ქართული სათამაშოები ევროპაში გაიყიდება
ქართული სათამაშოებით „Disneyland"-ის მთავარი მიმწოდებელი დაინტერესდა
ევროპელებს განსაკუთრებით წიფლისგან დამზადებული სათამაშოები მოსწონთ
„ქართული წიფლის ხარისხი და ფერი, - ამ მახასიათებლების გამო ჩვენი სათამაშოები ევროპულ კომპანიებს განსაკუთრებით მოეწონათ. ხის ფაზლები, კუბიკები, სხვადასხვა ფორმის ხის კონსტრუქციები- ყველაფერს ეკოლოგიურად სუფთა წიფლის მასალისგან ვამზადებთ”, - ამბობს eugeorgia.info- თან საუბრის დროს შპს „გეო თოიზის” დამფუძენებელი დავით კაციტაძე.
კომპანია „ჯეო თოიზი” ცოტა ხნის წინ დაბრუნდა გერმანიის ქალაქ ნიურნბერგის სათამაშოების ფესტივალიდან, სადაც 60-ზე მეტი ქვეყნის ათასობით სათამაშოების მწარმოებელი ყოველწლიურად იკრიბება. კომპანიას ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთიდან დაუკავშირდნენ. ფრანგულ კომპანიასთან კონტრაქტზე უკვე მუშაობენ და სათამაშოების პირველი პარტია საქართველოდან 15 აპრილისთვის გაიგზავნება.
„პირველ პარტიას ფრანგულ კომპანია „კუბს” მივაწვდით. ეს იქნება 120 დეტალისგან შემდგარი ხის კონსტრუქტორი, რომლიდანაც ბავშვებს საკუთარი ფანტაზიით სხვადასხვა ვარიაციის სათამაშოს აწყობა შეუძლიათ. ეს კონსტრუქცია 2 წლის წინ შევქმენით. ჩვენგან სრულიად დამოუკიდებლად ფრანგული „კუბიც” ყიდდა ამ კონსტრუქციას. მას აქვს დაპატენტებული და ამიტომ ევროპაში რეალიზაციას ის მოახდენს.
ამ სათამაშოს საქართველოში 2 წლის წინაც ვყიდდით. მაშინ 42 ლარი ღირდა. ახლა აღარ ვამზადებთ, იმიტომ რომ საქართველოს ბაზარი პატარაა, თანაც მაშინ ხის სათამაშოების მიმართ დიდი ინტერესი არ იყო და შესაბამისად ნაკლებად იყიდებოდა. ამ სახის სათამაშოების პოპულარიზაცია ბოლო პერიოდში გაიზარდა. უცხოეთში ხის სათამაშოებს 5-ჯერ და უფრო მაღალი ფასი აქვს, ამიტომ ახლა უკვე მოვიდა დრო, რომ გავაგრძელოთ აქტიურად წარმოება.
“კუბისგან” ჩვენ გრძელვადიან კონტრაქტს ველოდებით. ფრანგი პარტნიორი თბილისში მაისში ჩამოვა, რა დროსაც ჩვენი შეთანხმების ოფიციალური პრეზენტაცია მოხდება. ეს პროდუქტი, რასაც დავამზადებთ, ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.
სხვა სათამაშოების წარმოებაზე კონტრაქტების გაფორმებისთვის ესპანურ და ჩეხურ კომპანიებთან ვმუშაობთ. ნიმუშებს ვამზადებთ გასაგზავნად. ჩვენი დამზადებული სათამაშოები თუ მოეწონებათ, შემდეგ უკვე კონტრაქტს გავაფორმებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება შედგება, რადგან ვიცი, რომ აუცილებლად კარგ პროდუქტს შევქმნით.
ესპანელებს უფრო ფაზლები აინტერესებთ, ჩეხებმა კი სამშენებლო კონსტრუქციების მიმართ გამოხატეს ინტერესი”, ამბობს დავით კაციტაძე.
მისი თქმით, ყველაზე მეტად ევროპულ კომპანიებს ქართული ხის სათამაშოს ხარისხი და ფასი მოსწონთ. „ჯეო თოიზის” პარტნიორები საქართველოში ერთობლივი წარმოების გახსნას ჯერჯერობით არ გეგმავენ. მათ სურთ, რომ პროდუქცია ქართულმა კომპანიამ დაუმზადოს და ევროპაში გაუგზავნოს.
„რომ არ ყოფილიყო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებდით. საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლება ჩვენთვის დიდი შეღავათია. რიგ შემთხვევაში 12%, ზოგან 17% გადასახადი მოგვაკლდება, რაც დამატებულ სტიმულს მოგვცემს”, - ამბობს დავით კაციტაძე.
DCFTA -ის ფაქტორმა მისცა თანამშრომლობის სტიმული ევროპულ კომპანიებს შპს „კოდალასთანაც”.
ხის სათამაშოების მწარმოებელი ქართული კომპანია „კოდალამ”, ნიურბერგის ფესტივალზე პოტენციური პარტნიორები ესპანეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან და დანიიდან იპოვა. „კოდალა” ამჟამად ამ ქვეყნებში სათამაშოების ნიმუშებს გზავნის.
„მთავარ ინტერესს ევროპულ კომპანიებში ევროპასთან საქართველოს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი იწვევს.
როცა ვეუბნებოდით, რომ ექსპორტი საქართველოდან გადასახადებისგან თავისუფალია, ეს ევროპული კომპანიების მხრიდან ყველაზე დიდი ინტერესს იწვევდა. ამის შემდეგ უკვე იწყებდნენ კონკრეტულ მოლაპარაკებებზე გადასვლას.
ევროპულ კომპანიებს ეკოლოგიურად სუფთა, ქართულ ხის ნედლეულის მიმართ აქვთ ინტერესი. ისინი მოგცემენ ნიმუშებს და ჩვენ დავუმზადებთ ხის სათამაშოებს ქართული წიფლისგან. ჩვენი წიფელი მდგრადია და კარგი ფერი აქვს, რაც ძალიან მოეწონათ. სათამაშოები ასევე ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით უნდა დავფაროთ”,- კომპანიის დამფუძნებელი კოტე სვანაძე.
ბაზარზე წიფლის მასალის დეფიციტია
ახალი დაკვეთების მიღების შემდეგ ხის სათამაშოების მწარმოებლებს შესაძლოა ნედლეულის პრობლემა შეექმნათ. ბაზარზე მაღალხარისხიანი წიფლის მასალის სიმცირეა და ხის სათამაშოების მწარმოებლები შიშობენ, რომ დაკვეთების გაზრდის და გაფართოების შემდეგ ნედლეულით მომარაგება გაუჭირდეთ.
„მაღალი ხარისხის წიფლის მასალის ყიდვა იოლი არ არის.
მხოლოდ 2 მომწოდებელს ვიცნობ, რომლის მოწოდებულ ნედლეულსაც ვენდობი. ჩვენ საჩხერის წიფლის მასალას ვყიდულობთ, რომელიც სანდო და კარგი ხარისხისაა. ასევე კარგია კახეთის წიფელი. ასეთი ნედლეული საკმაოდ ძვირია და კუბ. მეტრის ფასი 1200-დან 1500 ლარამდე მერყეობს”, - ამბობს დავით კაციტაძე.
„თამაშობანა” „Disneyland"-ი მიმწოდებელი კომპანიის პარტნიორი ხდება
კიდევ ერთი ქართული კომპანია, რომელიც ევროპულ კომპანიების ინტერესი გამოიწვია შპს „თამაშობანაა”. მისი სათამაშოები ნაბეჭდი პროდუქციისგან მზადდება. საწარმოს სათამაშოები ფესტივალზე ფრანგულ და იტალიურ კომპანიებს მოეწონათ. მათ შორის არის ფრანგული კომპანია, რომელიც პარიზის დისნეილენდის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია.
„ჩვენი ნიმუშები ფრანგულ კომპანიას, რომლის დასახელებისგან ჯერ თავს ვიკავებთ, თებერვლის ბოლომდე უნდა გავუგზავნოთ. ევროპული კომპანიების განსაკუთრებული ინტერესი სათამაშოების დიზაინმა გამოიწვია. სხვადასხვა დიზაინერთან და ილუსტრატორთან ვთანამშომლობთ, რაც ჩვენი სათამაშოების მრავალფეროვნებას განაპირობებს. განსაკუთრებით მოეწონათ სიტყვის თამაშობანი, ბარათების სერია, ასევე ნაქსოვი ჩანთა სათამაშოებისთვის”, - ამბობს ნონა სონღულაშვილი „თამაშობანას” დამფუძნებელი.
შპს „თამაშობანას” საკუთარი საწარმო არ აქვს. საჭირო დეტალებს ისინი სხვადასხვა საწარმოებს უკვეთავენ და შემდეგ საკუთარი დიზაინით აწყობენ. საწარმო ძირითადად ნაბეჭდ პროდუქციას იყენებს, რომელსაც სხვადასხვა სტამბებში ამზადებენ.
„DCFTA -ის ფაქტორი იყო ევროპულ კომპანიებთან მოლაპარაკებებისას. შემიძლია ვთქვა, რომ მათი მხრიდან დაინტერესების ძირითადი საფუძველი სწორედ ეს რეჟიმი იყო. ასევე ამ კომპანიებმა გამოთქვეს სურვილი, რომ წარმოებები ჩინეთიდან საქართველოში გადმოიტანონ. აღმოსავლეთ ევროპასთან შედარებით საქართველო მათთვის იაფი ბაზარია. ჩვენთან მუშახელი იაფია. ასევე მნიშვნელოვანია მათთვის საქართველოს, როგორც მიწოდების ბაზრის სიახლოვე. საქართველო ჩინეთის კონკურენტი შეიძლება ვერ გახდეს ფასებით, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის კონკურენტი ნამდვილად იქნება.
თუმცა, იმისთვის, რომ რეალურად შევძლოთ ჩავანაცვლოთ აღმოსავლეთ ევროპელი მნიმწოდებლები, ამისთვის ტექნოლოგების, ინჟინრების მომზადება გვჭირდება. ძალიან ჭირს კვალიფიციური ინჟინრების მოძიება, რომელიც მაგალითად, საწარმოს აგვიწყობს, საწარმოო ხაზს დაამონტაჟებს, რომელიც კონკრეტული სათამაშოს დასამზადებლად. სერიოზულ სირთულეებს გვიქმნის კადრების გადინების პრობლემა. ახალ თანამშრომელს აიყვან, სპეციალიზდება და შემდეგ სხვაგან მიდის სამუშაოდ, რადგან კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო მათზე დიდი მოთხოვნაა”, - ამბობს ნონა სონღულაშვილი.
ქართული სათამაშოების მწარმოებლების ფესტივალში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში” უზრუნველყო. სააგენტოს წარმომადგენელი ეკა სარალიძე ამბობს, რომ ქართულ კომპანიებს გაფართოებასა და უცხოელი დამკვეთების მოძიებაში მომავალშიც დაეხმარებიან.
„ქართულმა სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიებმა გერმანიაში გამართულ სათამაშოების გამოფენაზე “Spielwarenmesse 2018” მონაწილეობა პირველად მიიღეს. ვინაიდან ეს სექტორი საკმაოდ მნიშვნელოვანი და მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზარზე, სააგენტო ქართული სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების მხარდაჭერას და მათი პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობას მომავალშიც გააგრძელებს.
ამჟამად, პერიოდულად ვხვდებით სათამაშოების სექტორში მოღვაწე კომპანიებს, ვეცნობით მათ საჭიროებებს და ინტერესებს. მაგალითად, ერთ-ერთ ქართულ სათამაშოების მწარმოებელ კომპანიას „თამაშობანა” დიდი ინტერესი აქვს გაეცნოს და დაათვალიეროს ესპანეთში, ჩეხეთში და პოლონეთში არსებული საწარმოები რათა გაეცნოს გლობალურ ტენდენციებს და წარმოების სტანდარტებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველო ევროპული კომპანიებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ლოკაცია გახდა. საქართველოს ბაზრით ის ქვეყნებიც ინტერესდებიან, ვისაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ აქვს“, - აცხადებს eugeorgia.info- თან საუბრისას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების წარმომადგენელი ეკატერინე სარალიძე.
ავტორი: ნონა ქვლივიძე