თუშმა ფერმერმა ყველის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა
22 წლის თუში ფერმერი კახა აბულიძე იტალიაში გამართული საერთაშორისო ყველის ფესტივალის გამარჯვებული გახდა. კახა აბულიძემ ჯილდო თუშური გუდის ყველისთვის აიღო, რომელსაც თუშეთში მდებარე კოოპერატივი “ალაზნისთავი” აწარმოებს.
უნიკალურმა თუშურმა გუდის ყველმა ფესტივალის მონაწილეებისა და ჟიურის წევრების დიდი მოწონება დაიმსახურა. ყველის ფესტივალი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ, იტალიის ქალაქ ბრაში ტარდება, საერთაშორისო ორგანიზაცია “Slow Food”-ის მიერ იყო ორგანიზებული.
1989 წელს შექმნილი, ეს ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანს აერთიანებს და მისი ერთ-ერთი მიზანი უნიკალური საკვები პროდუქტების ბუნებრიობისა და ტრადიციების შენარჩუნება, ასევე მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციაა.
ქართველმა ფერმერებმა საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და EBRD-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიიღეს. პროექტი საქართველოს მერძევეობის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებასა და მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას ისახავს მიზნად.
რამდენიმე თვის წინ EUGeorgia.info-მ პროექტის კოორდინატორთან, კატერინა პობერეჟნასთან გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელმაც ქართული ტრადიციული ყველის უნიკალურ თვისებებს გაუსვა ხაზი.
საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულის, კახა აბულაძის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ალაზნისთავი“ 2015 წელს, „ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის“ (ENPARD) და მის მიერ დაფინანსებული პროექტის, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, როგორც თუშური გუდის ყველის ტრადიციული ტექნოლოგიით მწარმოებელი კოოპერატივი შეიქმნა.
“კახა აბულიძე 22 წლის ფერმერია. მისი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი აწარმოებს თუშურ გუდის ყველს. ტრადიციული ყველი თუშეთის რეგიონიდან - ცხვრის ან ძროხის რძით ან მათი შერევით კეთდება და გამორჩეულია იმით, რომ ცხვრის ან ხბოს ტყავისგან დამზადებულ გუდაში სულ მცირე 60 დღის განმავლობაში მწიფდება”, - წერსٍ Slow Food-ი.
ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მწყემსური მეურნეობა თუშეთის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა.
“მწყემსები გამორჩეულ როლს ასრულებენ ამ ძალიან რთულ რეგიონში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ თუშური გუდის ყველი ასევე, შეყვანილია Slow Food-ის ელექტრონულ კატალოგში, სახელწოდებით Ark of Taste (“გემოს კიდობანი”), სადაც დეტალურად აღწერილია თუშური გუდის ყველის წარმოების პროცესი.
საწარმოო ფერმა „ალაზნისთავი“ ზღვის დონიდან 2 100 მეტრზე მდებარეობს, ხოლო კოოპერატივის საზაფხულო იალაღები კი ზღვის დონიდან 2000 – 3 200 მეტრამდე ვრცელდება, ალპურ და სუბალპურ ტერიტორიებზე, რაც ტრადიციულ ტექნოლოგიასთან ერთად განაპირობებს კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქციის უნიკალურობასა და ხარისხს.
„ალაზნისთავში” ამოჰყავთ ნამდვილი გუდის ყველი, უძველეს ტრადიციებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით.
ამჟამად “ალაზნისთავი” ამზადებს ოთხი სახის ტრადიციულ გუდის ყველს:“სვილობი”- ცხვრის გუდა, “ლარტუშო”- ძროხის გუდა, “დოვნა”- ცხვრისა და ძროხის რძის შერეული გუდა და “ჩოგი”- მდნარი გუდის ყველი. თითოეული ერთმანეთისაგან განსხვავდება შემადგენლობით და გემოვნური თვისებებით.
“ალაზნისთავის” პროდუქციის ნაწილი ექსპორტზე აშშ-სა და ისრაელში გადის. დღეისათვის საწარმოში, ყოველწლიურად, მზადდება 6 - 8 ტონა ყველი. შემდეგ წლებში საწარმო მოცულობის 15 ტონამდე გაზრდასა და ბიო სტანდარტის დანერგვას გეგმავს.