ევროკავშირი საქართველოში საინვესტიციო გეგმის განხორციელებას იწყებს
ევროკავშირი ახალ ამბიციურ პროექტზე მუშაობს. ევროგაერთიანება საქართველოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების მხარდასაჭერად საგარეო საინვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში 4.1 მილიარდ ევროს დახარჯავს. მოლოდინის მიხედვით, ეს თანხა, თავის მხრივ, საჯარო და კერძო სექტორისთვის 2017-2020 წლებში 44 მილიარდი ევროს ინვესრტიციებს მოიზიდავს. ჯერჯერობით იმ თანხის მოცულობა განსაზღვრული არ არის, რომელიც კონკრეტულად საქართველოს მხარდასაჭერად გამოიყოფა.
21 მარტს ევროკავშირმა თბილისში ევროპის სამეზობლოში ინვესტიციების წახალისების, ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით რეგიონული ღონისძიება გამართა. მდგრადი ენერგეტიკა, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობა, სოფლის მეურნეობა, მდგრადი ქალაქები და დიგიტალიზაცია ის საკითხები იყო, რაც საგარეო საინვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში განიხილებოდა.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატერინა მატერნოვამ EIP-ი პარტნიორი ქვეყნებისთვის ძლიერ მხარდამჭერ ინსტრუმენტად შეაფასა: „ევროკავშირის საგარეო საინვესტიციო გეგმა არის ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანი საჯარო და კერძო სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობის გზით ეკონომიკის ზრდის წახალისების თვალსაზრისით. ჩვენი პარტნიორული მიდგომა ამ მხრივ მეწარმეობის, ვაჭრობისა და ახალი ინვესტიციების შესაძლებლობების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ასეთი მიდგომა პასუხობს ზრდის შემაფერხებელ ფაქტორებს და ხელს უწყობს ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ინტეგრაციის გაღრმავებას“, - განაცხადა მატერნოვამ.
რა არის საგარეო ინვესტირების გეგმა?
ევროკავშირის ამბიციური საგარეო ინვესტირების გეგმა ხელს შეუწყობს ინვესტირებას პარტნიორ ქვეყნებში აფრიკასა და ევროკავშირის სამეზობლოს რეგიონში. ის დაეხმარება ყოვლისმომცველ ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და მდგრად განვითარებას და ამგვარად არალეგალური მიგრაციის ზოგიერთ ძირითად მიზეზს გადაჭრის. საგარეო ინვესტირების გეგმა პარტნიორის კონკრეტულ საჭიროებებთან ადაპტირებულია და ევროკავშირში გამოყენებულ ძალიან წარმატებულ მოდელს ემყარება, სადაც „იუნკერის გეგმის“ საშუალებით უკვე განხორციელდა 240 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია. საგარეო ინვესტირების გეგმა პრიორიტეტულ საინვესტიციო სფეროებზე ორიენტირებული იქნება, კერძოდ: მდგრადი ენერგეტიკა და მდგრადი კავშირები; მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება; მდგრადი სოფლის მეურნეობა, სასოფლო საწარმოები და აგრომრეწველობა; მდგრადი ქალაქები და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა მდგრადი განვითარების მიზნით.
რისთვის არის საჭირო საგარეო ინვესტირების გეგმა?
მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა დაამძიმა არასტაბილური მდგომარეობა და კონფლიქტები ევროკავშირის სამეზობლოში, რის გამოც ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა ფინანსები ძალზე საჭირო ინვესტიციებისთვის. გარდა ამისა, მიმდინარე მიგრაციულმა კრიზისმა არასტაბილური მდგომარეობა და კონფლიქტები გაამწვავა.
ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები წარმოადგენენ მსოფლიოში უდიდეს პროვაიდერებს განვითარებისთვის საჭირო დახმარების მიმართულებით; 2016 წელს მათ მიერ გაწეულმა დახმარებამ 75.5 მილიარდი ევრო შეადგინა, ანუ გლობალურად გაწეული დახმარების 60%. მაგრამ განვითარების მიზნით გაწეულ დახმარებასაც განვითარება სჭირდება. გრანტების ფორმით გაწეული ტრადიციული დახმარება კვლავაც უმნიშვნელოვანესია - მაგრამ მას მდგრადი განვითარების მიზნებით დასახული ამბიციური ამოცანების განსახორციელებლად დაფინანსების სხვა ინსტრუმენტები და წყაროები უნდა დაემატოს.
2015 წელს საერთაშორისო თანამეგობრობამ შეათანხმა ინოვაციური გეგმა განვითარების დასაფინანსებლად, რომელიც მოწოდობულია ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ, განსაკუთრებით კერძო რესურსების მობილიზაციის და დაფინანსების ინოვაციური მოდელების გამოყენების მიზნით. საგარეო ინვესტირების გეგმა ევროკავშირის მიერ ამ ვალდებულებებში შეტანილ წვლილს წარმოადგენს.
რას წარმოადგენს ეს მექანიზმი?
საგარეო ინვესტირების გეგმა აკუმულირდება კერძო ინვესტორებთან, სადაც პრაქტიკულად რეალიზებადი ბიზნესწინადადებები მიმართულია სოციალურ საჭიროებებზე და სადაც შეზღუდული სახელმწიფო დაფინანსებით კერძო სახსრების მოზიდვა შეიძლება. მაგალითისთვის, განვიხილოთ მეწარმე ქალები: ბანკები ხშირად თავს იკავებენ მათზე სესხის გაცემისგან. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათ სერიოზული იდეები და ბიზნეს-გეგმები აქვთ. ევროკავშირს შეუძლია, რომ დაეხმაროს მათ ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში შემდეგი სახით: უზრუნველყოს ბანკები გარანტიით ამ მეწარმეებისთვის სესხების გასაცემად და მეწარმე ქალებს ტექნიკური დახმარება რეკომენდაციების და მენტორობის საშუალებით გაუწიოს. ეს გეგმა კერძო ინვესტორებს წაახალისებს, რომ ევროპის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნების მდგრად განვითარებაში წვლილი შეიტანონ.
ახლად შექმნილი მდგრადი განვითარების ევროპული ფონდი (EFSD) სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტების და კერძო სექტორის მიერ გაკეთებული ინვესტიციების მხარდასაჭერად გამოყენებული დაფინანსების მექანიზმი იქნება. როგორც უკვე ავღნიშნეთ, მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის მიერ 4.1 მილიარდი ევროთი დაფინანსებული საგარეო ინვესტირების გეგმა 2020 წლისთვის უკუგების სახით 44 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიციას მოიტანს.
რას შეუწყობს ხელს საგარეო ინვესტირების გეგმა?
- მდგრადი განვითარების მიღწევას პარტნიორ ქვეყნებში ჰარმონიზებული და თანამიმდევრული გზით.
- მოახდენს ინვესტიციების მობილიზებას და უკუგების მიღებას ფინანსების სახით, რათა მიაღწიოს იმ ქვეყნებს, სადაც ამჟამად ინვესტირება რთულია და ინვესტირების ხელშეწყობისთვის კერძო სექტორის მხრიდან, რომელიც სხვა შემთხვევაში გააკეთებდა უფრო ნაკლებ ინვესტიციას, ან ინვესტიციას საერთოდ არ ჩადებდა.
- ორიენტირებული იქნება სოციალურ და ეკონომიკის სექტორებზე, კერძოდ, მდგრად ინფრასტრუქტურაზე (მათ შორის ენერგეტიკა, წყალი, ტრანსპორტი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, გარემო, სოციალური ინფრასტრუქტურა, ადამიანური კაპიტალი) და სამუშაო ადგილების შექმნაზე აქცენტირებულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს დააფინანსებს.
- ინვესტიციების მოსაზიდად მხარს დაუჭერს ეკონომიკურად და ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი პროექტების შემუშავებას.
- დაეხმარება ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას პარტნიორ ქვეყნებში რეფორმების მხარდაჭერით და ეკონომიკის მმართველობით.
- მხარს დაუჭერს არალეგალური მიგრაციის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრას და პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას აფრიკასა და ევროკავშირის სამეზობლოს ქვეყნებში.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე