ასრულებს თუ არა საქართველო სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ასოცირების შეთანხმების ვალდებულებებს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი ეკონომიკური ნაწილის (DCFTA) ძალაში შესვლის შემდეგ, ქართული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე დაშვების გარდა ქართულ ბიზნესს სხვა „შესაძლებლობების ფანჯარაც“ გაეხსნა. 2022 წელს თუ საქართველო შესყიდვების სფეროში საკანონმდებლო მიახლოების პროგრამას წარმატებით დაასრულებს, ქართული კომპანიები ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გამოცხადებული საჯარო ტენდერების მოგება ქართულ კომპანიებსაც შეეძლებათ, რაც ქართული ეკონომიკისთვის დამატებით მსხვილ შემოსავლებს მოიტანს.
საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდეგი განვითარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროცესად არის აღიარებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით. სახელმწიფოს მიერ შესყიდვებში დახარჯული თანხა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 12%-ს შეადგენს.
ამ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში 68 უცხოური ქვეყნის 1123 არარეზიდენტი მომწოდებელი მონაწილეობს.
ასოცირების შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-8 თავი (საჯარო შესყიდვები) სახელმწიფო შესყიდვებს ეხება, სადაც ევროკომისიის დირექტივების მიხედვით გათვალისწინებული ვალდებულებები დეტალურად არის გაწერილი, რაც კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოებას გულისხმობს.
2016 წლის 16 მარტს საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევი დაამტკიცა.
საქართველო ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე დაშვების მოსაპოვებლად 5 ფაზას გაივლის:
I ფაზა - 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. საქართველოს მთავრობის ვალდებულება იყო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი ძირითადი სტანდარტების შემუშავება. www.eugeorgia.info-მ ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან გამოითხოვა.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში (2017 წლის პირველი 6 თვის მდგომარეობით) :
მიმდინარე წლის 6 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი“, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებების კუთხით შეეხება შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
ა) პრინციპები;
ბ) სპეციფიკაციები;
გ) ვადები.
კანონში აისახა თანასწორი მოპყრობისა და პროპორციულობის პრინციპები, განისაზღვრა, რომ სატენდერო მოთხოვნების დადგენისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერას. ტენდერის გამოცხადებისა და სატენდერო პირობების გაცნობის გონივრული ვადებიც დადგინდა. აღსანიშნავია, რომ ვადებთან დაკავშირებული ვალდებულება სამოქმედო გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია 2019 წლიდან და ვალდებულება წინსწრებით შესრულდა.
კანონით ასევე შეიცვალა გასაჩივრების წესი. კერძოდ, გამოცხადებული ტენდერის სატენდერო პირობებს ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფასოდ ასაჩივრებს, ხოლო შერჩევა-შეფასების ეტაპს – მხოლოდ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი, რომლის უფლებაც შეილახა. ამისთვის, იგი იხდის საჩივრის წარდგენის საფასურს, რომელიც მას დავის განხილვის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა თუ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდება. საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა მიმდინარე წლის 19 ივლისს.
ახალი ცვლილებებისადმი ადაპტაციისთვის და კანონის მოთხოვნათა აღსასრულებლად, შესყიდვების სააგენტომ გამოსცა 19 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. აქედან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალ წესი და ცვლილებები დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესში.
აღნიშნული ცვლილებების პარალელურად, შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები ახალი კანონისა და კანონქვემდებარე აქტების ეფექტურად აღსრულების მიზნით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის ორგანოს ახალ მოწყობას ითვალისწინებს. კანონპროექტი განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას ითვალისწინებს.
შეიქმნა: სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმა კითხვარის სახით; ახალი სისტემური შეტყობინებები, რომლებიც მიმწოდებლებს სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულ ფორმაში განხორციელებული ცვლილებებისას და დოკუმენტის ატვირთვისას ეგზავნებათ; ახალი გამოკითხვის ფორმები კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში და საინფორმაციო SMS-ების გაგზავნის კონტროლის მექანიზმი.
სააგენტოს თანამშრომლების კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით ევროკავშირის მხარდაჭერილ რამდენიმე ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს წარმომადგენლებმა. ამას გარდა, სააგენტოს ორმა თანამშრომელმა ნიდერლანდების სამეფოში ქალაქ ლეიდენსა და ჰააგაში სახელმწიფო შესყიდვების თემაზე ტრენინგი გაიარეს.
გადამზადნენ შემსყიდველი ორგანიზაციების თანამშრომლებიც. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სასწავლო კურსი ჩაუტარდათ სახელმწიფო დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგნელებს, ასევე საქართველოს საჯარო სკოლების შესყიდვების კუთხით დასაქმებულ სპეციალისტებს. მონაწილეთა რვა ნაკადის საერთო რაოდენობამ ჯამურად 602 მსმენელი შეადგინა.
ტრენინგების თემატიკა მოიცავდა სახელმწიფო შესყიდვების ზოგად მიმოხილვას, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას, შესყიდვების საშუალებების ზოგად მიმოხილვას, სახელმწიფო შესყიდვის სრული პროცესის მოდელირებას, გამარტივებული შესყიდვის პროცედურებს, კონსოლიდირებულ ტენდერებს, თეთრ და შავ სიას, კონკურსების გამართვის პრაქტიკულ ასპექტებს, აგრეთვე, დავების საბჭოს ფუნქციონირებას.
GIZ-ის DCFTA-ის პროექტის მხარდაჭერის ფარგლებში გამოიცა:
ა) ხშირად დასმული 300 შეკითხვა;
ბ) გზამკვლევი;
გ) ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელოს განახლებული ვერსიები.
ამის შემდეგ საქართველოს გასავლელი ექნება კიდევ 4 ფაზა:
II ფაზა - 5 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2019)- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დირექტივისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის ძირითადი ელემენტები;
III ფაზა - 6 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2020 წელს) - სექტორების შესახებ დირექტივისა და სექტორების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის ძირითადი ელემენტები;
IV ფაზა - 7 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2021) - სახელმწიფო შსეყიდვების შესახებ დირექტივისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის შესახებ სხვა (სავალდებულო და არასავალდებულო) ელემენტები;
V ფაზა - 8 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2022 წელს)- სექტორების შესახებ დირექტივისა და სექტორების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის სხვა (სავალდებულო და არასავალდებულო) ელემენტები.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ვალდებულებების შესრულების გრაფიკს მიჰყვება და ამ ეტაპზე ჩამორჩენა არ შეინიშნება, სააგენტოს მაინც აქვს „გზიდან გადახვევის“ მცდელობა.
ასოცირების შეთანხმების 79-ე მუხლში (ეროვნული რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი) საუბარია ბაზრების ორმხრივი გახსნის შემდეგ ქართული და ევროკავშირის კომპანიების 100 პროცენტით თანაბარ პირობებში ჩაყენების შესახებ.
ასოცირების შეთანხმებაში ჩადებული ამ პირობის მიუხედავად, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის შეღავათი წესდება - ქართული კომპანიები ტენდერებში 10%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ საკითხის სამთავრობო განხილვებს გეგმავს.
ეს ინიციატივა მედიაში გაჟღერებისთანავე გააკრიტიკა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენელმა ელიზა ნიევიადომსკამ: "ჩემი აზრით, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს ბაზარი, ვიდრე გარკვეული პრივილეგიები იყოს დაწესებული მათ სასარგებლოდ. ჩვენი, როგორც ბანკის, მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესი გაიზარდოს. რამდენიმე ასეთი შემთხვევაც გვაქვს, მაგალითად საქართველოში, როდესაც კონკრეტული ბიზნესები გაიზარდნენ და ახლა ჩვენ მათ რეგიონულ ბაზრებზე შესვლაში ვეხმარებით. ასე, რომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ პრივილეგიების შექმნა ადგილობრივი ბიზნესისთვის, საჭიროა. ისინი თავადაც მოახერხებენ განვითარებას. რა თქმა უნდა, ყველა მთავრობას საკუთარი ხედვა აქვს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან, ერთადერთი რაც, მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება, არის ფინანსებთან ხელმისაწვდომობა და გაზრდის შესაძლებობები, ამისთვის კი საჭიროა ღია ბაზარი და არა პრივილეგიები", - განაცხადა ნიევიადომსკამ.
10%-იანი შეღავათის დაწესების თემაზე www.eugeorgia.info-მ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან გამოითხოვა: „აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სააგენტო კომენტარს ვერ გააკეთებს EBRD-ის წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებულ კომენტარზე“, - წერილობით გვიპასუხა სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ.
საჯარო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ AA/DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად მომზადებული გზამკვლევი განიხილება და დამტკიცდება საქართველოს და ევროკავშირს შორის არსებული შესაბამისი კომიტეტის მიერ 2017 წლის დეკემბერში ჩანიშნულ სხდომაზე. შესაბამისად, გზამკვლევის შესრულების მიმდინარეობის შეფასება ამ ეტაპზე არ არსებობს. თუმცა, საინტერესოა ევროკავშირის პოზიცია ვალდებულებების შესრულების ნაწილში და ასევე ქართული კომპანიების უპირატეს რეჟიმში ჩაყენების ინიციატივასთან დაკავშირებით.
www.eugeorgia. Info სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის შედეგებს პერიოდულად გამოაქვეყნებს.