დაფნის ქართველი ექსპორტიორები პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობენ
“მსოფლიოში დაფნის ბაზარი დასტაბილურებულია, ფასის ზედა და ქვედა ზღვარი გარკვეულია. ნებისმიერ ინვესტორს მეტ-ნაკლები სიზუსტით შეუძლია გათვლა გააკეთოს, თუ რა შემოსავალი ექნება მომდევნო პერიოდებში, განსხვავებით თხილისგან, რომლის ფასიც ხშირად მერყეობს და ბუნებრივი პირობების მიმართაც მეტად მგრძნობიარეა.”
დაფნის მსოფლიო ბაზარი და საქართველო
დაფნის ფოთლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია თურქეთი. დაფნის პლანტაციები ბუნებრივად მოიპოვება ეგეოსის, ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში. ნედლეულის ძირითადი მწარმოებლები არიან: იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, სირია და სხვა. საქართველოში დაფნა ძირითადად, დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ხარობს. ჩვენთან დაფნის წარმოების დონე საკმაოდ მაღალი იყო გასული საუკუნის 90-იან წლებამდე. სწორედ დაფნა მიიჩნეოდა ჩაისა და ციტრუსების შემდგომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურად. იმ პერიოდისათვის დაფნის პლანტაციებს 6 ათასი ჰა ეჭირა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაფნის კულტურის განვითარებას ნაკლები ყურადღება ექცეოდა, დაფნის ნედლეულის შესასყიდი ფასის სიმცირის გამო მოსახლეობას არ უღირდა დაფნის ჩაბარება და პლანტაციები თანდათანობით შემცირდა. ამ ყველაფრის ფონზე, დაფნაზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით მზარდია. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა დაფნის ეთეროვან ზეთზე. კარგი მოვლის შემთხვევაში შესაძლებელია 1 ჰა პლანტაციიდან მივიღოთ 5-10 ტონა ნედლი დაფნა, რაც გამხმარ ფოთოლზე გადაყვანით, 2 ტონას შეადგენს. ამჟამად გამომშრალი დაფნის ჩაბარების ფასი კგ-ზე 2,2-2,5 ლარის ფარგლებში მერყეობს.
დაფნის ეთერზეთი
საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (International Trade Center) მონაცემებით, თურქეთი არამარტო დაფნის ფოთლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, არამედ იგი დომინირებს დაფნის ეთერზეთის გლობალურ ბაზარზე და მსოფლიო მოთხოვნის 80%-ს აკმაყოფილებს. დაფნის ეთერზეთი ერთ-ერთი მოთხოვნადი და ძვირადღირებული პროდუქტია, რომელიც ძირითადად ფარმაციაში გამოიყენება. 2014 წლის მონაცემებით დაფნის ეთერზეთის საბაზრო ფასი კილოგრამზე 65-80 ევროს ფარგლებში მერყეობდა. ეთერზეთის გამოსავლიანობა 2-5%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 კგ ეთერზეთის მისაღებად საჭიროა მინიმუმ 50 კგ ნედლეული. დაფნის მცენარის თითქმის ყველა ნაწილი და მათ შორის მერქანიც შეიცავს ეთეროვან ზეთს. ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ფოთლები და ახალგაზრდა ტოტები. ნედლეულში ეთეროვანი ზეთების სხვადასხვაობა შეიმჩნევა არა მარტო მცენარის სხვადასხვა ნაწილში, არამედ წლის გარკვეული პერიოდების მიხედვითაც. დადგენილია, რომ ეთეროვანი ზეთის შემცველობა მცენარეში მაქსიმალურია ზამთარში, ხოლო ზაფხულში კი მისი რაოდენობა კლებულობს (რ. ჯაბნიძე, ნ. ჯაბნიძე, 2015). საქართველოში დაფნის ეთერზეთზე მუშაობს ზუგდიდში მდებარე საწარმო შპს ჯეოდაფნა, რომელიც ეთერზეთს ნარჩენებისგან და შედარებით მცირე ზომის ფოთლებისგან იღებს, რითიც ფაქტობრივად მინიმუმამდე დაჰყავს დანაკარგები. ჯეოდაფნას დირექტორის, რობერტ ჯანაშიას ინფორმაციით, ეთერზეთის გამოხდა საკმაოდ მომგებიანია. იგი 1კგ-ს 80-100 დოლარის ფარგლებში ყიდის საფრანგეთში.
ექსპორტი
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით 2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან 1991 ტონა დაფნის ფოთოლი გავიდა ექსპორტზე. ამავე პერიოდში საექსპორტო ქვეყნების სამეულშია რუსეთი თურქეთი და უკრაინა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე ძვირად ქართული დაფნა პოლონეთში გავიდა, სადაც ერთი კილოგრამის საშუალო ფასი 3,04 დოლარია, ასევე გერმანიაში ერთი კილოგრამის საშუალო ფასი 2,37 დოლარია, რუსეთში -1,65 დოლარი, ხოლო თურქეთში 1.4 დოლარი. ექსპორტიორების ინფორმაციით ევროკავშირში ხარისხიანი დაფნის ფასი 5-12 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ხოლო რუსეთში 1,5-4,5 დოლარია. რაც შეეხება დაფნის ეთერზეთის ექსპორტს, ამ პროდუქტს ცალკე სასაქონლო კოდი არ აქვს მინიჭებული და სხვა ეთერზეთებთან ერთად გადის ექსპორტზე. ჩვენი ინფორმაციით დაფნის ეთერზეთი ექსპორტზე მხოლოდ შპს ჯეოდაფნას გააქვს, წელიწადში 400 კგ-ის ოდენობით.
საქართველოში დაფნის გადამამუშავებელი საწარმოთა რიცხვი 10-20 მდეა, რომელთაგან მსხვილი ექსპორტიორია 5-მდე საწარმო. ისინი ძირითადად სამეგრელოში ოპერირებენ, თუმცა შემგროვებლებისა და დამამზადებლების გავლით იმერეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდანაც იღებენ ნედლეულს.
პროექტ “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გასულ წელს დაფინანსდა დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა ხობის რაიონში. შპს-ს “კატევე ხობი”, საკუთრებაში გადაეცა 200ჰა მიწის ფართობი, რომელზეც კომპანიას საკუთარი ფინანსებით უნდა გაეშენებინა დაფნის პლანტაცია, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაფნის პროექტი თხილის პროექტით ჩანაცვლდა. ამის მიზეზად “კატევე ხობის” წარმომადგენელი კახა გვასალია აცხადებს, რომ კომპანიამ ამჯობინა სამეგრელოსთვის ტრადიციული კულტურის გაშენება:
“ძველი პროექტით დაფნის პლანტაცია უნდა გაგვეშენებინა და უნდა მიბმულიყო საწარმო, მაგრამ დაფნის პლანტაციის გაკეთება ცოტა რთული თემა აღმოჩნდა და თხილზე გავაკეთეთ აქცენტი. ის ვალდებულებები რაც დაფნაზე იყო, გადმოვიდა თხილზე.”- განაცხადა eugeorgia.info-სთან საუბარში კახა გვასალიამ.
კომპანიამ თხილის გაშენება უფრო პერსპექტიულად მიიჩნია. გვასალიას ცნობით, არ არსებობს პრეცედენტი, რომ ვინმეს 200 ჰა-ზე ჰქონდეს გაშენებული დაფნის პლანტაცია. მისივე თქმით, დაფნაზე ციტრუსებიდან შესაძლოა გავრცელდეს დაავადებები, რომელიც მართალია ჯანმრთელობისთვის უვნებელია, თუმცა, ფოთოლზე წინწკლების სახით ვლინდება, რაც მიუღებელია საექსპორტო ბაზრებისთვის.
“აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში შპს ქართულმა დაფნამ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით ისარგებლა და 1 ლარად გადაცემულ 12 351 კვ.მ. მიწის ფართობზე დაფნის გადამამუშავებელი საწარმო თანამონაწილეობით ააშენა. კომპანიის დირექტორის მამუკა ალფაიძის განცხადებით, საწარმომ უკვე დაიწყო გამომშრალი დაფნის ექსპორტზე გატანა დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში. ექსპორტის 80% დსთ-ს ქვეყნებზე მოდის ხოლო დანარჩენი ევროკავშირის ბაზარზე, კონკრეტულად, ლატვიაში გაიტანა (20 ტონა).
“ვგეგმავთ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გატანასაც, მაგრამ ჯერ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ, გარკვეული დანადგარები არის საჭირო, რომ ადვილად შევიდეთ ევროპულ ბაზარზე”- განაცხადა მამუკა ალფაიძემ.
“ქართული დაფნა” საკუთარი პლანტაციების გაშენებასაც გეგმავს. კომპანიის დირექტორის თქმით, მოსახლეობისგან ჩაბარებული დაფნა არ არის იმ ხარისხის, რა ხარისხიც ბაზარზე მოითხოვება. თუმცა, პრობლემა არის ის, რომ საწარმოს არ შეუძლია მიწის შეძენა:
“სახელმწიფომ მრავალწლიანი კულტურა გადმომცა იჯარით 5 წლის ვადით. ამ მიწაზე იყო ძველი ნარგავები, რომელიც აღვადგინე. 5 წლის შემდეგ გამოიტანენ აუქციონზე და ჩემს ნაწვალებ-ნაშრომს გადასცემენ იმას, ვინც მეტს გადაიხდის. რადგან მე ამ მიწაზე ინვესტიციას ვდებ, იჯარა უნდა იყოს მინიმუმ 25 წლიანი-” აღნიშნა ალფაიძემ.
5 ჰექტარი მიწის ფართობზე ძველი გაშენებული დაფნაა, რომლის 80%-ზე ახალი პლანტაციის გაშენება იგეგმება. 5 წლის შემდეგ ამ მიწას აუქციონზე ხელახლა გამოიტანენ და კომპანია გეგმავს, რომ ისევ არენდით აიღოს შედარებით გრძელვადიანი პირობებით. ალფაიძის ინფორმაციით უკვე შესაძლებელია იჯარით მიწის აღება 25 წლის ვადით, რისი შესაძლებლობაც არ იყო გასულ წელს.
დაფნის ფოთლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია კომპანია აგროლენდი, რომლის დირექტორის გიორგი ნადარაიას ინფორმაციით, კომპანიას ძირითადად ნედლეულით დამამზადებლები ამარაგებენ, როგორც ხობის რაიონიდან ისე იმერეთიდან, გურიიდან და აჭარიდან. მშრალი დაფნის ჩაბარების ფასია 2,6-2,7 ლარი კილოგრამზე. კომპანიას საკუთარი პლანტაციები მცირე ფართობზე (0,5 ჰა) აქვს გაშენებული. წელიწადში საშუალოდ 300-400 ტონა დაფნის ექსპორტს ახორციელებს. კომპანია სრულად არის კონცენტრირებული დაფნის ფოთლის წარმოებაზე და არ გეგმავს ეთერზეთზე მუშაობას. გიორგი ნადარაია დაფნის გადამუშავებისას უპირველეს სირთულედ ნედლეულის ხარისხს ასახელებს. კომპანიის მიერ ხარისხის შემოწმება ხდება როგორც ვიზუალურად ისე, ლაბორატორიულად:
“ვიზუალს და ტენიანობას ადგილზე ვაკვირდებით. წელიწადში ერთხელ ქიმიურ და ბიოლოგიურ შემადგენლობებს ვამოწმებთ სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში”- აღნიშნა გიორგი ნადარაიამ.
აგროლენდის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, პოლონეთი და თურქეთი. ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს შედარებით ნაკლები პროპორციებით. გიორგი ნადარაიას ცნობით, ევროპა კარგა ხანია შეჩვეულია თურქულ დაფნას და ქართული დაფნისთვის ბაზარზე თავის დამკვიდრება არ არის ადვილი. თითქმის საუკუნეა რაც ევროპა თურქული დაფნით მარაგდება.
“ჩვენს დაფნას მხოლოდ დაბალი ხარისხის გამო არ იწუნებენ. ასეთივე წინწკლები თურქულსაც გამოერევა ხოლმე. უბრალოდ ძირითადი მიზეზი არის ის, რომ თურქებს უკვე საუკუნეზე მეტია რაც აწყობილი აქვთ მიწოდების ჯაჭვი. ძნელია ვიღაცამ საქართველოდან ამოაგდოს თურქი მიმწოდებელი” -განაცხადა გიორგი ნადარაიამ.
გიორგი ნადარაია ქართველ ფერმერებს დაფნის პლანტაციის გაშენებას ურჩევს. იგი ამბობს რომ პლანტაციის გაშენება არანაირ რისკთან არ არის დაკავშირებული, უბრალოდ ინვესტიცია და ლოდინი სჭირდება (4 წელი). მისი არგუმენტით, მსოფლიოში დაფნის ბაზარი დასტაბილურებულია, ფასის ზედა და ქვედა ზღვარი გარკვეულია, და ნებისმიერ ინვესტორს მეტ-ნაკლები სიზუსტით შეუძლია გათვლა გააკეთოს, თუ რა შემოსავალს მოიტანს მომდევნო პერიოდებში, განსხვავებით თხილისგან რომლის ფასიც ხშირად მერყეობს და ბუნებრივი პირობების მიმართ მეტად მგრძნობიარეა. დაფნის ფოთოლზე მოთხოვნა სტაბილურია. გარდა ამისა მავნებლები ნაკლებად ეკარებიან მომწარო გემოს გამო. ნადარაიას თქმით, დაფნის გაშენება მომგებიანობის თვალსაზრისით გამართლებულია:
“ჰექტარზე თხილმა თუ შეიძლება მოგიტანოს 100 დოლარი მოგება, დაფნა მოგიტანს 60-70 დოლარს. თუმცა, თხილს ახასიათებს ჩავარდნები. შეიძლება 2 წელი მოყინოს და თხილი დეფიციტური იყოს. ერთწლიან ჭრილში შეიძლება იმდენი მოგება არ ჰქონდეს, მაგრამ მრავალწლიან ჭრილში შეიძლება გაუთანაბრდეს თხილს იმიტომ, რომ თხილი უფრო მგრძნობიარეა ბუნებრივი პირობის მიმართ და მსოფლიო ბაზრის მიმართაც”- განაცხადა ნადარაიამ.
მშრალი დაფნის ფოთლის ექსპორტზე მუშაობს კომპანია ლაურუსი, რომლის ძირითად საექსპორტო ბაზრებს რუსეთი და ყაზახეთი წარმოადგენს. ყოველწლიურად 205-210 ტონა დაფნის ფოთოლი გააქვს ექსპორტზე.
გერმანიიდანაც იყო დაინტერესება 500 კგ ქართულ დაფნაზე პირველ რიგში ხარისხის გამო. ლაურუსის დირექტორის ვანო ჯალაღონიას განმარტებით, თურქულ დაფნას აქვს დაავადებების პრობლემა, რომელიც ჯერჯერობით ჩვენს რეგიონში არ ფიქსირდება. ეს არის მავნებლები, რომლებიც დაფნის ფოთოლს ხვრეტენ. გარდა ამისა ფასიც მისაღები აღმოჩნდა გერმანელი შემსყიდველისთვის (5,5 დოლარი კგ-ზე)
“მოეწონათ, მაგრამ ასეთი მცირე მოცულობის ტრანსპორტირება ძვირი გვიჯდებოდა არც რაიმე სხვა თავსებადი პროდუქტი მქონდა და თავი დავანებეთ. დაფნას სპეციფიკური სურნელი აქვს და ძნელია თავსებადი პროდუქტის გამონახვა. თვითმფრინავით რომ იყოს შესაძლებელი დაფნის გადაზიდვა რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა. თუმცა, დაფნა ადვილად აალებადი პროდუქტია და დაიშვება თუ არა თვითმფრინავით გადაზიდვისთვის ესეც გასარკვევია“- განაცხადა კომპანიის დირექტორმა ვანო ჯალაღონიამ.
ლაურუსის დირექტორის ცნობით, აზერბაიჯანშიც გააშენეს დაფნის პლანტაცია, რომელმაც კარგად გაიხარა, თუმცა გამოვიდა თხელი ფოთლები და არ ჰქონდა ეთერზეთების ისეთივე შემცველობა, როგორიც ქართულს. ქართული დაფნის ფოთოლი გაცილებით სქელია.
ცოტა ხნის წინ გვესტუმრნენ აზერბაიჯანელები და ძალიან მოეწონათ ქართული დაფნა. მე რომ ვუთხარი მალე მოსავლის აღებას დავიწყებ და ვნახოთ რა გამოვა-მეთქი, მათ მითხრეს ეს მოსავალი კი არ არის, ეს ოქროაო“- აღნიშნა ჯალაღონიამ.
“ლაურუსს” 60 ჰა საკუთარი პლანტაცია აქვს სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში, სადაც საბჭოთა კავშირის პერიოდში 280 ჰა ფართობზე იყო გაშენებული დაფნის პლანტაცია. აქედან დარჩენილია 70 ჰა, რომლის სრულად ათვისება მომავალი წლისთვის იგეგმება. ეს ტერიტორია საწარმოს მეპატრონემ მთლიანად შეისყიდა იაფი კრედიტით და ააშენა საშრობი და გადამამუშავებელი საწარმოები. კომპანიის დირექტორის თქმით, დაფნა სპეციფიკური მცენარეა და პროფესიონალურ ცოდნას და კარგი ხარისხის მანქანა-დანადგარებს საჭიროებს.
ექსპორტის დივერსიფიცირებას გეგმავს ხობში მდებარე დაფნის გადამამუშავებელი საწარმო შპს “გეო კვიპრავა”. დღესდღეობით კომპანია ექსპორტს დსთ-ს ქვეყნებში ახორციელებს. საწარმო წელიწადში 700-1000 ტონამდე დაფნის ფოთოლს აგზავნის ექსპორტზე. შპს-ს “გეო კვიპრავა” საკუთარი პლანტაციები არ აქვს და ნედლეულის 80%-ს ხობის მიმდებარე სოფლებიდან იბარებს. ეთერზეთებზე მუშაობას ჯერ არ გეგმავს, კომპანიის პირველი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ხარისხის გაზრდა.
“ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯერ მხოლოდ ლატვიაში ვაგზავნით. გერმანიაში გავიტანთ მალე. გვაქვს მოლაპარაკებები ავსტრიასთან და ალბათ სექტემბრიდან დავიწყებთ მიწოდებას. მოცულობები ჯერ არ ვიცით, თუმცა, წელიწადში 100 ტონა ევროპისკენ წავა” - განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ისაკი წულეისკირმა.
ისაკი წულეისკირი 7 წელია უკვე რაც ამ სფეროშია. იგი აღნიშნავს, რომ დაფნის წარმოება დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. მხოლოდ გადამამუშავებელი მანქანა-დანადგარების ღირებულება 130 ათასი დოლარია, რომელიც საკმარისი არ არის.
“ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი არის საჭირო საშრობის, დასაფშვნელის, დამხარისხებელი ხაზებისა და დამკალიბრებელი მანქანა-დანადგარების შესაძენად. არ არის ადვილი საქმე და დიდ ინვესტიციას მოითხოვს. მე ეს საქმე ჩემით დავიწყე და 24 საათი აქ ვარ. მყავს პარტნიორების ჯგუფი, რომლებსაც ვენდობი და ყველაზე მაღალ ხარისხს ვაკეთებ საქართველოში”- განაცხადა ისაკი წულეისკირმა
ნედლ დაფნას გეო კვიპრავა 50 თეთრად იბარებს. ხოლო გამომშრალი დაფნის ჩაბარების ფასი ხარისხების მიხედვით განსხვავდება და დამოკიდებულია ფოთლის ზომაზე, ვიზუალსა და შეფუთვაზე.
წულეისკირის თქმით, საწარმო გეგმავს საკუთარი პლანტაციის გაშენებას 7 ჰა მიწის ფართობზე. ამ ფართობზე იგეგმება ბიო დაფნის გაშენება, რომელიც მეტ ხარჯებთანაა დაკაშირებული, თუმცა ბევრად უფრო მომგებიანია:
“პლანტაცია იმ შემთხვევაში არის კარგი და მომგებიანი თუ ბიო სერტიფიკატს გააკეთებ, სხვანაირად მოსახლეობის დაფნა რომ საკუთარი დაფნით ჩაანაცვლო წამგებიანია. ბიო დაფნის გაშენება, რა თქმა უნდა, უფრო ხარჯიანია: ბიო სასუქები სჭირდება, ყოველწლიურად გერმანიიდან უნდა ჩამოიყვანო ტექნოლოგი და ანალიზები არის საჭირო. თუმცა, ბიო დაფნის ფასი ბევრად მაღალია და ასეთ პროდუქტზე დიდი მოთხოვნა არის ევროკავშირში”- აღნიშნა წულეისკირმა.
შპს “ჯეოდაფნა” ზუგდიდის რაიონში მდებარეობს. კომპანიას საკუთარი პლანტაციები არ აქვს და ნედლეულს მთლიანად გლეხებისაგან იბარებს. ძირითად საექსპორტო ბაზრებს რუსეთი და თურქეთი წარმოადგენენ. საექსპორტო ფასები ხარისხზეა დამოკიდებული და 2,2-2,5 დოლარის ფარგლებში მერყეობს. კომპანიას ჰქონდა მცდელობა დაფნის ფოთოლი ევროკავშირის ბაზარზე გაეტანა, თუმცა, არ აქვს საკმარისი მანქანა-დანადგარები, რომ კარგი ხარისხის დაფნა გამოიყვანოს. კომპანიას 1700 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობა გააჩნია, რომელიც საკუთარი ფინანსებით მოაწყო. კომპანიის დირექტორმა რობერტ ჯანაშიამ გულისტკივილი გამოთქვა, რომ თურქების საწარმოს მისცეს დაფინანსება, რომლებიც იაფად იბარებენ მოსახლეობისგან ნედლეულს და თურქეთში აგზავნიან გადასამუშავებლად, საიდანაც ექსპორტზე გადის ევროპაში. ხოლო ადგილობრივად რომ მოხდეს დაფნის გადამუშავება და ექსპორტზე გატანა, ამ პროცესში სახელმწიფო არ უწყობს ხელს.
“აწარმოე საქართველოს ფარგლებში დანადგარებისთვის მოვითხოვე 200 ათასი დოლარი. მაქვს დაფნის ეთერზეთის გამომხდელი ერთადერთი დანადგარი საქართველოში. ჩემი ფინანსებით ჩამოვიტანე ეს დანადგარი, გამოვხადე 300-400 კგ ზეთი და გავაგზავნე საფრანგეთში, თუმცა, მოთხოვნა ჩაგვიდეს კონტრაქტში, რომ საწარმო უნდა იყოს გამართული და სტანდარტები უნდა იყოს დაცული. დავიწყე ამაზე მუშაობა მაგრამ სრულად არ არის ყველაფერი დამთავრებული, იმიტომ რომ არ მაქვს არანაირი ხელშეწყობა”- განაცხადა რობერტ ჯანაშიამ.
დაფნის ფოთლის ქართველი ექსპორტიორები პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობენ. მათი ინტერესი ევროკავშირის ბაზრის ათვისებაა, სადაც დაფნის ფასი ყველაზე მაღალია. ექსპორტიორებს არ აქვთ შესაბამისი მანქანა-დანადგარები იმისათვის, რომ უზრუნველყონ მაღალი ხარისხის ნედლეული. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქეთს უკვე აქვს დამკვიდრებული თავი ევროკავშირის ბაზარზე, და საქართველოსთვის არც თუ ისე კარგი ხარისხის ნედლეულით ამ ბაზარზე შესვლა რთულია. ბიო დაფნის ან დაფნის ეთერზეთის წარმოების შემთხვევაში, რომლებზეც მოთხოვნა მზარდია, შეგვიძლია დავიკავოთ ჩვენი ნიშა. მიუხედავად იმისა, რომ მოგების მარჟა ბიოდაფნისა და ეთერზეთის წარმოებაზე მაღალია, საწარმოების ამგვარად გამართვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ქეთი მელქაძე
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს