ფერმერები საკუთარ პროდუქტს სავაჭრო ქსელებში ვერ ყიდიან
მიზეზი რითეილერების მაღალი ტარიფებია
ივა ჭყონია: „ფერმერს სავაჭრო ქსელში პროდუქციის შეტანა გაუჭირდებათ”
ადგილობრივი მწარმოებლები საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის პროცესში არაერთ პრობლემას აწყდებიან. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობაა. რამდენიმე მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა ზოგიერთ სუპერმარკეტს პროდუქტის მიწოდებაზე უარი უთხრა, იმ მიზეზით, რომ ხელშეკრულებები, რომელსაც მსხვილი სავაჭრო ქსელები მათთან აფორმებენ, კაბალურია.
სავაჭრო ქსელებში შესვლა განსაკუთრებით მცირე მწარმოებლებს უჭირთ, რადგან რითეილერებმა მათ პროდუქციის დახლზე განთავსებისთვის საკმაოდ მაღალი ტარიფები დაუწესეს. დახლზე განთავსებისთვის დაწესებულ ერთჯერად გადასახადს ემატება ე.წ. „ქეშ-ბექი”, რაც გაყიდული პროდუქციის ღირებულების 10-15%-ს შეადგენს. ამას ემატება სხვა მარკეტინგული გადასახადებიც.
გარდა იმისა, რომ ქსელურ მაღაზიებში პროდუქციის გაყიდვა საკმაოდ ძვირი ჯდება, მწარმოებლები და დისტრიბუტორები კუთვნილი თანხის დროულად ამოღებასაც ვერ ახერხებენ.
მაღალი ტარიფების გამო პროდუქციის სუპერმარკეტებში შეტანას ვერც კენკრის მწარმოებლები ახერხებენ. მცირე მეწარმისთვის მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია. მაღაზიებში ჟოლოს შეტანა ვერც ფერმერმა ნოდარ ტატიშვილმა მოახერხა, რომელსაც ჟოლო გორში მოჰყავს.
„გვინდა ჟოლო სავაჭრო ქსელში შევიტანოთ, სადაც უფრო მაღალი ფასი აქვს, მაგრამ ვერ ვახერხებთ. „კარფურმა” 10 ათასი ლარი წინასწარ გადახდა მოითხოვა, „ორი ნაბიჯი” დახლზე ადგილი რომ დაეთმო, შარშან 5 ათას ლარს ითხოვდა. ასეთ თანხებს ჩვენ ვერ გადავიხდით და გვირჩევნია მოსავალი გადამყიდველებს პირდაპირ ბაღიდან იაფად გავატანოთ. „კარფურში” უცხოეთიდან შემოტანილი გაყინული კენკრა იყიდება. იმას ჩემი სჯობია, მაგრამ მე იქ ვერ შევიტან”,- ამბობს ფერმერი ნოდარ ტატიშვილი.
სავაჭრო ქსელების კაბალურ პირობებზე დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია საუბრობს:
„ფერმერს სავაჭრო ქსელში პროდუქციის დამოუკიდებლად შეტანა ძალიან გაუჭირდება. იმდენად დიდი ხარჯია, რომ ამას ვერ გაწვდება. დიდი მწარმოებლები და დისტრიბუტორებიც არაერთ ბარიერს ვაწყდებით. სუპერმარკეტში შესვლის ე.წ. ლისტინგის გადასახადი ძალიან მაღალია. თუ ერთგვაროვანი პროდუქტი, მაგალითად, პომიდორი შეგაქვს ქსელში, ითხოვენ, რომ თითოეულ მაღაზიაში პროდუქცის განთავსებისთვის დამატებით კიდევ თანხა გადაიხადო. ახალი მაღაზიას თუ გახსნიან, დამატებით კიდევ გახდევინებენ ფულს. რომ მოგინდეს და პომიდორის გარდა კიტრი ან სტაფილო შეიტანო, თითოეულ შტრიხ-კოდზე კიდევ ცალკე თანხაა გადასახდელი. სავაჭრო ქსელმა 30 მაღაზია რომ გაიხსნას, გადასახადიც შესაბამისად 30-ჯერ გაიზრდება. ეს ყველაფერი კოლოსალურ თანხებს აღწევს.
ამას ემატება სხვა კომერციული პირობები- მაგალითად, თუ სუპერმარკეტი მწარმოებელს ან დისტრიბუტორს 1000 ლარის პროდუქციას გაუყიდის, უკან უნდა დაუბრუნონ თანხის 15%, ე.წ. „ქეშ-ბექი”. ყოველ მომდევნო წელს გადასახადებს ზრდიან და მუდმივად სულ უფრო მეტს ითხოვენ. გამოდის, რომ ერთი ბიზნესის მიერ ხდება მეორე ბიზნესის დახრჩობა და ამას კანონი არ არეგულირებს.
თუ ტარიფების ზრდა ასე გააგრძელეს, სადისტრიბუციო კომპანიები და მწარმოებლები იძულებულები იქნებიან ფასები გაზარდონ, რომ კომპანია შეინარჩუნონ, რაც გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას. რადგან სავაჭრო ქსელების პირობები წლიდან წლამდე უარესდება, სამომხმარებლო ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება. ამას კანონით დარეგულირება სჭირდება.
-რამდენიმე მწარმოებელს უკვე აღარ შეაქვს პროდუქტი სავაჭრო ქსელში. მაგალითად, „კოკა-კოლას” აღარ იყიდება „კარფურში” და „ორ ნაბიჯში”. მაღალი ტარიფებია ამის მიზეზი?
- დიახ. „კოკა-კოლას” გარდა დიდ რითეილერებთან თანამშრომლობაზე უარი სხვა კომპანიებმაც თქვეს. „ორ ნაბიჯში” არც „ნაბეღლავი” შედის. იმიტომ, რომ ამ ქსელს სხვა ანალოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ან იმპორტიორმა გადაუხადა დიდი თანხა, რომ დახლზე ის უკონკურენტო იყოს. ამის გამო ზარალდება მომხმარებელი. მას აღარ აქვს არჩევანი. „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში კახეთში გაიხსნა წვენების ქარხანა „ალალი”. ნატურალური, ძალიან კარგი წვენია, მაგრამ ვერც სავაჭრო ქსელში შესვლის გადასახადს ვერ გადაიხდის, ვერც მარკეტინგისთვის და რეკლამისთვის დახარჯავს იმდენს, რამდენსაც მისი კონკურენტი ცნობილი უცხოური კომპანია იხდის. ამის გამო იჩაგრება ქართული პროდუქტი და იმპორტირებული მომგებიან პოზიციაში რჩება. სადისტრიბუციო კომპანიაც ქართველ მწარმოებელს უცხოელს ამჯობინებს.
- კენკრის ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა აქვთ. როგორ უნდა მოიქცნენ, რომ სავაჭრო ქსელში შეაღწიონ?
-ფერმერისთვის დიდი სავაჭრო ქსელების პირობების დაკმაყოფილება შეუძლებელია. ფერმერს არ აქვს ფული, რომ მარკეტინგში დახარჯოს. მათთვის უფრო ხელსაყრელია სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც მაგალითად, გამოყოფს ერთ ადგილს, სადაც თავს მოიყრის რამდენიმე ფერმერის პროდუქტი და სადისტრიბუციო თავად შეიტანს სავაჭრო ქსელში.მაგრამ ესეც ძალიან რთული იქნება. მათ ძალიან გაუჭირდებათ სადისტრიბუციო კომპანის დაყოლიება, რომელიც ქართულ პროდუქციას სავაჭრო ქსელში შეიტანს და მათ ხაფანგში ნებაყოფლობით გაებმება. მათ ინტერესი არ აქვთ.
სადისტრიბუციო კომპანიამ კენკრის რეალიზაციას ხელი რომ მოჰკიდოს, ამისთვის იყიდოს მაცივარი-მანქანა, საწყობი უნდა იქირაოს, სავაჭრო ქსელში შესვლის გადასახადი გადაიხადოს. ამასთან ის არ არის დაზღვეული, რომ მომდევნო წელს რითეილერი ახალ, გართულებულ პირობას არ შესთავაზებს. დიდია რისკი, რომ გადასახადები გაუზარდონ და საქმეზე ხელი ააღებინონ. ფერმერისგან 2-3 მაღაზიის მფლობელმა შეიძლება მიიღოს კენკრა, მაგრამ დიდ ქსელში შესვლა გაუჭირდებათ.
-რა გამოსავალს ხედავთ ამ სიტუაციაში, როცა სავაჭრო ქსელები კიდევ იზრდებიან?
- რაც უფრო იკლებს მცირე მაღაზიების რაოდენობა და მატულობს ქსელური მარკეტების წილი, მით უფრო გაუსაძლისი ხდება დისტრიბუტორების და ადგილობრივი მწარმოებლების მდგომარეობა. დიდი მარკეტების კაბალური პირობები ყოველ წელიწადს მკაცრდება და მძიმდება. მათი 90 პროცენტი ან კონსიგნაციაზე მუშაობს, ან - გაყიდვის შემდგომ გადახდაზე, რაც ყველაზე მეტად მწარმოებელს აზარალებს. პატარა მაღაზიები დიდ ქსელთან კონკურენციას ვერ უძლებენ და იკეტებიან. ავიღოთ თუნდაც „კარფური“, „ორი ნაბიჯი“, ან „სპარი“ - მათ გარშემო რაც კი საცალო ობიექტები იყო, დაიკეტა და მომცრო მაღაზიები აღარ დარჩა. ჩვენც იძულებულები ვხდებით, რომ ხელშეკრულებაზე ხელი მოვაწეროთ. არსებული საკანონმდებლო ბაზა სავაჭრო ქსელების წნეხისგან თავის დაცვის საშუალებას არ გვაძლევს. ამ სფეროში არსებული სიტუაცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
ავტორი: ნონა ქვლივიძე.