სადაზღვევო ბაზარი ძირეული ცვლილებებისთვის ემზადება
რას გვავალდებულებს ასოცირების შეთანხმება
"მოქალაქეები რეალურად ვერ აფასებენ რისკებს, რის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდნენ ან უბრალოდ არის აღქმა იმისა, რომ დაზღვევა ზედმეტი ხარჯია და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო კომპანიები მაინც არ აუნაზღაურებენ ზარალს"
MTPL-ის (Motor Third Party Liability Insurance) - ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა წლის ბოლოსთვის სავალდებულო გახდება ყველა ტიპის სატრანზიტო ავტომობილებისათვის. ამ კანონპროექტის მიზანია, დააზღვიოს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქონება ზიანისგან, რომლიც შესაძლოა, მათ მიაყენოს სატრანზიტო ავტომობილის მძღოლმა.
დაზღვევა სავალდებულო უნდა გახდეს საქართველოში რეგისტრირებული ავტომფლობელებისთვისაც, რასაც ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს. იმ ფონზე, რომ საქართველოში დაზღვევა ზოგადად არ არის პოპულარული, და ავტომფლობელთა მხოლოდ მცირე ნაწილს (5%-მდე) აქვს პასუხისმგებლობა დაზღვეული, დაზღვევის “სავალდებულობა” ერთის მხრივ, სადაზღვევო ბაზარს უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეები უფრო დაცულები იქნებიან.
ასოცირების შეთანხმება გვავალდებულებს 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/103/EC) დირექტივის შესრულებას. იგი ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას. შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ კონცეფცია, საქართველოში ადგილობრივი, შიდა ბაზრის განვითარების გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს და ასოცირების საბჭოს წარედგინოს 2019 წელს. ასოცირების შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ მეორე 2009/138/EC დირექტივის დებულებები, “სადაზღვევო ბიზნესის დაწყებისა და ფუნქციონირების შესახებ” ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში უნდა შესრულდეს.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კოტე სულამანიძემ eugeorgia.info-ს განუცხადა, რომ პირველ დირექტივაზე (2009/103/EC) მუშაობა მიმდინარეობს ორი მიმართულებით. პირველ ეტაპზე MTPL (ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა) სავალდებულო გახდება სატრანზიტო ავტომფლობელებისთვის. პარალელურად მუშავდება კანონპროექტი, რომლითაც MTPL სავალდებულო გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.
“ტრანზიტის მიმართულებით უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ეს ყველაფერი წარვადგინოთ კონსტიტუციის შესაბამისად და დავამტკიცოთ პარლამენტში” - ამბობს ჩვენთან საუბარში კოტე სულამანიძე.
რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ მეორე დირექტივას, რომელიც Solvency II-ის სახელით არის ცნობილი, სულამანიძის განმარტებით Solvency I ( Solvency II-ის წინა დირექტივა, რომელიც ევროკავშირში მოქმედებდა 2016 წლის 1იანვრამდე) უკვე დანერგილია და სადაზღვევო კომპანიები უკვე გადავიდნენ ახალ სტანდარტზე, ისინი ანგარიშსწორებასა და რეპორტინგს ახორციელებენ ამ დირექტივის შესაბამისად. 2016 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირი გადავიდა Solvency II-ზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში 2020 წელს უნდა აისახოს. მისი მთავარი მოთხოვნაა სადაზღვევო კომპანიებს ჰქონდეთ საკმარისი ფინანსური რესურსები და მყარი გარანტიები. იგი ასევე ადგენს მართვისა და ზედამხედველობის წესებს. ამ დირექტივის მიხედვით სადაზღვევო კომპანიებს მოეთხოვებათ ორი ტიპის კაპიტალი:
- მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა (Minimum Capital Requirement): კაპიტალის ის მინიმალური ოდენობა, რომლის ქვემოთაც პოლისის მფლობელები დაუცველები იქნებიან მაღალი რისკისგან.
- გადახდისუნარიანობის კაპიტალის მოთხოვნები (Solvency Capital Requirement): კაპიტალის ის მოცულობა, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს სჭირდებათ იმ შემთხვევებისთვის, როცა მნიშვნელოვან დანაკარგებს აქვს ადგილი.
“სადაზღვევო კომპანიებმა უნდა შემოიტანონ ადეკვატური და გამჭირვალე მმართველობის სისტემა პასუხისმგებლობების ზუსტი განაწილებით. მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ადმინისტრაციული რესურსები იმისათვის, რომ უზრუნველყონ რისკების მართვა, კანონმდებლობასთან თავსებადობა და შიდა აუდიტი”- აღნიშნულია დირექტივაში.
ცხრილში მოცემულია მოთხოვნილი კაპიტალის მინიმალური ქვედა ზღვრები საქართველოსა და ევროკავშირში. როგორც ვხედავთ განსხვავება საკმაოდ დიდია.
მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა |
საქართველო |
ევროკავშირი |
არასიცოცხლის დაზღვევა |
2 000 000 ლარი |
2 200 000 ევრო |
სიცოცხლის დაზღვევა |
2 200 000 ლარი |
3 200 000 ევრო |
გადაზღვევა |
2 200 000 ლარი |
3 200 00 ევრო |
გასულ წელს მოხდა ცვლილება კანონში და ზღვრები 1,8 მლნ ლარიდან გაიზარდა 2,2 მლნ ლარამდე. კოტე სულამანიძის განმარტებით, მოთხოვნებიც გამკაცრდა, რაც გულისხმობს იმას, რომ მინიმალური კაპიტალის მოცულობა მთლიანად ნაღდი ფულით განისაზღვრა, მაშინ, როდესაც გასულ წელს ამ თანხის მხოლოდ 80% მოითხოვებოდა ნაღდი ფულის სახით. მისივე თქმით, მოსალოდნელია კაპიტალის მინიმალური მოთხოვნების კიდევ უფრო გამკაცრება იმისათვის, რომ სადაზღვევო ბაზარი იყოს უფრო სტაბილური:
“სავალდებულო დაზღვევის შემოღებასთან ერთად სამომავლოდაც გაიზრდება მინიმალური კაპიტალის ზღვრები. როცა სავალდებულო დაზღვევაა ქვეყანაში თავისთავად კაპიტალის უფრო მაღალი მოთხოვნები უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ კომპანიებს ჰქონდეთ საკმარისი რესურსები”- აღნიშნა კოტე სულამანიძემ.
სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვა
ამჟამად ბაზარზე 14 სადაზღვევო კომპანია ფუნქციონირებს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 18,86 მლნ ლარი შეადგინა. ხოლო მოზიდულმა პრემიამ - 393,04 მლნ ლარი, რომელიც 9%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. დაზღვევის სახეობებიდან მოზიდული პრემიების მიხედვით ყველაზე დიდი წილი სამედიცინო დაზღვევაზე მოდის (44,61%). სადაზღვევო სექტორის განვითარების კვალდაკვალ, სახეზე გვაქვს პენეტრაციის დაბალი დონე, რაც ერთი მხრივ შესაძლოა აიხსნას როგორც შემოსავლების სიმცირით, ისე დაბალი სადაზღვევო კულტურით. მოსახლეობის შემოსავლები ქვეყანაში საკმაოდ დაბალია და ხალხს არ აქვს შესაძლებლობა გაწიოს დამატებითი ხარჯი დაზღვევაზე. მოქალაქეები რეალურად ვერ აფასებენ რისკებს, რის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდნენ ან უბრალოდ არის აღქმა იმისა, რომ დაზღვევა ზედმეტი ხარჯია და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო კომპანიები მაინც არ აუნაზღაურებენ ზარალს.
საქართველოში სადაზღვევო სექტორის წილი (insurance penetration rate), რაც გამოიხატება მთლიანი სადაზღვევო პრემიის ფარდობით მთლიან შიდა პროდუქტთან, არის 1,16%, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 7-8%-ია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პენეტრაციის დონის ზრდა უკავშირდება სავალდებულო დაზღვევის შემოღებას, რომელიც წარმატებით განხორციელდა პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთსა და ბულგარეთში. 2016 წლის მდგომარეობით სამედიცინო დაზღვევით სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის 14,6%, ხოლო ავტომფლობელთა მხოლოდ 4,3%-ს აქვს დაზღვეული საკუთარი ავტომობილი (51,551 ავტომობილი).
ევროპის დაზღვევისა და გადაზღვევის ფედერაციის (Insurance Europe) ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს დაზღვევის პენეტრაცია (მთლიანი პრემიის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან) საშუალოდ 7,4%-ია და ვარირებს 0,9%-სა (ლატვია) და11,4%-ს(ფინეთი) შორის. ამავე წელს ევროპაში დაზღვევაზე საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე 2010 ევრო დაიხარჯა (1993 ევრო - 2014 წელს), რომლიდანაც 1223 ევრო დაიხარჯა სიცოცხლის დაზღვევაზე, 574 ევრო არასიცოცხლის, ხოლო 207 ევრო ჯანმრთელობის დაზღვევაზე.
საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 2016 წლის მონაცემებით დაზღვევაზე 105 ლარი დაიხარჯა, რომლის 45% ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის. ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის (MTPL) დაზღვევაზე მოზიდული პრემია მთლიანი პრემიის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. და შესაბამისად MTPL-ის დაზღვევაზე დახარჯული თანხა ერთ სულ მოსახლეზე 2,5 ლარია მაშინ, როცა ევროკავშირში წელიწადში ამ ტიპის დაზღვევაში მოქალაქეები 221 ევროს იხდიან.
MTPL-ის დაზღვევის "სავალდებულობის" დასაბუთება
ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა ე.წ. MTPL ავტოდაზღვევისგან (CASCO) თვისებრივად განსხვავდება. MTPL აზღვევს იმ რისკებს, რომელიც გამოწვეულია მესამე პირის ჯანმთელობის ან მისი ქონების დაზიანებით. ანუ მე თუ მყავს ავტომობილი და ჩემი ქმედებით ვაყენებ ზიანს სხვის ქონებას ან ჯანმრთელობას, პასუხისმგებელი ვარ ამ ზარალის ანაზღაურებაზე. დაზღვევის შემთხვევაში ჩემს მაგივრად ზარალს აანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია ლიმიტების შესაბამისად. (CASCO)კი სხვა ტიპის რისკებს აზღვევს: მაგალითად, თუ ჩემს ავტომობილს მიაყენეს დაზიანება, სადაზღვევო კომპანია ამინაზღაურებს ზარალს.
თუ ავტოსაგზაო შემთხვევათა სტატისტიკას დავაკვირდებით მივხვდებით, რაოდენ მნიშვნელოვანია ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოში. 2015 წელს 6432 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7,3%-ით აღემატება, დაზარალებულთა რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო ამავე წელს - 9187 (7,6%-ით მეტი 2014 წლის მაჩვენებელზე). 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 602 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ასევე გაზრდილია 2014 წელთან შედარებით (511).
შსს-ს ინფორმაციით საქართველოს ავტოპარკი 2015 წელს 8,23%-ით გაიზარდა და 1,1 მილიონს გადააჭარბა. 2016 წელს კი საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1,2 მლნ-ზე მეტია, რომლის მხოლოდ 4,3%-ია დაზღვეული. MTPL-ის დაზღვევის "სავალდებულობა" იქნება ერთგვარი სოციალური ეფექტის მატარებელი, რადგან მოქალაქეთა ჯანმრთელობა და ქონება იქნება დაცული. ამას გარდა, სავალდებულო დაზღვევის შემოღება ქმნის ახალ ბაზარს სადაზღვევო კომპანიებისთვის, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა, ამჟამად საქართველოში სადაზღვევო ბაზრის წილი არის ძალიან დაბალი (PENETRATION RATE) და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ წილებს, შესაბამისად, დაზღვევის სავალდებულობა გაზრდის ამ წილს, რაც გამოიწვევს უცხოური სადაზღვევო კომპანიების შემოსვლას ბაზარზე, რაც თავის მხრივ ინვესტიციების ზრდას გულისხმობს.
“თავისთავად ბაზარი უფრო სასურველი გახდება თუ სავალდებულოები შემოვა. პენეტრაცია ბაზარზე საკმაოდ დაბალია და ინტერესი თავისთავად სფეროს და ბაზრის ზრდასთან ერთად გაიზრდება. კრიტერიუმები ყველა დაინტერესებული სადაზღვევოსთვის სტანდარტულია, უბრალოდ OECD-ის ქვეყნებისთვის უფრო გამარტივებულია, იმისთვის, რომ საერთაშორისო ინვესტორები თავისუფლად შემოვიდნენ ჩვენს ბაზარზე” - აღნიშნა კოტე სულამანიძემ.
“ამ დაზღვევის სავალდებულობისას პოლისის ღირებულება რამდენი იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ მე მგონი განვადების მექანიზმის ჩადება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. თუ ავიღებთ პირობითად 100 ლარს, 120 მლნ-ით გაიზრდება ბაზარი ანუ 2016 წელს მოზიდული პრემიის 30%-ზე მეტი ემატება ბაზარს. რა თქმა უნდა სადაზღვევო კომპანიები დიდი მოლოდინით არიან ჩასაფრებულები. შესაბამისად, ბაზარიც გაიზრდება და მოთამაშეთა რაოდენობაც”- აღნიშნა გიორგი გიგოლაშვილმა.
მოზიდული პრემიების მიხედვით MTPL-ის დაზღვევით “ალდაგი” და “ჯიპიაი ჰოლდინგი” ლიდერობენ. “ჯიპიაი ჰოლდინგის” მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელის თინათინ სტამბოლიშვილის ინფორმაციით, მიუხედავად ამ პროდუქტის ხელმისაწვდომობისა ავტომფლობელთა ძალიან მცირე ნაწილს აქვს შეძენილი MTPL-ის დაზღვევა:
“პროდუქტი ძირითადად გვაქვს დასტანდარტებული და მიბმულია ანაზღაურების ლიმიტზე, მაგალითად 5 ათას ლარიანი ლიმიტი წელიწადში ღირს 60 ლარი. მოთხოვნა ამ პროდუქტზე ამ მომენტში ძალიან დაბალია. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში რეგისტრირებული მანქანებიდან მხოლოდ 5%-მდეა დაზღვეული დღეს და პასუხისმგებლობის დაზღვევა, ანუ MTPL ძირითადად იმას აქვს ვინც თავის მანქანას აზღვევს”- განაცხადა თინათინ სტამბოლიშვილმა
MTPL-ის თემა აქტუალურია გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ან სავალდებულოა ამ ტიპის დაზღვევა ან მოსახლეობის მოცვა იმდენად მაღალია, რომ არ საჭიროებს სავალდებულობას. განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში სადაც სადაზღვევო კულტურა მაღალია შესაძლოა MTPL სულ არ იყოს კანონით სავალდებულო. მაგალითად ავსტრალიაში არ არის კანონით სავალდებულო თუმცა, ავტომფლობელთა 90%-ზე მეტს აქვს MTPL-ის დაზღვევა შეძენილი. “საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გიორგი გიგოლაშვილი მიიჩნევს, რომ MTPL-ის დაზღვევას გარკვეულწილად სოციალური დატვირთვა აქვს და მნიშვნელოვანია რომ ის სავალდებულო გახდეს.
“ვთქვათ ავტომობილი შეეჯახა პირველ სართულზე მდებარე რაღაც დაწესებულებას, ან ზიანი მიაყენა ადამიანის ჯანმრთელობას ან მის სიცოცხლეს. რა ხდება იმ შემთხვევაში როდესაც მძღოლი არის გადახდის უუნარო ან არის გადახდისუნარიანი თუმცა არ აქვს წინასწარ გათვლილი ხარჯები. ამ დროს ერთვება სადაზღვევო კომპანია და მის ნაცვლად ანაზღაურებს ამ ზარალს, ხოლო თუკი დაზღვევა არ არსებობს მძღოლი იძულებულია გაყიდოს ქონება, აიღოს ვალი, იყოს სხვების დახმარების იმედზე და იძულებულია ეძებოს გამოსავალი მძიმე ფინანსური პრობლმებიდან . იმ შემთხვევაში თუ პასუხისმგებელი მძღოლი გარდაიცვალა, ვინ უნდა აუნაზღაუროს ზარალი? ოჯახზე და მეზობლებზე ხომ არ გადავა. მოკლედ, MTPL უნდა იყოს სავალდებულო ჩვენისთანა დაბალი სადაზღვევო კულტურის ქვეყანაში. სავალდებულობა სწორედ ამ პრობლემებს მოხსნის.”- აღნიშნა გიორგი გიგოლაშვილმა.
“კანონში უნდა ჩაიწეროს სადაზღვევო ლიმიტები ცალ-ცალკე სხვადასხვა ზიანის დადგომის შემთხვევაში. ასეთია სხვა ქვეყნების გამოცდილება. ლიმიტები უნდა იყოს მაღალი, რომ აზრი ჰქონდეს დაზღვევის ყიდვას. ახლა ჩვენი MTPL-ის პორტფელი პატარაა ძალიან, თუმცა საცალოზე წელიწადში 60 ლარი არ არის ძვირი, საყოველთაო როდესაც გახდება პორტფელიც გაიზრდება და ფასიც შესაბამისად ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება”- განაცხადა თინათინ სტამბოლიშვილმა.
ამგვარად, MTPL-ის სავალდებულო დაზღვევის შემოღება მნიშვნელოვანია როგორც სოციალური მიზნებისთვის, ისე სადაზღვევო ბაზრის განვითარებისათვის. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან უფრო დაცულები და აღმოიფხვრება მთელი რიგი პრობლემები, რაც ზარალის ანაზღაურებასთან არის დაკავშირებული. აქ მნიშვნელოვანია, რომ ანაზღაურების ლიმიტები იყოს სწორად შერჩეული და განსაზღვრული თითოეული რისკის (ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ქონების დაზიანება)შემთხვევაში. გარდა ამისა, გაიზრდება სადაზღვევო მოცვა და გაზრდილი ბაზრით უცხოური სადაზღვევო კომპანიები მეტად დაინტერესდებიან. ბუნებრივია, სადაზღვევო ბაზრის განვითარების კვალდაკვალ გაიზრდება მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები, რისი შესრულებაც აგრეთვე ასოცირების შეთანხმების ნაწილია და შესაბამისად გულისხმობს სადაზღვევო სექტორის მეტ სტაბილურობასა და მყარ გარანტიებს.
ქეთი მელქაძე