ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი
ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენება წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება საქართველოში. 2017 წლის მონაცემებით საქართველოში მოცვის პლანტაციები დაახლოებით 205 ჰექტარზეა გაშენებული. მთლიანმა მოსავლიანობამ კი დაახლოებით 249 ტონა შეადგინა.
ერთი ჰექტარი ლურჯი მოცვის გაშენებისა და მოვლის ხარჯები პუნქტობრივად შემდეგნაირად გამოიყურება:
პირველი წლის პლანტაციის გაშენების ხარჯი, დაახლოებით 35,100 ლარია;
ყოველწლიური მოვლის ხარჯი 13,600 ლარი;
პირველი წლის ჯამური ხარჯი : 35,100 (გაშენების ხარჯი) + 7000 (ყოველწლიური მოვლის ხარჯის ნაწილი,მანამ სანამ ნერგები პირველ მოსავალს მოგვცემს) = 42,100.
პლანტაციის გაშენების ძირითადი ხარჯების ტიპებია:
ნიადაგის დამუშავება: ხარჯი , ჯამში 1300 ლარი
ნერგების შეძენა და დარგვა, ჯამური საშუალო ხარჯი - 24 500 ლარი. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ლურჯი მოცვის ნერგებს შორის დაშორება დაახლოებით 1 მეტრი, ხოლო ნერგების რიგებს შორის 3 მეტრი და 30 სანტიმეტრი უნდა იყოს. ანუ, ერთ ჰექტარზე დაახლოებით 3000 ნერგი ირგვება. ერთი ნერგის საშუალო ფასი 6.5 ლარია. შესაბამისად, ჰექტარზე ნერგების შეძენის ხარჯი დაახლოებით 19 500 ლარს შეადგენს.
ნერგების დარგვის ხარჯებიც გასათვალისწინებელია: ნერგებისთვის ორმოების მომზადება, მორწყვა, მულჩის(ნახერხის) შესყიდვა და სხვა. ამ სამუშაოებისთვის, მუშახელის ანაზღაურების გათვალისწინებით, ხარჯი დაახლოებით 5000 ლარს აღწევს.
ნერგების მოვლის ხარჯი, რომელიც ითვალისწინებს რიგთაშორის გათიბვას, სასუქებისა და პესტიციდების შეტანას და სხვას, ჯამში წლიურად 2100 ლარს აღწევს.
წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა: ხარჯი, საშუალოდ 5500 ლარი. ამ ხარჯში გაერთიანებულია უშუალოდ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობისთვის საჭირო მასალები და მუშახელის ხარჯი.
გაუთვალისწინებელი ხარჯები მოცვის 1 ჰექტარი პლანტაციის გაშენებისას დაახლოებით 1700 ლარს ადგენს;
ყოველწლიური ხარჯი (გარდა პლანტაციის გაშენებისა) 13,600 ლარს აღწევს ხარჯის ეს ნაწილი გულისხმობს მოსავლის აღების, გასხვლის, სარწყავი წყლის გადასახადის, პლანტაციის დაცვის, აგრონომის კონსულტაციის, ყუთების შეძენის და სხვა ყოველწლიურ ხარჯებს, რომლებიც ჯამში საშუალოდ 13,000 ლარია. ამას ემატება გაუთვალისწინებელი ხარჯები, დაახლოებით 600 ლარი.
ფინანსური მოგება პირველი ათი წლის განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება:
როგორც გრაფიკზე ჩანს ლურჯი მოცვის, პირველ მოსავალს მესამე წელს იძლევა, მაქსიმალურ მსხმოიარობას (10 ტონა/ჰექტარზე) მე-6 წელს აღწევს. ლურჯი მოცვის საბითუმო საშუალო სარეალიზაციო ფასი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 5 ლარია. პირველი (მესამე წელი) მოსავლიანობა ჰექტარზე საშუალოდ 2,5 ტონა, მე-4 წელს საშუალოდ 5 ტ., მე-5 წელს 7 ტ. და მე-6 წელს 10 ტონას აღწევს. შესაბამისად, როგორ გრაფიკის მოგების სვეტში ჩანს, ვითვლით მოგებას პირველი ათი წლის განმავლობაში: მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს მიღებული მოგება.
ადგილობრივი მოთხოვნა და ექსპორტი
ლურჯ მოცვზე მაღალი მოთხოვნაა როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. მოცვი ექსპორტზე გადის ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. DCFTA ქართველ ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს შეიტანონ ევროკავშირში ლურჯი მოცვი ყოველგვარი სავაჭრო ბარიერების გარეშე. ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთში ლურჯ მოცვზე მზარდი მოთხოვნაა, ეს პროდუქტი ევროკავშირში დეფიციტურია და, ამავე დროს, მაღალი საბაზრო ფასით გამოირჩევა. მაგალითად, ევროკავშირის ბაზარზე გაუყინავი 1კგ. ლურჯი მოცვის საბაზრო ფასი 15-20 ევროა, იმ შემთხვევში თუ პროდუქტი ბიოლოგიურია, მაშინ მისი ფასი 22 დან 24 ევროს ფარგლებში მერყეობს.