„ევროპის მეწარმეთა ქსელში“ ქართული კომპანიების გაწევრიანება დაიწყო
DCFTA-ს ამოქმედების შემდეგ, ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცათ, ახალი პლატფორმის გამოყენებით ევროკავშირის ბაზარზე ფართოდ გაავრცელონ საკუთარი ბიზნეს წინადადებები და მოიზიდონ პარტნიორები.
საუბარია „ევროპის მეწარმეთა ქსელზე“ (Enterprise Europe Network/EEN), რომელიც ემსახურება ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შორის კონკრეტული ბიზნეს შემოთავაზებების ურთიერთგაცვლასა და კავშირების დამყარებას.
ევროპის მეწარმეთა ქსელით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ექსპორტიორებს, ასევე იმპორტიორებს. ექსპორტიორებს საშუალება ეძლევათ მოიძიონ დისტრიბუტორები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ხოლო იმპორტიორებს შეუძლიათ თავად გახდნენ დისტრიბუტორები საქართველოში.
EEN-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, ბიზნესისა და ინოვაციების ხელშემწყობი ორგანოა, რომელიც 60 ქვეყანაში 600 პარტნიორ ორგანიზაციასა და მეწარმეთა მომსახურების ფართო სპექტრს აერთიანებს, ამასთანავე, ევროკავშირის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და კერძო სექტორის განვითარებასა და დასაქმების ზრდისკენაა მიმართული.
ქსელი ბიზნეს თანამშრომლობის ცენტრების მეშვეობით ხელს უწყობს კომპანიებს:
- 500-მილიონიანი მომხმარებლით დაკომპლექტებულ სიცოცხლისუნარიან ბაზარზე წვდომას;
- ტექნოლოგიების გაცვლის საშუალებით პროდუქციის ხარისხის ამაღლებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას;
- თავსებადი ევროპელი პარტნიორების მოძიებას;
- ევროპის მასშტაბით ახალ საწარმოო არხებთან წვდომის გაუმჯობესებას
„ქსელში დარეგისტრირებულია ძალიან ბევრი ევროპული კომპანია და ასოციაცია. აღნიშნული პლატფორმა ქართულ კომპანიებს აძლევს საშუალებას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პროდუქციის გასატანად მოახდინონ საკუთარი თავის პოპულარიზაცია. ეს არის ძალიან კარგი მექანიზმი, რადგან შეგვიძლია, ქართულ კომპანიებს მივცეთ საშუალება, ონლაინ-რეჟიმში პოტენციურ შემსყიდველებთან მოიპოვონ წვდომა“, - ამბობს EUGeorgia.info-სთან საუბარში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი.
EEN-ში გასაწევრიანებლად აპლიკაციის შევსება და რეგისტრაციის გავლაა საჭირო. ქართველ მეწარმეებს ამ პროცესში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეხმარებიან, რომლებიც კონსულტირებას უწევენ აპლიკაციის შევსებასა და დარეგისტრირების პროცესში, ასევე ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტაში.
„რადგანაც ენის პრობლემა წარმოიშვა ბევრ კომპანიაში, გავაკეთეთ ქართულენოვანი აპლიკაცია, რომლის შევსებაშიც ჩვენი თანამშრომლები ეხმარებიან.აპლიკაციაში საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა მოთხოვნილი, თუ ქართული კომპანიები მას სრულად არ ავსებენ, პროცესი ფერხდება. ამის გამო, ზოგჯერ დოკუმენტაციის შევსება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. მაგალითად, არის კომპანია რომელიც რეგისტრაციის პროცესის დასრულების დადასტურებას 3 თვე ელოდება“, - ამბობს გიორგი ჩერქეზიშვილი.
DCFTA-ს განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის თანახმად, EEN-ში ქართველი მეწარმეების მონაწილეობის ხელშეწყობის პროცესის წარმატება განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით:
- EEN-ში ქართველ მეწარმეთა გაერთიანების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებული შეხვედრების რაოდენობა;
- EEN-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ქართული კომპანიების გაზრდილი რაოდენობა
გიორგი ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ 2018 წელს შემუშავებული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს გასვლით ღონისძიებებს რეგიონებში მეწარმეებთან შეხვედრის მიზნით, რაც შეეხება პლატფორმაზე დარეგისტრირებულ ქართულ კომპანიებს, მათი რაოდენობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელი არ არის.
„იმის გამო, რომ აპლიკაციის შევსებისა და რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივია, ის მოთხოვნა რაც პირადად მე მაქვს რაოდენობასთან მიმართებაში, ჯერჯერობით არ არის. ამიტომ, გვაქვს დაგეგმილი ძალიან ბევრი აქტივობა: როგორც მეწარმეებთან უშუალო კომუნიკაცია, ისე გასვლითი ღონისძიებები. როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატას, ისე „აწარმოე საქართველოს“ გაწერილი აქვთ სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ აღნიშნული პლატფორმის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია მოხდეს. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიდეს ინფორმაცია, თუ რა სარგებელი აქვს EEN-ს“, - ამბობს გიორგი ჩერქეზიშვილი.
ვინაიდან რეგიონებში EEN-ის შესახებ მეწარმეთა ინფორმირებულობა ბევრად ნაკლებია, შეხვედრების ფარგლებში ხდება ინფორმაციის მიწოდება პლატფორმის თაობაზე და დაინტერესების შემთხვევაში, ადგილზე სააპლიკაციო ფორმების შევსება სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლების დახმარებით. პირველი მსგავსი შეხვედრა მეწარმეებთან შედგა ქალაქ გორში, მიმდინარე წლის თებერვალში, რომელსაც 40 მეწარმე სუბიექტის წარმომადგენელი დაესწრო. შეივსო 10 აპლიკაცია, რომელთაგან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, სრულყოფილი მხოლოდ 5 იყო. ხუთივე აპლიკაცია გადაგზავნილია EEN-ში და დამოწმების მოლოდინის რეჟიმშია.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე EEN-ში დარეგისტრირებულია შემდეგი ქართული კომპანიები:
- ტექსტილის სამკერვალო ქარხანა „ევროტექსი“
- ჩირის მწარმოებელი კომპანია “ჩირჩხელა”
- “ხელნაკეთი აქსესუერები“
- ქართული სტარტაპი „Cnick - Smart Rings“
- ჩირებისა და სპირტის მწარმოებელი კომპანია
ქართული ჩირის მწარმოებელი კომპანია „ჩირჩხელა“ EEN-ის პლატფორმაზე ჩურჩხელისა და ჩირის ექსპორტისთვის ევროპელი პარტნიორების მოძიების მიზნით გაწევრიანდა. როგორც კომპანიის დირექტორი გური სალუქვაძე EUGeorgia.info-სთან საუბარში ამბობს, ჯერჯერობით კონკრეტული წინადადებები არ მიუღიათ, თუმცა მოლოდინი დიდია.
„ამ ეტაპზე კონკრეტული წინადადებები არ გვაქვს, თუმცა ჩვენთვის EEN-ში გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენი კომპანიის პოპულარიზაციის და ევროპულ ბაზართან წვდომის კუთხით, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ამბობს გური სალუქვაძე.
"ევროპის მეწარმეთა ქსელის" სერვისების მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართულ კომპანიას, რომელიც შეავსებს ვებ-გვერდ een-georgia.ge-ზე განთავსებულ აპლიკაციას და მიმართავს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას“.