ქართულ საწარმო „გეო-ფლაუერს“ ყოველწლიურად 400 ტონა ჩირი გერმანიაში შეაქვს
როგორ გადაიქცა „გეო-ფლაუერი“ მცირე საწარმოდან ევროკავშირში ექსპორტიორ წარმატებულ კომპანიად.
შპს „გეო-ფლაუერი“ ხილის ჩირებსა და სამკურნალო მცენარეებს გერმანიაში ყიდის. ძირითადი მიმართულება ბიო პროდუქტების წარმოებაა. კომპანიის ექსკლუზიური პარტნიორი მსოფლიოში ცნობილი ჩაის მწარმოებელი ფირმა „მარტინ ბაუერია“. ამ საერთაშორისო კომპანიის დახმარებით, ყოველწლიურად „გეო-ფლაუერს“ გერმანიაში 400 ტონა ჩირი შეაქვს. „გეო-ფლაუერი“ საერთაშორისო სტანდარტს ISO 22000:2005 -ს, ასევე „კავკასსერტი“-სა და „Fair Wild“-ის ბიო სერტიფიკატებს ფლობს.
წარმატებული ქართული კომპანიიის ისტორია კი 2007 წელს დაიწყო, როდესაც ინდ. მეწარმე მინდია ხურციძემ ლეჩხუმში ლაჯანურ ჰეს-ის მიმდებარედ მცირე საწარმო დაარსა. „მარტინ ბაუერთან“ კონტრაქტის გაფორმებამ მცირე მეწარმეს საშუალება მისცა, რომ წარმოების გაფართოებაზე ეფიქრა.
მილენიუმის რეგიონის განვითრების პროგრამის ფარგლებში ქალაქ ამბროლაურში მცირე საწარმომ ყოფილი საკონსერვოს ტერიტორის შეძენა შეძლო. USAID-ის დახმარებით კომპანიამ დანადგარები შეიძინა, ხოლო ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ახალი საწარმო აშენდა, რომლის ფილიალი დღეს უკვე ახალციხეშიც არსებობს.
წარმოების მთლიანი მოცულობის 98%-ი ექსპორტზე გადის ხოლო, 2 %-ი ქვეყანაში რჩება და გურიელის ხილის ჩაის წარმოებაში გამოიყენება. „გეო-ფლაუერს“ ამ ეტაპზე 600 მეტი ნედლეულის მიმწოდებელი ჰყავს ლეჩხუმის, ამბროლაურის, ონისა და ზემო იმერეთის სოფლებიდან. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს რეგიონები „ბიო ნედლეულის ამოუწურვადი საბადოებია“.
კომპანია ხილის ჩირებსა და სამკურნალო დანიშნულების მცენარეებს დანამატების გარეშე აწარმოებს, რადგან მათი ნიშა სწორედაც რომ ორგანული პროდუქტის წარმოებაა.
„როდესაც ბიო პროდუქტს ვამზადებთ, ამ შემთხვევაში, ჩვენ განსაზღვრული მომწოდებლები გვყავს, ვახორციელებთ მონიტორინგს იმისთვის, რომ ნედლეულის უვნებლობა ვაკონტროლოთ. გვაქვს ჩვენი ლაბორატორია, თუმცა მომავლისთვის ვფიქრობთ, გავზარდოთ ლაბორატორიის ფუნქციები და გავაფართოოთ მისი შესაძლებლობები“, - აცხადებს „გეო-ფლაუერი“-ს ხარისხის მართვის მენეჯერი ნათია ფრუიძე.
„გეო-ფლაუერს“ საკუთარი ხილის ბაღები არ აქვს, თუმცა ნედლეულის სტაბილური მარაგების შესაქმნელად, ბაღების შეძენას არ გამორიცხავენ. ამ ეტაპზე კი მხოლოდ ტყიბულში 17 ჰექტარ ჩაის პლანტაციას ფლობენ და 2-3 წელიწადში ჩაის წარმოების დაწყებას გეგმავენ.
„გეო ფლაუერი“ რეგიონში კორპორატიული სოციალური პასუხისმგემლობის მაგალითს იძლევა: „ კომპანიის მოგების რაღაც ნაწილი გადადის „Fair Wild“-ის პრემიალურ ანგარიშზე და იქედან ვცდილობთ ნედლეულის შემგროვებლებისთვის სასარგებლო სოციალურ პროექტები განვახორციელოთ. მაგალითად, ერთ წელს ძირტკბილას შემგროვებლებს 7 000 ლარის ფარგლებში სტომატოლოგიური მომსახურეობა დავუფინანსეთ. შარშან 25 ფერმერს ხბორები ვუყიდეთ. 2 წლის წინ კი შემგროვებლებს სხვადასხვა პრიზები დავურიგეთ, ამ პრიზებს თვითონ ირჩევენ. ძირითადად საყოფაცხოვრებო ტექნიკაა - მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა და ა. შ.“, - ამბობს ნათია ფრუიძე.
ქართული ჩირები გემოვნური თვისებების მიხედვით გერმანელ პარტნიორებს ძალიან მოსწონთ და წარმოების გაორმაგების შემთხვევაშიც კი მზად არიან, პროდუქცია მთლიანად შეიძინონ.
ზურაბ მოდებაძე