი იკავებს 21 მილიონი ევროთი. უდავოდ, ჩინეთი სერიოზული კონკურენტია, თუმცა კვლევაში იმასაც ვკითხულობთ, რომ სხვა განვითარებად ქვეყნებს შესაძლოა, ჩინეთთან შედარებით უპირატესობაც ჰქონდეთ, ეს არის პროდუქციის ხარისხი. სწორედ საკუთარი პროდუქციის ხარისხზეა ორიენტირებული კიდევ ერთი ქართული კომპანია „outdoor furniture“, რომელსაც უკვე 2 საწარმო აქვს, უახლოეს მომავალში კი მაღაზიის გახსნას გეგმავს. კომპანიის დირექტორი ნინო შათირიშვილი ჩვენთან ინტერვიუში ევროპული ბაზრით დაინტერესებას არ მალავს და ამბობს, რომ მათი მთავარი უპირატესობა პროდუქციის ხარისხშია.
„ჩვენი კომპანია 2014 წლიდან ფუნქციონირებს. ვამზადებთ სხვადასხვა ტიპის თანამედროვე დიზაინის ავეჯს, მხოლოდ ერთი მიმართულება არ გვაქვს. ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ვართ ორიენტირებული, უამრავი სასტუმრო გვაქვს მოწყობილი. ძალიან დაინტერესებული ვართ ევროპის ბაზრით, იტალიაში მოლაპარაკებებიც გვქონდა, მაგრამ არა ოფიციალურ დონეზე. ჩვენი ნაცნობი იტალიიდან მოწნული ავეჯით დაინტერესდა, ფასიც მისაღები აღმოჩნდა, ამ მიმართულებით სერიოზულად ვფიქრობთ, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ხარისხზე, თუმცა გარდა ამისა, მანამ, სანამ ავეჯს ევროპაში გავიტანთ ექსპორტზე, გარკვეული ეტაპებია გასავლელი. ამაზე ვმუშაობთ“, - ამბობს ნინო შათირიშვილი.
CBI-ის რეკომენდაციები კომპანიებისთვის განვითარებადი ქვეყნებიდან:
- გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, იტალია - განვითარებადი ქვეყნებისთვის ყველაზე საინტერესო ბაზრებია.
- თავდაპირველად შეისწავლეთ თქვენი კონკურენტი კომპანიების შესაძლებლობები ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში.
- ევროპა დაინტერესებულია არა მხოლოდ ავეჯის ნაწილებით, არამედ უკვე დასრულებული ავეჯით განვითარებადი ქვეყნებიდან. მსგავსი პრაქტიკა, თანაც საკმაოდ წარმატებული, უკვე აქვთ ჩინეთსა და თურქეთს.
- მოიძიეთ ინფორმაცია ავეჯის ინდუსტრიაში განვითარებულ მოვლენებსა და ტრენდებზე საერთაშორისო ჟურნალებსა და ახალი ამბების სააგენტოებზე. თქვენთვის საინტერესო რესურსების სია კი ასე გამოიყურება: Furniture & Joinery Production, Worldfurnitureonline, Furniture & Accessories Europe, International Alliance of Furnishing Publications.
- იმისთვის, რომ გაცილებით მეტი შეიტყოთ ავეჯის ინდუსტრიის შესახებ, აუცილებლად დაესწარით სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით იმართება ხოლმე ევროპაში, უფრო ხშირად კი გერმანიასა და საფრანგეთში.
სანდოობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროპაში, ამიტომ CBI განვითარებადი ქვეყნების კომპანიებს მოუწოდებს, აქცენტი ხარისხსა და პროდუქციის დროულ მიწოდებაზე გააკეთონ. საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ნიშის დაკავება ევროპაში დაბალ სეგმენტში გაცილებით მარტივადაა შესაძლებელი, თუმცა ეს სულაც არ გამორიცხავს, რომ განვითარებადი სახელმწიფოების პროდუქცია კონკურენტუნარიანი სხვა კატეგორიებშიც აღმოჩნდეს. შანსები კი მაშინ უმჯობესდება, როდესაც კომპანია მაღალი ხარისხის წარმოებაზეა ფოკუსირებული. მყიდველებმა შესაძლოა, ISO-ს სტანდარტიც მოითხოვონ. CBI-ის რჩევით, გაცილებით მეტი და დეტალური ინფორმაციის მოძიება ევროპის ბაზარზე შესასვლელად რამდენიმე ვებრესურსის საშუალებითაა შესაძლებელი - EU Export Helpdesk, ITC Market Access Map, ITC Standards Map.
ავტორი: ხატია შამანაური