“ფუტკარამ” იაპონიაში თაფლის პირველი საცდელი პარტია უკვე შეიტანა და ამჟამად კონტრაქტის მოლოდინშია
შემდეგი “სადგური” ევროპა იქნება
თაფლის მწარმოებელი შპს „ფუტკარა ჯგუფი“ იაპონურ კონტრაქტს ელოდება. გასულ წელს ქართულმა კომპანიამ იაპონიაში საცდელად 1 ტონა თაფლი გაიტანა. ექსპორტზე სამი სახის - ალპური, ცვარტკბილის (მანანა) და შერეული თაფლი გავიდა.
იაპონელმა პარტნიოერებმა „ფუტკარა ჯგუფი“ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს საიტის (www.tradewithgeorgia.com) საშუალებით იპოვნეს. მოლაპარაკებები გასული წლის მაისში დაიწყო და საზღვაო გადაზიდვით გაგზავნილი თაფლი იაპონიაში წლის ბოლოს შევიდა. ქართული კომპანია მომდევნო შეკვეთაზე კონტრაქტს უახლოეს მომავალში ელოდება.
„მეწარმეობის განვითარების საგენტო იაპონურ საშუამავლო კომპანიასთან დაკავშირებაში დაგვეხმარა. ამ კომპანიამ www.tradewithgeorgia.com-ზე ნახა ჩვენს შესახებ ინფორმაცია და მიუხედავად იმისა, რომ მათი ინტერესის ძირითადი სფერო ღვინო იყო, ქართული თაფლის მიმართ დიდი ინტრესი გამოხატეს და ჩვენი ბრენდირებული თაფლი სექტემბრის ბოლოს წაიღეს. ზღვით გადაზიდვას დიდი დრო დასჭირდა, ამიტომ უახლოეს ხანში იაპონური კომპანიისგან პასუხს ველოდებით, თუ ჩვენი თაფლი მოეწონებათ, იაპონური საშუამავლო კომპანია იქაური საცალო ქსელის მოსამარაგებლად შეკვეთებს გაგვიფორმებს. იაპონელი პარტნიორები წინასწარ გაფრთხილებული გვყავს, რომ ხარისხს ყოველთვის უცვლელს შევთავაზებთ, თუმცა სტაბილური რაოდენობების უზრუნველყოფის პრობლემა გარკვეულწილად იქნება მანამ, სანამ მეფუტკრეობის დარგი არ გაძლიერდება“, -ამბობს „ფუტკარა ჯგუფის” დირექტორი გოჩა თეთრუაშვილი.
„ფუტკარა ჯგუფი“ თაფლის წარმოების გარდა, მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარის და პრეპარატების ევროპიდან დისტრიბუციასაც აკეთებს. მას შემდეგ რაც ევროკომისიის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორატმა საქართველოს თაფლის ევროკავშირში ექსპორტირების უფლება დართო, შპს „ფუტკარა ჯგუფი“ სამომავლოდ ევროკავშირის ბაზარზე შესვლას არ გამორიცხავს.
„მიუხედავად იმისა, რომ თაფლის ხარისხის მიმართ აზიის ბაზარი უფრო ლოიალურია ანუ ბევრი დოკუმენტაცია და ლაბორატორიული კვლევები არ გვჭირდება, ევროპის ბაზარი მაინც საინტერესოა. არაბრენდირებული თაფლის საბითუმო ფასი საშუალოდ 4 ევროა. ერთ-ერთ გამოფენაზე ჩვენი თაფლით გერმენელები და ავსტრიელები დაინტერესდნენ, მათ ყოველთვიურად 20 ტონა თაფლი უნდოდათ. ამ რაოდენობის თაფლის უზრუნველყოფა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამას გარდა, ევროპა ისეთ ლაბორატორიულ შემოწმებას ითხოვს, რისი საშუალებაც საქართველოში არ არის, ევროპაში კი ამ კვლევების ჩატარება ძვირია. მეწარმემ და სახელმწიფომ ერთად უნდა მოინდომოს რომ დარგი განვითარდეს და წარმოების მოცულობები და ხარისხი გაიზარდოს. მერე კი ევროპის სტაბილურ ბაზარზე შესვლა და დამკვიდრება ნამდვილად ღირს“, ამბობს „ფუტკარა ჯგუფი“-ს დამფუძნებელი მიხეილ თეთრუაშვილი.
სანამ ქართული თაფლი იაპონიის მარკეტებში გაიყიდება, ნატურალურ, არაფალსიფიცირებულ თაფლზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც არის. ამასთან აღსანისნავია ისიც, რომ გემოვნური თვისებებით გამორჩეულ ქართულ თაფლს ევროკავშირის ბაზარი 500 მილიონი მომხმარებლით ელოდება. ევროკავშირის ბაზარზე შესვლას კი ქართული თაფლი უვნებლობის და ხარისხობრივი პარამეტრების გაუმჯობესების შემდეგ შეძლებს.