ქართული დაფნის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე ისევ მზარდია
2017 წელს ევროკავშირში ქართული დაფნის ექსპორტმა 74 ტონა შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში, 2008 წლის ანალოგიური სტატისტიკის (75 ტონა) შემდეგ, უდიდესი მაჩვენებელია.
2013 წლიდან შეიმჩნევა ქართული დაფნის ექსპორტის დევერსიფიცირება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც, რაც ევროკავშირის ბაზარზე სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და ქართული დაფნის საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე მიუთითებს. მაგალითად, 2012 წლამდე დაფნის ექსპორტი (ევროკავშირის ფარგლებში) მხოლოდ ოთხ ქვეყანაში ხორციელდებოდა: ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია და პოლონეთი, შემდგომ წლებში კი, როგორც ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები, ამ ჩამონათვალს ემატება: გერმანია, უნგრეთი, ესტონეთი, პოლონეთი, ესპანეთი და სხვა.ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის ბაზარზე დაფნის ფოთლის იმპორტი, დაახლოებით 26 %-ით გაიზარდა. 2008 წლიდან დღემდე ევროპაში დაფნაზე მოთხოვნის ტენდენცია თითქმის შეუქცევადად მზარდია. 2013-2017 წლების განმავლობაში საქართველო ევროკავშირის ბაზარზე დაფნის, რიგით მეორე ექსპორტიორია. პირველ ადგილს თურქეთი იკავებს, რომელიც დაფნის ექსპორტის კუთხით საქართველოს უმთავრესი კონკურენტია, არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ყველა სხვა დანარჩენ მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე(რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი). თურქეთს, საქართველოსთან შედარებით, ევროკავშირში დაახლოებით 26-ჯერ მეტი (კგ-ში) დაფნის ფოთლის ექსპორტის მაჩვენებელი აქვს. ეს კი შეიძლება აიხსნას იმ ობიექტური ფაქტორებით როგორებიცაა: დაფნის ფოთლის წარმოების მასშტაბები თურქეთში; თურქეთი ევროპისთვის დაფნის, თითქმის საუკუნოვანი, ისტორიული მიმწოდებელია; საქართველოსგან განსხვავებით, თურქეთში დაფნის გადამუშავების რგოლში ინტენსიურად გამოიყენება თანამედროვე დანადგარები; ქართული დაფნის მთლიანი ექსპორტის დაახლებით 26% (2012-2016 წლები) თურქეთზე მოდის, ამ ნედლეულის ნაწილის რეექსპორტი კი შემდეგ თურქეთიდან ევროკავშირში ხდება. ეს მოცემულობა ევროკავშირის ბაზარზე ზრდის თურქეთის ექსპორტს და პარალელურად ამცირებს საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს.
ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად (2008-2017 წლები) საშუალოდ 8.5 მილიონი ევროს ღირებულების დაფნის ფოთლის იმპორტი ხორციელდება. ეს ტენდენცია კი, როგორც უკვე ვახსენეთ, მზარდია. შესაბამისად საქართველოსთვის ჩნდება ევროპული ბაზრის ამ სეგმენტში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის შესაძლებლობა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირში იზრდება ქართული დაფნის ცნობადობა, სავაჭრო კავშირები დაფნის ქართულ მწარმოებლებსა და ევროკავშირის შესაბამისი ბაზრის სუბიექტებს შორის უფრო დიდი და დივერსიფიცირებული ხდება.
ქართული დაფნის მწარმოებელმა კომპანიამ „ფარკონი“ 2017 წელს ევროკავშირის ბაზარზე დაახლოებით 20 ტონა (2017 წელს ევროკავშირში დაფნის მთლიანი ექსპორტის 27 %) დაფნა ექსპორტზე გაიტანა, კონკრეტულად კი ბულგარეთში და პოლონეთში, მაშინ როდესაც ქართული დაფნის მთლიანი ექსპორტი პოლონეთში 2015 წელს მხოლოდ 9 კგ., 2016 წელს კი 16 კგ. იყო. კომპანიის წარმომადგენელი, გიორგი ალთაიძე ჩვენთან საუბარში ამბობს: „ევროპულ ბაზარზე ქართული დაფნის ექსპორტის ზრდას ამ პროდუქტის მზარდი პოპულარიზაცია, სავაჭრო კავშირების გაუმჯობესება, DCFTA-ის ფარგლებში გაუქმებული სავაჭრო ბარიერები და ქართული დაფნის გადამუშავების ხარისხის ზრდა უწყობს ხელს“. „ფარკონი“, რომელიც საქართველოში ერთადერთი დაფნის გადამამუშავებელი კომპანია, რომელმაც ISO:22000 სტანდარტი დანერგა, ამჟამად აქტიურად მუშაობს დაფნის ექსპორტის განხორციელებაზე გერმანიასა და ავსტრიაში. კომპანიის წარმომადგენლები ევროკავშირის ბაზარზე მათი პროდუქტის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის რეალურ შესაძლებლობაზე საუბრობენ და ამ მიმართულებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ევროპელ დაფნის იმპორტიორებთან.
ქართული დაფნის ექსპორტის ზრდის პოტენციალის კუთხით პოლონეთი ერთ-ერთი ყველზე მიმზიდველი ბაზარია, ვინაიდან:
- პოლონეთი მსოფლიოში დაფნის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია, საქართველო კი ამ ბაზარზე დამკვიდრების მზარდი ტრენდით გამოირჩევა;
- პოლონეთი ევროკავშირის ფარგლებში იმპორტირებული დაფნის მაღალი ფასით გამოირჩევა, მაგალითად თურქული იმპორტირებული 1 კგ. დაფნის საშუალო ფასი 5 დოლარია;
- პოლონეთში, სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ქართული დაფნის ცნობადობა მაღალია.
ქართული დაფნის გადამუშავების პროცესის ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერა ამ პროდუქტს ევროკავშირის ბაზარზე კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და, შესაბამისად, ქართული დაფნის ექსპორტიც გაიზრდება ისეთ სტაბილურ და მაღალი მსყიდველობითუნარიანობით გამორჩეულ ბაზარზე, როგორიც პოლონეთშია, ზოგადად კი ევროკავშირში.