ევროკავშირისა და GIZ-ის დახმარებით, ქართული სამკერვალო საწარმოები ევროპულ სტანდარტებს უახლოვდებიან
პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ, ევროკავშირის (EU4Business) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მესამე და მეოთხე კომპონენტები ეხება მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ეროვნულ, სექტორულ და ადგილობრივ დონეზე კლასტერების განვითარებისა და ბიზნეს-ქსელების მხარდაჭერის გზით. შემდგომ მოხდება ქართული კლასტერების ინტერნაციონალიზაცია და მათი ევროპულ კლასტერებთან დაკავშირება.
პროექტის კომუნიკაციების ექსპერტის, თეა კენჭაძის განცხადებით, ტექნიკური დახმარების კომპონენტით პროექტში ჩართული კომპანიები აქტიურად სარგებლობენ და პროგრესიც შეინიშნება:
“ჩვენთვის სასიხარულოა, რომ პროექტში ჩართული კომპანიები მზად არიან, გააუმჯობესონ თავიანთი წარმოების პროცესები. მათი აქტივობა ძალიან შესამჩნევია, გასული წელი ძირითადად, კვლევებს და კონკრეტული ექსპერტების შერჩევას დაეთმო. წელს კი, ძალიან აქტიური ფაზა დავიწყეთ და ახლა უკვე პრაქტიკულ შედეგებზე გავდივართ. შემუშავებულია აქტიური სამოქმედო გეგმა ყველა მიმართულებით და ეს ყველაფერი თანხვედრაშია სახელმწიფოს, კონკრეტულად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრიორიტეტებთან”- აღნიშნა თეა კენჭაძემ.
პროექტის ფარგლებში კლასტერული განვითარების პოტენციალის მქონე ოთხი სექტორი გამოვლინდა. ესენია: ავეჯის წარმოება, კინო-წარმოება, სამკერვალო წარმოება და საინფორმაციო ტექნოლოგიები. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კიდევ ორი სექტორის: მეფუტკრეობისა და საკალმახე მეურნეობების მხარდაჭერაზე.
სამკერვალო წარმოება
GIZ-ის ინფორმაციით, პირველადმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქართული სამკერვალო წარმოება ერთ-ერთი მაღალპროდუქტიული ინდუსტრიაა, რომელიც იზიდავს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ექსპორტის ღირებულებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. მართალია, ქართველი მწარმოებლები ევროპელი დამკვეთებისთვის ნაკლებად ცნობილები არიან, რადგან წარმოებაში არ არის დანერგილი საერთაშორისო სტანდარტები და ინდუსტრია დანაწევრებულია, თუმცა, არსებობს ერთიანი ხედვა მათ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, როგორიცაა კვალიფიციური სამუშაო ძალა, საერთაშორისო სტანდარტები, კავშირები ევროპელ დამკვეთებთან. “აწარმოე საქართველოში” სააგენტოსთან ერთად შემუშავდა 3-კომპონენტიანი საპილოტე პროექტი ქართველი სამკერვალო წარმოების გასაერთიანებლად:
- ქართველი მწარმოებლების ევროკავშირის სტანდარტებით აღჭურვა;
- ქართველი მწარმოებლების ევროპელ დამკვეთებთან დაკავშირება;
- ტანსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის შექმნის ინიცირება.
საპილოტე პროექტისთვის 4 ქართული კომპანია შეირჩა: ელსელემა, ევროტექსი, მატერია და MPT, რომელთა დაკავშირება მოხდა 12 პოტენციურ პარტნიორთან ევროკავშირში. ამ ეტაპზე მიღწეული შედეგები ასე გამოიყურება:
- ოთხმა ქართულმა კომპანიამ განაახლა წარმოების სტანდარტები და ისინი მზად არიან ევროპული სტანდარტის BSCI (Business Social Compliance Initiative)-ის პირველი აუდიტისთვის;
- ტანსაცმლის მწარმოებლებმა გააუმჯობესეს სახანძრო უსაფრთხოება, წარმოების განლაგება, საწყობის მენეჯმენტი, ქიმიური დამუშავება, დოკუმენტაციების მართვა, პროფესიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;
- ოთხ ქართულ კომპანიას აქვს მოლაპარაკებები პოტენციურ დამკვეთთან ევროკავშირში;
- პროექტის ხელშეწყობით ელსელემამ მიიღო პირველი ადგილობრივი შეკვეთა Grove Design Hotel-ისგან სასტუმროს თანამშრომელთა უნიფორმების დასამზადებლად.
ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია MPT-ის დამფუძნებელი მიშა გეთია eugeorgia.info-სთან საუბრობს GIZ-თან თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებზე და წარმოებაში ევროპული სტანდარტის, BSCI-ის საბოლოო აუდიტისთვის მზაობას აცხადებს:
“BSCI ახალი სტანდარტია, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიიღო ევროკავშირმა. პირველი კომპანია ვართ საქართველოში, ვინც ამ სტანდარტს ნერგავს. როდესაც პირველად დავიწყეთ ეს პროცესი, აუდიტის შედეგად მოგვენიჭა D დონე, რომელიც არ იყო დამაკმაყოფილებელი. მოგვცეს რეკომენდაციები და ცვლილებების იმპლემენტაციის ვადა 31 დეკემბრამდე, ყველაფერი გავაკეთეთ GIZ-ის დახმარებით და ახლა მზად ვართ საბოლოო აუდიტისთვის, რომელიც ჩატარდება აპრილის ბოლოს და მაისში უკვე გვეცოდინება პასუხი”, - ამბობს მიშა გეთია.
ის ყურადღებას ამახვილებს გერმანიაში ვიზიტისა და გერმანელი პოტენციური დამკვეთების საქართველოში ჩამოსვლის მნიშვნელობაზე. გეთიას თქმით, მატერიალური შედეგები ჯერჯერობით თვალსაჩინო არ არის, თუმცა მოლაპარაკებები შედგა და პროცესები დაძრულია:
“გერმანიაში ყოფნისას ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ზოგადად, ვნახეთ მათი მუშაობის სტილი, როგორ არის საწყობები ორგანიზებული და ბევრი საინტერესო რამ. მაგალითად, რა ზომის უნდა იყოს ყუთი და რატომ არის აუცილებელი, რომ სტანდარტებში ჯდებოდეს და სხვ. საბოლოოდ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს GIZ-თან პროექტის ფარგლებში”, - აღნიშნა მიშა გეთიამ.
მოდის სახლი “მატერია” პრემიუმ კლასის ტანსაცმლის მწარმოებელია საქართველოში, რომელმაც ისარგებლა პროექტის ტექნიკური დახმარების კომპონენტით, რის შედეგადაც გააუმჯობესა წარმოების პროცესი და გეგმავს მეტი ევროპელი დამკვეთის მოზიდვას:
“GIZ-ის მიერ მოწვეული SUSA-ს (Sustainability Agents) კონსულტანტები დაგვეხმარნენ, მოგვემზადებინა კომპანია BSCI-ს აუდიტისთვის. პროექტის ფარგლებში დავინახეთ ბევრი უზუსტობა და მოუწესრიგებლობა, რაც მანამდე იყო საწარმოში და ერთად დავგეგმეთ გამოსწორების გზები. შედეგად, საწარმო სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, შემოვიტანეთ ბევრი სიახლე, გავაუმჯობესეთ და გავამარტივეთ სამუშაო პროცესები, რაც შესამჩნევი გახდა თანამშრომლებისთვისაც. დავამონტაჟეთ ხანძრისგან დაცვის ახალი საშუალებები, გაუმჯობესდა საწყობების განლაგება, თანამშრომლებმა გაიარეს პირველადი დახმარების ტრენინგი და, რაც ყველაზე მთავარია, გავიცანით ახალი პოტენციური დამკვეთები, რომლებთანაც ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება. სამომავლოდ, ვგეგმავთ პროდუქციის გაზრდას და ექსპორტზე გატანას, მეტი უცხოელი დამკვეთის მოზიდვას” - ამბობს მოდის სახლ “მატერიას” მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე მიქაშავიძე.
პროექტის კიდევ ერთი ბენეფიციარი 2015 წელს დაარსებული კომპანია ევროტექსია, რომელიც პროექტში ერთი წლის წინ ჩაერთო. პროექტის ფარგლებში SUSA-ს გერმანელი კონსულტანტები ყოველთვიურ რეკომენდაციებს უწევდნენ თანამშრომლების სოციალური დონის, ქარხანაში სამუშაო ატმოსფეროს, ასევე გარე და შიდა საორგანიზაციო სამუშაოების გაუმჯობესების მიმართულებით.
“GIZ-მა ჩვენი საწარმოს წარმომადგენლებისთვის დააორგანიზა ვიზიტი გერმანიაში, ახალი საქმიანი პარტნიორობის დამყარების მიზნით, რაც ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო. ამ პროექტის საშუალებით, ჩვენ დროის უმოკლეს მონაკვეთში მივაღწიეთ ევროპულ დონეს და შევძელით ახალი პოტენციური კლიენტების მოზიდვა. ჩვენი სამომავლო გეგმებია, გავაგრძელოთ ზრდა, გავზარდოთ საწარმოო სიმძლავრეები და გავაფართოოთ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი”, - აღნიშნა ევროტექსის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ვერონიკა ბლაკუნოვამ.
პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მიზანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტიტუციური და მარეგულირებელი გარემოს რეფორმების მხარდაჭერა. პროექტი განსაკუთრებულ აქცენტს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის შესაძლებლობათა გაძლიერებაზე აკეთებს, რათა გაიზარდოს ამ სექტორის კონკურენტუნარიანობა და უზრუნველყოს ახალ მარეგულირებელ გარემოსთან მისი ადაპტირება. პროექტის ბიუჯეტი 5,03 მლნ ევროა და 2015-2019 წლებზეა გაწერილი.