ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებულობა გამოწვევად რჩება
მცირე და საშუალო ბიზნესს კვლავაც მწირი ინფომრაცია აქვთ DCFTA-ს თაობაზე
სურსათის უვნებლობადა ფიტოსანიტარია ბოლო წლებია პრიორიტეტი გახდა სახელმწიფოსთვის, რაც ერთის მხრივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მეორეს მხრივ, ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს უკავშირდება. ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება საქართველოს არ ავალდებულებს ევროკავშირის კანონების კოპირებას და ქართულ მხარეს გარკვეულ ჩარჩოებში ლავირების შესაძლებლობას აძლევს. ახალი რეგულაციები არ უნდა იყოს იმაზე მეტად შემზღუდველი, ვიდრე აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, შესაბამისი რისკების გათვალისწინებით.
DCFTA IV თავი (სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები) ითვალისწინებს საქართველოს მიერ სურსათის უვნებლობის სფეროში დასაახლოებელი ევროკავშირის კანონმდებლობის ჩამონათვალის ევროკავშირისთვის წარდგენას შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში, რის შედეგადაც საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებისა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შედგა სურსათის უვნებლობის, ვეტარინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით მისაღები საკანონმდელბო აქტების ნუსხა. ევროკავშირის იმ სამართლებრივი აქტების ჩამონათვალის მიხედვით, რომლებთან საკანონმდებლო დაახლოებაც უნდა განხორციელდეს საქართველოს მიერ, სურსათის უვნებლობის კუთხით დაგეგმილია ევროკავშირის 102 სამართლებრივ აქტთან მიახლოება, ვეტერინარიის - 84 აქტთან, მცენარეთა დაცვის - 85 აქტთან. რომელთაგან 64 აქტის ქართული ანალოგი 2017 წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს. მიმდინარე ეტაპისათვის, დასრულებულია 55 აქტთან დაახლოება. ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელძღვანელის ლაშა ინაურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში არსებული ზოგიერთი აქტი უკვე შესაბამისობაში იყო ევროპულ ანალოგთან და აღარ იყო საჭრო მათი ცვლილება. ამჟამად, შემუშავებულია 2 საკანონმდებლო აქტის პროექტი: (1) ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა სურსათის შესახებ და (2) ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის შესახებ.
კერძოდ: 2015 წელს ვეტერინარიის მიმართულებით 2 აქტი შემუშავდა, სურსათის უვნებლობის - 9 და ფიტოსანიტარიის - 6 აქტი. 2016 წელს ვეტრეინარიის 7 აქტი, სურსათის უვნებლობის 9 და ფიტოსანიტარიის 2 აქტი განახლდა/შემუშავდა.
საკანონმდებლო ცვლილებათა უმეტესი ნაწილი გაწერილია 2018-2026 წლებზე. ახალი რეგულაციების მაღალი სიხშირე და მათთვის ფეხის აწყობა ბიზნესისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, თუ იდეალურად არ იქნება აწყობილი მათსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია.
ახალი რეგულაციები სარგებლის მომტანია საზოგადოების ერთი ნაწილისთვის (მაგალითად, მომხარებლისთვის), თუმცა დანახარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული კერძო სექტორისთვის (მაგალითად, სურსათის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის), რომელიც ამჟამად განვითარების დაბალ დონეზე იმყოფება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი წესებისა და კანონების შემუშავება/მიღების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინტენსიურ დიალოგს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა დარგში პოლიტიკის შემუშავების პროცესში, გათვალისწინებული იქნას ყველა მხარის პოზიცია, საწყის ეტაპზევე გამოვლინდეს ახალი რეგულაციებით გამოწვეული პოტენციური ხარჯები და შეძლებისდაგვარად მოხდეს მათი მინიმიზება.
აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის ფუნქციებში არა მხოლოდ ბიზნესოპერატორების კონტროლი და მონიტორინგი შედის, არამედ პროაქტიული კომუნიკაცია და დროული ინფორმირებაც. სააგენტოს დებულების მიხედვით მისი ერთ-ერთი ფუნქციაა საზოგადოების უზრუნველყოფა დროული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციით საფრთხეებისა და შესაძლო რისკების თაობაზე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესის ინფორმირებულობის ზრდისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან ადაპტაციის მიზნით გაიმართა რეგიონული შეხვედრები:
- სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა წარმოადგინა პრეზენტაცია DCFTA-ს შესაბამისად ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ევროკავშირიში ექსპორტის და შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესახებ, 20 ივნისს ქ.გორში ENPARD-ის პროგრამის მიერ ორგანიზებულ „სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერების პროექტის“ (EuropeAid/136454/ DH/ SER/GE) ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგიონალურ ფორუმზე;
- 2017 წლის 16 თებერვალს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შიდა ქართლის რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პრეპარატების ფალსიფიკაციასა და აგროქიმიკატების და პესტიციდების გამოყენებისას მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაზე.
- 2017 წლის 7 თებერვალს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები თბილისის აგრარული ბაზრების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო მოთხოვნები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ბიზნესოპერატორების მხრიდან ახალი რეგულაციების შესრულებასა და სურსათის ეტიკეტირების მოწესრიგებაზე.
- 2017 წლის 4 თებერვალს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პრეპარატების ფალსიფიკაციასა და აგროქიმიკატების და პესტიციდების გამოყენებისას მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაზე.
- 2017 წლის 24 თებერვალს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასტუმრო „ბომონდ გარდენში“, ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით, „სამოქალაქო დარბაზის“ მე-9 სხდომა გამართა. სააგენტოს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიმდინარე აქტუალური საკითხები განახლებულ ფორმატში განიხილეს. „სამოქალაქო დარბაზის“ სხდომა სამ თემატურ ჯგუფად გაიყო, სადაც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებულ ვითარებაზე, საკანონმდებლო სიახლეებზე, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესსა და 2017 წლის გეგმებზე იმსჯელეს. სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული „სამოქალაქო დარბაზის“ სხდომა ყოველკვარტალურად იმართება. მასში მეცნიერები, ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი;
- 2017 წლის 24 ივნისს სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლებს ,,რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შეტანილი ის ცვლილებები გააცნეს, რომელიც 2017 წლის 1 ივლისიდან შედის ძალაში. საქართველოს მთავრობის #152 დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ გამოყენება. აგრეთვე ცვლილებები შეეხო „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის“ განმარტებას;
- სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 19 ივნისს შეხვედრა გაიმართა ბიზნესოპერატორებთან და ლაბორატორიის წარმომადგენლებთან სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ და რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებების თაობაზე;
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე სუბიექტების დახმარება კანონმდებლობის მოთხოვნებთან ადაპტაციის მიზნით მეწარმეებთან ჩატარდა შეხვედრები მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ქვემო სვანეთსა და აჭარაში. ასევე, პერიოდულად სააგენტოს საიტზე მეწარმეებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოები ქვეყნდება. მაგალითად, გზამკვლევი "ქართული თაფლის გზა ევროპისაკენ", "სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო".
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, შემუშავებულია სახელმძღვანელოები ფერმრებისათვის და ბიზნესოპერატორებისათვის, ტარდება რეგიონული შეხვედრებიც. თუმცა სხვადასხვა კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ მოსახლეობა და მცირე ბიზნესი ჯერ კიდევ არ ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. მაგალითად, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხული სურსათის მწარმოებელი 89 მცირე და საშუალო საწარმოდან მხოლოდ 39%-მა დაასახელა, რომ იცოდა DCFTA-ს შედეგად ბაზრის ხელმისაწვდომობის და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ; ასევე, გამოკითხულთა 43%-მა არ იცის DCFTA-ს მოსალოდნელ სარგებელზე, 47%-მა კი მის მიერ გამოწვეულ შეზღუდვებზე. კვლევის შედეგები გამოსახულია ქვემოთმოყვანილ გრაფიკებზე.
გრაფიკი 1.
გრაფიკი 2.
მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლებში ინფორმაციის არქონაზე პასუხისმგებლობა თავად მწარმოებლებსაც ეკისრებათ, სამთავრობო უწყებების მოდგომა ბიზნესისადმი, კონტროლისა და მონოტორინგის გარდა, მათთან თანამშრომლობაცაა. საჭიროა მეტი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა საშუალებებით, ისე, რომ ეს ინფორმაცია იყოს მარტივად გასაგები, ორგანიზებული და ადვილად ხელმისაწვდომი, რაშიც დიდ დახმარებას გვიწევს თანამედროვე ტექნოლოგიები.
ავტორი: მარიამ ლუკაშვილი