სატაცური - დელიკატესი, რომელზე მოთხოვნაც საქართველოსა და მსოფლიოში იზრდება
1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება - დაბალკალორიული პროდუქტი, ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნამდვილი რეზერვუარია - А, В1, В2, В9, РР, С, Е, ვიტამინებს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინასა და თუთიას შეიცავს და, რაც მთავარია, ასპარაგინს, რომელიც არტერიული წნევის დარეგულირების უებარი წამალია.
სატაცურის ღირსებებით ჯაბა გიგოლაშვილი ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ დაინტერესდა, ბოსტნეულის მოყვანა თავდაპირველად საკუთარი მოხმარებისთვის სცადა. დღეს კახეთში, სიღნაღის რაიონში, 1,5 ჰა-ზე მწვანე და წითელი სატაცურის ბაღს ფლობს, ფერმერმა უკვე პირველი მოსავალიც მიიღო.
„სატაცური მრავალწლიანი მცენარეა, ნახევარ ჰა-ზე, სადაც უკვე მესამე წელია, რაც სატაცური დავრგე, 500 კგ-მდე მოსავალი ავიღე, მომავალ წელს, სავარაუდოდ, 1 ტონას, ხოლო სრული მოსავლის პირობებში 4-5 ტონას მივიღებ“, - აცხადებს ფერმერი.
ბოსტნეულის მოყვანისას, ძირითადად, ჯაბა გიგოლაშვილი მაინც მაღალმა ფასმა მოხიბლა, პროდუქცია დეფიციტურია და ბითუმად 17-20 ლარი ღირს, მოთხოვნა კი, როგორც თავად აცხადებს, საკმაოდ მაღალია.
„ვესაუბრე „გუდვილს“, „კარფურს“, „აგროჰაბს“, ყველამ გამოთქვა სურვილი, რომ პროდუქცია მივაწოდო, მაგრამ არ მქონდა საკმარისი, „კარფური“, მაგალითად, მზადაა, დღეში 50 კგ-მდე სატაცური ჩაიბაროს“, - აღნიშნა გიგოლაშვილმა.
რა ჯდება პროდუქციის თვითღირებულება ზუსტად არ დაუთვლია, თუმცა, აცხადებს, რომ სატაცურის თესლი საკმაოდ ძვირია და ხარისხის მიხედვით, 1 ჰა-ზე 10 ათას დოლარსაც კი აჭარბებს, თუმცა, თავად აშშ-დან 1 200 დოლარად შეისყიდა.ბოსტნეულის კულტივაცია დიდი დოზით ხელით შრომასაც მოითხოვს, რაც მას აძვირებს.
„საჭიროა მისი გასუფთავება სარეველებისგან, ვიყენებთ ჰერბიციდებსაც, მაგრამ ძალიან ნაზია და ხელით შრომას საჭიროებს, განსაკუთრებით, თავიდან - შეიძლება, ტექნიკამ დააზიანოს. გარდა ამისა, მოსავლის აღებაც ხელით ხდება, იჭრება ღეროები“, - აღნიშნა ფერმერმა.
სატაცურის იმპორტი საქართველოში
კულტივირებული სატაცურის მწარმოებელი საქართველოში დღეს თითზე ჩამოსათვლელია, არც იმპორტია მოცულობითი: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010-2011 წლებში სატაცური უცხოეთიდან საერთოდ არ შემოსულა, 2012-2013 წლებში - 400-400 კგ-ით შემოიფარგლა (საერთო ღირებულებით - 3 ათასი დოლარი), 2014 წელს - 1,7 ტონა (2 200 დოლარი), 2015 წელს - 100 კგ (800 დოლარი), ხოლო 2016 წელს -200 კგ ( 1 500 დოლარი) შეადგინა. იმპორტი, ძირითადად, ნიდერლანდებიდან ხორციელდებოდა, მცირე ნაწილი კი - ლუქსემბურგიდან. იმპორტის სიმცირე, სავარაუდოდ, ქვეყანაში სატაცურის მოხმარების დაბალი კულტურითა და სიძვირით აიხსნება. თუმცა, როგორც ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურში“ eugeorgia.info -ს განუცხადეს, წლებთან ერთად ამ ბოსტნეულის ცნობადობა და, შესაბამისად, მოხმარებაც იზრდება.
„საქართველოში სატაცურზე მოთხოვნა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მოწოდება. 5 წლის განმავლობაში მოთხოვნა 60 -70 %-ით გაიზარდა. ჩვენ დაინტერესებული ვართ, ვითანამშრომლოთ ადგილობრივ მწარმოებელთან/ფერმერთან, რომელიც სატაცურს უფრო ხანგრძლივი სეზონით აწარმოებს. ამჟამად, ადგილობრივ მწარმოებელთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სატაცურის მოყვანის ინდუსტრიული კულტურა არ არის ჯერ საქართველოში სათანადოდ განვითარებული, სატაცურს გვაწვდიან სეზონურად, გაზაფხული-ზაფხულის გარდამავალ პერიოდში და ისიც არასაკმარისი რაოდენობით“, - აცხადებენ „კარფურში“.
აღსანიშნავია, რომ ჯაბა გიგოლაშვილმა ნათესების გაფართოებისთვის გასულ წელს, შეღავათიანი აგროსესხის მისაღებად სახელმწიფო პროგრამაში განაცხადი შეიტანა, მაგრამ ბიზნესი არ დაუფინანსეს. ფერმერს საკუთარი ძალისხმევით მოუწია ფულის მოძიებამ. სულ, სამი წლის განმავლობაში, სატაცურის მეურნეობაში 15 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
სატაცურის წარმოება მსოფლიოში
საქართველოსგან განსხვავებით, სატაცურის გემო კარგად იციან მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. ბოსტნეულის ნათესები მსოფლიოში 2007-2015 წლებში, დაახლოებით, 1 400 ათასი ჰა-დან 1 450 ათას ჰა-მდე, ხოლო წარმოება 7,1 მილიონი ტონიდან - 7,9 მილიონ ტონამდე გაიზარდა. ყველაზე მსხვილი მომხმარებლები აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, იაპონია, ჩინეთი და ა.შ. ყველაზე მსხვილი მწარმოებლები ჩინეთი (70 ათასი ჰა), პერუ (25 ათასი ჰა), გერმანია (22 ათასი ჰა) და მექსიკაა (16 ათასი ა).
იმპორტი ევროკავშირში
სატაცურის იმპორტმა ევროკავშირში 2016 წელს 184,4 მილიონი ევრო შეადგინა (36,3 ათასი ტონა). 2010 წლიდან მისი მოცულობა ევროკავშირში სტაბილურად 34-36 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს, სამაგიეროდ, გაიზარდა ღირებულებით გამოხატულებაში - 122 მილიონი ევროდან 184 მილიონ ევრომდე. შესაბამისად, თუ 2010 წელს ევროკავშირში შეტანილი 1 კგ სატაცურის საშუალო ღირებულება 3,3 ევრო იყი, 2016 წელს - 5 ევრომდე გაიზარდა.
ძირითადი იმპორტიორები არიან:
1. ინგლისი: სატაცურის იმპორტი 2010 – 2016 წლებში 9 ათასი ტონიდან - 11,4 ათას ტონამდე გაიზარდა (ჯამში, 64,1 მილიონი ევრო);
2. ესპანეთი: სტაბილურად 10,7 ათასი ტონა წელიწადში (45 მილიონი ევრო);
3. ნიდერლანდები: ბოლო ექვსი წლის განმავლობაში იმპორტი შემცირდა 12,8 ათასი ტონიდან - 10,1 ათას ტონამდე (53 მილიონი ევრო);
ბელგიაში შეტანილი სატაცურის მოცულობა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში 998 ტონიდან - 1789 ტონამდე გაიზარდა, გერმანიაში კი -780 ტონიდან 1070 ტონამდე.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში, რომელიც სატაცურის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია („ბოსტნეულის მეფედ“ აღიარებენ), ამ კულტურის ნათესები ყოველწლიურად იზრდება და ბოსტნეულში ყველაზე დიდი წილი - 21%-უკავია. ფედერალური სტატისტიკის სამსახურის (Destatis) ინფორმაციით, 2016 წელს წინა წელთან შედარებით, სატაცურის ნათესები ქვეყანაში 5%-ით გაიზარდა და 27 ათას ჰა-ს მიაღწია, საერთო მოსავალმა კი - 120 ათას ტონას. აღსანიშნავია, რომ გერმანელები, ძირითადად (80%), „თეთრ სატაცურს“ ანიჭებენ უპირატესობას, ბრიტანელებისგან განსხვავებით, რომლებიც ექსკლუზიურად მწვანე სატაცურს მოიხმარენ.
ევროკავშირის ბაზარზე სატაცურის ძირითადი მიმწოდებელი პერუა - 157,8 მილიონი ევრო (30,1 ათასი ტონა). ექსპორტიორთა ხუთეულში შედიან: მექსიკა - 17,9 მილიონი ევრო (4,4 ათასი ტონა), აშშ - 6 მილიონი ევრო (1,3 ათასი ტონა), ტაილანდი - 1,5 მილიონი ევრო (0,2 ათასი ტონა), მაროკო - 0,4 მილიონი ევრო (0,1 ათასი ტონა). შედარებით მცირე რაოდენობით ექსპორტს ახორციელებენ: ეკვადორი, გვატემალა, სამხრეთ აფრიკა,ჰონდურასი, მაკედონია, ეგვიპტე, კენია და სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის მოცულობა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მკვეთრად არ შეცვლილა,შეიცვალა მომწოდებელთა გეოგრაფია: 2010-2016 წლებში 16--ჯერ შემცირდა იმპორტის მოცულობა მაროკოდან, 15-ჯერ - მაკედონიიდან, 5-ჯერ - ეგვიპტიდან, 6-ჯერ - კენიიდან. 3-ჯერ - ტაილანდიდან, სანაცვლოდ, თითქმის, 2-ჯერ გაიზარდა - მექსიკიდან, 7 -ჯერ -აშშ-იდან.
პერუდან ევროკავშირში იმპორტირებული 1 კგ სატაცურის საშუალო ღირებულება 5,2 ევროა, აშშ-დან - 4,5 ევრო, მექსიკიდან - 4 ევრო, მაროკოდან - 3,2 ევრო, ეკვადორიდან - 3 6 ევრო.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი, იმავდროულად, სატაცურის ექსპორტსაც ახორციელებს, რომლის ღირებულებამ 2016 წელს 54 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო მოცულობამ - 8,9 ათასი ტონა. ყველაზე დიდი მოცულობით პროდუქცია შვეიცარიაში გაიგზავნა - 37 მილიონი ევრო (6,3 ათასი ტონა), ნორვეგიაში - 8,8 მილიონი ევრო (1,4 ათასი ტონა), არაბთა გაერთიანებულ საემიროებში - 1,3 მილიონი ევრო (0,25 ათასი ტონა). იაპონიაში - 1,9 მილიონი ევრო (0,2 ათასი ტონა), რუსეთში - 0,7 მილიონი ევრო (0,1 ათასი ტონა).
იმპორტი აშშ-ში
აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სატაცურის მოხმარება 1980-2015 წლებში ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდა და, თითქმის, 0,7 კგ-ს მიაღწია. იმავე პერიოდში იმპორტის წილმა 10,8%-დან 91,2%-მდე მოიმატა. მექსიკიდან იმპორტი 1994 -2016 წლებში 28 მილიონი დოლარიდან 350 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო პერუდან - 12,7 მილიონი დოლარიდან 272 მილიონ დოლარამდე, თავად აშშ-ში სატაცურის ნათესები 65%-ით შემცირდა. მიზეზი - ორივე ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაა, რომლის შედეგად საბაჟო მოსაკრებელი განულდა.
პერუ-სატაცურის უმსხვილესი ექსპორტიორი
სატაცური პერუს ენდემური კულტურა არ ყოფილა: მისი მოშენება 1950-იან წლებში დაიწყეს, თუმცა, პერსპექტიული ბოსტნეული მალე აიტაცეს, რაშიც ხელი მსოფლიო ბანკის რამდენიმემილიონიანმა ინვესტიციამაც ხელი შეუწყო. 90-იან წლებში სატაცურის ფართობები უდაბნოში 100 კვადრატულ კილომეტრზე გაიშალა, უღარიბეს რეგიონში 10 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა. სატაცურს აწარმოებენ მცირე ფერმერებიც, თუმცა, ექსპორტში უდიდესი წილი მაინც უმსხვილეს კომპანიებზე მოდის, ვენჩორული კაპიტალით.
პერუს უპირატესობები:
პერუს სანაპიროს გასწვრივ ტემპერატურა შედარებით ზომიერია, კლიმატი საშუალებას იძლევა, ქვეყანამ სატაცური მთელი წლის განმავლობაში აწარმოოს, ყოველ ორ წელიწადში სამი მოსავალი მიიღოს და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს პროდუქცია არასეზონურ პერიოდში, განსაკუთრებით, მეორე სემესტრში, მიაწოდოს.
სატაცური დიდი რაოდენობით მუშახელს მოითხოვს, წარმოების ხარჯებში 35% უკავია. პერუს კონკურენტუნარიანობას განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით იაფი სამუშაო ძალა განაპირობებს. ამასთანავე, სახელმწიფო პოლიტიკა სოფლის მეურნეობას გადასახადების კუთხითაც ხელს უწყობს.
ნედლი სატაცურის სეგმენტში პერუს მთავარი კონკურენტი მექსიკაა, ხოლო კონსერვირებულის - ჩინეთი. პერუს და მექსიკის პროდუქცია აშშ-ში ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმში შედის, ისევე, როგორც ევროკავშირის ბაზარზე, ჩინეთი საგადასახადო შეღავათებით არსად სარგებლობს.
სუსტი მხარეები:
სატაცურის მასობრივმა გაშენებამ იკაში (ძირითადი მწარმოებელი რეგიონი პერუში), წყლის არნახული დეფიციტი შექმნა, უამრავ მცირე ფერმერს მეურნეობის დატოვებამ მოუწია. 2010 წელს წყლის კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე კვლევა ჩატარდა, სადაც მსოფლიო ბანკი და მსხვილი მწარმოებლები უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულეს. აღნიშნულმა კვლევამ დასავლელ მომხმარებლებში პერუს პროდუქციას საკმაოდ ნეგატიური იმიჯი შეუქმნა.
პერუს არ აქვს სატაცურის ორგანული წარმოება, რადგან ამ მეთოდით კულტივაცია საკმაოდ რთულია.
სატაცურის წარმოების პროგნოზები:
ორგანიზაცია Future Market Insights’ -ის კვლევის („სატაცურის მსოფლიო ბაზარი- შესაძლებლობების ანალიზი“) მიხედვით, 2027 წლის ბოლოსთვის ამ ბოსტნეულის მოხმარება მსოფლიოში 10 მილიონ ტონას მიაღწევს და მწარმოებლებს 37 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს, მომხმარებლებში სატაცურის სასარგებლო თვისებების ცნობადობის ამაღლების ხარჯზე. ჩინეთი კვლავ ბოსტნეულის უმსხვილესი მწარმოებელი იქნება და აზია-წყნარი ოკეანეთის ბაზარზე მნიშვნელოვან წილს დაიკავებს. თუმცა, მზარდი მოთხოვნა დასავლეთ ევროპას სატაცურის უმსხვილეს ბაზრად აქცევს (40%-იანი წილით), 2027 წლისთვის მსოფლიო მოხმარებაში 75%-ს ნედლი, მწვანე სატაცური დაიკავებს.
თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ სატაცურის ბიზნესში დამაბრკოლებელი გარემოებებიც იქნება: კერძოდ, მისი გადამუშავება და შენახვა საკმაოდ დიდ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს. შეფუთვის, გაციებისა და ტრანსპორტირების ხარჯები საკმაოდ მაღალია, რაც ამცირებს თავად სატაცურის ღირებულებასა და მწარმოებლების ფულად დანაკარგებს იწვევს. გადამუშავებული სატაცური კი, მათ შორის, მარინადი, სუფებსა და ბოსტნეულის მიქსებში, რომელიც თვითღირებულებაზე გაცილებით მაღალ ფასად იყიდება, გამოიწვევს მომხმარებლებში მოთხოვნის შემცირებას.
სატაცურის უმსხვილესი მწარმოებლები: Altar Produce, Sociedad Agrícola Virú, Dan Per Trujillo, Limgroup, TEBOZA, THIERMANN SPAGEL FARM, ILIOS, BEJO SEEDS, Spargelhof Elsholz, Cutter Asparagus Seed, JERSEY ASPARAGUS FARMS, Consorzio Associazione Produttori Orto frutticoli Foggia, Mazzoni Vivai, California Asparagus Seed and Transplants.
სატაცური — კულტივაცია
(წყარო: http://agrokavkaz.ge)
სატაცური (Asparagus) ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო მრავალწლიანი ბოსტნეული კულტურაა. ცნობილია მისი 300-მდე სახეობა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში, უპირატესად მშრალი ჰავის პირობებში.
სატაცური ძალზე დატოტვილი ბალახების ან ნახევრად ბუჩქების სახით გვხვდება. სამეურნეო მნიშვნელობა აქვს სამკურნალო სატაცურს (Asparagus officinaltis), მოჰყავთ როგორც ბოსტნეული კულტურა. საჭმელად იყენებენ ქორფა, წვნიან ყლორტებს.
თესვა:
სატაცურის ჩითილი გამოჰყავთ თესლისგან ღია გრუნტში, საჩითილე ქოთნებში ან კასეტებში. თესავენ მარტში-აპრილში.
სატაცურის თესლი გვიან ღვივდება, ამიტომ თესვის წინ მარცვლებს ალბობენ თბილ, ნადგომ წყალში, ოთხი დღის განმავლობაში, წყალს უცვლიან დღეში ორჯერ. ამასთან წყლიანი ჭურჭელი უნდა იდგას თბილ ოთახში, რომ წყლის ტემპერატურა არ დაეცეს;
დალბობის შემდეგ მარცვლებს აფენენ სველ ტილოზე (ტომრის ნაჭერი ან მსგავსი) და აჩერებენ მას ერთი კვირის განმავლობაში. პერიოდულად ტილოს ნამავენ (მარცვლები რომ არ გამოშრეს).
გაღვივებული მარცვლები გადააქვთ, საჩითილე ქოთნებში ან კასეტებში, ნიადაგის ნოყიერ, ფხვიერ ნარევში (მაგ. 1 წილი ნაყოფიერი მიწა და 1 წილი თანაბარი რაოდენობით-1/3 გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი; 1/3 ქვიშა, 1/3 ტორფი).
ჩითილის კვების არე შეადგენს 6სმ-ს ყოველი მხრიდან. ჩარგვის სიღრმე შეადგენს 2 სმ-ს.
ქოთნები უნდა განთავსდეს კარგად განათებულ ოთახში, სასურველია დამატებითი განათებაც, რომ მცენარემ მალე მოძლიერდეს.
თესლის გაღვივების ოპტიმალური ტემპერატურა 22-250C-ია.
კარგი მოვლის პირობებში, შემოდგომისთვის მცენარე უკვე საკმარისად ჩამოყალიბებულია, აქვს კარგად განვითარებული ფესვი და 25-40 სმ-ის 3-5 ამონაყარი. აციების წინ (ოქტომბერი ან ნოემბრის პირველი ნახევარი), მცენარეებს გადაჭრიან ნიადაგიდან 7-10 სმ-ის სიმაღლეზე და ასე ხდება გამოზამთრება.
საუკეთესოა კარგი აერაციის მქონე მსუბუქი ნიადაგები.
გადარგვა:
სატაცურისთვის არჩევენ მზიან ადგილს, შემოდგომით არჩეულ ნაკვეთს სარეველებისგან ათავისუფლებენ. ნიადაგის ზედაპირზე თანაბრად გაშლიან ორგანულ სასუქს 15-20 კგ/მ2-ზე და გადაბარავენ.
გაზაფხულზე დასარგავად ამზადებენ 30 სმ სიღრმის და 40 სმ დიამეტრის ორმოებს. თუ შემოდგომით ნაკვეთი კარგად დამუშავდა ორგანული სასუქით, შეიძლება ორმოში აღარ დავუმატოთ, თუმცა სასურველია დარგვისას გადამწვარი ნაკელის და კომპოსტის შეტანა.
დარგვის სქემა: რიგებს შორის 60 სმ. მცენარეთა შორის რიგში 40 სმ. არაუმეტეს 3-4 მცენარისა 1მ2-ზე.
სატაცურს ადვილად გადააქვს ზამთრის ყინვები, თუმცა ეშინია გაზაფხულის წაყინვების,მცენარეებს ამიტომ იცავენ ბუნებრივი მულჩირებით.
მოვლა:
დარგვის შემდეგ 10-12 დღის განმავლობაში უნდა მოვრწყათ, შემდეგ შევწყვიტოთ და მოვრწყათ პერიოდულად. სატაცურის მორწყვა აუცილებელია სისტემატურად ხდებოდეს და მცირე დოზებით, მთავარია არ დადგეს წყალი, სატაცურს ეს არ უყვარს.ნიადაგის გაფხვიერება უნდა მოხდეს სეზონზე 7-8 ჯერ.
ყოველ წელს მოსავლის აღების შემდეგ სასურველია განოყიერება.
მოსავალი:
სატაცური მრავალწლიანია და 10-15 წლის(შესაძლოა მეტის) განმავლობაში მოგცემთ მოსავალს.
მოსავალი დამოკიდებულია მცენარის ასაკზე, ჯიშსა და მოვლაზე, პირველ მოსავალს იძლევა 3-4 წელს, 2-3 კგ. 10მ2-ზე, შემდეგ წლებში 7-8კგ. და მეტი.
პირველი მოსავლის აღებისას, აგროვებენ 15-25 სმ-ის სიგრძის ყლორტებს 4-6 კვირის განმავლობაში. შემდეგ წლებში მოსავლის აღება გრძელდება 7-10 კვირის განმავლობაში.
ბელა ნოზაძე