Zcrowd.Fund-ი ზაფხულიდან ევროპისა და ამერიკის ბაზარზე ონლაინ სერვისით შევა
ქართული საჯარო დაფინანსების პლატფორმა www.Zcrowd.Fund დასვალეთ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე შესვლას მიმდინარე წლის ზაფხულში გეგმავს. კომპანიას უკვე რამდენიმე ინვესტორი ჰყავს და ვებპლატფორმა ერთი კვირაა რაც სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. Zcrowd.Fund-ი სტარტაპებს საჯარო დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარება. პლატფორმის დამფუძნებლებმა პროექტების დაფინანსებისთვის ინოვაციური მეთოდები აირჩიეს. ანგარიშწორება ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება.
„ჩვენ ვიყენებთ დაფინანსების უნიკალურ მეთოდს. ჩვენს საიტზე განთავსებული პროექტები როდესაც ვინმეს მოეწონება, შეუძლია მას თავისი კომპიუტერული სიმძლავრით დაეხმაროს, რასაც გამოვიყენებთ კრიპტოვალუტა მონეროს გამომუშავებისთვის. ამის გარდა, ბითქოინის, ეთერიუმისა და ლაითქოინის პირდაპირი ჩარიცხვაც შესაძლოა. კომპიუტერული სიმძლავრის დათმობის დროს მცირე რაოდენობის კრიპტოვალუტა გამომუშავდება, ასეთი ქველმოქმედება დამფინანსებლის ჯიბესაც არ დაეტყობა და ბევრი დამფინანსებლის არსებობის შემთხვევაში უკვე საკმაო რაოდენობის თანხა გამოდის, რაც ეხმარება ბენეფიციარს, თავისი იდეის რეალიზაციაში“, - ამბობს Zcrowd.Fund-ის თანადამფუძნებელი ბექა დალაქიშვილი.
რა არის საჯარო დაფინანსება (Crowdfunding) ?
ეს ქველმოქმედების მეთოდია, როდესაც უამრავი ადამიანი მცირედი შეწირულობით ამა თუ იმ პროექტს აფინანსებს. საჯარო დაფინანსება, როგორც წესი, ინტერნეტის საშუალებით ხდება.
მსოფლიოში ყველაზე დიდი Crowdfunding-ის პლატფორმებია: GoFundMe (პროექტების დასაფინანსებლად მოზიდული აქვს 5 მილიარდი დოლარი), Kickstarter (3 მილიარდი), Indiegogo (1 მილიარდი), Youcaring (900 მილიონი) და Fundly (330 მილიონი). ყველა მათგანზე დაფინასება ტრადიციული ფულის ჩარიცხვით ხორციელდება.
ქართული კომპანიის განსხვავება ტრადიციული მოდელისგან
ქართული Zcrowd.Fund-ს აქვს მსოფლიოში პირველ საჯარო მოპოვების (crowd mining) კონცეფცია, რომელიც საშუალებას აძლევს დამფინანსებლებს, ფინანსურად დაეხმარონ მათთვის სასურველ პროექტებს, ფულის მიცემის გარეშე. ამ მოდელში, ქველმოქმედებისათვის მხოლოდ კომპიუტერული ენერგიის დათმობაა საჭირო. გარდა ამისა, შენარჩუნებულია ტრადიციული საჯარო დაფინანსების მოდელი, რომლის საშუალებითაც დამფინანსებლებს პროექტებისთვის კრიპტოვალუტების ჩარიცხვა შეუძლიათ.
ამჟამად, Zcrowd.Fund-ის პლატფორმაზე კრიპტოვალუტა მონეროსა და CoinHive-ის JAVA Script-ი გამოიყენება. დამფინანსებლები ირჩევენ სასურველ და საინტერესო პროექტს, რომელშიც „აბანდებენ“ CPU ენერგიას. აღსანიშნავია, რომ მოპოვებული კრიპტოვალუტის (XMR) 30% CoinHive-ის საკომისიოს შეადგენს, Zcrowd.Fund კი მიმდინარე ეტაპზე არანაირ საკომისიოს არ იღებს.
Zcrowd.Fund-ზე ამ მომენტისთვის უკვე ორი პროექტია განთავსებული, ესენია: www.cryptoz.ge - რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო საიტია და „აკუაპო ჯორჯია“ - რომელიც ცირკულარული მეთოდების გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების წარმოებას გულისხმობს. მოგებაზე ორიენტირებული სტარტაპების გარდა პლატფორმაზე სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტებიც განთავსდება.
„ჩვენი ქვეყნისთვის სტარტაპების განვითარება პრიორიტეტულია, ასევე სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტებიც მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში. ხელს ზუსტად ამ სამ მიმართულებას ვუწყობთ. საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი გასვლის შემდეგ სახელმწიფოს სარგებელი ის იქნება, რომ პროექტები მხოლოდ სახელმწიფოს დაფინანსებაზე დამოკიდებული აღარ იქნებიან და სტარტაპებს დაფინანსების მიღების შანსი გარე ინვესტორებისგანაც გაუჩნდებათ. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეში დიდ როლს ვითამაშებთ“, - ამბობს ბექა დალაქიშვილი.
თუ მსოფლიო გამოცდილებას გავითვალისწინებთ, საჯარო დაფინანსების ქართულ პლატფორმას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინდივიდებისა და სტარტაპებისთვის ფულადი სახსრების მოზიდვის მეთოდების გაუმჯობესება შეუძლია.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე