მეფუტკრეები, რომელთა თაფლმაც რიგის ლაბორატორიაში დადებითი შეფასება მიიღო
მეფუტკრეებმა, რომელთა თაფლმაც რიგაში BIOR-ის ლაბორატორიაში დადებითი შეფასება მიიღო, eugeorgia.info-სთან თაფლის წარმოებისა და რეალიზაციის პრობლემებზე ისაუბრეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ვიდრე ამ პრობლემების განხილვაზე გადავალთ, თვალი გადავავლოთ თაფლის წარმოების ტენდენციებს ქვეყანაში.
გრაფიკზე წარმოდგენილია თაფლის წარმოება 2008-2017 წლებში. თუმცა, ეს მონაცემები არაზუსტია და ქვეყანაში გაცილებით მეტი თაფლი იწარმოება. როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2016-2017 წლებში წარმოება შემცირებულია. 2015 წელთან შედარებით 39%-იანი შემცირება ფიქსირდება 2017 წელს. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ნატურალური თაფლის იმპორტი (გამოხატული ღირებულებაში) 2017 წელს 18,7%-ით არის გაზრდილი 2015 წელთან შედარებით.
2017 წლის მონაცემებით, საქართველოში თაფლის წარმოების მიხედვით პირველ ადგილზეა კახეთი, სადაც თაფლის მთლიანი მოცულობის 36% მოდის. დანარჩენი 64% იწარმოება იმერეთში (16%), სამეგრელო-ზემო სვანეთში (12%), ქვემო ქართლში (12%), სამცხე-ჯავახეთში (4%), შიდა ქართლში (4%), აჭარაში (4%) და დანარჩენ რეგიონებში (12%)
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მეფუტკრეობის დარგში რეგისტრირებულია 73 აქტიური საწარმო. რომელთაგან 27 ინდივიდუალური მეწარმეა, 26 შპს, ხოლო 19 - კოოპერატივი. ასევე არიან სხვა შერეული ტიპის აქტიური სტატუსის მქონე კოოპერატივებიც, რომლებიც სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან ერთად ეწევიან მეფუტკრეობასაც. ამასთანავე, თაფლი იწარმოება ოჯახურ მეურნეობებშიც, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული ბიზნესის რეგისტრში.
ჩვენ წელსაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოსგან. 2018 წლის მონიტორინგის შედეგად სულ 100 ნიმუში გაიგზავნა, რომელთაგან დარღვევა არ დაფიქსირებულა 46 ნიმუშში. Eugeorgia.info დაუკავშირდა იმ თაფლის მწარმოებლებს, რომელთა თაფლმაც გაიარა ლაბორატორიული შემოწმება რიგაში და აღმოჩნდა, რომ პროდუქტი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და არის უვნებელი. ჯამში გამოიკითხა 29 მწარმოებელი, რომელთა უმრავლესობა (70%) კოოპერატივია. გამოკითხულთაგან უმრავლესობას, შარშანდელი მოსავლიდან ძალიან მცირე მოცულობები აქვთ დარჩენილი, და ისინი ძირითადად რეალიზაციას ინდივიდუალურად, პირადი ნაცნობების დახმარებით ახდენენ. ახალი მოსავლის აღება უმეტეს შემთხვევებში ივნისის დასაწყისში ხდება და აგვისტოს ბოლოს სრულდება, ეს დამოკიდებულია ამინდზე და თაფლის სახეობაზე (აკაციის, ცაცხვის, წაბლის, ალპური).
ცხრილში წარმოდგენილია იმ მწარმოებლების შესახებ ინფორმაცია, რომელთა ნიმუშებშიც არ აღმოჩნდა რაიმე სახის დარღვევა.
მეფუტკრეებისგან შევიტყვეთ თუ სად და როგორ იყიდება მათ მიერ წარმოებული თაფლი, ასევე რა პრობლემებს აწყდებიან წარმოებისა და რეალიზაციის პროცესებში.
მეფუტკრეებს თაფლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე. მსხვილ სუპერმარკეტებსა და სარეალიზაციო ობიექტებში თაფლის შეტანა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარდა იმისა, რომ მეფუტკრემ უნდა წარმოადგინოს ლაბორატიული დასკვნა, რომ თაფლი არ არის დაბინძურებული, ასევე ისინი აცხადებენ, რომ ძალიან მაღალია ყოველთვიური გადასახადები და მოსაკრებლები.
გიორგი მერაბიშვილი, კოოპერატივ „კოდის“ თავმჯდომარე:
„ჯერ-ჯერობით არ ვართ შესულები თბილისის სუპერმარკეტებში, რადგან დიდი პრობლემებია ამ მიმართულებით. ხელოვნური ბარიერებია და ძალიან მაღალ გადასახადებსა და მოსაკრებლებს ითხოვენ. ამას ემატება ის, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ბაზარს უნდა მიეწოდოს ხარისხიანი და უვნებელი პროდუქტი, რის დასადასტურებლადაც საჭიროა ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, რომლის საშუალებაც არ გვაქვს. 1000 ევროზე ნაკლები არ ჯდება ერთი ნიმუშის გაგზავნა ევროპის ლაბორატორიაში, რაც საკმაოდ ძვირია“
ჯაბა შეშაბერიძე, კოოპერატივ „სკა“ თავმჯდომარე:
„ქსელში ვერ შევდივართ, ისეთ კაბალურ გარიგებებს გთავაზობენ არ ღირს, სტენდის გადასახადი, ქეშბექი - თვეში 2000 ლარი მოითხოვა აგროჰაბმა და კარფურმა. რა უნდა გავყიდო 2000 ლარის, რომ მე ეს თანხა გადავიხადო. ვინც არის შესული იმათ დაბალი ხარისხის თაფლი აქვთ, რომელსაც ბითუმად 5-6 ლარად ყიდულობენ. ჩემი თაფლის თვითღირებულება 8-10 ლარია. ეს ხარისხი რომ აწარმოო შესაბამისი პრეპარატები უნდა იხმარო, უნდა ამთაბარო, დამზადების ტექნოლოგიაც შესაბამისია საჭირო, უნდა დაიცვა სტანდარტები, წესები ვადები და დოზები“.
ავთანდილ პარუნაშვილი კოოპერატივი „პრიზმას“ წევრი:
„გუდვილში შევიტანე თაფლი და გაიყიდა 1 თვეში. პირველი პარტია რომ გაიყიდა მერე მეორეც შევიტანე, გაყიდვებსაც ვადევნებდი თვალყურს, მაგრამ ფაქტია, აფიორა გაითამაშეს. მე-6 წელია ფული ვერ ავიღე, აღარც სასამართლოდან ისმის რაიმე და შევეშვი, 2000 ლარს ვედავები, უკვე აღარც მაქვს სურვილი, რომ სხვა ქსელებთან ვითანამშრომლო“
eugeorgia.info თბილისის სუპერმარკეტების ქსელებს დაუკავშირდა და გამოარკვია თუ რა პირობები და მოთხოვნები აქვთ ნატურალური თაფლის ქსელში განთავსებასთან დაკავშირებით.
ორი ნაბიჯის პოლიტიკა თაფლთან მიმართებით ასეთია: ქსელში შესაძლებელია იყოს მხოლოდ ერთი მწარმოებლის პროდუქტი. ამჟამად 2019 წლის ბოლომდე კონტრაქტი გაფორმებულია კონკრეტულ მწარმოებელთან. ოტქომბრის თვეში გამოცხადდება ნიმუშების მიღება შემდგომი პერიოდისთვის. პროცედურა შემდეგნაირია: თაფლი აუცილებლად უნდა იყოს დაფასოებული მინის ჭურჭელში და ეტიკეტირებული, მწარმოებლებმა უნდა წარმოადგინონ ნიმუშები და შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნები, რომ მათი თაფლი არის უვნებელი. ამასთან, უნდა წარმოადგინონ საბითუმო ფასი. ქსელი გადაწყვეტილებას მიიღებს ფასი -ხარისხის შეფასების პრინციპით ტენდერის წესით და გააფორმებს ხელშეკრულებას იმ მწარმოებელთან, რომელიც შესთავაზებს ამ ორი პარამეტრის ოპტიმალურ კომბინაციას.
აგროჰაბის ქსელში ამჟამად იყიდება რამდენიმე მომწოდებლის მიერ დამზადებული თაფლი, მათ შორისაა „მამაოების“ თაფლი და „თაფლიკაცი“, რომელთანაც დადებულია უვადო კონტრაქტი, რაც ნიშნავს, რომ თანამშრომლობა გრძელდება მანამ, სანამ ან ერთ მხარეს ან მეორე მხარეს არ მოესურვება შეწყვეტა. ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი აგროჰაბის დახლზე სხვა მწარმოებლის თაფლი მოხვდეს. განსაზღვრული მოცულობა და კვადრატულობა სრულად არის ათვისებული, ამიტომ აგროჰაბი არ საჭიროებს სხვა მომწოდებლის დამატებას. არსებულ მომწოდებლებთან თანამშრომლობის პირობები ინდივიდუალურია და კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.
გუდვილში თაფლის განთავსების პირველადი მოთხოვნაა ლაბორატორიული კვლევის დასკვნის და ნიმუშების წარმოდგენა. ეს ნიმუშები გადის საბჭოზე, ხდება მათი გაცნობა და ამის შემდგომ მიიღება გადაწყვეტილება ახალი პროდუქციის დამატებაზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში მიიღება პროდუქცია. ერთი თვის შემდგომ აკვირდებიან რეალიზაციას. საქონლის წინასწარ ავანსად შესყიდვა არ ხდება. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მომწოდებელმა უზრუნველყოს მიწოდების უწყვეტობა. ამჟამად გუდვილის ქსელებში თაფლის კატეგორია ძალიან გაჯერებულია, ყავთ ძალიან ბევრი მომწოდებელი, ამიტომ ჯერ-ჯერობით თაფლის დამატების საჭიროება არ არსებობს. თუმცა, შესაძლებელია მოლაპარაკება ახალ მომწოდებლებთანაც, რაც უამრავ კომერციულ დეტალს მოიცავს და ინდივიდუალურად განიხილება.
ფუდმარტისა და სპარის ქსელებში ამჟამად ორი მომწოდებლის პროდუქციაა განთავსებული: „მეფუტკრე“ და“ბახმაროს თაფლი“. ასევე ზოგიერთ ქსელში პერიოდულად წარმოდგენილია „კულას“თაფლი. გამომდინარე იქედან, რომ თაფლის კატეგორიის გაყიდვები მცირეა, არ განიხილება ახალი მომწოდებლის დამატება ქსელში. მომწოდებელთან დადებული ხელშეკრულებების ვადა საშუალოდ ერთი წელია და თუ კი მხარეები თანხმდებიან იგივე კომერციულ პირობებზე თანამშრომლობა ავტომატურად გრძელდება. ახალმა მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს, სურათი, ფასი და მომარაგების გეგმა. თუკი შემოთავაზებული ფასი ან პროდუქტი აღმოჩნდება მიმზიდველი ქსელისთვის, მოითხოვება ლაბორატორიული ანალიზის საბუთის წარდგენა. პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს დაფასოებული და ეტიკეტირებული.
მეფუტკრეები იმაზეც ჩივიან, რომ ექსპორტზე ვერ გადის ქართული თაფლი ეროვნული ნიშნით. აზერბაიჯანში ისევ გადის არაოფიციალურად და რადგან დაფასოება და ეტიკეტირება იქ ხდება, არსად ფიქსირდება, რომ ეს თაფლი ქართულია. მეფუტკრეები ითხოვენ ქართული თაფლის ნიშნის შექმნას, რომ ადგილობრივ ბაზარზეც მომხმარებელმა ადვილად გაარჩიოს უვნებელი პროდუქტი ანტიბიოტიკებით და სხვა ნარჩენი ნივთიერებებით დაბინძურებულისგან.
ამას გარდა, 2017 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაანონსდა თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა. მეფუტკრეები აღნიშნავენ, რომ პროცესები ძალიან გაჭიანურდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დირექტორის, გიორგი მიშელაძის ცნობით საწარმოს მშენებლობა დასრულებულია, ამაჟამად მიმდინარეობს აღჭურვილობის მონტაჟი, შემდეგ საწარმო გაიტესტება და სამართავად გადაეცემა მეორე დონის კოოპერატივს, სადაც მინიმუმ 35 კოოპერატივი იქნება გაერთიანებული. როგორც სააგენტოს დირექტორი ამბობს, უკვე არის 50 კოოპერატივზე მეტმა გამოთქვა სურვილი, რომლებთანაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა. საწარმო კოოპერატივებს სავარაუდოდ სექტემბერში გადაეცემათ.
„შენობა ნაგებობა 1,1 მილიონი ლარი დაჯდა ხოლო აღჭურვილობა 800 ათას ლარზე მეტი. დამატებით შესაძენია საოფისე ავეჯი. საწარმო 8 წლიანი გამოსყიდვის პირობით გადაეცემა მეორე დონის კოოპერატივს. ამ 8 წლის განმავლობაში უნდა გამოისყიდონ მთლიანი ღირებულების 30% გაწერილი გრაფიკის მიხედვით, ხოლო 70% არის სახელმწიფო გრანტი“- ამბობს გიორგი მიშელაძე.
მოთხოვნები თითოეული კოოპერატივის მიმართ ასეთია:
- თითოეულმა კოოპერატივმა უნდა მოიტანოს ყოველწლიურად მინიმუმ 2 ტონა თაფლი;
- არ უნდა შეწყვიტონ საქმიანობა ამ დროის განმავლობაში;
- პროგრამაში ჩართული კოოპერატივების რაოდენობა არ უნდა შემცირდეს;
- კოოპერატივს დაეკისრება ვალდებულება დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგოს მიკვლევადობა და HACCP-ის სისტემები.
გადამამუშავებელ საწარმოში კოოპერატივებს შესაძლებლობა ექნებათ დააფასოონ, დაბრენდონ ერთგვაროვანი თაფლი და შეიტანონ როგორც მსხვილი სუპერმარკეტების ქსელებში, ისე გაიტანონ ექსპორტზე.
ავტორი: ქეთი მელქაძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.