ENPARD-ის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივების შემოსავლები საშუალოდ 27%-ით, ხოლო მოგება - 30%-ით გაიზარდა
ISET-ის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტი აჯამებს ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით კოოპერატივების დაფინანსების 2014-2017 წლების შედეგებს და აცხადებს, რომ მცირე ფერმერებს უმცირდებათ წარმოების ხარჯები, იზრდება მათი ეფექტიანობა და მასშტაბის ეკონომია.
"დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობა კომპლექსური პრობლემების წინაშე დგას. აქედან გამოსავლის ერთ-ერთი გზა არის კოოპერატივები, თუმცა არა ერთადერთი (კოოპერაცია პანაცეა არ არის). სწორი კოოპერაცია სასარგებლოა ძირითადად მცირე და ზოგ შემთხვევებში საშუალო ზომის ფერმერებისათვის, რომელთა რიცხვი სამწუხაროდ საქართველოში ძალიან დიდია. ეს იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც დაიწყო კოოპერატივების გაძლიერებისპროგრამა. მას თავიდანვე საპილოტეეწოდებოდა, რამდენადაც ევროკავშირმა (რომელსაც კოოპერაციის დიდი გამოცდილება აქვს)იცოდა, რომ ამ მოდელს სჭირდებოდა ქართულ რეალობაში გამოცდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება ოთხი წლის წინ დაიწყო, რაც ახალი ხილია ქართველი ფერმერებისათვის და მისი უპირატესობების თუ ნაკლოვანებების შეცნობას დრო და გამოცდილება სჭირდება", - საუბრობს ISET-ის სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის უფროსის მოადგილე და ENPARD-ის პროექტის კოორდინატორი ირაკლი კოჭლამაზაშვილი.
საქართველოში დაახლოებით 1500 კოოპერატივია დარეგისტრირებული, რომლეთაგან 281 კოოპერატივმა ევროკავშირის მხარდაჭერა მიიღო. კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობისთვის 2014-2017 წლებში ევროკავშირის მხრიდან 13 მილიონი ლარი დაიხარჯა, რასაც 4,4 მილიონი თანადაფინასება ემატება. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში დახმარება გარდა კოოპერატივის წევრების ტრენინგებისა (საგადასახადო, მარკეტინგულ და სხვადასხვა საკითხებში), ასევე ტექნიკურ მხარდაჭერას, ნედლეულის შესყიდვასა და პროდუქციის გაყიდვაში კავშირების მოძიებაში მხარდაჭერასაც მოიცავს. ENPARD-ის პროგრამის გარდა კოოპერატივების განვითარებისთვის ევროკავშირის დაფინანსებით სახელმწიფო დახმარების პროგრამის ფარგლებში დაახლოებით ათას კოოპერატივმა გრანტის სახით 6 მილიონი ლარი მიიღო.
აღნიშნული დახმარებები სრულ შედეგს გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიღებენ, თუმცა პირველი ოთხი წლის შედეგებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი უკვე აფასებს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივების შემოსავლები საანგარიშო პერიოდში საშუალოდ 27%-ით გაიზარდა, ხოლო მოგება - 30%-ით. რაც შეეხება ამ კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის ღირებულებას 37%-ით გაიზარდა, მათი აქტივები კი 2014 წლის შემდეგ გაოთხმაგდა. (კოოპერატივების კვლევა განახორციელა ISET-მა ENPARD-ის განმახორციელებელ ორგანიზაციების დახმარებით: CARE, Mercy Corps, Oxfam, People in Need და UNDP.)
საშუალო მაჩვენებლების გარდა კოჭლამაზაშვილი დამატებით აფასებს პროგრამის შუალედურ შედეგებს: "რა თქმა უნდა, კოოპერატივების უმეტესობას დადებითი ფინანსური მაჩვენებლები აქვთ, მაგრამ არიან კოოპერატივები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ზოგ წელს ზარალზე გადიან. 2017 წელს თხილის კოოპერატივებს აზიური ფაროსანას ეპიდემიისა და სხვადასხვა დაავადებების გავრცელების გამო საკმაოდ ცუდი მაჩვენებლები ქონდათ, რამაც ფაქტიურად დიდი გავლენა იქონია გამოკითხული კოოპერატივების საერთო მაჩვენებლებზე. სხვა სექტორებშიც არის რიგი ჩავარდნები, რაც ზოგ შემთხვევაში ე.წ. „აგრარული წლიდან“ არის გამომდინარე და რიგ შემთხვევებში გამოუცდელობიდან, განსაკუთრებით ეს პრობლემა ახალი კულტურების მწარმოებელი კოოპერატივების შემთხვევაში ვლინდება. ზოგადად, განვლილ წლებს თუ შევხედავთ, ტენდენცია გაუმჯობესებისკენ არის შეცვლილი, თუმცა ხაზი უნდა გაესვას, რომ ENPARD-ის პროექტის მხარდაჭერა 2017 წლის ბოლოს დასრულდა და ამის შემდგომ კოოპერატივებს მოუწევთ უკვე საკუთარი ძალისხმევით გააგრძელონ მუშაობა, რაც რეალურად დაგვანახებს მომავალში მათ მდგრადობას".
"მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რას მოხმარდა დახარჯული თანხა, რომელიც ძირითადად გრძელვადიანი აქტივების შესაძენად იყო გამოყოფილი. ეს კი ნიშნავს, რომ დაფინანსებული კოოპერატივების ნაწილმა ხვალაც რომ შეწყვიტოს მუშაობა, ამ აქტივების გამოყენება შეუძლია ინდივიდუალურ ფერმერს ან სხვა ფორმით მოქმედ აგრო ბიზნესს. ამასთანავე, ამ კოოპერატივებში გარკვეულწილად სტანდარტების გაუმჯობესებისკენ გადაიდგა ნაბიჯები, რაც ყველა შემთხვევაში გასაკეთებელი აქვს ბიზნესზე ორიენტირებულ ფერმერებს თუ კოოპერატივებს, რათა მომავალში გააგრძელონ საქმიანობა. ამდენად, ჩემი აზრით, ენპარდის კოოპერატივებში ინვესტირებული თანხა გარკვეულწილად დაეხმარება ქართულ სოფლის მეურნეობას და მაშასადამე ეკონომიკას", - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.
eugeorgia.info გაესაუბრა სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული საქმიანობით დაკავებული ENPARD-ის გრანტის მიმღებ რამდენიმე კოოპერატივის ხელმძღვანელს.
ღვინის მწარმოებელი კოოპერატივის "თერჯოლის ღვინო"-ს დირექტორი გიორგი მაკარიძე აფასებს მიღებული გრანტის გავლენას მის ბიზნესზე: "პროგრამის ფარგლებში ტექნიკა-მოწყობილობები გადმოგვეცა, რის საშუალებითაც ბიზნესი 200%-ით გაიზარდა, მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ტრენინგები წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში, ასევე კოოპერატივის სამართლებრივი ფორმის მოწყობაში, კანონმდებლობაში გარკვევა, ბაზარზე შესვლის პრინციპები. წარმოება რომ დაგვეწყო, მოწყობილობები სრულად არ გვქონდა, გვჭირდებოდა ნიადაგის და ვენახის მოვლის საშუალებები, ღვინის ჩამოსასხმელი დანადგარი და სატვირთო მანქანა, რაც სრულად დაგვიფინანსდა ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. გრანტის საშუალებით მიღებული ტექნიკით 2-3-ჯერ მეტ ღვინოს ვაწარმოებთ, რამაც წარმოებისთვის საჭირო დროც შეგვიმცირა."
კოოპერატივისთვის მიღებული გრანტის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას სხვადასხვა კოოპერატივის ხელმძღვანელები. საჩხერის სოფელ ჩიხაში კოოპერატივმა "ბარაქა" 500 კვ.მ. სათბური მოაწყო გრანტის საშუალებით და ადგილობრივ ბაზარს კიტრით, პომიდვრით და მწვანილებით ამარაგებს. "ბარაქას" დირექტორი გიორგი იაკობაშვილი აღნიშნავს, რომ კოოპერატივი მხოლოდ საკუთარი სახსრებით სათბურს ვერ გამართავდა და ვერც შემოსავალს მიიღებდა. "ჩვენი პროდუქცია წარმატებით იყიდება ადგილობრივ ბაზრებზე, რადგან მოსახლეობას ჩვენი ნდობა აქვს იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით."
ყვარლის რაიონის სოფელ გავაზიდან ხილის და თხილის მწარმოებელი კოოპერატივის "საბას" ხემძღვანელის ისაბალ სოლოღაშვილის თქმით კოოპერატივს ტრაქტორი გადაეცა. ისაბალი აცხადებს: "მექანიზაციის შედეგად პროდუქციის თვითღირებულება შემცირდა, ტექნიკის დაქირავება ყოველთვის არ ხერხდებოდა დროულად, რაც მოსავლის გაფუჭებას იწვევდა."
კოოპერატივების გაძლიერება მაღალმთიან რეგიონებში დამატებით ფუნქციებს იძენს. ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარის მკვიდრი და კოოპერატივ "ზედა ვაკის" დირექტორი თამაზ შავაძე საუბრობს დაფინანსების საჭიროებებზე: ამ ეტაპზე ENPARD-ის დაფინანსებით შევიძინე რძის გასაციებელი და ყველის ამოსაყვანი დანადგარები, ახალი წლიდან კიდევ ახალ დანადგარებს შევიძენ. ამ ეტაპზე მცირე საოჯახო საწარმოში ვაკეთებ ყველს, ჩემს სამეზობლოში დაახლოებით 50 ფურია, რომლებიც ვიცი რომ შემოწმებული არიან და დაავადებები არ აქვთ. მათგან ვიბარებ რძეს და იმერულ ყველს ვაკეთებ, რომელსაც ბათუმში ვყიდი. დიდაჭარის შემოგარენში 6 სოფელია, რომელთა ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობაა. ამ სოფლების მოსახლეობა მპირდება, რომ საწარმოს სრულად გამართვის შემდეგ რძეს ჩამაბარებენ. დღეს 1 ტონიანი ავზი მაქვს, რომელიც ჩემი გათვლებით დღეში სამჯერ მაინც დაიტვირთება ანუ დღეში შემიძლია 3 ტონა რძე გადავამუშაო. ამ პროცესში დავასაქმებ 6-7 ადამიანს. თუმცა სრული დატვირთვით ჯერ ვერ ვმუშაობ, ფინანსების ნაკლებობის გამო ნელ-ნელა ვიძენ საჭირო აპარატურას."
კოოპერატივ "ზესხოს" ხელმძღვანელი ლენტეხიდან ზურაბ ლობჟანიძე გრანტის საშუალებით მიღებული ეკონომიკური სარგებლის გარდა ხაზს უსვამს მოსახლეობის დაინტერესების ტენდენციას სასოფლო საქმიანობით: "გრანტის ფარგლებში გადმოგვეცა ტექნიკა, რომელმაც გაზარდა შრომის ნაყოფიერება და თვითღირებულება შეგვიმცირა. გრანტი 2017 წელს მივიღეთ და ტექნიკის ბაღებში შეყვანა დაგვიგვიანდა, ამინდებმაც არ შეგვიწყო ხელი, შესაბამისად წელს დიდი მოგება არ გვქონია, თუმცა მომავლისთვის მაქსიმალურად მომზადებულები ვართ. წელს 3 ჰა. მიწაზე ჰოლანდიური თესლი შემოვიტანეთ, რომელმაც არ გაამართლა. მომავალ წელს 6 ჰა.-ზე ვგეგმავთ ახალი თესლის დათესვას. პრობლემების მიუხედავად, წელს თვითღირებულება 5-6%-ით შეგვიმცირდა, მომავალი წლისთვის უკეთესს შედეგს ველოდებით. სოფელში სადაც კოოპერატივის მიწებია 25 ოჯახიდან მხოლოდ 2 ოჯახია მუდმივად მაცხოვრებელი. წელს სხვა ოჯახებმაც გამოთქვეს კოოპერატივში გაწევრიანების სურვილი. რაც მთავარია, ხალხს მივეცით ენთუზიაზმი, რომ სოფლად შეიძლება შემოსავლების მიღება და იმედი გვაქვს, რომ სოფლის დაცლა შეჩერდება", - განაცხადა ლობჟანიძემ.
მნიშვნელოვანია, რომ კოოპერატივების განვითარების დასახელებული ტენდენცია შენარჩუნდეს და პროგრამის დასრულების შემდეგ მათ დამოუკიდებლად შეძლონ ფუნქციონირება. კოჭლამაზაშვილი ასახელებს იმ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბენეფიციარი კოოპერატივების მდგრადობისთვის: "დღეს სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, რასაც ყველანი ერთად ვსვამთ. პასუხის გასაგებად კი ოთხი ძირითადი ფაქტორია მნიშვნელოვანი, რაც კოოპერატივების მდგრადობაზე მოქმედებს (მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე), ესენია:
1) კოოპერატივის მართვა და ლიდერობა
კოოპერატივის მმართველ ადამიანთა ჯგუფზე/ბირთვზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამიტომ მათი უნარების გაუმჯობესება და ზოგადად ასეთი ადამიანების გამოვლენა და მათ განვითარებაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესების წარმატებით გაგრძელებისათვის.
2) წევრების თანამონაწილეობა კოოპერატივის საქმიანობაში
დახმარების პროგრამების გაგრძელება, ოღონდ კიდევ უფრო მეტად მიზნობრივი მიდგომით, სადაც აქცენტი გაკეთდებოდა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და ქალების უფრო მეტ ჩართულობაზე და ზოგადად ისეთი ჯგუფებისათვის დახმარების გაწევაზე, რომლებსაც შეუძლია რომ თანამედროვე სოფლის მეურნეობის გამოწვევებს გაუმკლავდნენ და კონკურენტულ გარემოში მიაღწიონ წარმატებას.
3) ფინანსებზე ხელმისაწვდომობა
4) კონკურენტული გარემო.
დასახვეწიაკანონმდებლობაცკოოპერაციისმიმართულებით, რასაც სფეროს ექსპერტები ერთხმად აღიარებენ. ამიტომ ამ მიმართულებითაც საჭიროა მუშაობა.
დღეს თითოეული ამ კომპონენტის კუთხით არსებობს გამოწვევები, რომლებიც დაძლევადია ნაწილი კოოპერატივებისთვის, ნაწილს კი გაუჭირდება. თუ მდგრადობის ამ ძირითად კომპონენტებში წარმატებული იქნება კოოპერატივი, მაშინ ის სიცოცხლისუნარიანობას შეინარჩუნებს გრძელვადიან პერიოდში, რასაც დრო გვიჩვენებს."