საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ოპტიმიზაციის შესახებ
შესავალი
ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს (DCFTA) საქართველოს სოფლის მეურნეობა და სურსათის გადამამუშავებელი ინდუსტრია სრულიად ახალ დონეზე აჰყავს. შესაბამისად, იცვლება ადგილობრივი ბაზარი და მასზე მოქმედი წესები. შეთანხმება ქართველ მეწარმეებს, ასევე, უხსნის გზას ევროკავშირის ბაზრისკენ, საბაჟო ტარიფებისა და კვოტების გაუქმების შედეგად. თუმცა აღნიშნული ვერ განხორციელდება სხვადასხვა სექტორებში ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გარეშე, რაც მოითხოვს ცვლილებებს კანონმდებლობაში, ახალ რეგულაციებსა და წესებს ბიზნესოპერატორებისთვის, რაც ხშირად არც თუ მარტივი პროცესია. ამიტომ სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ ახალმა გარემომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოიტანოს ქვეყნისთვის და პროცესმა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩაიაროს ბიზნესისთვის.
ევროკავშირთან თანამშრომლობისა და ინტენსიური საკანონმდებლო ცვლილებების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ სუბიექტებთან ეფექტურ კომუნიკაციას, ვისზეც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს საკანონმდებლო ცვლილებები. დღევანდელ მსოფლიოში კომუნიკაციის ეფექტიანობას დიდად უწყობს ხელს თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც უკვე არც ჩვენი ქვეყნისთვის არის უცხო. როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორი აღნიშნულ საშუალებებს ინტენსიურად იყენებს. მათ რიცხვშია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლებსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის არაერთი არხი გააჩნიათ. აღნიშნული დოკუმენტი სწორედ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მის ვებ-გვერდს ეხება და შეიცავს რეკომენდაციებს იმაზე, თუ როგორ გაუმჯობესდეს მათსა და დაინტერესებულ პირებს შორის ინფორმაციის გაცვლა.
პრობლემის აღწერა
სურსათის უვნებლობა ბოლო წლებია პრიორიტეტი გახდა სახელმწიფოსთვის, რაც ერთის მხრივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მეორეს მხრივ, ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს უკავშირდება. ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება საქართველოს არ ავალდებულებს ევროკავშირის კანონების კოპირებას და ქართულ მხარეს გარკვეულ ჩარჩოებში ლავირების შესაძლებლობას აძლევს. ახალი რეგულაციები არ უნდა იყოს იმაზე მეტად შემზღუდველი, ვიდრე აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, შესაბამისი რისკების გათვალისწინებით. ასოცირების შეთანხმების დანართში XI-A წარმოდგენილია პრინციპები ეკვივალენტობის აღიარების მიზნით დაახლოების პროცესში პროგრესის შესაფასებლად, კერძოდ:
საქართველოს სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ცხოველთა კეთილდღეობის კანონმდებლობა ეტაპობრივად უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირის მხარისას, რომელიც დაეფუძნება ევროკავშირის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ცხოველთა კეთილდღეობის კანონმდებლობის დაახლოების ჩამონათვალს. ჩამონათვალი უნდა დაიყოს პრიორიტეტულ სფეროებად, რომელიც უკავშირდება ღონისძიებებს, როგორც ეს განსაზღვრულია ასოცირების შეთანხმების IV დანართში. ამ მიზნით საქართველომ უნდა განსაზღვროს ვაჭრობის საკუთარი პრიორიტეტული სფეროები.
ქართულმა მხარემ უნდა დაუახლოოს ეროვნული წესები ევროკავშირის კანონმდებლობას:
- დამატებითი ეროვნული წესების ან პროცედურების მიღების საშუალებით, რომელთა მიზანია ევროკავშირის შესაბამისი საბაზისო კანონმდებლობის წესების განხორციელება და აღსრულება, ან
- არსებულ შესაბამის ეროვნულ წესებში ან პროცედურებში ცვლილებების შეტანა, ევროკავშირის შესაბამის საბაზისო კანონმდებლობაში განსაზღვრული წესების ასახვის მიზნით.
- ნებისმიერ შემთხვევაში, ქართულმა მხარემ უნდა:
- გააუქმოს ნებისმიერი კანონი, რეგულაცია ან სხვა ნებისმიერი ზომა, რომელიც არ არის შესაბამისობაში დაახლოებულ ეროვნულ კანონმდებლობასთან;
- უზრუნველყოს დაახლოებული ეროვნული კანონმდებლობის ეფექტიანი იმპლემენტაცია.
DCFTA IV თავი (სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები) ითვალისწინებს საქართველოს მიერ სურსათის უვნებლობის სფეროში დასაახლოებელი ევროკავშირის კანონმდებლობის ჩამონათვალის ევროკავშირისთვის წარდგენას შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში. რის შედეგადაც საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებისა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შედგა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით მისაღები საკანონმდელბო აქტების ნუსხა. სურსათის უვნებლობის კუთხით დაგეგმილია ევროკავშირის 102 სამართლებრივ აქტთან მიახლოება, ვეტერინარიის მიმართულებით - 84 აქტთან, მცენარეთა დაცვის - 85 აქტთან. რომელთაგან, 64 აქტის ქართული ანალოგი 2017 წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს. მიმდინარე ეტაპისთვის დასრულებულია ევროკავშირის 55აქტთან მიახლოება. ასევე, შემუშავებულია 2 საკანონმდებლო აქტის პროექტი: (1) ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა სურსათის შესახებ და (2) ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის შესახებ. საკანონმდებლო ცვლილებათა უმეტესი ნაწილი გაწერილია 2018-2026 წლებზე. ახალი რეგულაციების მაღალი სიხშირე და მათთვის ფეხის აწყობა ბიზნესისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, თუ იდეალურად არ იქნება აწყობილი მათსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია.
ახალი რეგულაციები სარგებლის მომტანია საზოგადოების ერთი ნაწილისთვის (მაგალითად, მომხმარებლისთვის), თუმცა დანახარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული კერძო სექტორისთვის (მაგალითად, სურსათის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის), რომელიც ამჟამად განვითარების დაბალ დონეზე იმყოფება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი წესებისა და კანონების შემუშავება/მიღების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინტენსიურ დიალოგს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა დარგში პოლიტიკის შემუშავების პროცესში, გათვალისწინებული იქნას ყველა მხარის პოზიციები, საწყის ეტაპზევე გამოვლინდეს ახალი რეგულაციებით გამოწვეული პოტენციური ხარჯები და შეძლებისდაგვარად მოხდეს მათი მინიმიზება.
აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის ფუნქციებში არა მხოლოდ ბიზნესოპერატორების კონტროლი და მონიტორინგი შედის, არამედ პროაქტიული კომუნიკაცია და დროული ინფორმირებულობაც. სააგენტოს დებულების მიხედვით მისი ერთ-ერთი ფუნქციაა საზოგადოების უზრუნველყოფა დროული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციით საფრთხეებისა და შესაძლო რისკების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, შემუშავებულია სახელმძღვანელოები ფერმრებისათვის და ბიზნესოპერატორებისათვის, ტარდება რეგიონული შეხვედრებიც. თუმცა სხვადასხვა კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ მოსახლეობა და მცირე ბიზნესი ჯერ კიდევ არ ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. მაგალითად, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხული სურსათის მწარმოებელი 89 მცირე და საშუალო საწარმოდან მხოლოდ 39%-მა დაასახელა, რომ იცოდა DCFTA-ს შედეგად ბაზრის ხელმისაწვდომობის და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ; ასევე, გამოკითხულთა 43%-მა არ იცის DCFTA-ს მოსალოდნელ სარგებელზე, 47%-მა კი მის მიერ გამოწვეულ შეზღუდვებზე. კვლევის შედეგები გამოსახულია ქვემოთ მოყვანილ გრაფიკებზე.
გრაფიკი 1.
გრაფიკი 2.
მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლებში ინფორმაციის არქონაზე პასუხისმგებლობა თავად მწარმოებლებსაც ეკისრებათ, სამთავრობო უწყებების მიდგომა ბიზნესისადმი, კონტროლისა და მონიტორინგის გარდა, მათთან თანამშრომლობაცაა. საჭიროა მეტი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა საშუალებებით, ისე, რომ ეს ინფორმაცია იყოს მარტივად გასაგები, ორგანიზებული და ადვილად ხელმისაწვდომი, რაშიც დიდ დახმარებას გვიწევს თანამედროვე ტექნოლოგიები.
ამ კუთხით, დიდ როლს თამაშობს ინტერნეტი და სახელმწიფო უწყებების ოფიციალური ვებ-გვერდები. რეგიონებში ინტერნეტიზაციის ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს კომპიუტერს, სმარტფონს თუ სხვა მოწყობილობებს ინფორმაციის მისაღებად. შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები შემუშავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და Dcfta.gov.ge საიტების შესწავლის შედეგად. ასევე, შესწავლილ იქნა არაერთი ქვეყნის (აშშ, კანადა, რუსეთი, იაპონია, ახალი ზელანდია,ფილიპინები ჰოლანდია, ავსტრია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვა.) ანალოგიური უწყებების ვებ-გვერდები და მათი ფუნქიები, რისი შედეგებიც წარმოდგენილია რეკომენდაციების სახით.
რეკომენდაციები
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალება გააჩნია, რომელთაგან ოფიციალური ვებ-გვერდი ერთ-ერთი მთავარი წყაროა დაინტერესებული პირებისთვის. გვერდი ცოტა ხნის წინ განახლდა და ის დღეს უფრო მეტად ინფორმაციულია. თუმცა ურიგო არ იქნება მისი კიდევ უფრო დახვეწა და მომხმარებლის ინტერესებზე მორგება. ჩვენ შევისწავლეთ არაერთი ქვეყნის ანალოგიური ინსტიტუტი და მათი საქმიანობა. ანალიზი გავუკეთეთ მათ ოფიციალურ გვერდებს ინტერნეტში და შევიმუშავეთ რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც, ჩვენი აზრით, გაზრდის სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ინფორმაციის გავრცელების ეფექტიანობას. კერძოდ:
- ინფორმაციის დახარისხება სამიზნე ჯგუფების მიხედვით
ამჟამად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდი მეტწილად ორიენტირებულია ბიზნესოპერატორებზე. თუმცა, არანაკლები ყურადღება უნდა მიექცეს მომხმარებლებს და მათ ინფორმირებას. ამიტომ, პირველ რიგში, გვერდს უნდა დაემატოს სურსათის მომხარებლებისთვის საინტერესო ინფორმაცია. ინფორმაცია უნდა დახარისხდეს სამიზნე ჯგუფების (მომხმარებლებისა და მეწარმეების) მიხედვით ცალ-ცალკე, რათა დაინტერესებულმა პირმა ადვილად შეძლოს ორიენტირება და მისთვის საინტერესო სიახლეების პოვნა, მაგალითად, მომხარებლებისთვის ინტერესის საგანს ხშირად წარმოადგენს სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმებების შედეგები, გაფრთხილება ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ პროდუქტებზე, ინფორმაცია პროდუქტში არსებულ საშიშ ინგრედიენტებზე და სხვა.
მაგალითი (ირლანდიის სურსათის უვნებლობის სამსახური)[1]:
ასევე, მომხმარებლებისთვის უნდა გაუმჯობესდეს შესაძლებლობა მიმართონ სააგენტოს აღმოჩენილი დარღვევებისა თუ საეჭვო პროდუქციის შემთხვევაში. აღნიშნული უნდა იყოს შესაძლებელი სურათისა თუ ვიდეოს ატვირთვის გზით, ისე, როგორც ეს ხდება არაერთ ქვეყანაში. აღნიშნული ფუნქცია მორგებული უნდა იყოს სმარტფონზე, რათა მისი ოპერატიულად გამოყენება მარტივი იყოს.
მაგალითი (კანადის საკვების ინსპექტირების სააგენტო)[2]:
მაგალითი (დიდი ბრიტანეთის სურსათის სტანდარტების სააგენტო)[3]
ვებ-გვერდზე იზოლირებულად უნდა იყოს ინფორმაცია ბიზნესოპერატორებისთვის. ის შეძლებისდაგვარად უნდა დახარისხდეს თემატურად. სეს-ის ვებგვერდი ამჟამად ბევრ სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს, თუმცა ხშირად ადგილი აქვს მათ აღრევას, რაც ართულებს სასურველი ინფორმაციის პოვნას.
მაგალითი (ისრაელის სურსათის ეროვნული სამსახური)[4]:
პრაქტიკული იქნება ინფორმაციის დახარისხება ექსპორტიორებისა და იმპორტიორებისთვის ცალ-ცალკე. იმპორტიორების განყოფილებაში თავმოყრილი იქნება ყველა ის ინფორმაცია, რასაც საქართველოში სურსათის იმპორტისას ყურადღება უნდა მიექცეს. ექსპორტიორებისთვის შესაძლებელია ინფორმაცია დაიყოს ექსპორტის ქვეყნების მიხედვით (მაგალითად, ევროკავშირი, დსთ და სხვა), რადგან წესები და რეგულაციები ხშირად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. აღნიშნულ განყოფილებაში მარტივად უნდა იყოს აღწერილი ყველა საჭირო ნაბიჯი, რაც საქართველოდან პროდუქტის ექსპორტისას უნდა გადადგას მეწარმემ.
მაგალითი (ფინეთის სურსათის უვნებლობის სააგენტო)[5]
მართალია სურსათის სააგენტოს პირდაპირი მოვალეობა არ არის, თუმცა ურიგო არ იქნება, თუ გვერდს ექსპორტიორებისთვის დაემატება პრაქტიკული შინაარსის ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა არსებული ექსპორტიორების სია, გადამზიდავების საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ. აღნიშნული ხელს შეუწყობს ექსპორტიორების ურთიერთ დაკავშირებას და მათ შორის თანამშრომლობას. ასევე, უნდა დაემატოს ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო აკრედიტირებული და მასერთიფიცირებელი ლაბორატორიების შესახებ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ევროკავშირში ექსპორტით დაინტერესებულ პირებს გამოადგებათ, რომელთაც ხშირად უჭირთ შესაბამისი ინფორმაციის მოიძიება.
- ვიდეო-ინსტრუქციები
არაერთ ქვეყანაში დაინტერესებული პირების ინფორმირებისთვის გამოიყენება სპეციალური ვიდეო-რგოლები. კერძოდ, არსებობს ვიდეო-ინსტრუქციები როგორცმომხმარებლებისთვის, ისე ფერმერებისა და მწარმოებლებისთვის პრაქტიკულ საკითხებზე. მსგავსი არქივის შექმნისთვის არ არის აუცილებელი დამატებითი ხარჯების გაღება და ახალი რგოლების დამზადება. ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია ინტერნეტ-სივრცეში უკვე არსებული რგოლების გამოყენება და უცხოური რგოლების თარგმნა. იქვე უნდა არსებობდეს მათი სოციალურ ქსელებში გაზიარების და კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა, სადაც დაინტერესებულმა პირებმა შესაძლოა ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება.
მაგალითი (ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის სააგენტო)[6]
- ღონისძიებების კალენდარი და სიახლეების გამოწერა
ხშირად, სახელმწიფო თუ არასამთავრობო უწყებების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე დასწრებას ვერ ახერხებენ დაინტერესებული პირები, რადგან მათთან დროულად არ მიდის ინფორმაცია. დაგეგმილი ღონისძიებების კალენდრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება და მათზე ონლაინ რეგისტრაციის შესაძლებლობა საშუალებას მისცემს ყველა დაინტერესებულ სუბიექტს არ გამოტოვოს მისთვის საინტერესო შეხვედრა და დაესწროს მას. მსგავსი პრაქტიკა არსებობს თითქმის ყველა ქვეყანაში.
ვებგვერდს ასევე უნდა დაემატოს სიახლეების გამოწერის ფუნქცია, რომელიც პირს საშუალებას მისცემს ავტომატურ რეჟიმში მიიღოს სიახლეები იმეილის თუ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, მათ შორის, დაგეგმილი თუ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.
მაგალითი (ლიტვის სურსათისა და ვეტერინარიის სერვისი)[7]
- ინფორმაცია დამწყები ბიზნესოპერატორებისთვის (start-up-ებისთვის)
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დამწყებბიზნესოპერატორებს, რომელთათვისაც, გამოცდილი მეწარმეებისგან განსხვავებით, შედარებით რთულია საკანონმდებლო ლაბირინთებში გარკვევა. ისე, როგორც ეს უამრავ ქვეყანაშია, მათთვის ვებ-გვერდზე უნდა არსებობდეს ცალკე სექცია, სადაც დამწყები მეწარმისთვის განმარტებული იქნება ყველა ნაბიჯი და რეგულაცია პროდუქციის წარმოების და ბაზარზე განთავსების პროცესში. მსგავსი გზამკვლევი საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირს წესების დაცვით დაიწყოს და წარმართოს საკუთარი საქმიანობა, რაც მომხმარებლის ინტერესებში შედის.
მაგალითი (დიდი ბრიტანეთის სურსათის სტანდარტების სააგენტო[8])
აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ძალიან პრაქტიკულია ილუსტრირებული ბროშურები და სახელმძღვანელოები, რის ნაკლებობასაც ამჟამად განიცდის სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდი. მეწარმეთათვის ინფორმაციის მიწოდება საკანონმდებლო აქტების ტექსტების ასლების გზით, ხშირად არაეფექტურია, რადგან ის დაწერილია რთულ ენაზე. აღნიშნული რეგულაციების მარტივ ენაზე და ფოტოების საშუალებით მიწოდება ამარტივებს წესების აღქმას და უადვილებს ბიზნესოპერატორს მის დაცვას.
მაგალითი (ლიტვის სურსათისა და ვეტერინარიის სერვისი)[9]
- ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
არაერთი ორგანიზაცია ადამიანური რესურსების დაზოგვის მიზნით, საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს ე.წ. ხშირად დასმულ კითხვებს (FAQ). თუ სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნდება ხშირად დასმული კითხვები პასუხებითურთ და ის დახარისხებული იქნება სფეროების მიხედვით, მნიშვნელოვნად შემცირდება მოსახლეობის მიმართვიანობა პირადად, სააგენტოს ცხელ ხაზზე თუ ფოსტის საშუალებით. ეს კი დაზოგავს სააგენტოს რესურსებს.
მაგალითი (ლიტვის სურსათისა და ვეტერინარიის სერვისი)[10]
- უკუკავშირის გაძლიერება
ხშირად, ბიზნესსექტორი სამართლიანად გამოთქვამს პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ამა თუ იმ საკანონმდებლო ცვლილების შემუშავებამდე თუ მისი მიღების შემდეგ, სათანადოდ არ მოისმინეს მათი მოსაზრებები და შესაბამისად, არ მოხდა მათი პოზიციების გათვალისწინება. სააგენტოს ვებ-გვერდს შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი ფუნქცია, რომლის მიხედვით სურსათის უვნებლობის კუთხით დაგეგმილ თუ უკვე მიღებულ საკანონდებლო ცვლილებაზე კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა ნებისმიერ პირს მიეცემა საჯაროდ. მსგავსი მოდელი წარმატებით მუშაობს არაერთ ქვეყანაში, სადაც კანონშემოქმედებით პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებს. აღნიშნული პრაქტიკის დანერგვა გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაში კერძო სექტორის ჩართულობას.
მაგალითი (დიდი ბრიტანეთის სურსათის სტანდარტების სააგენტო):
მოსალოდნელი შედეგები
ზემოხსენებული რეკომენდაციები არ ითვალისწინებს დიდ ფინანსურ დანახარჯებს. აღნიშნული ცვლილებების განხორციელებაში დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაც არის შესაძლებელი. შედეგად კი, გაიზრდება სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის ეფექტიანობა. მომხმარებლები შეძლებენ თვალყური ადევნონ მათთვის საინტერესო თემებს, გაზარდონ საკუთარი ცნობიერება და დაიცვან საკუთარი უფლებები.
მეწარმეები, ბიზნესოპერატორები დროულად მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი თუ უკვე განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რაც გაუმარტივებს მათ საკუთარი ბიზნესის ადაპტირებას შეცვლილ გარემოსთან.
თავის მხრივ, სარგებელს მიიღებს სააგენტოც. ძლიერი უკუკავშირის მექანიზმების დანერგვით, სააგენტო დროულად მიიღებს კერძო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებებს და გაითვალისწინებს მათ პოზიციას. ინფორმირებული ბიზნესოპერატორი ნიშნავს ნაკლებ დარღვევას, ნაკლები კონტროლის აუცილებლობას და უფრო მეტად დაცულ მომხმარებელს.
[2] http://www.inspection.gc.ca/food/information-for-consumers/eng/1299093858143/1303766424564
[5]https://www.evira.fi/en/foodstuff/import-and-export/
[6]https://www.foodsafety.gov/multimedia/index.html
[9]http://vmvt.lt/sites/default/files/prekes_zenklinimo_lankstinukas20140602_0.pdf