ENPARD -მა კოოპერატივ „იმერულს“ ნაყინების წარმოებისთვის 103 000 ლარიანი გრანტი გადასცა
“იმერული“ თერჯოლაში არსებული კოოპერატივია, რომელმაც ENPARD -ის პროგრამის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) ფარგლებში ნაყინის საწარმოო ხაზის შესაძენად103 ათასი ლარის ოდენობის გრანტი მიიღო. თანადაფინანსებული გრანტის მოპოვების პროცესში კოოპერატივთან ჩეხური ორგანიზაცია PIN -ი (People In Need - ადამიანი გაჭირვებაში) მუშაობდა. თანამედროვე დანადგარების შესასყიდად კოოპერატივის წევრებმა გრანტის მთლიანი მოცულობის 30 პროცენტი გადაიხადეს.
„ჩვენ ძირითადად ყველს ვაწარმოებდით, მაგრამ როდესაც გრანტების კონკურსის შესახებ შევიტყვეთ, ნაყინის წარმოება უფრო ორიგინალური იდეად მივიჩნიეთ და ამიტომ მაგაზე გავაკეთეთ აქცენტი. სხვა კოოპერატივებიც მონაწილეობდნენ ჩვენთან ერთად კონკურსში და ყველა ყველისა და რძის წარმოებაზე ორიენტირებული იყო. თანაც ნაყინის რეალიზაციაში პრობლემას ვერ ვხედავდით, რადგან სადისტრიბუციო კომპანიებთან კარგი პირადი ურთიერთობები გვქონდა. ჩვენმა იდეამ გაამართლა და PIN-ის დახმარებით გრანტი მოვიგეთ“, - ამბობს „იმერული“-ს დირექტორი მალხაზ ხაჭაპურიძე.
საწარმო თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთშია განთავსებული. ნაყინის წარმოების ბიზნეს სეზონურობა ახასიათებს. გაყიდვები ძირითადად გაზაფხული-ზაფხულის პერიოდშია. ამის მიუხედავად, წელიწადის სხვა პერიოდში, საწარმოს თანამედროვე დანადგარები უქმად არ არის და არა სეზონზე კოოპერატივის წევრები თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით იმერულ ყველს აწარმოებენ.
ნაყინის რეალიზაციას იმერეთის მასშტაბით სხვადასხვა მარკეტებში ახორციელებენ. ბრენდს კოოპერატივის დასახელების მსგავსად „იმერული“ ჰქვია. ძირითადად ვაფლის ჭიქებში ჩამოსხმულ ვანილის, შოკოლადის, მარწყვის და ასევე საოჯახო ტიპის ნაყინებს ამზადებენ. ENPARD -ის გრანტით შეძენილ დანადგარებს დღის განმავლობაში ნაყინის დასამზადებლად საჭირო 500 ლიტრი ნედლეულის გადამუშავება შეუძლია.
მალხაზ ხაჭაპურიძე ამბობს, რომ გაყიდვების პრობლემა არ აქვთ, თუმცა ასორტიმენტის სიმცირის გამო სხვა კომპანიებთან კონკურენციის გაწევა მაინც რთულია: „ვაფლის ჭიქებში სამი სახის ნაყინი გვაქვს, ამას გარდა სპეციალურ კონტეინერებში ვასხამთ საოჯახო ტიპის ნაყინს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე წელს გამოვჩნდით, ჩვენი მომხმარებელი მაინც გვყავს და გემოვნური და ხარისხობრივი პარამეტრებითაც ვაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს. თუმცა ასორტიმენტის სიმცირის გამო, სხვა დიდი კომპანიებთან კონკურენცია რთულია. ამიტომ აქტიურად ვეძებთ დონორს, რომელიც ნახევარ თანხას მაინც დაგვიფინანსებდა იმ დანადგარების, რომლის ყიდვა ასორტიმენტის გასაზრდელად აუცილებლად გვჭირდება“, - აცხადებს ხაჭაპურიძე.
კოოპერატივი „იმერული“ -ს ნაყინების ხაზის წარმოებაში სტაბილურად 5 ადამიანია დასაქმებული. ასორტიმენტის გაზრდამდე კოოპერატივის წევრები პროდუქციის ცნობადობის ამაღლებისთვის უფასო დეგუსტაციებს ხშირად მართავს.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე