უკრაინა ირანში ხორბლის მიწოდებას საქართველოს გავლით დაიწყებს
უკრაინა ირანში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებას საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით დაიწყებს.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვლადიმირ ომელიანის ცნობით, პირველ ეტაპზე უკრაინული ხორბლის ექსპორტი იგეგმება.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, სატრანზიტო გადაზიდვებისთვის სატესტო მატარებელს გაუშვებენ. როგორც მოსალოდნელია, უკრაინა-ირანის მარშრუტით პირველი მატარებელი საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე წლის ზაფხულში გაივლის.
უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ირანში მიწოდების შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრისა და ირანული დელეგაციის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც მინისტრმა ომელიანმა აღნიშნა, ორივე ქვეყნისთვის ახალი სატრანსპორტო არხის გახსნა თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებაა.
“უკრაინა უნდა მუშაობდეს ახალ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებზე იმისთვის, რომ ევროპის, აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის სანდო სატრანზიტო ხიდად იქცეს”, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ირანული მედია აღნიშნავს, ირანი ახალი სატრანზიტო დერეფნების გახსნაშია დაინტერესებული. ცოტა ხნის წინ თეირანმა საქართველოს ხელისუფლებას, სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის დერეფნის მშენებლობაც შესთავაზა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებასა და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე ირანის ხელისუფლებასთან გარკვეული შეთანხმებები უკვე მიღწეულია.
EUGeorgia.info წერდა, რომ თეირანი ახალი კომბინირებული სატრანზიტო მარშრუტის ამოქმედებაზე მუშაობს, რომელიც ირანის სამხრეთში მდებარე პორტს, ბანდერ-აბასს, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით ევროპასთან დააკავშირებს. მისი მეშვეობით, ევროკავშირში ტვირთები 45 დღის ნაცვლად 22-23 დღეში ჩავა, რაც ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
როგორც EUGeorgia.info-ვის გახდა ცნობილი, ახალი სატრანსპორტო კორიდორით უკვე ისარგებლა ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ. მენეჯმენტმა ფირმის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა, აღნიშნა, რომ საცდელად უკრაინული მზესუმზირის ზეთით დატვირთული ორი კონტეინერი ირანში უკვე გაგზავნა.
მასალის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: http://eugeorgia.info/ka/latestarticle/107/evropidan-saqartvelos-gavlit-iranuli-tvirtebis-gadazidva-daiwyo/