როგორ შეაყვარა ENPARD-მა ყოფილ სამხედროს მაყვალი და ჟოლო
„იცით რა სილამაზეა, როცა ყვავილობის დროს სულ გაწითლდება აქაურობა, მერე ნაყოფი მწიფდება და შავდება, ფოთლის სიმწვანე იკარგება და შავად იცქირება მთელი არემარე“, - ასე იწყებს თავის ისტორიას ფერმერი გიორგი ციხელაშვილი, რომელსაც დმანისში მაყვლისა და ჟოლოს პლანტაციები აქვს.
56 წლის ციხელაშვილი ყოფილი სამხედრო - თადარიგის მაიორია. ამბობს, რომ ფერმერობა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის - ENPARD-ის დახმარებით გადაწყვიტა და ქალაქიდან სოფელში დაბრუნდა.
„მშენებელი ვიყავი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული. შემდეგ 14 წელი ჯარში ვიმსახურე. როცა დავინახე, რომ სოფლის მეურნეობას დახმარება და გვერდში მდგომი ადამიანები სჭირდებოდა, ზუსტად მაშინ გამოცხადდა ENPARD-ის საგრანტო პროგრამაც და მასში მონაწილეობა მივიღე. შემიძლია გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობა ფაქტობრივად, ENPARD-მა შემაყვარა“, - ამბობს ციხელაშვილი.
2014 წელს, ENPARD-ის ფინანსური დახმარებით, სოფელ განთიადში, საკუთარ 12 ჰა მიწის ნაკვეთზე უეკლო მაყვლისა და ჟოლოს ნერგები დარგო და წვეთოვანი სისტემა დაამონტაჟა, გაიარა ტრენინგები და მიიღო შესაბამისი ცოდნა სპეციალისტებთან. ამჟამად კენკრის ბაღები 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული და გაფართოებას აპირებს. მისი ცნობით, „თრიფლ ქროუნი“-სა და „ჩესტერ“-ის ჯიშის უეკლო მაყვლის მოსავლიანობა სხვა ჯიშებთან შედარებით გაცილებით მაღალია და 1 ჰექტარზე 18-20 ტონას აღწევს. „კაროლინას“ ჯიშის ჟოლო კი, 1 ჰა-ზე 8-10 ტონა მოსავალს იძლევა.
„ENPARD-ის სპეციალისტებმა სინჯები აიღეს და დაადასტურეს, რომ ჟოლოს და მაყვლის ბაღების გასაშენებლად ჩემი ნაკვეთი ვარგისია. მამაჩემთან ერთად და შემდეგ დამოუკიდებლად თითქმის ყველა პროდუქტზე ვიმუშავე, რაც დმანისში მოდის - იქნება ეს კარტოფილი, სიმინდი, ლობიო თუ სხვა, მაგრამ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ კენკრა ასეთი წარმატებული პროექტი იქნებოდა“, - ამბობს ფერმერი.
ციხელაშვილის თქმით, მისმა მაგალითმა დმანისში მცხოვრები ბევრი სხვა ადამიანი შთააგონა, თუმცა ფინანსებთან წვდომის პრობლემის გამო, ბიზნესის განვითარება უჭირთ და მცირე ზომის კენკრის ბაღების გაშენებას საკუთარი ძალებით ცდილობენ.
„ვფიქრობ, რომ კენკრა არის ის მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება ადამიანი სოფელში მობრუნდეს, სოფელს მიხედოს. ყველას ერთი რამ გვიჭირს - ფინანსები. მემკვიდრეობა თუ არ მიიღე, ისევ ბანკთან გიწევს მისვლა, ეს კი თავადაც იცით, რა წამგებიანიცაა. არ მეგულება ადამიანი, რომელიც კენკრას მოუვლის და უკმაყოფილო დარჩება, რადგან 12 თვის განმავლობაში 8 თვეს გვაძლევს შემოსავალს - ხან ნაყოფს ვყიდით, ხან ნერგებს. თბილისში ვცხოვრობდი და ამ პროექტის გამო დავუბრუნდი სოფელს, რადგან მომავლის პერსპექტივა დავინახე“, - ყვება ფერმერი.
გიორგი ციხელაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის რეალიზაცია მარტივია, გაცილებით რთულია კენკრის ევროპულ ბაზარზე გატანა, რადგან პოტენციური მყიდველები ქართველი ფერემერებისგან დიდ რაოდენობას ითხოვენ.
„კენკრის გასაღების პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. მარტო ნაყოფი კი არა, კენკრის ფოთოლიც კი შეიძლება ბიზნესად აქციო, რადგან მასზე მაღალი მოთხოვნაა მეჩაიეების მხრიდან. მაგალითად, გურიიდან შეგვეხმიანა ერთ-ერთი კომპანია, გვითხრეს, რომ მზად არიან ნებისმიერი რაოდენობის ფოთოლი შეიძინონ. რაც შეეხება ექსპორტს, პრობლემა იმაშია, რომ ევროპაში გასატანად სულ მცირე 100 ტონა პროდუქტი უნდა გქონდეს. ვფიქრობ, რომ ამისთვის უნდა შეიქმნას ისეთი ქსელი, სადაც კენკრის მწარმოებლები პროდუქციის საექსპორტოდ გამზადებას ერთობლივი ძალებით შევძლებთ. ეს საქმე უკვე დაწყებული გვაქვს - ჩვენგან ნერგი ვისაც მიაქვს ყველასთან მჭიდრო ურთიერთობებს ვაგრძელებთ იმისთვის, რომ სამომავლოდ, ასეთი ქსელი ქვემო ქართლში შეიქმნას“, - ამბობს ფერმერი.
კენკრის პლანტაციების მოსარწყავად გიორგი ციხელაშვილი ხელოვნური აუზის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც დაახლოებით 14-15 000 ლარია საჭირო. ფერმერი იმედოვნებს, რომ თანხის ნაწილის მოზიდვას ისევ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეძლებს.