ევროკავშირის გრანტით „rafting.ge“-მ მომსახურების ხარისხი გააუმჯობესა
ევროკავშირის თანადაფინასებული გრანტით შპს „rafting.ge“ -მ უსაფრთხო მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი მაღალი ხარისხის აღჭურვილობა შეიძინა. შპს „rafting.ge“ 11 წლის წინ დაარსებული კმოპანია, რომელიც უცხოელ და ადგილობრივ მომხმარებელს ტურისტული სერვისების სხვადასხვა ექსტრემალურ სახეობებს სთავაზობს.
კომპანიის ძირითადი მომსახურება მდინარე მტკვარზე ნავებით ექსტრემალური დაშვებაა (ჯომარდობა). თავდაპირველად ეს საქმე როგორც ჰობი ისე დაიწყო, გართობის ამ სახეობაზე მოთხოვნის გაზრდის შემდეგ კი მალე წარმატებულ კომპანიად გადაქცევა შეძლეს.
ტურისტებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში სტაციონარული ბანაკი მოაწყვეს და სტუმრების კვების მომსახურებისთვის ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობა დაიწყეს. პარალელურად ადგილზე მცხოვრები ახალგაზრდები რაფტინგში დაატრენინგეს და თავისთან დაასაქმეს. მოგვიანებით ეს ახალგაზრდები ჯომარდობის ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდნენ და საქართველოს სახელით საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა მიიღეს.
დამხმარე პერსონალი მთლიანად ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან დააკომპლექტეს. ამჟამად კომპანიაში 25 ადამიანია დასაქმებული, საიდან 21 ახალგაზრდაა.
„იქაური ადამიანების ცხოვრება ბევრად გავაუმჯობესეთ. კვებას ვისაც ვუკვეთავდით, იმ ოჯახმა გესჰაუზი ააშენა. სხვებს კი იმდენათ მოეწონათ ჩვენი საქმიანობა, რომ ჩვენგან ისწავლეს, წინ წასვლა მოინდომეს და რაფტინგის მომსახურება თვითონაც გააკეთეს. ჩვენ ძალიან ბევრი ტურისტის ჩავიყვანა შევძელით. სამჯერ ჩატარდა საერთაშორისო ღონისძიება, კერძოდ კი ევროპის თასი და ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში. 500-500 სტუმარი ჩამოდიოდა სხვადასხვა 11 ქვეყნიდან. ამ ადგილებს ადამიანების მსგავსი რაოდენობა არ ახსოვს“, - ამბობს კომპანის დირექტორი სოფია ხაჭაპურიძე.
ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად საჭირო გახდა მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მოწყობა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაკეთდა. ბიზნესის აწყობასთან ერთად კომპანიამ ის ადგილები 8 წლიანი იჯარით აიღო სახელმწიფოსგან, რომელსაც აქამდე უფასოდ იყენებდა, მიმდინარე პერიოდში კი ტერიტორიით სარგებლობისთვის ბიუჯეტში გადასახადებს იხდის.
ექსტრემალური სპორტის მიმართ დაინტერესების ზრდამ „rafting.ge“-ს საშუალება მისცა, რომ ისეთი საინტერესო მიმართულებები დაემატებინა, როგორიცაა კედელზე ცოცვა, ცხენებით გასეირნება და ე.წ. „ზიპლაინი“ (გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერი, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე დაშვება).
ამ ბიზნესის გასავითარებლად შპს „rafting.ge“-მ 90 ათას ლარიანი ევროპული გრანტი მიიღო, საიდანაც კომაპანიის თანადაფინანსება 36 ათას ლარს შეადგენდა. საგრანტო კონკურსში გამარჭვების შემდეგ ჩეხეთში თანამედროვე ნავები და აღჭურვილობა შეიძინეს. ევროპული დახმარებით ბორჯომში ბიზნესის გაფართოების შემდეგ „rafting.ge“ უკვე ფასანაურში ახალი ბანაკის გაკეთებას გეგმავს.
„გრანტის გარდა ძალიან მაგარი ტრენინგები გავიარეთ, სადაც ვისწავლეთ კორპორატიული მართის საკითხები, საგადასახადოსთან ურთიერთობა, დოკუმენტაციასთან მუშაობა. ეს ტრენინგები ყველასთვის იყო. მაგალითად, როგორ უნდა შეავსო ძალიან ფართო ანკეტა. ვინც ასაკოვანი მეწარმეა, ვერ ისწავლიდა თავის დროზე მენეჯმენტის და ბიზნეს ადმინისტრირების უნარებს და ეს პროექტები ამის საშუალებას იძლევა, რომ ყველას უნარები ჩამოუყალიბდეს. ისეთი შესანიშნავი მენეჯერები არიან თვითონ, ვინც ამ ტრენინგებს ატარებდნენ, რომ ყველაფერს კარგად გვაგებინებდნენ და ეს ჩვენს საქმიანობაში ძალიან დაგვეხმარა“, - აღნიშნავს სოფია ხაჭაპურიძე.
ჯომარდობა სეზონური სახეობაა, თუმცა იმ გასართობ საბანაკე აქტივობებზე, რომელსაც წყალთან შეხება არ აქვთ, შეკვეთებს მთელი წლის განმავლობაში იღებენ. უცხოელი ტურისტებიდან საჯომარდოდ ყველაზე ხშირად აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოდიან.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე