საქართველოს შეუძლია, ორგანული კოსმეტიკის 16-მილიარდიან ბაზარზე თავი დაიმკვიდროს
მაღალი კონკურენციის მიუხედავად ევროპული ბაზარი განვითარებადი ქვეყნების კოსმეტიკურ კომპანიებს დიდ შესაძლებლობებსაც სთავაზობს. ჰოლანდიის კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთი ბოლო კვლევა სწორედ ეთერზეთებისა და კოსმეტიკისთვის საჭირო ინგრედიენტების საექსპორტო პოტენციალს აფასებს. კოსმეტიკის ევროპელი მწარმოებლები მუდმივად ახლის ძიებაში არიან, აინტერესებთ მათთვის უცხო სახეობის ზეთები, რომელიც შეიძლება, ბოსტნეულისგან, ან სხვადასხვა მცენარისგან იყოს დამზადებული. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებსაც ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი ნიშის პოვნა და თავის დამკვიდრებაც შეუძლიათ.
გლობალური მოთხოვნა კოსმეტიკაზე არა მარტო ევროპაში იზრდება. არა ერთი პროგნოზით, მომავალ წლებში აღნიშნული ბაზრის ღირებულება განსაკუთრებით რამდენიმე ქვეყანაში მოიმატებს, ჩამონათვალი კი ასეთია: - ჩინეთი, ბრაზილია, ინდონეზია, საუდის არაბეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. სწორედ ეს ტენდენცია აჩენს დამატებით შესაძლებლობებს განვითარებადი ქვეყნებისთვის. ევროპული კომპანიები სულ უფრო მეტ კოსმეტიკურ პროდუქციას გაიტანენ ექსპორტზე ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში, ხოლო იმისთვის, რომ ევროპელებმა საკმარისი რაოდენობის კოსმეტიკა აწარმოონ, სჭირდებათ ინგრედიენტები, სწორედ ეს ნიშაა განვითარებადი ქვეყნებისთვის საინტერესო. „თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გახდეთ ევროპული კომპანიების მიმწოდებლები“, - ვკითხულობთ საერთაშორისო კვლევაში.
სპეციალისტების პროგნოზით, ორგანული კოსმეტიკის პროდუქციის გლობალური ბაზარი 2020 წლამდე ყოველწლიურად 9,8 %-ით გაიზრდება და მისი ღირებულება 16 მილიარდ დოლარს მიაღწევს. 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 8,4 მილიარდი დოლარი იყო. ორგანული კოსმეტიკისთვის ევროპის მთავარი ბაზრები გერმანიასა და საფრანგეთშია, შემდეგ კი შვეიცარიაში, იტალიასა და გაერთიანებულ სამეფოში.
საქართველოში ეთერზეთებისა და კოსმეტიკის ინგრედიენტების წარმოება წლების წინ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საქმიანობად ითვლებოდა. ქართული პროდუქცია პოპულარული იყო როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვრებს მიღმაც. როგორც აღმოჩნდა, საქართველოსა და ევროპას შორის ამ მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობები ათობით წელს ითვლის. ამის შესახებ ბაბუშერის ეთერზეთების ქარხნის ყოფილი მთავარი ინჟინერი ვახტანგ სანაია გვიყვება. ქარხანა, სადაც ძირითადად ეთერზეთებს ამზადებნენ, 1932 წელს გაიხსნა და 90-იან წლებამდე ფუნქციონირებდა. ქართული პროდუქცია კი საბჭოთა კავშირიდან ინგლისში, საფრანგეთში, ბულგარეთში, რუმინეთში წარმატებით იყიდებოდა.
„თავდაპირველად ქარხანაში მხოლოდ მანდარინისა და ზოგადად ციტრუსის ზეთს ამზადებდნენ პარფიუმერიისთვის, შემდეგ დაემატა დაფნა, გერანი, რეჰანი და სხვა. ქართული პროდუქცია თუნუქის უჟანგავი ფირფიტით დამზადებული სპეციალური ქილებით ჯერ ლენინგრადში ჩადიოდა, იქიდან კი იგზავნებოდა საფრანგეთში, ინგლისსა და სხვა ქვეყნებში. გერანის ზეთი გამოიყენება პარფიუმერიისთვის. რაც შეეხება რეჰანის ზეთს, ეს იყო ფიქსატორი (აფიქსირებს სუნს), ევკალიფტი - ძირითადად მედიცინაში, ხოლო დაფნის ზეთი კვების მრეწველობისთვისაა“, - ამბობს ვახტანგ სანაია.
ჰოლანდიის კვლევითი ინსტიტუტის კვლევის თანახმად, კოსმეტიკის მწარმოებლები მყიდველების მოსაზიდად ძირითადად 2 გზას ირჩევენ: პირველი - ეს არის ყურადღების გამახვილება სხვადასხვა ინგრედიენტის ნატურალურ წარმომავლობაზე, რაც შეეხება მეორე მიმართულებას, აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტულად პროდუქციის ეფექტიანობას, ანუ რა შედეგი მოაქვს მის გამოყენებას. წლების წინ თუ საკმარისი იყო მხოლოდ იმის ცოდნა, რომ პროდუქცია ორგანულია, დღეს ევროპაში გაცილებით მეტს ითხოვენ. სწორედ ამიტომ CBI-ის მთავარი რჩევაა, მყიდველების დასაინტერესებლად კომპანიამ ინგრედიენტების კონკრეტული შედეგის ჩვენება შეძლოს. ამისთვის რეკომენდებულია, არსებობდეს ლაბორატორიის შესაბამისი დასკვნაც.
საინტერესოა ისიც, რომ მომხმარებლები ინტერესდებიან არა მარტო კოსმეტიკური პროდუქციით, არამედ მის მიღმა არსებული სხვადასხვა ინფორმაციითაც. მაგალითად, ინგრედიენტების უჩვეულო წარმომავლობით. „იფიქრეთ ადგილწარმოშობაზე, დამზადების ტრადიციულ წესებსა და ადგილობრივ რიტუალებზე“, - ვკითხულობთ კვლევაში.
- მას შემდეგ, რაც უკვე გექნებათ ზუსტი ინფორმაცია, როგორ მოქმედებს სხვადასხვა ინგრედიენტი, იფიქრეთ საინტერესო ამბავზე, რასაც თქვენს მარკეტინგულ კამპანიას მოარგებთ;
- ეს ამბავი უნდა ეფუძნებოდეს თქვენი ინგრედიენტების ყველასგან გამორჩეულ თვისებებს. ყურადღება გაამახვილეთ მათ სპეციფიკურ წარმომავლობაზე, ან მისი გამოყენების ისტორიაზე;
- სოციალური მედიისა და და თქვენი ვებგვერდის როლი მარკეტინგული კამპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად გაავრცელეთ ინფორმაცია, გამოაქვეყნეთ ფოტოები და ვიდეოები იმის შესახებ, როგორ მოგყავთ კონკრეტული ინგრედიენტი. გახსოვდეთ, რომ ერთი ფოტო ათას სიტყვად ფასობს.
ევროპული ბაზრით უკვე დაინტერსდა ქართული კომპანია „აგროარომაჯგუფი“, რომელიც ეთერზეთების წარმოებას შემოდგომიდან იწყებს. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თანხა უკვე მიიღო. ჩვენთან ინტერვიუში კომპანიის დირექტორი ზურაბ ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ძირითადად ექსპორტზე იქნებიან ორიენტირებული.
„ევროპაში გატანა გვინდა, პოტენციურ მყიდველებთან წინასწარი საუბრები დაწყებული გვაქვს. თავდაპირველად ქინძის ეთერზეთის წარმოებით დავიწყებთ, ეს მცენარე უკვე აპრობირებულია საქართველოში საბჭოთა დროიდან, გამოიყენება პარფიუმერიაში, კვების მრეწველობაში, კოსმეტიკაში, ფარმაცევტიკაში. უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული ბიზნესია, რადგან ყველა მცენარის ეთერზეთის დასამზადებლად საჭიროა საგანგებოდ მისთვის მორგებული დანადგარი, სამომავლოდ, რა თქმა უნდა, წარმოების გაფართოებასაც ვგეგმავთ“, - ამბობს ზურაბ ნაცვლიშვილი.
ევროპელი მომხმარებელი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ცხოვრების ჯანსაღ წესს. ევროპაში სიტყვა ჯანმრთელობის მნიშვნელობაც ეტაპობრივად იცვლება. იყო ჯანმრთელი, მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ავად არ ხარ, არამედ იმასაც, რომ თავს ბედნიერად გრძნობ, ჯანსაღ წესებს მისდევ და ლამაზად გამოიყურები. სწორედ ამ ტრენდის დამსახურებად შეიძლება, ჩაითვალოს მზარდი მოთხოვნა კოსმეტიკის ნატურალურ ინგრედიენტებზე, იმისათვის, რომ ევროპულ ბაზარზე თავი დაიმკვიდროთ, საჭიროა:
- დაანახეთ მყიდველებს, როგორ დაეხმარება თქვენი ინგრედიენტები მომხმარებლებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
- მარკეტინგულ კამპანიაში გამოიყენეთ სწორი ტერმინოლოგია: როგორ შეძლებს მომხმარებელი თქვენი პროდუქციის დახმარებით იყოს ჯანმრთელი და იგრძნოს თავი კარგად; შეიცავს თუ არა ისეთ ნივთიერებებს, რაც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება და რასაც ხშირად მომხმარებლები თავად ეძებენ? იფიქრეთ ვიტამინებზე.
- ზეთები უნდა იყოს ძალიან მაღალი ხარისხის, ასევე სუფთა და ნატურალური; უნდა უზრუნველყოთ უსაფრთხოება და სანდოობა.
ევროპელი მყიდველები ძალიან ხშირად ეძებენ მათთვის სრულიად ახალ ინგრედიენტებს, თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ძველი და მათთვის უკვე საკმაოდ ნაცნობი პროდუქციისთვს ახალ პარტნიორებსაც პოულობენ, ამ შემთხვევაში მათთვის მიმზიდველი შეიძლება, აღმოჩნდეს კონკურენტული ფასი, ხარისხი და მიწოდების სერვისი. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ევროპული კანონმდებლობა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბარიერად რჩება განვითარებადი ქვეყნებისთვის. იმისთვის, რომ ევროპული კომპანიების წარმოებული კოსმეტიკა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს, ისინი საკუთარ პარტნიორებს განვითარებად ქვეყნებში მუდმივად მაღალ ხარისხს სთხოვენ. ეთერზეთების შემთხვევაში საჭიროა IFRA-ს სტანდარტი, ხოლო ინგრედიენტებს რაც შეეხება, ISO სტანდარტია აუცილებელი. CBI-ის კვლევის თანახმად, წარმატების მისაღწევად გადამწყვეტ როლს 5 უმნიშნელოვანესი ფაქტორი ასრულებს:
- მაღალი ხარისხი
- პროდუქრი უნდა იყოს მოთხოვნადი
- სერთიფიცირებული
- პროდუქციის წარმომავლობა
- ამბავი უნდა იყოს საინტერესო მარკეტინგული კამპანიისთვის
ხატია შამანაური
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს