საქართველო ევროკავშირისგან 45 მილიონ ევროს მიიღებს
ევროპარლამენტი 2017-2020 წლების ახალი მაკრო-ფინანსური დახმარების ფარგლებში საქართველოს 45 მილიონ ევროს გადასცემს. პროგრამის მიზანია, საქართველოს საგადამხდელო ბალანსის და ბიუჯეტის მხარდაჭერა და აგრეთვე, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის DCFTA-ით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა.
ამ ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიებები (Policy Actions) თანხმდება, რომელიც პროგრამაში გათვალისწინებული იქნება. 45 მილიონი ევროდან საქართველო გრანტის სახით 10 მილიონს, ხოლო 35 მილიონი ევროს სეხის ვალდებულებით მიიღებს. თანხის ჩარიცხვა ორ ტრანშად განხორციელდება. პირველად 20 მილიონი, შემდეგ კი 25 მილიონი ჩაირიცხება (თითოეული ტრანში მოიცავს გრანტს 5 მილიონი ევროს ოდენობით).
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მხრიდან მაკრო-ფინანსური დახმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის. ახალი მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის ოპერაცია მესამეა 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან საქართველოს სამხედრო კონფლიქტის შემდეგ.
2008 წლის ოქტომბერში, ბრიუსელში, საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე ევროკავშირმა გასცა დაპირება ორი მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის ოპერაციის შესახებ. თითოეულის მოცულობა 46 მილიონი ევრო იყო. ამ ორი ოპერაციიდან პირველი (46 მილიონი ევრო მთლიანად გრანტის სახით) განხორციელდა 2009-2010 წლებში, ხოლო მეორე (ასევე 46 მილიონი ევრო, ნახევარი გრანტის და ნახევარი სესხის სახით) 2015-2017 წლებში მიმდინარეობდა. მეორე ოპერაციის ბოლო ტრანში 2017 წლის მაისში გამოიყო.
ზოგადი ინფორმაცია მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის შესახებ
მაკრო-ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის კრიზისებზე რეაგირების განსაკუთრებული ინსტრუმენტია, რომელიც განკუთვნილია ევროკავშირის მეზობელი პარტნიორი ქვეყნებისთვის. იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაწეული მხარდაჭერის დანამატია. მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის სესხები ფინანსდება ევროკავშირის მიერ კაპიტალური ბაზრებიდან აღებული სესხით. სახსრები შემდეგ იგივე საფინანსო პირობებით სესხის სახით ბენეფიციარ ქვეყნებზე გაიცემა. მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის გრანტები ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე