პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია და რეპროდუქტოლოგია - სამედიცინო ტურიზმის ავანგარდში
"ჩვენი პაციენტების 20% უცხოელია, მათ შორის ლონდონის შოუ ბიზნესის წარმომადგენლებიც არიან", - განაცხადა კლინიკა Medi-ს დირექტორმა ლია სონიშვილმა.
საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესში ჯანდაცვის სფეროს განვითარება ერთ-ერთი შესაძლებლობაცაა და გამოწვევაც. ჯანდაცვის სფეროდან ამ სტატიაში ყურადღება სამედიცინო ტურიზმის სექტორზე გავამახვილეთ, ვეცადეთ გაგვერკვია, არის თუ არა ამ დარგში ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვის პერსპექტივა.
საქართველოში უცხოელი პაციენტები (როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე დასავლეთ ევროპიდან) უმეტეს შემთხვევაში სტომატოლოგიური, პლასტიკური ქირურგიის და რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით შემოდიან, რასაც ჯერ სისტემატიური სახე არ აქვს. მიმდინარე ეტაპზე უცხოელები მიმართავენ ადგილობრივ კლინიკებს, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტები აქვთ დანერგილი, თუმცა მათ რიცხვში ერთეული კლინიკები ხვდებიან. ამ კლინიკების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უცხოელი პაციენტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ამ ტრენდის გასაძლიერებლად კი აუცილებელია სწორი დაგეგმვა და სხვა კლინიკების მიერ იმავე მიმართულების აღება, რასაც დღეს წარმატებული კლინიკები მისდევენ. ჯანმრთელობის ტურიზმის მოთხოვნის მსოფლიო ტრენდის განვითარების კვალდაკვალ სამედიცინო ტურიზმთან ერთად გამაჯანსაღებელი ტურიზმის ათვისებას ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში დიდი როლი შეუძლია ითამაშოს.
ევროპარლამენტის 2017 წლის კვლევის მიხედვით გამაჯანსაღებელი ტურიზმი 2015-2020 წლების განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 5-7,5 პროცენტით გაიზრდება. ლომანის და შმუკერის კვლევა აჩვენებს, რომ 2004-2014 წლებში მოთხოვნა ჯანმრთელობის ტურიზმზე (health tourism) საერთო ჯამში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. მაგრამ მოთხოვნამ გადაინაცვლა სამედიცინო ტურიზმიდან (medical tourism) გამაჯანსაღებელ და სპა ტურიზმზე (wellness/spa tourism). რაც სწორედ ის სფეროებია, რისი ათვისებაც საქართველოს შეუძლია.
სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის ხელმძღანელის, ნინო გერზმავას განცხადებით, სამედიცინო ტურიზმის სპეციფიკური მიმართულებები, როგორიცაა სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და რეპროდუქტოლოგია დღეს უკვე იზიდავს უცხოელებს საქართველოში ამ მომსახურებების მისაღებად. დარგის სპეციალისტებთან საუბრისას ირკვევა, რომ საქართველოს შეუძლია განავითაროს ეს მიმართულებები ისე, რომ არა მხოლოდ რეგიონის მასშტაბით, არამედ მაღალგანვითარებული ქვეყნებიდანაც უფრო მეტი ტურისტები მოიზიდოს.
გერზმავა საუბრობს საქართველოში სამედიცინო ტურიზმის არასისტემატიზირებულ, თვითმყოფად განვითარებაზე: "სამედიცინო ტურიზმი მედიცინისა და ტურიზმის გასაყარზეა, მას ორივე სფერო არეგულირებს, თუმცა ამ ეტაპზე სისტემური განვითარება არ შეინიშნება, ეს უფრო მეტად ქაოტური მოძრაობაა. ჩვენი ასოციაციის ჩამოყალიბების მიზანი სწორედ ეს იყო, რომ დაგვეარსებინა პლატფორმა სადაც გაერთიანდებოდა როგორც ტურიზმის, ასევე ჯანდაცვის სექტორი; ასევე, გვეცადა რეგულირება და სქემატურობა მიგვეცა ამ პროცესისთვის. რაც ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება, რადგან ერთი დარგის სპეციალისტების ინტერესი საკმარისი არაა და უფრო მეტიც, შესაძლოა მათი ინტერესები არ იკვეთებოდეს."
შემომავალი სამედიცინო ტურიზმის სფეროში გამოიკვეთა მიმართულებები, როგორიცაა სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და რეპროდუქტოლოგია (ასევე, კარდეოლოგიის და ონკოლოგიის მიმართულებით შემოდიან აზერბაჯანიდან და სომხეთდან). "ეს სფეროები ნელ-ნელა იზრდება, იგეგმება ერთდღიანი ტურები ჩამოდიან მაგალითად სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად და შემდეგ უკან ბრუნდებიან. ამ ბაზარზე უკვე შეინიშნება ევროპული პაციენტებიც, თუმცა ჯერ ამას მასობრივი სახე არ აქვს", - საუბრობს გერზმავა.
გერზმავა ასევე აფასებს თუ რატომ ჩამორჩება ჯანდაცვა სტომატოლოგიის და ესტეთიური მედიცინის ტრენდს: "პირველი შემაფერხებელი ფაქტორია ის, რომ ჯანდაცვა განსაკუთრებით მკაცრად რეგულირებადი სფეროა. ზოგმა დასავლურმა სადაზღვეო კომპანიამ დაუშვა პაციენტის ხარჯების ანაზღაურება სხვადასხვა ქვეყნებიდანაც იმ პირობით, თუ კლინიკა აკმაყოფილებს ყველა საჭირო სტანდარტს. დღეს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია და შესაბამისი Joint Commission International (JCI)აკრედიტაცია გაიარა მხოლოდ ერთმა კლინიკამ Medi Club-მა. მეორე ფაქტორია, ქვეყნის რეპუტაცია ჯანდაცვის სფეროში. საქართველო ამ მიმართულებით საერთაშორისო დონეზე ცნობადი არ არის. სარეკლამო კამპანიების მეშვეობით საქართველოს იმიჯი ნელ-ნელა უმჯობესდება, მაგრამ მყარი განვითარებული ქვეყნის სტატუსი, სადაც შეგვიძლია მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღო, ჯერჯერბით არ არის მიღწეული."
"აუცილებელია სტრატეგიის არსებობა. ტურიზმი და ჯანდაცვა უნდა გაერთიანდეს, რომ საერთო მიდგომები ჩამოყალიბდეს. ამ კუთხით, რეგიონის ფონზე ძალიან ჩამორჩენილები ვართ, გვიან ვიწყებთ განვითარებას. თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები (დუბაი), ინდოეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთიც საკმაოდ მაღალ დონეზე დგანან. საქართველოს კი ჯერ შესაბამისი სტრატეგიაც არ აქვს. თუ ჩვენ გვინდა, რომ გარკვეული შედეგი მივიღოთ უახლოეს 5-7 წელიწადში (ოპტიმალურ შემთხვევაში), დღეს უნდა დაიწყოს სტრატეგიაზე მუშაობა. ეს უნდა იყოს სახელმწიფოს, კერძო და არასამთავრობო სექტორებისს ჩართულობით მიზანმიმართული საფეხურებრივი პროცესი, - საუბრობს სახელწიფო სტრატეგიის აუცილებლიბაზე გერზმავა, - ეს ჯანდაცვასთან შეჭიდებული თემატიკაა და იქ სტანდარტული მარკეტინგის პრინციპები ბოლომდე არ მუშაობს, ამიტომ სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტში "ნაწილობრივი" პრინციპები ბოლომდე უნდა იყოს გააზრებული და გატარებული. სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტში ასევე გაანალიზებული უნდა იყოს რომელი სეგმენტი რისთვის უნდა შემოდიოდეს ქვეყანაში."
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი განმარტავს სახელმწიფო სტრატეგიის არარსებობის მიზეზებს: "კონკურენცია ჩვენ მეზობოლ ქვეყანაში იმდენად დიდია, რომ საქართველოში სამედიცინო ტურიზმის რომელი დარგი რა ეტაპზია ამისი იდენტიფიცირება ჯერ არ დაგვიწყია. თუმცა მომავალში ვგეგმავთ, რომ ვითანამშრომლოთ (პირველ რიგში წამყვანი დარგების იდენტიფიცირებაზე) შესაბამის სამინისტროსთან. ამ ეტაპზე სტომატოლოგია ფასის მიხედვით კონკურენტულია, მაგრამ მომსახურება ჩვენ კლინიკებში იმ დონეზე არ აქვთ, რაც არის მაგალითად თურქეთში. ამიტომ ტურიზმის ეს სახეობა პრიორიტეტულ მიმართულებად ჯერ არ არის აღიარებული."
გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო დონეზე სამედიცინო ტურზიმის სტატისტიკა არ მოიპოვება, eugeorgia.info გაესაუბრა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა საქართველოში დროთა განმავლობაში სამედიცინო ტურიზმის განვითარების საფეხურები და დღეს არსებული მდგომარეობა გამოკვეთოს.
ქართულ ესთეტიკურ მედიცინაში ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილების მქონე კლინიკის Medi-ს დირექტორი ლია სონიშვილისაუბრობს "მედის" მიმზიდველობაზე საერთაშორისო დონეზე: "მედის" აქვს ყველა ის მახასიათებელი, რაც საჭროა უცხოელის მოსაზიდად, ასეთია: კვალიფიციური ექიმები, მაღალი ტექნოლოგიები, კომფორტული გარემო და კონკურენტული ფასი საერთაშორისო დონეზე. მაგალითად, გამაახალგაზრდავებელი აპარატურის თერმაჟის ერთი პროცედურა ამერიკაში 5000 დოლარი ღირს, ჩვენთან 3900 ლარი. ამიტომ ჩვენ გვყავს ამერიკელი და ვეროპელი (საფრანგეთი, ინგლისი, და ა.შ.) პაციენტები, რომლებიც სპეციალურად ამ და სხვა პროცედურებისათვის ჩამოდიან ჩვენთან. ჩვენი პაციენტების 20% უცხოელია. მაგალითად, ლონდონის შოუ ბიზნესის წარმომადგენელი, პროდიუსერი კლერ დონსი და სხვები. ისინი ჩამოდიან პლასტიკური ქირურგიის სხვადასხვა ოპერაციების გასაკეთებლასდ. ასევეა, სტომატოლოგიის მიმართულებითაც, ჩამოდიან არაბული ქვეყნებიდან, დუბაიდან, ისრაელიდან და სხვა." პაციენტს იზიდავს მომსახურების მრავალფეროვნებაც. "გერმანის ბევრ კლინიკებშიც არ დგას ისეთი სრულყოფილი სპექტრი, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს კლინიკაში."
"ჩვენი მიმართულებებია სტომატოლოგია, კოსმეტოლოგია და პლასტიკური ქირურგია”, -სონიშვილის შეფასებით, ეს მიმართულებები ბოლო 10 წელია ვითარდება, - 10 წლის წინ ყველა საქართველოში ჩამოსული ელჩი შვებულების პერიოდში თავის სამშობლოში მკურნალობდა, რადგან ნდობა არ ქონდათ (ცე-ჰეპატიტის გადადების დიდი რისკი). დროთა განმავლობაში ჩვენი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად (როდესაც ხედავენ იგივე ხარისხს და დაბალ ფასებს) ჩვენი ცნობადობაც იზრდება. მაგალითდ, თბილისში ავსტრიის საელჩოს ერთ-ერთი ატაშე ჩვენი პაციენტია. მან დამატებით 3 ავსტრიელი პაციენტი მოგვიყვანა, რომლებიც ჩვენი ერთგული პაციენტები გახდნენ. გარდა ამისა, სტომატოლოგია და კოსმეტოლოგია არ მოითხოვს რეაბილიტაციის გრძელ პერიოდს, რაც ხელშემწყობი ფაქტორია."
Medi-ს წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი სონიშვილის შეფასებით არის მაღალკვალიფიციური პერსონალი. მისი თქმით, მედის კლინიკაში პროფესიონალი ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგები მუშაობენ.
ბოლო წლების განმავლობაში სამედიცინო ტურისტების მოზიდვისთვის საინტერესო ინიციატივები გაჩნდა. შეიქმნა რამდენიმე ვებ-პორტალი, რომლებიც უცხოელ პაციენტებს ადგილობრივ კლინიკებთან კონტაქტის დამყარებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთია www.denttourism.com. დენტტურიზმის დამფუძნებელი გიორგი ანდღულაძის თქმით, სანამ პორტალი შეიქმნებოდა ჩაატარეს მისი საჭიროების კვლევა და ასევე გამოკვეთეს ის ფაქტორები, რის გამოც უცხოელები საქართველოში ჩამოდიან სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად: "ჩვენ ვიცოდით, რომ უცხოელი ტურისტები საქართველოში ჩამოდიოდნენ სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად. ამის მთავარი მიზეზი ფასთა შორის სხვაობაა (70-80 %-ით იაფი) და ასევე ის ფაქტი, რომ სადაზღვეო კომპანიები სტომატოლოგიას ნაკლებად აფინანსებენ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ შევქმენით პორტალი, სადაც უცხოელი პაციენტები რეგიტრირდებიან და ინტერესის შემთხვევაში მათ კლინიკებთან ვაკავშირებთ. ჩამოსულ პაციენტს კი ადგილზე ვეხმარებით კლინიკამდე გადაადგილებაში, წამლების შეძენაში და ა.შ. ჩამოსვლების ინტენსივობა განსაკუთრებით იზრდება ზაფხულის განმავლობაში. ხშირად ჩამოდიან დუბაიდან, ყატარიდან, ასევე, ირლანდიიდან და ამერიკიდანაც გვყავდა კლიენტები."
"ევროპის მასშტაბით სტომატოლოგიაში “ნიშ მარკეტს” (ნიშური ადგილი ბაზარზე) უნგრეთი იკავებს. ევროპელების სტომატოლოგიურ მომსახურებას ძირითადად უნგრეთში იღებენ დაბალი ფასების და სიახლოვის გამო. საქართველოში ფასები კიდევ უფრო დაბალია, თუმცა უნგრეთი მიმზიდველია დასავლეთ ევროპასთან სიახლოვის გამოც."
სტომატოლოგიური კლინიკის "დენტბლაშის" (Dentsblanches) დამფუძნებელი თამუნა ყურაშვილის თქმით, საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურებისათვისყოველ წელს უფრო მეტი უცხოელი ჩმოდის . მაგალითად, ბოლო წელს დენტბლანშს დაახლოებით 100 უცხოელი პაციენტი ჰყავდა. "უცხოელი პაციენტების რაოდენობრივი ზრდა ძირითადად საუდისარაბეთიდან შემოსული ტურისტების ფონზეა, ასევე ზრდა შეინიშნება ამერიკელი და ევროპელი პაციენტების რიცხვშიც. თავდაპირველად, ჩვენი პაციენტი ჩვეულებრივი ტურისტიც შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც ხარისხს და ფასს ადარებენ, შემდეგ უკვე სპეციალურად გეგმავენ ჩამოსვლას", - აღნიშნავს ყურაშვილი.
სამედიცინო ტურიზმთან ერთად არაერთი ექსპერტის შეფასებით გამაჯანსაღებელ ტურიზმს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საქართველოში ტურისტების მოზიდვის კუთხით.
თენგიზ ვერულავას შრომაში "სამედიცინო ტურიზმი და საქართველო: პრობლემების სპეციფიკა და რეკომენდაციები" (2016) ვკითხულობთ: "საქართველოს სამკურნალო ტურიზმის მიმართულებით გააჩნია საკმაოდ დიდი პოტენციალი. ამ მხრივ, იგი ძალზედ მდიდარია საკურორტო ადგილებით. დღეისათვის აღირიცხება 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილი, რომლებსაც მომხმარებლებისათვის სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობის, რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების შეთავაზება შეუძლიათ. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში მსოფლიოში არსებული ყველა სამედიცინო პროფილის კურორტია, სადაც არსებობს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – მინერალური წყალი, ტალახი, გამაჯანსაღებელი ჰავა და აუცილებელი პირობები მათი სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებისთვის."
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარის შალვა ალავერდაშვილის შეფასებით გამაჯანსაღებელი ტურიზმის კუთხით საქართველოში ძირითადად ბორჯომი, საირმე და წყალტუბო დომინირებენ, სადაც ტურისტები ძირითადად ყოფილი საბჭოთა სივრციდან, განსაკუთრებით ყაზახეთიდან, ჩამოდიან. "ტურისტები ევროპის ქვეყნებიდან ამ სფეროში ჯერ არ გვყავს, რადგან მათი ნდობა არ გვაქვს. სამკურნალო და გამაჯანსაღებელი წყლების ბოლო კვლევა ჩატარდა 1961 წელს საბჭოთა კავშირის მიერ, რომელსაც ევროპაში არ ენდობიან. კერძო სექტორმა და სახელმწიფომ ერთად უნდა იმუშაოს, რათა კვლევა დაიდოს ისეთი ორგანიზაციის მიერ რომელსაც საერთაშორისო დონეზე ექნება ნდობა" - განაცხადა ალავერდაშვილმა.
ავტორი: მარიამ ლუკაშვილი