„ქართველ ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია“-მ ფერმერების პროდუქციის რეალიზაცია დაიწყო
მიმიდინარე წელს პირველად საქართველოში ფერმერების პროდუქციის რეალიზება და გასაღების ახალი და მუდმივი ბაზრის მოპოვება „ქართველ ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია“-მ დაიწყო. კომპანიის მიზანია ფერმერებთან თანამშრომლობის შედეგად შექმნას მომარაგების დახვეწილი, მარტივი და უწყვეტი ჯაჭვი. ადგილობრივი ფერმერული ორგანიზაციების გაძლიერების გზით სადისტრიბუციო კომპანია იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი ნაწარმით ჩანასვლებასაც გეგმავს.
მსოფლიოში ფერმერთა პროდუქტების ეფექტიანი დისტრიბუციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ესპანეთში არსებული კომპანია „მერკანზა“-ს მუშაობა. „მერკანზა“ არის ორგანიზაცია, რომელიც ფერმერებისგან შესყიდული პროდუქციით საცალო ქსელებს ამარაგებს. პროდუქტების უვნებლობის შემოწმება კი მუდმივ ხდება საკუთარი მაღალი დონის სანდოობის ლაბორატორიების საშუალებით. ფერმერებთან მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობის შედეგად „მერკანზა“-ს მიერ მარკეტებისთვის მიწოდებული პროდუქტების ფასი კონკურენტუნარიანია ცალკეულ ფერმერებთან შედარებით. წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად დანახარჯების შემცირება „მერკანზა“-ს საშუალებას აძლევს მარკეტებს პროდუქტები ცალკეულ ფერმრებზე იაფად მიაწოდოს.
„ქართველ ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიის“ ესპანური „მერკანზა“-ს ტიპის კომპანიაა, თუმცა ამ ეტაპზე ქართული კომპანიის მასშტაბები გაცილებით მცირეა, ამის მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრების და მნიშვნელოვანი წილის დაკავების შანსი აქვს.
„ გვინდა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას. ამჟამად ვთანამშრომლობთ „აჭარა ჯგუთან“ და მასში გაერთიანებულ სასტუმროებთან და რესტორნებთან. ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ პროდუქციას, ვასაწყობებთ თუ დასასაწყობებელია და ვამარაგებთ ამ ქსელს მთლიანად. დაკონტრაქტებული გვყავს 50-მდე ფერმერი. თავიდან მხოლოდ 10 დასახელების პროდუქტის დისტრიბუციას ვაკეთებდით. დღეს კი ხილით, ბოსტნეულით, მწვანილით, კვერცხით, თაფლით და სხვა პროდუქტებით ვამარაგებთ. დგას სეზონურობის პრობლემა, თუმცა ვცდილობთ სათბურებთან თანამშრომლობის შემდეგ ეს პრობლემა გადავჭრათ და ნედლი პროდუქტები არასეზონზეც გვქონდეს. ვამოწმებთ ლაბორატორიულად პროდუქციას, შემდეგ ვუშვებთ „აჭარა ჯგუფის“ შეფმზარეულთან დასაგემოვნებლად და თუ მოეწონათ, მიწოდებას ვიწყებთ. პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მზად ვართ, რომ ფერმერებს ჩვენი აგრონომები დავახმაროთ“, - ამბობს „ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიის“ დირექტორის მოადგილე შაკო ჯაფარიძე.
სადისტრიბუციო კომპანია საუკეთესო აგრომწარმოებლებს ფერმერთა ასოციაციის დახმარებით პოულობს. ამას გარდა, კარგი ფერმერების აღმოჩენა აპლიკაცია „აგრონავტი“-ს საშუალებითაც შესაძლებელია. „აგრონავტი“ უფასო აპლიკაციაა, სადაც რეგისტრაციის შემდეგ, ფერმერს წარმოების სახეობის და რაოდენობების შესახებ დეტალური ინფორმაციის განთავსებაც შეუძლია. აპლიკაციაში ხელმისაწვდომია აგროსტატისტიკა, აგრარული პროდუქტის ფასები, ბაზრის კვლევები, აგროდაიჯესტი, სასწავლო ბროშურები, ამინდის პროგნოზი; ასევე სერტიფირების, მიწის აუქციონის, აგროდაზღვევისა და სასარგებლო ბმულების შესახებ ინფორმაცია.
„გვინდა რაც შეიძლება მეტმა ფერმერმა გამოიყენოს აპლიკაციის შესაძლებლობები და ასევე ხმა მოგვაწვდინოს თავიანთი პროდუქტების შესახებ, რაც შესაძლოა საფუძველი გახდეს ჩვენთან თანამშრომლობის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყებთ მათი ნაწარმის სტაბილურ დისტრიბუციას მათთვის მისაღებ ფასებში“, - ამბობს შაკო ჯაფარიძე.
ფერმერ დავით აქირთავას ქსანში 500 კ/მ სათბური აქვს და ესპანური „სან ანდრეასი“-ს ჯიშის მარწყვი მოჰქავს. როგორც ამბობს, წარმოების პირველ ეტაპზე გარკვეული შეცდომები დაუშვა, თუმცა ამჟამად ეს ხარვეზეები გამოსწორებულია და სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობის შეთანხმების მიღწევის შემდეგ გაორმაგებული ძალისხმევით მუშაობას გეგმავს. ფერმერი ამბობს, რომ სადისტრიბუციოს მიერ შეთავაზებული ფიქსირებული ე. წ. წლის ან სეზონის ფასები საშუალებას აძლევს პროდუქციის რეალიზაციის ჩავარდნის შიში დაძლიოს და მხოლოდ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე იფიქროს: „ძალიან მოხერხებულია სადისტრიბუციოსთან თანამშრომლობა. რეალიზაციის კუთხით პრობლემა არ არის, ანაზღაურებაზე ძალიან კარგი პირობები აქვთ, თვეში ორჯერ გვირიცხავენ თანხას თვის დასაწყისსა და თვის ბოლოს. სადისტრიბუციო გვთავაზობს წლის ან სეზონის ფიქსირებულ ფასებს, სადაც თვითღირებულებას დამატებული აქვს ჩვენთვის მისაღები მოგება, ეს კი სტაბილურობის შეგრძნებას გვიჩენს. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ხარისხში არ მოვიკოჭლოთ და ჩვენი პარტნიორი არ დავაღალატოთ. ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია ისეთ სასტუმროებთან არის დაკავშირებული, რომლებისთვისაც ხარისხი მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენც ვცდილობთ ხარისხი ავწიოთ“, - ამბობს დავით აქირთავა.
კახა თუთბერიძე არამომგებიანი ფერმერული საქმიანობისთვის თავის დანებებას აპირებდა, თუმცა ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიასთან ურთიერთობის აწყობის შემდეგ ახლა უკვე ბიზნესის გაფართოებას აპირებს: „ქართულ ბაზარზე ეხლა არის ქაოსი. არ ხდება გეგმიური დათესვა, მაგალითად როგორც ევროპაშია წინასწარ გარკვეული, ვინ რამდენი უნდა მოიყვანოს. ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია კარგია ორი ასპექტის გამო. პირველი - გთავაზობენ ინოვაციას ანუ გვეხმარებიან მოვიყვანოთ ახალი კულტურები, რაც დაუბრკოლებლად იყიდება; მეორე ასპექტი - დაგეგმილი რაოდენობის პროდუქციის წარმოება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად დანაკარგი ნოლია ამ შემთხვევაში. რამდენსაც მოიყვან, იმდენივეს მყისიერად გაყიდი. თანხებზე გაუგებრობა გამორიცხურლია, ყველაფერი საბუთებით და მოწესრიგებულად ხდება. მათთან რომ არ დამეწყო ურთიერთობა, ამ საქმიანობისთვის თავის დანებებას ვაპირებდი, ახლა მაქვს 1500 კ/მ-ზე სათბური და 1000 კ/მ -ს კიდევ ვამატებ. ვაწარმოებთ სალათის ფურცლებს, რუკოლას, კეილს, კეილი რა არის? ფოთლოვან კომბოსტოს და ვიზუნას - იაპონურ კომბოსტოს. ამ ყველაფერს კი სადისტრიბუციოს დახმარებით უპრობლემოდ ვყიდით“, -ამბობს კახა თუთბერიძე.
„აჭარა ჯგუფი“-ს პროექტების მენეჯერი ნინო კვერნაძე აცხადებს, რომ ტურისტების მოსაზიდად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგლობრივი მაღალხარისხიანი პროდუქტების გამოყენებას სასტუმროებისა და რესტორნების მიერ. ადგილობრივი მეწარმეების გარვითარების ხელშეწყობა, მათგან პროდუქციის შესყიდვის გზით პირდაპირ კავშირშია სერვისის სფეროს გაუმჯობესებასთანაც, რადგან გემრიელი და უვნებელი საკვებით ტურისტის კეთილგანწყობის მოპოვების შანსი მაღალია: „ძალიან გვეამაყება ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანისთან თანამშრომლობა, ძალიან ხარისხიანი პროდუქტი მოაქვთ. ჩვენი სასტუმროები და რესტორნები სექტემბრიდან სრულიად გადავიყვანეთ ქართულ ხილ-ბოსტნეულზე. ტურიზმის მიმართულებით ძალიან კარგი შედეგები მოაქვს ქართული პროდუქტების განთავსებას ჩვენს რესტორნებში. გვიხარია, რომ ფერმერები ასე იზრდებიან. როცა ვეუბნებით, რომ რასაც მოიყვანთ, ყველაფერს ვიყიდით, ფერმერებს ფერმერობა უნდებათ და თავს აღარ ანებებენ თავიანთ საქმიანობას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხი გავაძლიეროთ. ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიის შეიქმნის შემდეგ მომარაგების კუთხით საქმე გაგვიოლდა, რადგან ერთ მენეჯერთან გვიწევს ურთიერთობა. ახალი პროდუქტების სიას ვაძლევთ და წარმოებაზე მყისიერად მუშაობენ. ჩვენ მენიუებში ფერმერთა გვარების შეტანა დავიწყეთ, გვსურს, ყველამ იცოდეს, რომ ეს კარგი პროდუქტი ქართულია და მისი წარმოება კონკრეტულ ფერმერს უკავშირდება“, - აცხადებს ნინო კვერნაძე.
შაკო ჯაფარიძის თქმით, ამ ეტაპზე მსხვილ ფერმერებთან ნაკლებად თანამშრომლობენ: „ ვთანამშრომლობთ ძირითადად წვრილ ფერმერებთან და ოჯახური ტიპის მწარმოებლებთან. გვინდა, რომ სწორედ ასეთი მეწარმეები გავაძლიეროთ. მომავალი 2 წლის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ყველა მსხვილი სასტუმროებისა და რესტორნების ქსელი ჩვენ მოვამარაგოთ, ძირითად მომწოდებლებად კი მცირე ფერმერებსა და საოჯახო მეურნეობებს განვიხილავთ“, - ამბობს ჯაფარიძე.
სატატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო აღწერის (2014 წლი) მიხედვით საქართველოში 640 ათასამდე ფერმერული მეურნეობაა. „ქართველ ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია“-ს ჯერჯერობით 50 მუდმივი და 150 არამუდმივი მომწოდებელი ფერმერი ჰყავს. გამოდის, რომ სადისტრიბუციო ამჟამად ფერმერთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,03%-თან თანამშრომლობს. თუმცა ფაქტია, რომ საქმე დაძრა და კონკრეტულ შედეგებზეც გავიდა.
ეს სადისტრუბუციო კომპანია მზად არის, რაც შეიძლება მეტი ისეთი ფერმერი დაიკონტრაქტოს, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქტების შექმნას შეძლებს. სადისტრიბუციოს ჯერ ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესების ამბიცია აქვს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი DCFTA-ს შესაძლებლობების გამოყენებასაც აპირებს და არ გამორიცხავს, რომ კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქტებით გარკვეული პერიოდის შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს.
ზურაბ მოდებაძე