ევროკავშირის გრანტით ყაზბეგში ტურისტებისთვის ექსტრემალური გართობის სერვისი შეიქმნა
ევროკავშირის დახმარების პროგრამის ფარგლებში ინდმეწარმე ბექა სუჯაშვილმა ტურისტებზე გათვლილი გასართობი სერვისის შექმნა შეძლო. სტრატეგიული თამაშის პროექტი „Airsoft Kazbegi“ ოცდათორმეტი ათასი ლარით დაფინანსდა, საიდანაც თანამონაწილეობის სახით ახალგაზრდა მეწარმეს ოცდაათი პროცენტის გადახდა მოუხდა.
„საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტების უმეტესი ნაწილი ყაზბეგში მოდის, თუმცა ერთი დღე სჭირდება ყაზბეგის დათვალიერებას. ამის შემდეგ სასტუმროში რჩებიან და არ იციან როგორ გაერთონ. იმის გამო რომ არ არ არის გართობის საშუალება და ამაზე მოთხოვნა იყო, გამიჩნდა იდეა, რომ მათთვის რაღაც განსაკუთრებული შემეთავაზებინა. მე ევროპაში მანყოფი ვიყავი და იქ სტრატეგიული თამაში ე. წ. „ეარსოფთი“ ნათამაშები მქონდა, ძალიან მომწონდა და გადავწყვიტე ყაზბეგშიც გამეკეთებინა. ტექნიკური აღჭურვილობისთვის საჭირო იყო ისეთი თანხა, რომელიც არ გვქონდა და სწორედ ამიტომ ევროკავშირის თანადაფინასებული გრანტების კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა. პროექტის უნიკალურობიდან გამომდინარე უარი არ გვითხრეს, გავიარეთ სამი ტური და გრანტის მოგება შევძელით“, - ამბობს პროექტის ავტორი ბექა სუჯაშვილი.
„ეარსოფთი“ სამხედრო სტრატეგიული თამაშია, სადაც რეალური საბრძოლო მოქმედებების ინსცენირება ხდება და წინასწარ დადგენილი წესების მიხედვით საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდებიდან ერთ-ერთი იმარჯვებს. მოთამაშეების იარაღი რეალურთან მიახლოებულია და ადამიანებისთვის უვნებელ რეზინის ტყვიებს ისვრის. თუმცა მთელი თამაშის მანძილზე უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად სპეციალური უნიფორმის და ნიღბების ტარება სავალდებულოა.
თამაშისთვის საჭირო აღჭურვილობა (იარღი, უნიფორმა) ამერიკიდან ჩამოიტანეს. ამ ეტაპზე ერთდროულად 20 ადამიანის მოსახურება შეუძლიათ, თუმცა მსურველი ბევრად მეტია და ამის გამო უახლოეს ხანში აღჭურვილობის დამატებასა და გაფართოებაზე ფიქრობენ.
ტერიტორია სადაც „Airsoft Kazbegi“ -ს სტრატეგიული თამაშები იმართება სოფელ გერგეთთან მდებარეობს. თამაშის ექსტრემალურობას ყაზბეგის მთიანი ლანდშაფთი კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს. „ეარსოფთს“ სეზონური შეზღუდვა არ ახასიათებს. რადაგანაც სამხედრო თამაშია, ცუდ კლიმატურ პიროებში თამაში ტურისტების გარკვეული ნაწილისთვის უფრო მეტად მიზიდველია.
ბექა სუჯაშვილამა თავდაპირველად უცხოელი ტურისტების მოზიდვა სასტუმროებში დარიგებული საინფორმაციო „ფლაერები“-ს საშუალებით შეძლო. დღეს კი სოციალურ ქსელში (facebook.com) საკუთარი გვერდს ფლობს და სამიზნე აუდიტორიასთან წვდომის პრობლემაც არ აქვს.
ამ ეტაპზე „Airsoft Kazbegi“ -ს პროექტში 5 ადამიანია დასაქმებული, თუმცა ახლო მომავალში აჭღურვილობის გაორმაგებასთან ერთად, დამხმარე პერსონალის გაზრდაზეც ფიქრობენ. გასართობი სერვისის წარმატებით ამოქმედების შემდეგ, უახლოეს გეგმებში ასევე სასტუმრო კოტეჯების და კაფის გახსნასაც შედის.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე