ფიტოსანიტარიის მიმართულებით DCFTA-ს შესრულების მიმოხილვა
სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სისტემის გაუმჯობესება და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზარზე. გაუმჯობესებული სისტემა ქართული პროდუქციის ხარისხს აამაღლებს და გაზრდის მის სანდოობას მსოფლიო ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის ზრდას. შიდა ბაზარზე კი, ქართველი მომხმარებლები ისარგებლებენ უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტით, ქართველი მწარმოებლები დანერგავენ თანამედროვე სტანდარტებს საწარმოებში, ექსპორტიორებს კი შეუმცირდებათ ექსპორტთან დაკავშირებული ხარჯები.
რა ვალდებულებები გვაქვს?
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების IV თავი (სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები) ითვალისწინებს სანიტარიულ და ფიტოსანიტარულ ღონისძიებებს დაქვემდებარებული პროდუქციით ვაჭრობას და, ამავდროულად, ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების ჯანმრთელობის დაცვას შემდეგი ღონისძიებებით:
- ვაჭრობასთან დაკავშირებული სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
- საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან;
- ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის სტატუსის აღიარება და რეგიონალიზაციის პრინციპის გატარება, რაც სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების(SPS) შეთანხმების (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია) მიხედვით გულისხმობს რეგიონალურ პირობებთან ადაპტაციას;
- მხარის მიერ გატარებული სანიტარული და ფიტოსანიტარიული ზომების, ეკვივალენტურობის აღიარების სისტემის ჩამოყალიბება. ეკვივალენტურობის აღიარება ინტერაქტიული პროცესია, რომელიც მოიცავს ექსპორტიორი მხარის მიერ ინდივიდუალური ღონისძიების ეკვივალენტურობის ობიექტურ დემონსტრირებასა და ამ დემონსტრირების ობიექტურ შეფასებას იმპორტიორი მხარის მიერ ეკვივალენტურობის შესაძლო აღიარების მიზნით. საბოლოო აღიარების პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ იმპორტიორ მხარეს;
- SPS შეთანხმების აღსრულების გაგრძელება. SPS შეთანხმება (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია) მოიცავს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ზომებს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენას ახდენენ საერთაშორისო ვაჭრობაზე;
- ვაჭრობის წახალისებისთვის მექანიზმებისა და პროცედურების შემუშავება;
- კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესება.
საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებისა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შედგა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით მისაღები საკანონმდებლო აქტების ნუსხა. სურსათის უვნებლობის კუთხით დაგეგმილია ევროკავშირის 102 სამართლებრივ აქტთან მიახლოება, ვეტერინარიის მიმართულებით - 84 აქტთან, მცენარეთა დაცვის - 85 აქტთან. მცენარეთა დაცვის მიმართულებით 2015-2017 წლებში ჯამში ევროკავშირის 10 დირექტივის საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა იგეგმებოდა, რაც მთლიანად დასაახლოებელი დირექტივების მხოლოდ 12%-ია, საკანონმდებლო ცვლილებათა უმეტესი ნაწილი 2018-2026 წლებზეა გაწერილი.
2017 წელს გეგმის მიხედვით გასათვალისწინებელი იყო შემდეგი დირექტივები:
- 1998 წლის 20 ივლისის ევროსაბჭოს დირექტივა 98/57/EC, რომელიც ეხება კარტოფილის მურა სიდამპლის კონტროლს.
- 1993 წლის 4 ოქტომბრის ევროსაბჭოს დირექტივა 93/85/EC, რომელიც ეხება კარტოფილის რგოლური სიდამპლის კონტროლს.
- 2004 წლის 7 ოქტომბრის ევროკომისიის დირექტივა 2004/103/EC, რომელიც ეხება გარკვეული მცენარეების, მცენარეთა პროდუქტებისა და სხვა ობიექტების იდენტურობის და სიჯანსაღის შემოწმებას მათი შემოტანის პუნქტის გარდა სხვა ადგილზე ან სხვა ახლომდებარე ადგილზე და ასევე ამ შემოწმებებთან დაკავშირებულ პირობებს.
ვალდებულებების შესრულების ანალიზი
დეკემბრის თვეში დამტკიცდა სამივე დირექტივის შესაბამისი ნორმატიული აქტი.
ამ დირექტივებიდან ორი ეხება კარტოფილის რგოლური და მურა სიდამპლის კონტროლს, რომელთა შესაბამისად, მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტები:
- კარტოფილის მურა სიდამპლის კონტროლის პროცედურები, რომლებიც ადგენს და არეგულირებს საკარანტინო მავნე ორგანიზმის, კარტოფილის მურა სიდამპლის გამომწვევის კონტროლის ფიტოსანიტარიულ ზომებს, საქართველოში მისი შემოჭრისა და გავრცელების პრევენციის მიზნით.
- კარტოფილის რგოლური სიდამპლის კონტროლის პროცედურები, რომლებიც ადგენს და არეგულირებს საკარანტინო მავნე ორგანიზმის კარტოფილის რგოლური სიდამპლის გამომწვევის კონტროლის ფიტოსანიტარიულ ზომებს, საქართველოში მისი შემოჭრისა და გავრცელების პრევენციის მიზნით.
ტექნიკური რეგლამენტების მოქმედება ვრცელდება იმ ბიზნეს ოპერატორზე, რომელიც ეწევა სასურსათო და სათესლე კარტოფილის პირველად წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მესამე დირექტივა (2004/103/EC) ეხება გარკვეული მცენარეების, მცენარეთა პროდუქტებისა და სხვა ობიექტების იდენტურობის და სიჯანსაღის შემოწმებას, რომელიც შეიძლება განხორციელდეს სასაზღვრო პუნქტის გარდა სხვა ადგილზე. დირექტივით განსაზღვრულია ამ შემოწმებებთან დაკავშირებული პირობები. ამ დირექტივის ასახვის მიზნით, მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი: “სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისთვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ”. დადგენილება 2020 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.
ამ რეგულაციის ამოქმედება ემსახურება იმას, რომ არ დაყოვნდეს მცენარეები და მცენარეთა პროდუქტები დიდხანს საზღვარზე და არ შეიქმნას გრძელი რიგები, დროულად მოხდეს ტვირთის გადატანა შესაბამისად მოწყობილ საწყობებში, სადაც შესაძლებელი იქნება მათი ფიტოსანიტარიული შემოწმება. ასეთი საწყობები ზოგ შემთხვევაში თავიდან უნდა აშენდეს, ხოლო ზოგ შემთხვევაში უნდა გადაიარაღდეს. ასევე, საჭიროა პერსონალის დატრენინგება შესაბამის პროცედურებში, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს.
რაც შეეხება DCFTA-ის განხორციელების 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას, ანგარიშის მიხედვით გასულ წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
- დაინერგა მცენარეთა დაავადების დიაგნოსტიკის არაერთი მეთოდი
- გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მოთხოვნებთან დაკავშირებით, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან
- სამინისტრომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე სუბიექტებს გაუწია დახმარება კანონმდებლობის მოთხოვნებთან ადაპტაციის მიზნით
სამომავლო გეგმები და გამოწვევები
2018 წელს საქართველომ ფიტოსანიტარიის მიმართულებით კიდევ 9 დირექტივა უნდა გაითვალისწინოს და კანონმდებლობაში ასახოს, რომლებიც ეხება საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მცენარეთა სიჯანსაღის შემოწმებას, სათესლე მასალებით ვაჭრობის წესებს, ამისათვის განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს, მცენარეთა დაცვის საშუალებების ბაზარზე განთავსებას, ასევე, პესტიციდების ნარჩენების ოფიციალურ კონტროლს მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში.
2018 წლის სამოქმედო გეგმით საკანონმდებლო მიახლოების გარდა გაწერილია შემდეგი აქტივობები:
- საინფორმაციო შეხვედრების გამართვა ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქტების დაშვების მოთხოვნებთან დაკავშირებით სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან;
- ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმეების დახმარება კანონმდებლობის მოთხოვნებთან ადაპტაციის მიზნით;
- კომპეტენტური ორგანოს თანამშრომლების ტრენინგი კანონმდებლობის შემუშავებასა და განხორციელებაში, კომპეტენტური ორგანოსთვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის და ლაბორატორიული უნარების გაძლიერების კუთხით;
- სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების დანერგვა ან/და აკრედიტაციის სფეროს გაფართოება
- ვეტერინარული, ფიტო- სანიტარიული და სურსათის უვნებლობის კუთხით სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების თანამშრომლებისათვის ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების მოწყობა;
- არა-ცხოველური წარმოშობის სურსათის სასაზღვრო კონტროლის პროცედურების მიმართულებით ყველა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის თანამშრომლის გადამზადება
- სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის "წითელი ხიდის" მშენებლობის დასრულება და აღჭურვა
- სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის "სადახლოს“ მშენებლობის I ეტაპის დასრულება
რაც შეეხება სამინისტროს 2018 წლის გეგმებს, ნომერ პირველ პრიორიტეტად აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა დასახელდა. 2018 წელს 50 მლნ ლარი დაიხარჯება ამისათვის. სამინისტრომ 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად სამი პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა:
- მონიტორინგის არეალის გაზრდა. სამინისტრო გეგმავს საქართველოს მთლიან პერიმეტრზე აზიური ფაროსანას მონიტორინგს უფრო ფართო დაფარვით, ვიდრე იყო 2017 წელს.
- ფერმერების მაქსიმალური ინფორმირებულობა ფაროსანასთან საბრძოლველად: სამინისტრო იმუშავებს კომპანიებთან და დონორებთან იმისათვის, რომ იყოს მაქსიმალური დაფარვა ყველანაირი ფორმატით. ამისთვის 2 მლნ ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან და ასევე არის დონორების დახმარების მოლოდინიც.
- შესაწამლი ტექნიკისა და მანქანების შეძენა. 2017 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კერძოდ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს სულ ყავდა 12 შესაწამლი მანქანა, რაც სრულიად არ იყო საკმარისი. მთვარობის და პარლამენტის გადაწყვეტილებით 20 მლნ ლარი გამოიყოფა, რომლითაც 2018 წელს სამინისტრო შეიძენს შესაწამლ ტექნიკას და გადაზიდვის საშუალებებს. ამ მიმართულებით USAID უზრუნველყოფს დამატებით ტექნიკას.
ქეთი მელქაძე