შავი ზღვის უსაფრთხოება - შანსი საქართველოსთვის თუ მშვიდობის შორეული პერსპექტივა
ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო აქტიურად გამოიყენება "შავი ზღვის", იგივე "Wider Black Sea"რეგიონის ტერმინი და, შესაბამისად, ნებისმიერი მოვლენა, რომელსაც შეხება აქვს შავი ზღვის აუზის რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოებასთან, პირდაპირ განიხილება საერთო რეგიონალური უსაფრთხოების ჭრილში.
საქართველო-რუსეთის დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილება სწორედ შავი ზღვის სანაპიროს კონტროლს უკავშირდება. ამავე დროს, შავი ზღვის დასავლეთ და სამხრეთ ნაპირები ჩრდილოატლანტიკური კავშირის კონტროლის ზონას მიეკუთვნება. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის კონტროლისა და მოქმედების არეალი განსაკუთრებით გაიზარდა და თურქული სამხედრო წარმომადგენლების განმარტებით, შავ ზღვას რუსულ ტბად ქცევის პერსპექტივაც გაუჩნდა. თავი რომ გავანებოთ რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების პერიოდულ დაძაბვას, აშკარაა, რომ შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემო განსაკუთრებით დაიძაბა და საქართველოს არა მხოლოდ დამატებითი სირთულეები შეექმნა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, არამედ მნიშვნელოვნად გაეზარდა სამხედრო აგრესიის განახლების პერსპექტივა. რაში გამოიხატება ეს სირთულეები და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მათ გასანეიტრალებლად, რაც ამავე დროს, რუსულ ნარატივს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის უპერსპექტივობის შესახებ მნიშვნელოვნად გააქარწყლებდა?
რეგიონის უსაფრთხოების გარემოს რამოდენიმე განზომილება გააჩნია, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და რომელთა განცალკევებით განხილვა დაუშვებელია. გარდა პოლიტიკური და სამხედრო განზომილებისა, უსაფრთხოების გაგებასთან პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო-ენერგეტიკული და სავაჭრო-ეკონომიკური
სფეროები (იხილეთ ქვემოთ სურათები).
წყარო: www.maritimevesseltraffic.com
წყარო: www.maritimevesseltraffic.com
ძირითადი ეკონომიკური აქტიურობის მიხედვით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო, ანუ საქართველო, შედარებაშიც არ მოდის დასავლეთ სანაპიროსთან. ხოლო თუ არ გავითვალისწინებთ თურქეთისა და ევროკავშირის ქვეყნების (ბულგარეთი, რუმინეთი) საპორტო ქალაქების ტვირთბრუნვას, აშკარაა, რომ ქართული საპორტო ქალაქები ახლოსაც კი ვერ მივლენ ოდესის ან ნოვოროსიისკის პორტების "გემთბრუნვასთან". არსებული გარემოება დამაფიქრებელია, რადგანაც ერთის მხრივ, არ ადასტურებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის გაზრდილ მნიშვნელობას და, შესაბამისად, ევროპული დღის წესრიგიდან ხსნის სატრანსპორტო (საზღვაო) დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას. ამ გარემოებას კი, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყირიმის ოკუპაციის შემდეგ შეცვლილი სამხედრო-სტრატეგიული ვითარების გამო.
სატრანსპორტო ტვირთბრუნვის საკითხისგან განსხვავებით, გაცილებით მომგებიანად გამოიყურება საქართველოსთვის ენერგომატარებლების ტრანზიტის ფუნქციის სურათი, რაც, პირველ რიგში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მნიშვნელობით აიხსნება. ტრანსანატოლიური გაზსადენის დასრულებისა და შაჰდენიზ 2 საბადოდან ევროპაში დამატებითი მოცულობით გაზის ტრანსპორტირებასთან ერთად, საგრძნობლად გაიზრდება აღნიშნული დერეფნის უსაფრთხოების მნიშვნელობა. ეს კი პირდაპირ მოითხოვს როგორც აქტიურ თანამშრომლობას (სამხედრო და კონტრტერორისტულ სფეროებში)ტრანზიტორ ქვეყნებს შორის, ასევე ევროკავშირის მხრიდან დამატებით ჩართულობას კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების მყარი მექანიზმების შესაქმნელად.
აქამდე ერთადერთ მრავალეროვნული ფორმატი თანამშრომლობისა უსაფრთხოების სფეროში "BLACKSEAFOR" რეალურად მხოლოდ ძებნა-გადარჩენის, ჰუმანიტარული დახმარების, განაღმვისა და გარემოს დაცვის მისიებს ემსახურებოდა. ხოლო ჯერ 2008 წელს, შემდეგ კი 2014 წლიდან, მან დაკარგა შინაარსი და მნიშვნელობა. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და იქ განლაგებული სამხედრო დაჯგუფების საგრძნობმა გაძლიერებამ რადიკალურად შეცვალა შავი ზღვის აუზში აქამდე არსებული ძალთა განლაგება და როგორც თურქეთი ცალკე, ასევე მთლიანად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, მოულოდნელი გამოწვევის წინაშე დააყენა (იხილეთ სურათი ქვემოთ).
წყარო: http://missiledefenseadvocacy.org/missile-threat-and-proliferation/todays-missile-threat/russia-anti-access-area-denial-coming-soon/
რუსეთმა სწრაფად განათავსა საჰაერო თავდაცვისა (S300/S400)და სანაპირო სარაკეტო თავდაცვის (Bal/Bastion) სისტემები ნახევარკუნძულზე, სარაკეტო სისტემა "კალიბრ"-ით აღჭურვილი პროექტ 636.3 (ვარშავიანკა)-ის წყალქვეშა ნავები და 11356 (გრიგოროვიჩ)-პროექტის, ისევე როგორც 21631-პროექტის (ბუიანი) მცირე საბრძოლო ხომალდები. დამატებით გადასროლილ იქნა საავიაციო ესკადრილიები (სუ30მ/სმ) და ტაქტიკური ბალისტიკური სისტემა "ისკანდერი", რითაც პრაქტიკულად დასრულდა სამხედრო ტერმინოლოგიით "შეღწევისა და სივრცის შეზღუდვის" იგივე Anti access/area denial (A2AD)ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება. მსგავსი "ქოლგები"რუსეთმა საკუთარი საზღვრის და არა მხოლოდ, გასწვრივ განალაგა, რამაც ევროპაში ნატო-ს ძალების ყოფილი სარდლის, გენერალ ფილიპ ბრიდლოვის განცხადებით, რუსეთს ძალის პროეცირების და, შესაბამისად, უფრო აგრესიული პოლიტიკის განხორციელების საშუალება მისცა.
წყარო: http://iswresearch.blogspot.com/2016/08/russian-anti-access-and-area-denial.html
ნათელია, რომ საქართველოსთან კომუნიკაციის გზების (საზღვაო, საჰაერო) უსაფრთხოება სერიოზულად გართულდა და გაცილებით რეალურს ხდის საქართველოს სრული იზოლაციის ალბათობას რუსეთის მხრიდან მორიგი დაპირისპირების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა, საქართველოს თავდაცვის მისიის განსახორციელებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების დროული ჩარევა. ეს კი მხოლოდ საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციების გზით არის შესაძლებელი, რომლის ეფექტური ჩაკეტვაც რუსეთს დღეისათვის სავსებით ხელეწიფება.
რუსული სამხედრო წარმომადგენლების განმარტებით მათი გემთსაწინააღმდეგო სარაკეტო "ხელი" იმდენად გრძელია, რომ, საკუთრივ, თურქულ სანაპიროებსაც კი წვდება. შესაბამისად, რუსული A2AD-ს ნეიტრალიზება ან გარღვევა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო-პოლიტიკურ ამოცანად იქცევა. ასევე ნათელია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აქტიური მონაწილეობის გარეშე, ხსენებული ამოცანა განწირული იქნება. ამრიგად, ყირიმის ანექსიის შემდეგ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი, ერთის მხრივ, მოიცავს ვიწრო გაგებით ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერების აუცილებლობას, ხოლო მეორეს მხრივ, ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატ საქართველოსთვის დახმარების ეფექტური მექანიზმების შექმნას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იძულებულიი გახდა, გადაედგა საპასუხო ნაბიჯები (იხ. ქვემოთ).
წყარო:http://www.dw.com/en/poland-welcomes-historic-nato-deployment-near-kaliningrad/a-38424403
განსაკუთრებით ვარშავის სამიტზე ნატო-მ ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების აუცილებლობას, თუმცა შავი ზღვის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს, მიუხედავად მათი მნიშვნელობის აღიარებისა, გაცილებით ნაკლები წონა მიენიჭა ბალტიის ქვეყნების მიმართულებასთან შედარებით.
თუ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში თითოეული საბრძოლო დაჯგუფება განლაგდა და დამატებითი საჰაერო პატრულირებისა და ლოგისტიკური უზრუნველყოფის შესაძლებლობები შეიქმნა, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მზადყოფნის სამოქმედო გეგმის ფარგლებში (Readiness Action Plan) გაცილებით მოკრძალებული ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, რუმინეთში (კრაიოვა) შეიქმნა მრავალეროვნული ბრიგადის სტრუქტურა და ლოგისტიკური ბაზა, რომელიც ასევე მრავალეროვნული დივიზიის შტაბ-ბინის დაქვემდებარებაში განთავსდა და ნატო-ს, ისევე როგორც პარტნიორი ქვეყნების ძალების, პერმანენტული წვრთნებით იქნება დაკავებული. ვარშავის სამიტის ფარგლებში მიღებული Tailored Forward Presence (TFP) ფორმატში აშშ-მ გადაისროლა 500 სამხედრო მოსამსახურე მიჰაილ კოგალნიჩეანუს (Mihail Kogalniceanu) მოწინავე ბაზაზე, რომელიც ასევე საჰაერო ბაზას წარმოადგენს და სადაც დამატებით საჰაერო კომპონენტი განთავსდა (ბრიტანული 4 ტაიფუნის გამანადგურებელი) საჰაერო პატრულირების მისიის გასაძლიერებლად.
დამატებით, ალიანსმა საზღვაო საჰაერო პატრულირების, დაზვერვა-თვალთვალისა და რეკოგნოსცირებისა და საჰაერო კონტროლისა და გაფრთხილების (ავაქსის) სისტემები განალაგა. რაც შეეხება საზღვაო კომპონენტს, ალიანსმა აღიარა კოორდინაციის ამაღლების აუცილებლობა ნატო-ს მუდმივი მზადყოფნის საზღვაო ძალებსა და ალიანსის შავი ზღვის რეგიონის წევრებს შორის. ეს ინიციატივა გულისხმობს საბრძოლო ხომალდების გაცილებით ხშირ ვიზიტს რუმენითისა და ბულგარეთის საზღვაო ბაზებში, საზღვაო წვრთნების ინტენსივობის ზრდას და ვითარების ცოდნის/ფლობის გაუმჯობესებას.
უნდა აღინიშნოს, რომ საზღვაო კომპონენტის გაძლიერება ყველაზე პრობლემატურ სფეროს წარმოადგენს, რადგანაც ნატო-ს ფლოტის შავ ზღვაში ნებისმიერი გაძლიერება პირდაპირ გულისხმობს არა შავის ზღვის ქვეყნების ძალების შემოყვანის აუცილებლობას, რაც მონტროს კონვენციით მკაცრად შეზღუდულია (რაოდენობა, ტონაჟი, დარჩენის ხანგრძლივობა). ხოლო რუმინეთსა და ბულგარეთს საშუალოვადიან პერსპეტივაში არ გააჩნიათ საზღვაო ფლოტის საგრძნობი გაძლიერების გეგმები. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რუმინეთში (დევეშელუ) განლაგებულია ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის ბაზა, რომელიც SM3 Block IB ტიპის 24 რაკეტით ოპერატიულ მზადყოფნაში 2016 წლის აგვისტოში შევიდა და რუსეთისთვის სტრატეგიულად მიუღებელ ფაქტორს წარმოადგენს.
ამრიგად, ნათლად იკვეთება რეგიონალური უსაფრთხოების კონტურები, რომელიც საქართველოსთვის არც თუ სახარბიელოა. ნატო-ს მიერ გადადგმული ნაბიჯები აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებლად მხოლოდ ნატო-ს წევრების შესაძლებლობების გაუმჯობესებაზეა მიმართული და ისიც მხოლოდ დოზირებულ ხასიათს ატარებს. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო, ანუ საქართველო, არ არის ჩართული ამ ფორმატში, და მხოლოდ ალიანსის წვრთნებში მონაწილეობის კონტექსტში შეიძლება განიხილებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი მუდმივად მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ წვრთნებში, როგორიცაა Nobel Partner და Agile Spirit, ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფაში მათი მნიშვნელობა არ უნდა იქნას გადაჭარბებულად შეფასებული და ალიანსისთვის ერთგვარ ტესტ-ინდიკატორს წარმოადგენს, ძალების ეფექტური გადასროლისთვის ევროპულ კონტინენტზე. შესაბამისად, სამხედრო ფაქტორის კრიტიკული მნიშვნელობის მიუხედავად, აშკარაა რომ საქართველოსთვის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი გაცილებით კომპლექსური და ფართო საკითხია, ვიდრე მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური. ეკონომიკური ფაქტორების უდიდესი მნიშვნელობის არდანახვა დაუშვებელია. თუ საქართველოს სასარგებლოდ დამატებითი სამხედრო-პოლიტიკური ბერკეტების გამოყენება ობიექტურად შეზღუდულია, ეკონომიკური (სავაჭრო-სატრანსპორტო, ენერგეტიკული) ფაქტორების ინტენსიფიკაცია ანბანურ აუცილებლობას წარმოადგენს უსაფრთხოების მყარი გარანტიების პოზიტიური წინაპირობის შესაქმნელად, მსგავსად იმ ეფექტისა, რაც 90-იანი წლების მიწურულს, ტრასეკა-ს და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტების ჯერ გახმოვანებას, ხოლო შემდეგ განხორციელებას მოყვა.
სწორედ სატრანსპორტო და სატრანზიტო ფუნქცია წარმოადგენს იმ ასათვისებელ ნოყიერ ნიადაგს, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლომდე არ არის გამოყენებული და რომელსაც საგრძნობი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის უსაფრთხოების გამყარებაში, სწორედ მზარდი ეკონომიკური დაინტერესების გამო. საინტერესოა, რომ ჩინეთის გლობალური სატრანსპორტო-საინვესტიციო პროექტში One Belt One Road საქართველოს (მის მაგისტრალებს და პორტებს) პრაქტიკულად არავითარი მნიშვნელობა ენიჭება (იხილეთ სურათი ქვემოთ) ძირითადი სატრანსპორტო ნაკადების თვალსაზრისით, რაც საგანგაშოა.
წყარო: https://www.thebeijinger.com/blog/2017/05/09/one-belt-one-road-what-expect-beijing-meetings-may-14-15
როგორც ჩანს, ძირითადი აქცენტი ისევ რუსეთზე, ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, ირანსა და თურქეთზე კეთდება საქარველოს გვერდის ავლით დასავლეთისკენ ტვირთების გადასაზიდად. ასოცირების ხელშეკრულებისა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის ფონზე ამ გლობალურ პროექტში მნიშვნელოვანი ადგილის არ თუ ვერდაკავება იქნებოდა სტრატეგიული შეცდომა, ხოლო ტრანსკასპიური გაზსადენის იდეის განხორციელებასთან ერთად ის წარმოუდგენელ დიდ ბიძგს მისცემდა როგორც ჩინეთის, ასევე ევროკავშირის მხრიდან სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დამატებითი ინვესტიციების ჩადებისთვის.
საქართველოსთვის უსაფრთხოების პოლიტიკური გარანტიის შემდგომ ეტაპს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა წარმოადგენს (MAP), რომელიც ამ ეტაპზე ძნელად მისაღწევი გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, ალტერნატიულ გზად რჩება უსაფრთხოების განმტკიცების ორმხრივი ფორმატი, რომელიც საქართველომ აქტიურად უნდა გამოიყენოს პირველ რიგში თავის სტრატეგიულ პარტნიორ, აშშ-სთან მიმართებაში, მაგრამ ასევე თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთთან მიმართებაში.
უნდა მოხდეს მთავარი პრინციპის ლობირება და ცხოვრებაში გატარება, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყველა მეზობლის და გლობალური აქტორის სტრატეგიულ ინტერესში უნდა შედიოდეს. ეს კი, ცხადია, მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორებით ვერ იქნება განპირობებული. თუ აშშ საქართველოში პირდაპირ განიხილება სამხედრო თავდაცვისუნარიანობის მდგრადობის, ზრდისა და გარანტიის ჭრილში (სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნების ზრდა), რაც ლოგიკურიცაა, ევროკავშირთან მიმართებაში მაქსიმალური აქცენტი უნდა გაკეთდეს სამეზობლო პოლიტიკისა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დადგენილი მიზნების შესრულებაზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე და, განსაკუთრებით, ეკონომიკურ ჭრილში. აღნიშნული ნაბიჯები გამოიწვევს, ზოგადად, ეკონომიკის (განს. სატრანსპორტო-ენერგეტიკული) და მისი წონის ზრდას სტრატეგიულ რუკაზე დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას რეგიონალური მასშტაბით, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფორმატებში მზარდ ჩართულობას და სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის ფორმატების ინტენსიფიკაციას.
ერთობლიობაში, ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორი გაცილებით გაამყარებს საქართველოს უსაფრთხოების მექანიზმებს, საგრძნობლად გაართულებს რუსეთის მხრიდან აგრესიის განახლების შესაძლებლობას და სავსებით რეალურს გახდის ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო ეტაპის სწრაფ და წარმეტებით დაგვირგვინებას.
გამოყენებული წყაროები:
http://www.atlanticcouncil.org/images/publications/NATO_Strategy_Black_Sea_Region_web_1004.pdf
https://www.files.ethz.ch/isn/115942/2010_PolicyReport-2.pdf
http://ukrainianweek.com/Security/50806
http://www.marinevesseltraffic.com/2013/06/black-sea-marine-traffic.html
https://sputniknews.com/russia/201608071044034181-russian-karakut-warships-analysis/
https://themoscowtimes.com/articles/black-sea-rising-rebirth-of-a-russian-fleet-52191
https://www.csis.org/analysis/nato-and-russia-black-sea-new-confrontation
https://www.csis.org/analysis/geostrategic-importance-black-sea-region-brief-history
https://www.thecipherbrief.com/article/europe/nato-zeros-black-sea-security-1091
http://www.dw.com/en/poland-welcomes-historic-nato-deployment-near-kaliningrad/a-38424403
http://iswresearch.blogspot.com/2016/08/russian-anti-access-and-area-denial.html
https://sputniknews.com/infographics/201705131053558718-russia-black-sea-fleet/
http://www.eur.army.mil/noblepartner/