ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაცია, პერსპექტივები და გამოწვევები
ევროკავშირი ენერგობაზრის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს. ევროპულ ენერგოერთიანებში საქართველოს გაწევრიანებით ჩვენ ევროკავშირისგან მივიღეთ რეგულაციები და დირექტივები, რომელთა მიზანი, დიდწილად, საქართველოს ენერგობაზრის ლიბერალიზაციაა.
ენერგობაზრის ლიბერალიზაცია გულისხმობს ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სეგმენტში საბაზრო პრინციპების დამკვიდრებას. როგორც ევროპული და საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, ენერგობაზრის ლიბერალიზაცია, საბოლოო ჯამში, დადებითი შედეგის მომტანია სტაბილური, ენერგოეფექტური, ეკოლოგიური და საბოლოო მომხარებელზე ორიენტირებული ენერგოსექტორის ჩამოყალიბებისთვის.
ენერგობაზრის ელექტროენერგიის კომპონენტში ლიბერალიზაციის კუთხით ენერგოგაერთიანების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს 2020 წლამდე აქვს ვადა, ბუნებრივი აირის სეგმენტში კი - 2021 წლამდე (მიმდინარე ვადები, როლებიც გადახედვას ექვემდებარება). შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ბაზრების მაშტაბურ ტრანსფორმაციას ითვალისწინებს. ეს პროცესი საქართველოს ენერგობაზრისთვის გამოწვევაა, თუმცა საერთო ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებლის მისაღებად ეს გზა ჩვენმა ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს.
ელეტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის თემა მოიცავს უამრავ საკითხს. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ თემის მცირე ნაწილს, რომელიც ელ.ენერგიის მომხმარებლებისთვის აქტუალურია.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის იმპლინემტაცია საქართველოში სწრაფი ტემპებით უდნა განხორციელდეს, სხვა კომპონენტებთან ერთად, ითვალისწინებს ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობის გამიჯვნას. საქმიანობის მსგავსი დივერსიფიკაციის მისაღწევად კანონპროექტი ითვალისწინებს გადაცემისა და განაწილების რგოლში ოპერირებადი კომპანიების იურიდიული და საკუთრებითი ნიშნით გამიჯვნას. მაგალითად, თუ კომპანია “თელასი” აწარმოებს ელექტროენერგიის გადაცემას და განაწილებას უშუალოდ თბილისის ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებლებისთვის, ახალი კანონპროექტის თანახმად განაწილების სეგმენტში “თელასმა” უნდა უზრუნველყოს სხვა, საქმიანობის ლიცენზიის მქონე კომპანიების არადისკრიმინაციული დაშვება. ეს უკანასკნელი კომპონენტი ელექტროენერგიის განაწილების რგოლში დამატებითი მოთამაშეების გაჩენას შეუწყობს ხელს, რაც ბაზარზე კონკურენციის არსებობის წინაპირობაა, დღევანდელ ენერგობაზართან შედარებით უფრო კონკურენტული ბაზარი კი თბილისელ მომხმარებლებს მისცემს საშუალებას ელექტროენერგიის მიმწოდებელი თავად აირჩიონ. “თელასის” მაგალითი შეიძლება გავრცელდეს ელექტროენერგიის მწარმოებელ და გამანაწილებელ ს.ს. „ენერგო-პრო-ჯორჯია“-ზეც და სხვა ენერგობაზრის სუბიექტებზეც.
ევროკავშირში ენერგობაზრის ლიბერალიზაცია კონკრეტული წევრი ქვეყნების შემთხვევაში განსხვავებული ინსტრუმენტებითა თუ მიდგომებით ხორციელდებოდა. მსგავს სპეციფიკაციას მოითხოვს ასევე საქართველოს ენერგობაზარიც. ენერგობაზრის ლიბერალიზაციის მისაღწევად დაგეგმილი პოლიტიკის გაცნობისთანავე ჩნდება კითხვები თუ რამდენად არიან მზად ადგილობრივი ენერგობაზრის სუბიექტები მსგავსი ცვლილებებისთვის? მოიტანს თუ არა თითოეული საკანონმდებლო ცვლილება რეალურ შედეგს? უქმნის თუ არა მნიშვნელოვან საფრთხეებს კონკრეტული ცვლილება ენერგობაზრის სტაბილურობას?
ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესი ასევე გულისხმობს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ (სემეკ) როლის შეზღუდვას ელექტროენეგიის საფასო პოლიტიკაში. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ელექტროენერგიის ფასების დინამიკას დიდწილად ბაზარი განსაზღვრავს, რაც, ნაწილობრივ, მომხმარებელს არასტაბილური და მაღალი ტარიფების წარმოქმნის რისკის წინაშე აყენებს. თუმცა, როგორც სემეკის თავჯდომარე, ირინა მილორავა აცხადებს, მარეგულირებელი კომისიის დაქვემდებარებაში დარჩება ის ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის ბაზრის იმ რგოლის რეგულირება სადაც ბუნებრივი მონოპოლია იარსებებს. ბუნებრივი მონოპოლია კი საქართველოს ენერგოსექტორის სუბიექტების უმრავლესობისთვისაა დამახასიათებელი, ვინაიდან ელექტროენერგიაზე მოთხოვნა არაელასტიურია (არ არსებობს ელ.ენერგიის მოხმარების ეფექტურად ჩამნაცვლებელი სხვა ალტერნატივა), კომპანიებს კი ელექტროენერგიის ბაზარზე საქმიანობის დასაწყებად დიდი საწყისი კაპიტალი სჭირდებათ. მილორავას განცხადებით, ასევე არსებობს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდში (ბაზრის ლიბერალიზაციის პერიოდი) საყოფაცხოვრებო და მცირე ბიზნესის ტიპის ელ.ენერგიის მომხმარებლების დაცვას მაღალი ტარიფებისგან. ანუ, ელ.ენერგიის ბაზარზე იარსებებს სუბიექტი, რომელიც, აღნიშნული ტიპის მომხმარებლებს ელ.ენერგიას მიაწვდის კომისიის მიერ რეგულირებულ ფასად. ნავარაუდევია, რომ მომხმარებელთა დაცვის ეს მექანიზმი იარსებებს ელ.ენერგიის ბაზრის კონკურენტული წესების სრულად ჩამოყალიბებამდე.
როგორც უკვე ვახსენეთ, ელექტროენერგიის ბაზრის განაწილების რგოლის ლიბერალიზაცია გულისხმობს უშუალოდ საბოლოო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების სხვადასხვა წყაროთი უზრუნველყოფას, ანუ მომხმარებელს საშუალება ექნება თავად აირჩიოს თუ რომელი კომპანიისგან შეისყიდის ელ.ენერგიას. მაგალითად, თბილისის მოსახლეობას, შეეძლება თავად აირჩიოს მომწოდებელი კომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის ერთადერთი ელ.ენერგიის წყარო „თელასი“ აღარ იქნება. ამ ცვლილებისთვის კი აუცილებელია ქსელზე არადისკრიმინაციული დაშვების საკანონმდებლო ჩარჩო პირობების შემუშავება. ლიბერალიზაციის ამ კომპონენტის განხორციელება, ასევე, აუცილებლად მოითხოვს მომხმარებლების დაცვას ელ.ენერგიის არასტაბილური მომწოდებლებისაგან. მაგალითად, თუ მომწოდებელი კომპანია გადაწყვეტს ბაზრიდან გასვლას ან გაკოტრდება, უნდა მოხდეს ამავე კომპანიის მომხმარებლების ელ.ენერგიით სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში კი მომხმარებლის დაცვისთვის იარსებებს ე.წ. „ბოლო იმედის მიმწოდებელი“, რომელიც მომხმარებელს დროებით უზრუნველყოფს ელ.ენერგიით, სანამ მოხმარებელი თავად არ შეარჩევს ახალ მომწოდებელს.
ენერგობაზრის ლიბერალიზაციის პროცესი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად განვითარდა. ამ კუთხით განვითარებული ქვეყნების მაგალითი გაცილებით წარმატებულ შედეგებს გვიჩვენებს, ვიდრე განვითარებადი ქვეყნების, რადგან არსებობს წარმატების მთელი რიგი წინაპირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც განვითარებადმა ქვეყნებმა ნაწილობრივ ვერ შეძლეს ( ელ.ენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის საერთაშორისო მაგალითებს ჩვენ შემდეგ სტატიაში განვიხილავთ). მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ მიეკუთვნება განვითარებული ქვეყნების რიცხვს, ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი საქართველოს ენერგობაზრის ლიბერალიზაციისადმი, ვინაიდან ენერგოსექტორში დაგეგმილი ცვლილებები მორგებულია საქართველოს რეალობაზე და რაც მთავარია, ჩვენ ამ გამოწვევის წინაშე მარტო არ ვართ, რადგან ამ კუთხით გვაქვს ევროკავშირის რეალური მხარდაჭერა.