მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება
ბუნებრივი გაზის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სწორედ, ენერგოუსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების დირექტივა (N 2004/67/EC) მიიღო საქართველომ ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია. არსებული მდგომარეობით დირექტივის შესრულების ვადა 2020 წლის 31 დეკემბერია, თუმცა თარიღის გადაწევა საქართველოსა და ენერგოგაერთიანების სამდივნოს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზეა შესაძლებელი. ეს დირექტივა ნაწილობრივ მიემართება დაგეგმილი მიწისქვეშა გაზსაცავის (სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე ) მშენებლობას, რომლის დასრულება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.
საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის აუცილებლობის დამადასტურებელი შემდეგი ფაქტორები არსებობს:
- საქართველოს ბუნებრივი გაზის წმინდა იმპორტიორია. საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი გაზის წილი მთლიან მოხმარებაში ერთ პროცენტსაც ვერ ადგენს, შესააბამისად, ჩვენ იძულებულები ვართ საკუთარი მოხმარების დიდი ნაწილი იმპორტირებული ბუნებრივი გაზით ვუზრუნველვყოთ;
- ბუნებრივი გაზის მომწოდებლების მონოპოლიური მდგომარეობა, ანუ საქართველოსთვის დღეს აზერბაიჯანია გაზის ძირითადი მომწოდებელი, ალტერნატივა კი რუსეთია, რომლისგანაც საქართველოს ზამთრის თვეებში იღებს ბუნებრივ გაზს. რუსეთს კი ენერგორესურსები საქართველოს წინააღმდეგ არაერთხელ გამოუყენებია პოლიტიკურ იარაღად;
- ადგილობრივი ბუნებრივი გაზის ბაზრის მონოპოლიური მდგომარეობა. ადგილობრივი ბაზრის (გარდა თბილისისა) დიდი ნაწილი აზერბაიჯანის სახელწიფო მფლობელობაში არსებული კომპანიის, SOCAR-ის და მისივე შვილობილი კომპანიების მფლობელობაშია;
- ენერგიის მოხმარების კუთხით საქართველოსთვის მკვეთრად დამახასიათებელია სეზონურობა, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხებს სიმწვავეს სძენს.
- ვინაიდან საქართველოს ენერგოგაერთიანების წევრ ქვეყნებთან უშუალო სახმელეთო ან საზღვაო საზღვარი არ აქვს (თურქეთი და სომხეთი გაერთიანებაში მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით არიან წარმოდგენილი), საქართველოსთვის ევროგაერთიანების საერთო ბაზრის უპირატესობებით სარგებლობა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ანუ, საქართველოს ენერგოგაერთიანების ზონის ბუნებრივი გაზის ბაზარზე ჯერჯერობით მხოლოდ ცალმხრივი წვდომის პერსპექტივა ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ენერგოგაერთიანებაში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ როგორ ბუნებრივი გაზის ტრანზიტორი ქვეყანა და არა როგორც ბუნებრივი გაზის მიმღები თუ იმპორტიორი. ჯერჯერობით სიტყვას რა დატვირთვა აქვს? ანუ რაზეა დამოკიდებული?
გაზსაცავის პროექტი ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში ბუნებრივი გაზის ცენტრალურ მაგისტრალებში დაბალი წნევის შემთხვევების დროული და ეფექტური აღმოფხვრისთვის. მაგალითად, როგორც გაზსაცავის პროექტითაა გათვალისწინებული, თუ დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელ მაგისტრალში წარმოიქმნება დაბალი წნევის პრობლემა, მის აღმოფხვრაში ჩაერთვება ხსენებული გაზსაცავის რესურსები.
საქარველოს ენერგეტიკის სტრატეგიის (2017-2020) დოკუმენტში ჩადებულია მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტი. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ: „უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე დაგეგმილია მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა, გაზის აქტიური მოცულობით - 210-280 მლნ. და მთლიანი მოცულობით - 400-500 მლნ. გაზსაცავი საქართველოს მაგისტრალური მილსადენების ქსელიდან დაშორებულია 5-8 კმ-ით. მომზადებულია პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიში. 2021 წლისათვის, როცა „შაჰ-დენიზის“ საბადოს ათვისების მე-2 ფაზის ამოქმედების შემდეგ ქვეყანა გაზის მნიშვნელოვნად გაზრდილ მოცულობებს მიიღებს, გაზსაცავი ექსპლუატაციისათვის მზად იქნება.“
დაგეგმილი გაზსაცავის მოცულობები, საქართველოში ბუნებრივი გაზის ბაზრის მთლიანი წლიური მოხმარების მოცულობიდან გამომდინარე, საკმაოდ მასშტაბურია. ანუ, ამ კონკრეტულ გაზსაცავს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესების კარგი პოტენციალი აქვს. მაგალითად, დაგეგმილი გაზსაცავის სავარაუდო აქტიური მოცულობა (280 მლნ.) 2016 წლის მთლიანი მოხმარების (2200 მლნ. ) დაახლოებით 13 პროცენტია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში საქართველოს საშუალოდ ერთი თვის განმავლობაში ბუნებრივი გაზით თვითმომარაგების შესაძლებლობა გაუჩნდება.
უახლესი ინფორმაციის თანახმად „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ხსენებული გაზსაცავის მშენებლობის დაწყებას 2018 წლის პირველ კვარტალში გეგმავს, ანუ ამ დროისთვის უკვე გაფორმდება ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც გაზსაცავის მშენებლობაზე იქნება პასუხისმგებელი. როგორც კორპორაციის შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ვახტანგ ხელაძე აცხადებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასაკვალიფიკაციო პროცესი, ანუ ეტაპი, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის უფლება ექნებათ. არსებული ინფორმაციით საკვალიფიკაციო პროცესში უკვე 8 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ხელაძის განცხადებით, შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე ქართულ კომპანიებს წარმატების ნაკლები შანსი აქვთ. მშენებლობის დასრულება კი, როგორც უკვე ვახსენეთ, 2021 წლისთვის იგეგმება.
ენერგოდამოუკიდებლობისა თუ ენერგოუსაფრთხოების კუთხით გაზსაცავების მშენებლობა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ( განსაკუთრებით ბუნებრივი გაზის წმინდა იმპორტიორ ქვეყნებში) აპრობირებული პრაქტიკაა. ევროკავშირის ქვეყნები გაზსაცავების მშენებლობით ცდილობენ ბუნებრივი გაზის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას და, ზოგადად, ენერგოუსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას. მსგავსი ტენდენციის უმრავი კონკრეტული მაგალითი არსებობს. ქვემოთ მოცემული გრაფიკი.1 ნათლად ასახავს მსოფლიოს მაშტაბით მიწისქვეშა გაზსაცავების ზრდის ტენდენციას, სადაც 1970 წლიდან 2016-მდე ნაჩვენებია გაზსაცავების ჯამური მოცულობის ზრდის დინამიკა. ტრენდი,საერთო ჯამში,აღმავალია. 2016 წელს 1970 წელთან შედარებით გაზსაცავების საერთო მოცულობა 4.5-ჯერ არის გაზრდილი და 420 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.
გრაფიკი.1
წყარო: CEDIGAZ
ცხრილი 1.
მიწისქვეშა გაზსაცავების რაოდენობა და მოცულობა 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით
წყარო: CEDIGAZ
როგორც მოკლე სტატისტიკური მიმოხილვიდანაც ჩანს, მიწისქვეშა გაზსაცავები ენეგოდამოუკიდებლობის, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესების ერთ-ერთი ეკონიკურად ეფექტური საშუალებაა. ჩვენ კი „ქმედითად“ ვიმედოვნოთ, რომ საქართველოში დაგეგმილი გაზსაცავის მშენებლობის პროცესი საპროექტო ვადებში ეფექტურად განხორციელდება, რითაც კიდევ უფრო მივუახლოვდებით ევროკავშირის ენერგობაზრის სტანდარტებს.