ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის საერთაშორისო გამოცდილება
ევროპულ ენერგოგაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით აღებული ვალდებულებები ადგილობრივი ენერგობაზრის ლიბერალიზაციის პროცესისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას გვავალდებულებს. საქართველოში ენერგობაზრის ლიბერალიზაცია ითვალისწინებს ენერგოგაერთიანების სტანდარტებთან დაახლოებას, ეს პროცესი კი დიდწილად ენერგობაზრებზე ეფექტური საბაზრო პრინციპების დანერგვით უნდა განხორციელდეს. ენერგობაზრების ლიბერალიზაციის კუთხით საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს. ამ პროცესის წარმატება თუ წარუმატებლობა უამრავ ფაქტორთანაა დაკავშირებული, მათ შორის ენერგობაზრების არსებულ მდგომარეობაზე, მათ რეგიონალურ ინტეგრაციის ხარისხზე, ქვეყნის ზოგად საინვესტიციო გარემოზე და ა.შ.
მსოფლიოში არსებობს ენერგობაზრების ლიბერალიზაციის სხვადასხვა ქვეყნებისა თუ სახელწიფოებრივ-ტერიტორიული ერთეულების გამოცდილებები, დაწყებული ბრიტანეთის წარმატებული, დამთავრებული კალიფორნიის შტატის წარუმატებელი მაგალითებით. ვინაიდან საქართველო ელ.ენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესს აქტიურად იწყებს, ჩვენთვის საინტერესოა იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც უკვე გაიარეს მსგავსი პროცესი.
ელქტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესები მსოფლიოს განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო. მათ შორის ერთ-ერთი პირველი დიდი ბრიტანეთი იყო. ელ.ენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის ბრიტანული მოდელი, რომლის განხორციელება მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო, მსოფლიოში მიჩნეულია ლიბერალიზაციის სტანდარტულ მოდელად. ბრიტანული მოდელი მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:
- ელ.ენერგიის მონოპოლიზირებული მიწოდების ლიბერალიზაცია;
- ელ.ენერგიის ვაჭრობისთვის კონკურენტული ბაზრის შექმნა;
- ელ.ენერგიის გენერირების რგოლის განცალკევება გადაცემისა და განაწილების სფეროებისგან.
- ელ.ენერგიის ბაზარზე კონკურენტული ფასების მიმღები მექანიზმის შესაქნელად საბაზრო სტიმულების ჩამოყალიბება,;
- ელ.ენერგიის სექტორში წარმოდგენილი სახელმწიფო აქტივების პრივატიზაცია.
ელ.ენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის ბრიტანული მოდელი გამორჩეულია თავისი ინტეგრაციის ხარისხით, ანუ ამ მოდელმა მოიცვა ელ.ენერგიის ბაზრის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი. ბრიტანული მოდელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად უნდა ჩაითვალოს ელ.ენერგიის გენერირებისა და გადაცემის სფეროების განცალკევება, რამაც ბიძგი მისცა ელ.ენერგიის წარმოების სექტორში ახალი კერძო კომპანიების შესვლას, შესაბამისად, კონკურენციის გაჯანსაღებას. ბრიტანეთში, ელ.ენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში, 2001 წელს შეიქმნა ადგილობრივი ( ინგლისი, უელსი და შოტლანდია) ელ.ენერგიის სავაჭრო საბითუმო ბაზარი. შედეგად კი, დღეს ბრიტანეთის ელ.ენერგიის გენერირების რგოლი თითქმის სრულად კონკურენტულ მდგომარეობაშია, ბრიტანელი ელ.ენერგიის საბოლოო მომხმარებელი დიდწილად უზრუნველყოფილია სტაბილური მომწოდებლის თავისუფალი არჩევანით.
ბრიტანეთში, ელ.ენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ელ.ენერგიის გენერირების სექტორში განხორციელებული კერძო ინვესტიციების ზრდა იყო. ამ სექტორში ინვესტიციების ზრდის გარეშე ვერ შეიქმნებოდა ელ.ენერგიის მწარმოებელი კომპანიების მრავალფეროვნება, რომელთა რიცხვიც დიდწილად განსაზღვრას გენერირების რგოლის კონკურენციის დონეს. შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოს ელ.ენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის წარმატება/წარუმატებლობა დიდწილად დამოკიდებული იქნება ელ.ენერგიის სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ელ.ენერგიის ბაზრის ლიბერალიზაცია, თავის მხრივ, მიზნად ისახავს ამავე სექტორში კერძო ინვესტიციების ზრდას, საქართველოს შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურებმა აქტიურად უნდა გააგრძელონ მუშაობა ელ.ენერგიის გენერირების სექტროში ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ყოველწლიურად, საშუალოდ, 40 მილიონი აშშ დოლარით მცირდება[1].
ელ.ენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციასა და ეკონომიკის ამავე სექტორში განხორციელებულ კერძო ინვესტიციების დადებითი ურთიერკავშირის თვალსაჩინო მაგალითია არგენტინის 1991-2001 წლებში განხორციელებული ელ.ენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის პროექტი. არგენტინის მაგალითი წარმოადგენს ერთგვარ დასტურს იმისას, რომ ელ.ენერგიის ბაზრის ლიბერალიზაცია შესაძლოა წარმატებით განხორციელდეს განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. არგენტინაში ელ.ენერგიის ბაზრის ლიბერალიზაცია იყო საკმაოდ ინტენსიური და ამ პროცესმა დადებითად იმოქმედა ადგილობრივი ელ.ენერგიის წარმოების, გადაცემისა თუ მოხმარების ეფექტურობაზე და, ასევე, მნიშვნელოვნად შეამცირა ელ.ენერგიის ტარიფები საბოლოო მომხმარებლებისთვის. ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით ხორციელდებოდა არგენტინის 2001 წლის ეკონომიკურ კრიზისამდე, რომელმაც მძიმე დარტყმა მიაყენა მთლიანად არგენტინის ეკონომიკას, მათ შორის ელ.ენერგიის სექტორს. მაკროეკონომიკურმა კრიზისმა ელ.ენერგიის გენერირების სექტორში მკვეთრად შეამცირა ინვესტიციების მოცულობა, შედეგად არასტაბილური გახდა კერძო კომპანიების მიერ ელ.ენერგიის გენერაცია, რამაც სახელმწიფოს მკვეთრი პირდაპირი ჩარევის აუცილებლობა წარმოშვა, ამ ფაქტმა კი ელ.ენერგიის ბაზრის კონკურენციის ხარისხი გააუარესა.
არგენტინის ელ.ენერგიის ლიბერალიზაციის პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დაბრკოლებად გადამცემ სისტემაზე ადგილობრივი პოლიტიკური გავლენის არსებობა იყო. ანუ, ელ.ენერგიის გადამცემი სისტემა ნაწილობრივ წარმოადგენდა პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო გავლენის მოხდენა სისტემაში ოპერირებადი კომპანიების შემოსავლებზე. კონკრეტული მაგალითი ყურადსაღებია საქართველოსთვის, რათა მომავალში არ დაიშვას პოლიტიკური გავლენის მოხდენა ელ.ენერგიის გადამცემ რგოლზე. მსგავსმა პოლიტიკურად მოტივირებულმა ჩარევამ ელ.ენერგიის ბაზარზე შესაძლებელია საქართველოში დაგეგმილი ელ.ენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესის წარუმატებლობა განაპირობოს. აღსანიშნავია, რომ არგენტინაში ხსენებული პოლიტიკური ჩარევის პრობლემა პოსტ-კრიზისულ პერიოდშივე გამომჟღავნდა და შესაბამისი ზომებიც მიიღეს მის აღმოსაფხვრელად.
ელ.ბაზრის ლიბერალიზაცია ევროკავშირისა და ენერგოგაერთაინების ფარგლებში წარმოადგენს ბრიტანული მოდელის ვარიაციას. ენერგოგაერთიანების მაშტაბით ელ.ენერგიისა და ბუნებრივი აირის ბაზრების ლიბერალიზაციისთვის „მეორე ენერგოპაკეტი“ ვერ აღმოჩნდა ეფექტური სამართლებრივი რეგულაცია, შესაბამისად 2007 წელს ევროკომისიის მიერ შემუშავდა „მესამე ენერგოპაკეტი“, რომელიც ითვალისწინებს ელ.ენერგიისა და ბუნებრივი აირის ბაზრების ლიბერალიზაციას, ენერგიის უსაფრთხო მიწოდებას, მომხმარებლების თავისუფალ არჩევანს ენერგიის მომწოდებლების კუთხით და ენერგიის გენერირებას უფრო ეკოლოგიური ტექნოლოგიებით. „მესამე ენერგოპაკეტის“ მიხედვით მიუღებელია ენერგობაზრების სუბიექტების მონოპოლიური მდგომარეობა, მათ შორის „გაზპრომის“, ანუ თუ ქვეყანა ენერგოგაერთიანების წევრია, მან უნდა უზრუნველყოს ენერგორესურსების მომწოდებლების დივერსიფიცირება.
ენერგოგაერთიანების წევრი სახელმწიფოების მიხედვით განსხვავდება ელ.ენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის ხარისხი. მაგალითად საფრანგეთი, როგორც ენერგოგაერთიანების წევრი ქვეყანა, ვერ გამოირჩევა ელ.ენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის მაღალი დონით, ვინაიდან საფრანგეთში ენერგიის გენერირებას დიდწილად (80-90 %) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანია (Électricité de France) ახდენს. საფრანგეთში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ატომური ენერგიის წილი მთლიან ელ.ენერგიის გენერირებაში დაახლოებით 70-80 %-ია, ეს ფაქტი კი ნაწილობრივ ხსნის იმას თუ რატომაა ადგილობრივი ელ.ენერგიის ბაზარზე სახელმწიფოს წილი მაღალი. ატომური ენერგიის გენერირების მაღალი წილი საფრანგეთში განაპირობებს შედარებით დაბალ ელ.ენერგიის ტარიფებს და ქვეყანას ელ.ენერგიის სტაბილური ექსპორტის საშუალებასაც აძლევს.
გერმანია ელ.ენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით იკავებს შუალედურ პოზიციას ბრიტანეთის ლიბერალურ და საფრანგეთის შედარებით ცენტრალიზებულ ბაზრებს შორის, თუმცა თითოეული გერმანელი მომხმარებელი უზრუნველყოფილია ელ.ენერგიის მომწოდებლის თავისუფალი არჩევის უფლებით და სტაბილური მიწოდებით.
ენერგოგაერთიანების წევრი უმეტესი ქვეყანა, საქართველოსთან შედარებით, ხასიათდება ბაზრის ლიბერალიზაციის უფრო მაღალი დონით. გარდა ამისა, წევრ ქვეყნებს შორის უფრო მაღალია ენერგობაზრების ქვეყანათაშორისი ინტეგრაციის ხარისხი და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს საერთო ენერგობაზრის ჩამოყალიბების მიმართულებით მუშაობა. საერთო ევროპულ ენერგობაზართან ინტეგრაციის კუთხით ენერგოგაერთიანების ქვეყნებიდან საქართველოს გეოგრაფიული დაშორება ჩვენთვის წარმოადგენს ობიექტურ დაბრკოლებას, თუმცა თურქეთის გავლით ჩვენ გვრჩება ევროპულ ელ.ენერგიის სისტემაში ჩართვის შანსი.
როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, სწორი ენერგოპოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში, ელ.ენერგიის ბაზრის ლიბერალიზაცია დადებითად აისახება ელ.ენერგიის სისტემის ეფექტურ და ეკოლოგიურ ფუნქციონირებაზე. ენერგობაზრების ლიბერალიზაცია, როგორც საქართველოს ევროპული არჩევანის ერთ-ერთი კომპონენტი, ადგილობრივ ენერგოსისტემას გახდის უფრო გამჭვირვალეს, ლიბერალურს, დივერსიფიცირებულს, სტაბილურს და ეკოლოგიურად ორიენტირებულს. თუმცა, მსგავსი შედეგების მისაღწევად, ენერგოსექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, აუცილებელია საქართველოში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს არსებობა. ასევე, აუცილებელია ენერგოსექტორის ლიბერალიზაციის პროცესისადმი კომპლექსური მიდგომა, რომლის მიხედვითაც, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს სექტორის თითოეულ რგოლზე პოლიტიკური გავლენა, რომელიც საბაზრო პრინციპების დამკვიდრებას შეუშლის ხელს. და ბოლოს, შესაბამისი სახელწიფო სამსახურების მიერ კიდევ უფრო ინტენსიურადაა საჭირო მუშაობა კონკრეტულად ენერგეტიკის სექტორში ადგილობრივი თუ საერთაშორისო კერძო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
[1] წყარო: საქსტატი.