კენკროვანებიდან ყველაზე მომგებიანი ლურჯი მოცვია, რასაც ჟოლო, მაყვალი და მარწყვი მოყვება
ლალი გოგინავა: „კენკრის გაყიდვის პრობლემა არასდროს იქნება, მაგრამ ახლა ეს დარგი დაქსაქსულია”
რამდენიმე წელიწადია კენკროვანი კულტურების მოშენებამ მთელი საქართველო მოიცვა. კენკრაზე დიდია მოთხოვნა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტოდ. ლურჯი მოცვისა და მარწყვის წლევანდელი მოსავალი ფერმერებს მთლიანად გაყიდული აქვთ და კენკრის ამ სახეობებზე ბაზარზე დეფიციტიც შეიქმნა. „კენკრის ბუმის” მიუხედავად ფერმერებს არაერთი პრობლემა აქვთ, რამაც ამ სფეროს განვითარებას შესაძლოა ხელი შეუშალოს. კენკროვანების ბაზარზე არსებული სიტუაციისა და პრობლემების შესახებ eugeorgia.info ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანას” ექსპერტი ლალი გოგინავას ესაუბრა:
„ყველა პროექტით, რაც ქვეყანაში ხორციელდება, პრიორიტეტი კენკროვან კულტურების გაშენებას ენიჭება, რადგან დარგვიდან მეორე წელს იძლევა მოსავალს და მთლიანად ანაზღაურებს მასზე გაწეულ ხარჯებს. ეს არის პროდუქტი, რომელიც დღეს ფერმერისთვის ძალიან მომხიბვლელია. ყველას უნდა სწრაფი შემოსავალი და ამ კულტურის მიმართ დიდ ინტერესს ეს ფაქტორიც განაპირობებს. არის კულტურები, რომლებიც პირველ სრულ მოსავალს 5-6 წლის შემდეგ იძლევა და ამ დროის განმავლობაში მას დიდი მოვლა და კვება სჭირდება. კენკრის მოყვანა, მათთან შედარებით ნაკლები დანახარჯებით შეიძლება. თანაც, როცა ინვესტორები მოდიან, ისინი უფრო მეტად კენკრაზე არიან ორიენტირებული და უნდათ, რომ 200-300 ტონა ერთბაშად გაიტანონ საქართველოდან.
მაგრამ ამ დროს ერთი საგულისხმო გარემოება იჩენს თავს. ინვესტორები ითხოვენ ბიო პროდუქტს, რაც მცირე რაოდენობით მოგვყავს. ვცდილობთ, რომ ჩვენ სადემონსტაციო ნაკვეთებზე, ყველგან ბიო კენკრა იყოს გაშენებული, მაგრამ ფერმერების ცნობიერება ჯერ არ არის გაზრდილი იქამდე, რომ საქართველოში ჯანსაღი საკვები გვჭირდება. თუმცა, ამ მიმართულებით პროგრესი მაინც არის და ჩვენ თანდათან ბიოპროდუქტების წარმოებაზე გადავალთ. ამას დაახლოებით 5-6 წელიწადი დასჭირდება, მაგრამ ამ მიზანს მივაღწევთ. საქართველოს ნიადაგი და კლიმატური პირობები ძვირფასია ამ კულტურისთვის. კენკრა არ საჭიროებს განსაკუთრებულ ნიადაგს და მოვლას, რადგან ნაკლებად ავადდება მავნებლებით. ამან გამოიწვია, რომ კენკრა ასობით ჰექტარზე შენდება.
-თუმცა, კენკრის მოვლის თვალსაზრისით პრობლემები არსებობს. ფერმერებს სირთულეებს ამ სფეროს სპეციალისტების დეფიციტიც უქმნის…
-დიახ, პრობლემები არის. ნარგავების სწორად მოვლას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. როცა ფერმერი ნულიდან იწყებს, მას არ აქვს ცოდნა, როგორ მოუაროს კენკრას. სანამ ჩვენ მათ კონსულტაციებს გავუწევთ, სანამ სპეციალისტებთან მოაღწევს, ის ხან ვიღაცისგან გადაიღებს რაღაცას, ხან ყურმოკრული მეთოდით ხელმძღვანელობს. როცა კენკრის მწარმოებელი დატრენინგებული იქნება, ცოდნა როცა ექნება, მაშინ მოვლის პირობებიც უკეთესი გახდება, მოსავლიანობაც გაიზრდება და ის უკეთესი ხარისხის პროდუქტს მიიღებს.
- კენკროვანი კულტურების მასშტაბური გაშენების გამო ფერმერებს გაუჩნდათ შიში, რომ შესაძლოა, პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ. მაგალითად, მაყვლის. ამის შესახებ რას ფიქრობთ?
- რადგან ასე მასობრივად დაიწყო კენკროვანების გაშენება და ერთგვარი ბუმია ქვეყანაში. არის მოლოდინი, რომ დადგება ბაზრის მოძიების და რეალიზაციის პრობლემა. ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. პირველ რიგში, ის, რომ სამაცივრე მეურნეობები შეიქმნას. კენკრის შესანახად მარტივი სამაცივრე არ არის საკმარისი. ამ სახეობის ხილისთვის განკუთვნილი დანადგარი სამი განყოფილებისგან შედგება: პროდუქტის გასაციებელი, შოკური მაცივარი და შესანახი კამერა. ასეთი სამაცივრე სულ რამდენიმეა საქართველოში, მაგრამ ისინი მთელ ქვეყანას ვერ გასწვდებიან. ამას მენეჯმენტი სჭირდება და ეს გვაკლია.
კენკრის ფასმა შეიძლება რაღაც პერიოდში დაიკლოს, მაგრამ როცა სამაცივრე მეურნეობები გაჩნდება და კენკრის ექსპორტზე გამტანი ინვესტორიც იქნება, ყველაფერი მოწესრიგდება და მერე ფასი ისევ დარეგულირდება.
ჩემი აზრით, კენკრის გაყიდვის პრობლემა არასდროს იქნება, მაგრამ ახლა დაქსაქსულია ეს დარგი. ვის რამდენი კენკრა აქვს და როგორი, ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
10 ჰექტარზე დიდი ნაკვეთები და ჩვენი ორგანიზაციის მიერ გაკეთებული ბაღები, ეს აღრიცხული გვაქვს, მაგრამ უკვე თითქმის ყველა ოჯახს აქვს ეს კულტურა და ამის აღრიცხვა არ ხდება.
-გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებსაც კენკრა გააქვთ ექსპორტზე, მაგრამ საექსპორტო პროდუქტი აღარ იშოვება. მაგ, მარწყვი დეფიციტურია. მოცვის მოსავალი ფერმერებს წინასწარ აქვთ გაყიდული...
- ლურჯი მოცვი თითქმის მთლიანად ექსპორტზე წაიღეს. ასე იქნება ჟოლოც და უეკლო მაყვალიც. ასე მოხდება აუცილებლად. მოცვის გასაღების ბაზარი წლებია უკვე მოძებნილია. ის ტრანსპორტირებას ადვილად უძლებს და სამაცივრე მანქანებით გააქვთ, ამიტომ მოცვთან დაკავშირებით კარგად არის საქმე. მომავალში მისი ფასი არ შემცირდება, თუ არ გაიზრდება. უეკლო მაყვალიც საკმაოდ ტრანსპორტაბელურია. ჟოლოს ტრანსპორტირება უფრო რთულია. სანამ ჟოლოს სამაცივრე მანქანებში დაალაგებენ, მანამდე აუცილებლად უნდა გაგრილდეს. ამიტომ ფერმერს გასაგრილებელი მაცივარი სჭირდება. ჟოლო მოკრეფისთანავე საჩრდილობელში უნდა განთავსდეს და მალევე, გამაგრილებელ დანადგარებში უნდა დასაწყობდეს 2-3 საათით, სადაც ტემპერატურა +8-+10 გრადუსი იქნება. ასე გაგრილებული ჟოლო შემდეგ 7-10 დღე არ ფუჭდება. მაყვალი ჟოლოსთან შედარებით მდგრადია, მაგრამ გაგრილება მასაც სჭირდება, ასევე, მარწყვს და მოცვსაც.
ქართული მარწყვი წელს დეფიციტი გახდა, იმიტომ, რომ კარგი გემოვნური თვისებები აქვს და მოსწონთ. რემოტატული მარწყვი, რომელიც ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე იძლევა ნაყოფს, ჩვენთან დიდი რაოდენობით არ არის, მაგრამ დაიწყება ალბათ გაშენება, რადგან მოთხოვნა დიდია.
-როგორ ფიქრობთ, არც მაყვალს ექნება რეალიზაციის პრობლემა?
- არც მაყვალს ექნება პრობლემა. ერთ მაგალითს გეტყვით. 2 წლის ჩვენ ერთ-ერთ ფერმერს რეალიზაციის პრობლემა შეექმნა. მას „ელკანამ” ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში შეუძინა მურაბის სახარში, ჯემის მოსამზადებელი და სხვადასხვა საწარმო ხელსაწყოები. მაგრამ მან ეს ტექნიკა ვერ გამოიყენა, იმიტომ რომ შარშან მთელი მოსავალი გაყიდა. გრამი მაყვალი არ დარჩა.
მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდ პრობლემას ფერმერების სტიქიური მოვლენები უქმნის. გვალვა, წვიმა, სეტყვა, რომელიც თითქმის 80%-ით აზიანებს ნათესებს. წელს ბევრ ფერმერს სეტყვა დაუზიანა მოსავალი. სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები რომ არ გვაქვს, ეს ფერმერებისთვის ძალიან პრობლემატურია. დამცავი ბადეები ძვირადღირებული სიამოვნებაა და მისი შეძენა ჭირს, მაგრამ აუცილებლად გვჭირდება. „ელკანამ” ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში 2 ფერმერს გაუკეთა სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები ჩუმლაყში. და ერგნეთში. წელს ერგნეთში სეტყვის დროს ამ ფერმერს ვაშლის მოსავალი ამ ბადეების წყალობით 100%-ით გადაურჩა. ამიტომ თუ საშუალება იქნება, მთავრობა ფერმერებს უნდა მიეხმარონ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების შეძენაში. ასევე უნდა დაეხმაროს მოსავლის რეალიზაციაში. ასევე, სამაცივრე მეურნეობების შექმნით, პროდუქტი რომ არ გაუფუჭდეთ. როცა ფერმერს „დანერგე მომავალის” პროექტით ასეთ შეღავათს აძლევ, დიდ ფართობებზე აშენებინებ ჟოლოს, მაყვალს და მოცვს, შემდგომ საქმეებშიც ცოტა მაინც უნდა დაეხმარო.
„ელკანა” -ს სპეციალისტები ფერმერებს ვეხმარებით, რომ ხარისხიანი პროდუქტი მოიყვანონ, რომ მათი ბაღები სერთიფიცირებული იყოს, ხარისხის ნიშანზეც ვმუშაობთ. მაგრამ სერთიფიცირების პროცესები უნდა დაჩქარდეს, გაადვილდეს და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ფერმერს, რომელსაც სულ რაღაც ერთი ჰექტარი აქვს, მისთვის სერთიფიცირებისთვის საჭირო თანხა ძალიან მაღალია და ამ ხარჯის გაღების საშუალება არ აქვს. მთავრობა ფერმერს თუ სერთიცირების თანხითაც დაეხმარება, მოიყვანს ის ადამიანი ბიო პროდუქტს და ჩვენც ჯანმრთელ პროდუქტს მივიღებთ.
-ზოგიერთმა ფერმერმა მაყვლის წარმოებას თავი დაანება და მაგალითად, მარწყვი გააშენა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მარწყვი უფრო მომგებიანია?
- არიან ასეთი ფერმერები. ყველაზე მომგებიანი არის ლურჯი მოცვი, შემდეგ მოდის ჟოლო, შემდეგ მაყვალი და ბოლოს მარწყვი. მარწყვის მოყვანაზე იმიტომ გადავიდნენ, რომ მაყვლის მოვლა, გასხვლა და სარებზე დამაგრება ეზარებათ. უეკლო მაყვალს მარწყვის მოყვანა არ სჯობს.
- ექსპორტის დროს კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი. ეს არის კენკრის ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების პრობლემა. როგორ აღმოჩნდა, საექსპორტო პროდუქტის სრულყოფილი ლაბორატორიული შემოწმება საქართველოში არ არის შესაძლებელი…
- ლაბორატორიის პრობლემა ქვეყანაში ნამდვილად არის. დღეს, ერთი და იგივე ნიადაგის ნიმუში სხვადასხვა ლაბორატორიაში რომ წაიღო, სხვადასხვა პასუხს მიიღებ. ეს არის დამღუპველი. ნიადაგის ანალიზზე, განსაკუთრებით მჟავიანობის განსაზღვრაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მაგალითად, ლურჯი მოცვის გაშენება ძალიან უნდათ კახეთსა და შიდა ქართლში, მაგრამ იქ ეს კულტურა არასდროს გაიხარებს, რადგან ნიადაგის მჟავიანობა დაბალია. კახეთში ერთმა ფერმერმა ნახევარ ჰექტარზე გააშენა ლურჯი მოცვი. 2 წელიწადში ნერგები დაიღუპა და გადასაყრელი გახდა. არადა ერთ-ერთმა ლაბორატორიამ მისცა პასუხი, რომ ნიადაგის მჟავიანობა მოცვის გასახარებლად საკმარისი იყო. მოგვიანებით ხელახლა ჩატარებულმა ანალიზმა დაადასტურა, რომ იქ ტუტე ნიადაგი იყო. აი, ეს არის პრობლემა.
მხოლოდ ნიადაგის შემოწმება არ არის საკმარისი. სარწყავი წყალიც უნდა შემოწმდეს. ზოგჯერ წყალი კენკრა დამღუპველი აღმოჩნდება ხოლმე. არის შემთხვევები, როცა ნარგავები შეწამლულია, საკვებიც აქვს მიცემული, მაგრამ არ იზრდება და დაჩიავებულია. შემდეგ ირკვევა, რომ ამის მიზეზი მარილიანი წყალი ყოფილა. კენკრას ფესვებზე აქვს ბუსუსები, რომელსაც მარილი აზიანებს. ის არც კლავს მცენარეს, მაგრამ გაზრდის საშუალებასაც არ აძლევს. ჩვენ ფოთლის ანალიზსაც ვაკეთებთ იმის გასაგებად, მცენარეს რა აკლია ზრდისთვის. თუ ფერმერს კარგი ბაღი უნდა ჰქონდეს და კარგი მოსავალი მიიღოს. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ამაში სახელმწიფო თუ არ დაეხმარა, ლაბორატორიის ფული თუ არ გადაუხადა, ფერმერი მარტო ცოდოა. სახელმწიფო ძალიან ეხმარება მათ ბაღების გაშენებაში, მაგრამ ჯაჭვი უნდა შეიკრას. ამას სჭირდება კარგი მენეჯმენტი, სტრატეგიის დაწერა და მუშაობა.
-ანალიზების პრობლემა დგება ევროკავშირის ქვეყნებშიც პროდუქციის ექსპორტზე გატანის დროს. ამ დროს, საქართველოში არ არის ლაბორატორია, რომელიც ყველა საჭირო ტესტს გააკეთებს…
- პროდუქტი როცა გადის უცხოეთში, იქ ანალიზის არ უნდა შეეშალოთ. რამდენჯერ დაუშვეს შეცდომა და ქართული თხილი უკან დაბრუნდა. პროფესიონალები უნდა აკეთებდნენ ტექსტებს. სამწუხაროდ, ყველა ტესტს ვერ აკეთებენ საქართველოში, რასაც ევროპა ითხოვს. ფერმერს უცხოეთში ანალიზის გაკეთება ძვირი დაუჯდება. მერე იქიდან უარყოფითი პასუხი რომ ჩამოვიდეს, ვინ აუნაზღაურებს ამ ხარჯს?! ამიტომ ყველა უკან იხევს.
-ამ დროს ალბათ არის გამოსავალი, რომ კომპანიამ ფერმერებისგან შეაგროვოს საექსპორტოდ პროდუქტი და ანალიზებიც მან გააკეთოს…
-დიახ. ეს ამ კომპანიისთვისაც მომგებიანი იქნება და ფერმერისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. ფერმერს პროდუქციის დამოუკიდებლად გატანა გაუჭირდება.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.