კვერცხისა და ქათმის ხორცის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ კვერცხი და შინაური ქათამი. მაშინ, როცა მთავრობის დეკლარირებული მიზანი საქართველოში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა, სრულ წიააღმდეგობაში მოდის მთავრობის აღნიშნული მიზანი საგადასახდო კოდექსთან და ზემოხსენებულ გამონაკლისთან.
აღნიშნული გამონაკლისი გარდა იმისა, რომ მოკლებულია ეკონომიკურ დასაბუთებას, შეიძლება არაკონსტიტუციურადაც შეფასდეს თავისი დისკრიმინაციული ხასიათიდან გამომდინარე. ყოველგვარ ლოგიკას და სამართლიანობასაა მოკლებული მიდგომა, როცა, მაგალითად, შინაური ქათმისა და სხვა სახეობის ხორცის შემთხვევაში, ორი ურთიერთშემცვლელი პროდუქტი (სუბსტიტუტი) განსხვავებულ დაბეგვრის რეჟიმში იმყოფება ყოველგვარი დასაბუთების გარეშ და კანონი ხელოვნურად ანიჭებს უპირატესობას ერთ-ერთ მათგანს.
მიუხედავად ყველაფრისა, მეფრინველეობის ადგილობრივი ფერმები მაინც არ წყვეტენ ზრდას და ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ საქონელს, თუმცა მისი განვითარების დონე და კონკურენტუნარიანობა საკმაოდ ჩამორჩება მეზობელი ქვეყნებისას.
შესაბამისად, კანონმდებელმა დაუყონებლივ უნდა იფიქროს არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე და საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის „ფ“ ქვეპუნქტში არსებული გამონაკლისის გაუქმებაზე. შედეგად, კვერცხისა და ქათმის ხორცის მიწოდება უნდა გათავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადისგან, როგორც ეს ხდება სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების შემთხვევაში.
ცვლილების განხორციელების შემდეგ მოსალოდნელია როგორც კვერცხისა და შინაური ქათმის ადგილობრივი წარმოების მასშტაბების გაზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ისე მათი ფასების შემცირება. შემცირებული ფასები სტიმული იქნება აღნიშნული პროდუქტების მოხმარებისათვის და სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვისაც. სარგებელს განსაკუთრებით ნახავენ მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან პირველად პროდუქტებზე ფასების ცვლილების მიმართ.
შესავალი
2005 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებული იყო სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე.
2005 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტში, 2008 წლის 15 ივლისის საქართველოს კანონით (რეგ.#206 -რს; ძალაშია 2008 წლის 6 აგვისტოდან) განხორციელებული ცვლილებით, დღგ-ის შეღავათი აღარ გავრცელდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებულ საქონელზე - კვერცხზე.
2011 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლში, 2012 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონით (რეგ.#6446-რს; ძალაშია 2012 წლის 26 ივნისიდან) განხორციელებული ცვლილებით, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტში მითითებული დღგ-ის საგადასახადო შეღავათი (დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლება) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლის - კვერცხის გარდა, ასევე აღარ გავრცელდა 0207 11 სუბპოზიციაში მითითებულ საქონელზე - შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული.
ამასთან, ამავე ცვლილებით, კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატა „ფ“ ქვეპუნქტი, რომლითაც დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე, გარდა კვერცხისა და შინაური ქათმისა.
2013 წლის 30 ივლისის საქართველოს კანონით (რეგ.#906-რს; ძალაშია 2013 წლის 21 აგვისტოდან) განხორციელებული ცვლილებით, მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნა. ამჟამად, საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დღგ-ის შეღავათი გათვალისწინებულია კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან გათავისუფლებამ უნდა „ხელი შეუწყოს საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარებას და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან მიმართებით“. თუმცა დღგ-სგან გათავისუფლება რატომ უწყობს სოფლის მეურნეობის ყველა სექტორის განვითარებას ხელს კვერცხის და შინაური ქათმის სექტორის გარდა, დღემდე არავის განუმარტავს.
კოდექსში გაკეთებული ცვლილებების შემდეგ საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ შესაბამისი ანალიზი გაკეთდეს და შეფასდეს იმჟამინდელი გადაწყვეტილება. ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის არგუმენტი, რომელიც კანონში ზემოხსენებული გამონაკლისის მიზანშეუწონლობას ასაბუთებს.
პრობლემის აღწერა
რამდენიმე წლიანი გამოცდილება თამამად გვაძლევს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლში კვერცხსა და ქათამზე გაკეთებული გამონაკლისის შედეგების გაანალიზების საშუალებას. ზოგადად, საგადასახადო შეღავათი, თავისი არსით, კარგი სტიმულატორია და ხელს უყწობს კონკრეტული სექტორის განვითარებას. თუმცა რაც უფრო ვიწროა შეღავათის მიმღებთა წრე, მით უფრო დიდია შესაძლებლობა იმისა, რომ შეღავათმა უარყოფითი როლი ითამაშოს მწარმოებლის ან მწარმოებელთა ჯგუფის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებით და ხელი შეუშალოს ჯანსაღ კონკურენციას შეღავათის მიმღებ ჯგუფებსა და ბაზრის სხვა მოთამაშეებს შორის. სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საგადასახადო სისტემა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი იმათ მხრიდან, ვინც ფიქრობს, რომ დაბეგვრის წესები ყველა სფეროს ერთნაირად უნდა ეხებოდეს და რომელიმე სექტორის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება არასამართლიანია. კრიტიკა შესაძლოა არც თუ უსაფუძვლო იყოს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღგ-სგან გათავისუფლებამ ხელი შეუწყო აგრარული სექტორის „გათეთრებას“ და ჩრდილოვანი სექტორიდან ეკონომიკის სრულყოფილ დარგად გარდაქმნას. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სექტორში ასიათასობით მცირე ფერმერია დასაქმებული, რომელთა საქმიანობის დაბეგვრა ყველაფერთან ერთად ადმინისტრირების თვალსაზრისითაც რთული იქნება, ალბათ გამართლებულია ის შეღავათები, რაც დღევანდელ საგადასახადო კოდექსში მოქმედებს.
ამ ფონზე კონტექსტიდან სრულად ამოვარდნილია ის ორი გამონაკლისი, რომელიც კვერცხსა და შინაურ ქათამს ეხება. არაერთი შეხვედრისა და განხილვის მიუხედავად, ვერავინ შეძლო იმის ახსნა, თუ რატომ იბეგრება ამ ორი პროდუქტის მიწოდება დღგ-ით, მაშინ, როცა გათავისუფლებულია ყველა დანარჩენი პროდუქტი. რჩება შთაბეჭდილება, რომ საკითხი სიღრმისეულად შესწავლილი არ არის ან უარეს შემთხვევაში, ხსენებული გამონაკლისი ვიწრო ჯგუფების ინტერესებით არის ნაკარნახევი. არის კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ ხუჭავს მთავრობა თვალს ხსენებული პრობლემის მიმართ. კვერცხისა და ქათმის ხორცის მიწოდების დღგ-სგან გათავისუფლება შემოსავლების შემცირებასთან იქნება დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტისთვის (სახელდება 40 მლნ-მდე ლარი). რა თქმა უნდა, თუ ამოსავალი წერტილი მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების მობილიზება იქნება, არა დაბეგვრის გაუქმება, არამედ პირიქით, დასაბეგრი ბაზის გაზრდა იქნებოდა სწორი გზა. თუმცა ვინაიდან უპირველესი ამოცანა სექტორის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა, არამართებული იქნება მხოლოდ საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებაზე საუბარი და ამ მიზეზით საკითხის განხილვისთვის თავის არიდება.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ანალიზის გარეშეც კი, წინა პლანზე დგება კანონის ორმაგი სტანდარტი, რომელიც განსხვავებულ წესებს ადგენს ერთი სექტორის სხვადასხვა მოთამაშის მიმართ. მაგალითად, მაშინ, როცა დღგ-სგან გათავისუფლებულია ყველა ტიპის ხორცის, მათ შორის, ფრინველის ხორცის მიწოდება, მხოლოდ შინაური ქათამი და მისი მიწოდების ოპერაცია წარმოადგენს დაბეგვრის ობიექტს. კანონმდებლობის ასეთი განსხვავებული მიდგომა, შესაბამისი დასაბუთების გარეშე, ზოგიერთი იურისტის აზრით, დისკრიმინაციული ხასიათისაა და საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოების მიზეზიც შეიძლება გახდეს. რთულია იმის წინასწარმეტყველება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ვინაიდან მწირია შესაბამისი გამოცდილება და მსგავსი პრეცედენტების რაოდენობა, თუმცა დიდია ალბათობა იმისა, რომ სასამართლომ კოდექსის 168-ე მუხლის შეცვლა მოითხოვოს.
ნიშანდობლივია ისიც, რომ დღევანდელი კანონმდებლობა დღგ-ს გადამხდელს უფლებას აძლევს ნებაყოფლობით დაბეგროს ყველა ოპერაცია და მიიღოს ამ ოპერაციებზე გადასახდელი დღგ-ს ჩათვლები. შესაბამისად, თუ რომელიმე მეწარმეს, მათ შორის სოფლის მეურნების დარგში, გაუჩნდება სურვილი გახდეს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი, ის ამას შეძლებს ინდივიდუალურად განცხადების გაკეთების საშუალებით.
ამ ფონზე საინტერესოა, როგორი სურათი გვაქვს კვერცხისა და ქათმის ხორცის ადგილობრივ ბაზარზე.გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადგილობრივი წარმოება, ძირითადად, ერთი კომპანიის („ჩირინა“) ხარჯზე იზრდება და ბაზარზე ახალი მოთამაშეები ჯერ-ჯერობით არ ჩანს.შესაბამისად, საქართველოში ფრინველის ხორცის წარმოების მასშტაბები მნიშვნელოვნად ჩამორჩება მეზობელი ქვეყნების მონაცემებს.
- აღმოიფხვრება დისკრიმანცია;
- შემცირდება ფასები კვერცხსა და ქათმის ხორცზე;
- შემცირებული ფასები გაზრდის მოხმარებას, რაც მწარმოებლებს მასშტაბების გაზრდის საშუალებას მისცემს;
- გაიზრდება ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა;
- ადგილობრივ საწარმოებს გაუჩნდებათ დამატებითი ფინანსები გადაიარაღებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისთვის.
კვლევაზე მუშაობდნენ: გიგლა მიქაუტაძე, მარიამ ლუკაშვილი
პუბლიკაცია მომზადებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.