ბოლო 6 თვის განმავლობაში სოფლის მეურნეობის 2015-2020 წლების სტრატეგიის 5% შესრულდა
“რეფორმეტრის” შეფასებით ამ ეტაპზე 2015-20 წლებზე გაწერილი სტრატეგია 74,9%-ით არის შესრულებული. რეფორმის პროგრესის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა შემდეგი პროცესები, რომლებიც ჯერ კიდევ დაუსრულებელია:
- სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება (პროცესშია)
- მეურნეობათა რეესტრი (პროცესშია)
- სათესლე და სარგავი მასალების სერტიფიცირების სისტემა (პროცესშია, შესრულებულია 40%-ით)
- მიწათსარგებლობის სისტემა (შესასრულებელია)
- ასოცირების შეთანხმებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან დასაახლოებელი რეგულაციები (პროცესშია, მიმდინარეობს სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის კანონმდებლობის დაახლოება ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით)
განხილვის მეორე ნაწილი დაეთმო სოფლის მეურნეობის ობიექტური ინდიკატორების მიმოხილვას, რომელსაც ISET-ის მკვლევარი, რატი კოჭლამაზაშვილი უძღვებოდა. მონაცემების მიხედვით 2017 წელს ფიქსირდება ზრდა სოფლის მეურნეობაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, თუმცა სოფლის მეურნეობაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში არ ცდება 1%-ს, რაც უცხოელი ინვესტორებისთვის დარგის არამიმზიდველობაზე მიუთითებს.
რატი კოჭლამაზაშვილმა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიწის ბაზრის განვითარება დაასახელა. ბოლო პერიოდში თითოეულ კვარტალში დაახლოებით 7 ათასი ტრანზაქცია ხორციელდება, საშუალო საჰექტარო რაოდენობა კი, რომლითაც ხდება ვაჭრობა, არ ცდება 1ჰა-ს. კოჭლამაზაშვილმა წყალუზრუნველყოფასა და სადრენაჟე სისტემებზეც გაამახვილა ყურადღება:
“ამ მიმართულებით ბოლო წელს ზრდა არც თუ ისე შთამბეჭდავია. სამინისტროს საწყისი წერტილის გასამმაგებაზე აქვს საუბარი, ჩვენი გათვლებით თუ ამ ტემპებით გაგრძელდა მუშაობა სამინისტროს გაუჭირდება გეგმის შესრულება, ამიტომ რეკომენდაციაა რომ მოხდეს გადახედვა ამ კუთხით”- აღნიშნა რატი კოჭლამაზაშვილმა.
2017 წლის 10 თვის მონაცემებით უმსხვილესი 5 აგროსასურსათო პროდუქტი, რომლებზეც მოდის აგროექსპორტის 67% არის:
- ღვინოები;
- სპირტიანი სასმელები;
- მინერალური წყლები;
- თხილი;
- მსხვილფეხა პირუტყვი.
“მიმდინარე პროგრამები ძირითადად აქცენტს აკეთებენ გადამუშავებაზე. მნიშვნელოვანია, რომ 2015 წელი იყო გარდამტეხი, როდესაც გადამუშავებამ გადაასწრო პირველად წარმოებას რეალურ მაჩვენებლებში, რაც ასევე მისასალმებელია, რადგან სწორედ გადამუშავებაში იქმნება დამატებული ღირებულება და მეტი კაპიტალი ქვეყანაში”- აღნიშნა რატი კოჭლამაზაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა წარმოადგინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სტრატეგიის შესრულების მიმოხილვა. ხანიშვილმა აღნიშნა, რომ თხილის პირველადმა წარმოებამ და ექსპორტმა ფაქტობრივად შეცვალა მთლიანი დინამიკა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმატებულ მუშაობას. მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ფერმერების მხრიდან ინტერესის ნაკლებობის გამო, სახელმწიფოს გარკვეული თანხები აუთვისებელი დარჩა:
“ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს ჩვენ დავაფინანსეთ ყურძნის გადამამუშავებელი კოოპერატივი. პროექტის მთავარი მოთხოვნა იყო 20 ჰა მიწის ნაკვეთი და მინიმუმ 20 მეპაიე. მიუხედავად არც თუ ისე მკაცრი მოთხოვნებისა, კახეთიდან მივიღეთ მხოლოდ სამი წინადადება. შედეგად, 800 ათასი ლარი ვერ ავითვისეთ. ჩვენი წარმომადგენლები გარდა გეგმით განსაზღვრული შეხვედრებისა, არაოფიციალური შეხვედრებს ატარებენ ყოველდღიურად, მაგრამ საზოგადოების მხრიდან ინტერესი დაბალია”- განაცხადა გელა ხანიშვილმა
რაც შეეხება სამინისტროს 2018 წლის გეგმებს, ნომერ პირველ პრიორიტეტად აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა დასახელდა. მინისტრის მოადგილის ცნობით ჯამში 2018 წელს 50 მლნ ლარი დაიხარჯება აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად. გელა ხანიშვილმა 2018 წელს სამი პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა:
- მონიტორინგის არეალის გაზრდა. სამინისტრო გეგმავს საქართველოს მთლიან პერიმეტრზე აზიური ფაროსანას მონიტორინგს უფრო ფართო დაფარვით, ვიდრე იყო 2017 წელს.
- ფერმერების მაქსიმალური ინფორმირებულობა ფაროსანასთან საბრძლოველად: სამინისტრო იმუშავებს კომპანიებთან და დონორებთან იმისათვის, რომ იყოს მაქსიმალური დაფარვა ყველანაირი ფორმატით. ამისთვის 2 მლნ ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან და ასევე არის დონორების დახმარების მოლოდინიც.
- შესაწამლი ტექნიკისა და მანქანების შეძენა. 2017 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კერძოდ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს სულ ყავდა 12 შესაწამლი მანქანა, რაც სრულიად არ იყო საკმარისი. მთვარობის და პარლამენტის გადაწყვეტილებით 20 მლნ ლარი გამოიყოფა, რომლითაც 2018 წელს სამინისტრო შეიძენს შესაწამლ ტექნიკას და გადაზიდვის საშუალებებს. ამ მიმართულებით USAID უზრუნველყოფს დამატებით ტექნიკას.
- აზიური ფაროსანა;
- განათლებასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა;
- სტატისტიკური მონაცემების მაღალი ცდომილება;
- ექსპორტის დივერსიფიცირების დაბალი დონე;
- სოფლის მეურნეობის განვითარება;
- მცირე და საშუალო ბიზნესის/ინოვაციების განვითარება;
- კაპიტალის ბაზრის განვითარება;
- საპენსიო რეფორმა;
- პროფესიული განათლების რეფორმა.
პროექტის მიზანია წელიწადში 2-ჯერ ეკონომიკური რეფორმების შეფასება. მექანიზმი ხელს უწყობს რეფორმების ობიექტურ შეფასებას და ამავდროულად იგი საზოგადოებას გამარტივებული ფორმით მიეწოდება.