ევროპაში კენკრის სასუსნავი სულ უფრო პოპულარული ხდება
კენკრის სასუსნავის 25-გრამიანი შეფუთვა ევროპაში საშუალოდ, 10 აშშ დოლარი ღირს
2015 წელს ცოცხალი კენკრის ევროპული იმპორტის ღირებულებამ 413 მლნ. ევრო - 70 000 ტონა შეადგინა, აქედან 67 000 ტონაზე მეტი პროდუქტის იმპორტი განვითარებადი ქვეყნებიდან განხორციელდა. ამგვარად, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ კენკროვანი კულტურებით მდიდარი საქართველოსთვის, ევროპულ ბაზარს დიდი პოტენციალი აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ცოცხალი კენკრის იმპორტი ევროპაში განსაკუთრებით მაღალია არასეზონურ პერიოდში.
ევროპულ ბაზარზე ცოცხალი კენკრის იმპორტი განვითარებადი ქვეყნებიდან 2011-2015 წლებში გაორმაგდა და ზრდას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ კენკრის ბევრი ჯიში ევროპის კონტინენტზეც არის წარმოდგენილი, მოთხოვნა ამ პროდუქტზე გაცილებით მაღალია, ვიდრე მისი წარმოება.
ევროპაში კენკრა როგორც სუპერმარკეტებში, ისე ბაზრობებში იყიდება. სუპერმარკეტების სეგმენტი უფრო ძლიერია ჩრდილოეთ ევროპაში, სადაც კენკრაზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა, ევროპის სამხრეთში კი, უფრო დიდი წილი სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ბაზრობებს უკავიათ.
განსაკუთრებული მოთხოვნა ჟოლოსა და ლურჯ მოცვზეა
ევროპულ ბაზარზე ჟოლო და ლურჯი მოცვი განსაკუთრებით მაღალი პოპულარობით სარგებლობს. 2013-2015 წლებში ჟოლოს ევროპული იმპორტი 7-დან 18 ათას ტონამდე გაიზარდა. დეკემბერ-იანვრის პერიოდში ევროპულ ბაზარს ცოცხალი ჟოლოთი მაროკო ამარაგებს, მოსავლიანობის პერიოდში კი - პოლონეთი, სერბეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები. სხვა მსხვილ მიმწოდებლებს შორის არიან მექსიკა და სამხრეთ აფრიკა.
რაც შეეხება ლურჯ მოცვს საფრანგეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი და გერმანია ზაფხულში აწარმოებენ. მსხვილი მიმწოდებელია მაროკო. არასეზონური მიწოდებები ხდება ჩილედან, სამხრეთ აფრიკასა და პერუდან.
მაყვლის ევროპული ბაზარი ამერიკულთან შედარებით, საკმაოდ მცირეა. ზამთრის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებს, ამ კენკრით ლათინური ამერიკა (მეტწილად მექსიკა) საჰაერო გზით ამარაგებს.
შტოშის წამყვანი მსოფლიო მწარმოებლები აშშ და კანადაა. ევროპაში შტოში ძირითადად, გამომშრალი, გაყინული სახით იყიდება და უფრო იშვიათად არის წარმოდგენილი ცოცხალი პროდუქტის სახით.
ცოცხალი კენკრის მოხმარების კუთხით, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ბაზარი გამოირჩევა. ორივე ქვეყნის იმპორტი წელიწადში 50 000 ტონას აღემატება. დიდ ბრიტანეთს მოწინავე პოზიცია უკავია შტოშის, გერმანიას კი - ჟოლოს იმპორტის თვალსაზრისით. მესამე უმსხვილესი ევროპელი იმპორტიორი - ნიდერლანდებია. მზარდი შესაძლებლობები ცოცხალი კენკრის იმპორტის კუთხით აქვს ესპანეთს. „კენკრის გლობალური კონგრესის“ 2015 წლის მიმოხილვის თანახმად, ცოცხალი კენკრის ყველაზე პერსპექტიულ ბაზრებად მიიჩნევიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩრდილო ევროპის ქვეყნები და ბენილუქსი (ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი).
ევროპაში ყველაზე დიდი მასშტაბით იწარმოება შავი და წითელი მოცხარი და ჟოლო, აქედან მოცხარის სხვადასხვა ჯიშს კენკრის ევროპულ წარმოებაში მნიშვნელოვანი წილი უკავია.
აღმოსავლეთ ევროპიდან ევროკავშირის წევრებს შორის კენკრის წარმოების კუთხით მოწინავე პოზიცია პოლონეთს უკავია, რომელიც ევროპაში ჟოლოსა და მოცხარის მთავარი მწარმოებელია. იტალიას წამყვანი პოზიცია უკავია ლურჯი მოცვის წარმოებაში.
ევროპაში ცოცხალ შტოშზე განსაკუთრებული მოთხოვნა საშობაო პერიოდშია და ამ დროს მისი იმპორტი ძირითადად, აშშ-დან ხდება. შტოშის წვენთან შედარებით, ცოცხალი შტოშის ბაზარი საკმაოდ მცირეა, შესაბამისად, განვითარებადი ქვეყნების მწარმოებლისთვის აშშ-სთან კონკურენცია საკმაოდ რთული იქნება. თუმცა, ევროპულ ბაზარზე ცოცხალი კენკრის გატანის გადაწყვეტილების შემთხვევაში, მხოლოდ ცოცხალი შტოშით არ უნდა შემოიფარგლოს.
ჯანსაღი კვება და ორგანული კენკრის პოტენციალი
ევროპაში სულ უფრო პოპულარულია კენკრის ნაკრებისგან დამზადებული სასუსნავი, რაც გულისხმობს სხვადასხვა ცოცხალი კენკრის დაჭრილი სახით, მცირე ზომის შეფუთვაში გაყიდვას. სულ უფრო მეტი ევროპელი მომხმარებელი ირჩევს ბუნებრივი მეთოდებით წარმოებულ და დამუშავებულ, ორგანულ საკვებ პროდუქტებს და მზად არის, ასეთი პროდუქტებისთვის უფრო მაღალი ფასი გადაიხადოს.
ევროპულ ბაზარზე კენკრის ფასი მერყეობს, თუმცა შეინიშნება შემდეგი ტენდენცია: ფასები შედარებით დაბალია ევროპაში მოსავლის აღებისას და მაღალია ზამთარში, განსაკუთრებით საშობაო პერიოდში.
ევროპაში ლურჯი მოცვისა და მაყვლის ერთი კგ-ს საშუალო ფასი სუპერმარკეტში - 13-20 ევროა, თუმცა 90-120-გრამიან შეფუთვაში მოთავსებული კენკრის სასუსნავი გაცილებით ძვირი ღირს. 1 კგ ჟოლო ევროპულ ბაზარზე 18-23 ევრო ღირს, ორგანული ჟოლოს ფასი 28 ევროა, 1 კგ შტოში კი 10-20 ევრო ღირს. მიმდინარე ფასების თანახმად, უმსხვილეს ბრიტანულ სავაჭრო ქსელ Tesco PLC-ში, რომელიც აზიისა და ევროპის 12 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ცოცხალი ლურჯი მოცვის 1 კგ 14 ევრომდე ღირს, 1 კგ ორგანული ლურჯი მოცვი კი - 18 ევრო. სუპერმარკეტების დანიურ ქსელ „აილბერტ ჰეინში“ 1 კგ ლურჯი მოცვი 18-20 ევრო ღირს.
წყარო: https://www.cbi.eu/market-information/fresh-fruit-vegetables/berries/europe/