პირველი ბიოსერთიფიკატი მეცხოველეობაში - გაუკვალავი გზებით სიარული "ფიროსმანს" მილიონი ლარი უჯდება
კომპანია „ფიროსმანი“, რომლის ყველსა და თუ მაწონს მომხმარებლები „შირაქის რძის პროდუქტებით“ იცნობენ, საქართველოში პირველად ეკოლოგიურად სუფთა რძის წარმოებას იწყებს. მეცხოველეობაში ბიოსტანდარტების დანერგვა საკმაოდ რთულია, რადგან არა მხოლოდ ფერმაზე, არამედ ცხოველთა საკვების მოყვანასა და გადამუშავების პროცესზეც ვრცელდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, გაუკვალავი გზებით სიარულის გამო უკვე ასობით ათასი ლარით დაზარალდა. „არ მინდა, დავყარო ფარ-ხმალი“, - განუცხადა eugeorgia.info-ს და მტკიცედ სჯერა, რომ მომავალი ბიოწარმოებაშია.
ნიკოლოზ ბენიაიძე, „ფიროსმანის“ დამფუძნებელი: 10 წელია, რაც ჩვენი კომპანია არსებობს, ვაწარმოებთ ყველაფერს - ყველს, რძეს, მაწონს, ხაჭოს, არაჟანს და ა.შ. გვაქვს ორი საწარმო - თბილისსა და კახეთში. რძეს მოსახლეობისგან ვიბარებთ, დედოფლისწყაროდან, წალკიდან თუ მარნეულიდან, დღეში, საშუალოდ, 10 ტონას ვამუშავებთ.
პირველად ბიომეურნეობის შესახებ 8 წლის წინ საფრანგეთში გავიგე, ავსტრიაშიც ვიყავი, ამერიკაშიც. ესტონეთში გავატარე რამდენიმე დღე ბიომეურნეობაში. სამი-ოთხი წელია, რაც ამ საქმეს მოვკიდე ხელი, მილარში (ალაზნის ველზე) 200 სული ჰოლშტეინური ჯიშის საქონელი სპეციალურად ბიომეურნეობისთვის ჩამოვიყვანე, ბაგურ კვებაზე არიან. მანამდე რამდენიმე გვყავდა, რომ იტყვიან, „ვმეცადინეობდით“.
300 ჰა მიწა გვაქვს, მთლიანად ბიოწარმოებაზე გადავიყვანე, საქონლისთვის საჭირო მარცვლეულს ვაწარმოებ, ხორბალს, ქერს, სიმინდს, მზესუმზირას. ძალიან რთულია ეკოწარმოება - ჰერბიციდებისა და პესტიციდების გამოყენება არ შეიძლება, სიმინდს, ნათესებს სარეველებისგან ხელით ვასუფთავებთ, ტექნიკა ვერ შეგვყავს, ახლა მაგალითად, 30-40 ჰა-ის გათოხვნა ვერ მოვასწარით, წვიმები იყო. ჰერბიციდი რომ დამესხა, სამ დღეში გამოსწორდებოდა. ჰიბრიდულ თესლს ვერ ვთესავ, რომელიც უფრო მაღალმოსავლიანია. რომ დავთვალე, 50-60%-ით უფრო ნაკლებ მოსავალს ვიღებ, ვიდრე ჩვეულებრივი მეთოდით წარმოებისას, არადა, 1000 ტონას მარცვალს მაინც ავიღებდი.. დანაკარგებია რძის წარმოებაშიც - საქონლის საკვებში პრემიქსებს ვერ ვურევთ, ამიტომ 35 ლიტრის ნაცვლად 20-22 ლიტრს იწველიან, კიდევ ათასი წვრილმანია.
სამი წელია ვწვალობ. 5-6 თვეში ბიო რძის პროდუქტების წარმოების სერთიფიკატს ავიღებ, ჩამოდიან შესამოწმებლად ქართველი, გერმანელები ექსპერტები, ცოტა ხნის წინ ჰოლანდიელი სპეციალისტი მყავდა, ორი კვირა ფერმაში გაატარა, ბევრი რამე შეცვალა. ახლა რომ ვიწყებდე საქმეს და ეს ცოდნა მქონდეს, ყველაფერს სხვანაირად დავგეგმავდი. მაინც ახალი დარგია, ყველაფერი ჩემს კისერზე გამოვცადე, ძალიან დიდი ფული დავკარგე, რამდენიმე ასეული ათასი, მილიონი ლარის სესხი გვაქვს აღებული...
ძირითადად, ვფიქრობ, რძე ჩამოვასხათ ბავშვთა კვებისთვის, ვაპირებთ მაწვნის, არაჟნის წარმოებასაც. ეკოპროდუქტები მთელ მსოფლიოში 2-3-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი. „გუდვილში“ 1 ლიტრი იმპორტული ბიორძე 10,75 ლარი ღირს, ჩვენ უფრო ნაკლებ ფასს დავადებთ, 5-6 ლარის ფარგლებში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს. თუმცა, ჯერ კიდევ დასათვლელია, რა დაჯდება მისი გადამუშავება და ჩამოსხმა. დღეში, ალბათ, 2-3 ტონა რძეს მივიღებთ.
ჩამოსასხმელი ხაზი არ გვაქვს, მსხვილ კომპანიებთან ჩვენი რძის ჩამოსხმაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. ერთი პრობლემაა, თბილისამდე რომ ჩამოვიტანოთ, შესაძლოა, გზაში რძის მჟავიანობამ აიწიოს, აგვეჭრას და ხარისხი გაფუჭდეს, წყალში ჩამეყრება მთელი შრომა. ყველაფერს ჩემი რესურსით ვაკეთებ, ვენახები მაქვს, ნაწილი აქედან ორგანულია. მექნება ეკოლოგიურად სუფთა ღვინო, ჭაჭა. ბიოწარმოებაზე ერთი თეთრის დახმარებაც არ მიმიღია. პროექტებიც დავწერე, სახელმწიფო პროგრამებსაც მივმართე. მხოლოდ USAID სერთიფიცირებაში დაგვეხმარა - ხარჯების ნახევარს ფარავს, სულ 6-7 ათასი დოლარი ჯდება ეს პროცესი. ამდენი გრანტებია, ჩამოსასხმელი ხაზი რომ გვაჩუქონ და ჩამოვასხათ, კარგი იქნება.
რა ვიცი, აბა, როგორ მიიღებს მომხმარებელი ჩემს პროდუქციას?!. ახლა დავდივართ წინასსწარ სუპერმარკეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებშიც შეიძლება, გაიყიდოს. ვესაუბრებით მენეჯერებს, დირექტორებს, ხშირად არც კი იციან, ბიოპროდუქცია რა არის, ნატურალური და ნედლი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ, ხალხს როგორ უნდა გავაგებინოთ?!
ევროპაში დღეს ორიენტაცია ბიოწარმოებაზე აქვთ აღებული, მთელი რესურსები მის განვითარებაზე იხარჯება, ავსტრიაში უკვე 22% უჭირავს მთლიან მეურნეობაში. ერთი კარგი ლექცია მოვისმინე - ბიოპროდუქტი ხომ, ერთი შეხედვით, ძვირია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, როგორ ბინძურდება მიწა ქიმიური საშუალებებისგან, შემდეგ გრუნტის წყლებში ხვდება, ბოლოს კი ისევ ადამიანის ორგანიზმში, რამდენს ვხარჯავთ მერე ჩვენი ჯანმრთელობისთვის საავადმყოფოებში, ჩვეულებრივი მეთოდით წარმოება გრძელვადიან პერსპექტივაში 4-ჯერ უფრო ძვირი გვიჯდება.
კარგი იქნება, თუ სახელმწიფო იზრუნებს, ხალხს ბიოპროდუქტების შესახებ ცნობიერება აუმაღლდეს. ამას ერთ დღეს მასა მაინც გაიგებს, მაგრამ შედარებით გვიან, ახლა კი ვიღაცისთვის მაგალითი ვიქნებით, ვიღაც მოგვბაძავს, ეს სფერო კი განვითარდება.
ბელა ნოზაძე