გიორგი ხანიშვილი: „არც პროდუქტი გვაქვს საკმარისი რაოდენობით და არც ფერმერები გვყავს"
კენკრის მწარმოებლებს მძიმე ზაფხული აქვთ. განსაკუთრებით პრობლემური მაყვლის მოსავლის რეალიზაცია აღმოჩნდა. ნაწილი სიჭარბის გამო არ გაიყიდა. ექსპორტი ჩავარდა. ზოგან მოსავალი დაუკრეფავი დარჩა და გაფუჭდა. ფასები დაეცა, რამაც ფერმერები აზარალა. წელს საკმარისი არც სამაცივრე მეურნეობები იყო, სადაც ფერმერები კენკრის შენახვას შეძლებდნენ. კენკრის მწარმოებლებმა მთავრობა უყურადღებობაში დაადანაშაულეს. რას პასუხობს მთავრობა მათ ბრალდებებს და რა გეგმა აქვს მათ დასახმარებლად, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს გიორგი ხანიშვილს ვესაუბრეთ:
- ბატონო გელა, კენკრის მწარმოებლებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ. წელს ჟოლო და მაყვალი ექსპორტზე მცირე რაოდენობით გავიდა. ადგილობრივ ბაზარზე ფერმერებს მისი გაყიდვა გაუჭირდათ. იცნობთ თუ არა მწარმოებლების პრობლემებს და რას აპირებთ მათ დასახმარებლად?
-კენკროვნების წარმოების სფეროში დამაიმედებელი ტენდენცია გვაქვს. მოთხოვნა კენკროვან კულტურებზე იზრდება. გარდა ამისა, ექსპორტზე მას შეუძლია მაღალ საფასო სეგმენტზე გავიდეს, რაც მომგებიანი იქნება ფერმერისთვის და მისი ღირებულებათა ჯაჭვის ყველა დონეზე. რაც შეეხება მაყვალს, მიმდინარე წელს, ჩვეულებრივ, მოთხოვნა-მიწოდების კანონზომიერებამ იმუშავა. თავიდან მისი ფასი არაადეკვატურად მაღალი იყო- კილოგრამი 12 ლარად იყიდებოდა. შემდეგ წარმოების მოცულობის ზრდამ ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. სეზონის პიკი გადაივლის და ფასებიც ისევ გაიზრდება. არის მეორე მოცემულობაც, როცა შემოდის სხვა კენკროვნები- ლურჯი მოცვი, მარწყვი, ისინი მაყვალს კონკურენციას უწევენ.
საქმე ის არის, რომ არც პროდუქტი გვაქვს საკმარისი რაოდენობით და არც ფერმერები გვყავს, რომლებიც პრობლემების გადასაჭრელად ერთად იმუშავებენ. როდესაც ფერმერები სხვადასხვა სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობისთვის გვაკითხავენ, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რომ მათი წარმოებული პროდუქცია პრობლემებს შეიძლება წააწყდეს, ასევე, იმ კონკურენტულ გარემოს, რომელიც არის ქვეყანაში. ყველა ცალკ-ცალკე ცდილობს ლელო გაიტანოს. ბაზარზე შედიან ცალკ-ცალკე, არასათანადო ცოდნით და არასათანადო მარკეტინგით, ერთმანეთს უწევენ კონკურენციას და პროდუქციის ფასს აგდებენ. ამას ბაზარი შესაბამისი კანონზომიერებით პასუხობს და პროდუქციაზე ფასი მცირდება. ფერმერები უნდა გაერთიანდნენ, მოხდეს გამსხვილება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს ბაზრისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდება. ეს არის გამოსავალი.
ის ეტაპი, რასაც კენკროვანი კულტურების მწარმოებლები გადიან, უკვე გადალახა ატამმა. 3-4 წლის წინ მისი გაყიდვა ძნელი იყო, მაგრამ ატმის მწარმოებლები გაერთიანდნენ. 3 წლის წინ არ არსებობდა გადამამუშავებელი, დამხარისხებელი და შესანახი საწარმოები. დღეს არის 9. ეს მაცივრები იღებენ და ამზადებენ საექსპორტო პარტიებს. წელს 10 ათასი ტონა ატამი გავიდა ექსპორტზე.
-რუსეთში ხომ?
-სამწუხაროდ, ძირითადად რუსეთში. ტერიტორიული სიახლოვის და იმის გამო, რომ რუსული ბაზარი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია. სადაც მეტს იხდიან, პროდუქტიც იქით მიდის. რესურსი იხარჯება ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით და არცერთი თეთრი რუსეთის ბაზარზე გასვლას არ ხმარდება. ჩვენი ატამი იყიდება აზერბაიჯანში, ყაზახეთშიც და ტაჯიკეთში, სადაც ჩვენი ოპერატორები მუშაობენ. სხვა ბაზრებზეც თანდათან გავალთ. ასე იქნება კენკროვანი კულტურების შემთხვევაშიც. 2018-19 წლების სეზონზე საქართველოდან ექსპორტზე 14 ათას ტონაზე მეტი ვაშლი გავიდა, რაც 90-ინი წლების შემდეგ არ მომხდარა. ეს იმიტომ, რომ უკვე მოვიდა ვაშლი თანამედროვე ბაღებში, რომელიც დახარისხდა, ბრენდირებული გახდა, მიიღო სასაქონლო სახე, რომლითაც შეიძლება ექსპორტზე მიაწოდო.
დიდი სუპერმარკეტების, სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მწარმოებლები ვერ უზრუნველყოფენ სტაბილურად მიწოდებას. ისინი ყიდულობენ იმპორტირებულ ხილს, იმიტომ, რომ სტაბილური მომარაგება უნდათ. შეიძლება ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ჩვენმა სამაცივრე მეურნეობებმა წელს ბალი, ალუბალი, მარწყვი შესანახად უცხოეთიდან შემოიტანეს.
-იმის გამო, რომ ეს ხილი წელს ჩვენთან საკმარისი რაოდენობით არ იყო. მაგრამ რაც ჭარბი იყო, ის მაცივრებში ვერ შეინახეს…
-ყველა წელიწადი ერთმანეთს არ ჰგავს. რაღაც პროდუქციაში არის დეფიციტი, რაღაც პროდუქცია არის ჭარბი. სამაცივრე მეურნეობა იძლევა გათანაბრების საშუალებას. ცალკე ერთ ფერმერს შეიძლება სამაცივრე მეურნეობის გაკეთების საშუალება არ ჰქონდეს, ამიტომ გამოსავალი არის ფერმერების გაერთიანება. ამიტომ უწყობს ხელს სახელმწიფო კოოპერირების სისტემას.
-მაგრამ ამ კოოპერატივებმა, რაზეც დიდი საბიუჯეტო რესურსი დაიხარჯა, არ გაამართლეს…
-გააჩნია, ჩვენ ვის ვედრებით. საქართველოში 150 წლის წინ შეიქმნა პირველი კოოპერატივი. მერე გვქონდა ხანგრძლივი წყვეტა და მხოლოდ 2013 წელს დაიწყო აღორძინება. საქართველოში ახლა იაპონიის დელეგაცია არის ჩამოსული, რომელიც ჩვენთან არსებულ კოოპერატივებს ეცნობიან. გვინდა ამ სფეროში იაპონური გამოცდილება გავიზიაროთ. განვითარებულმა ქვეყნებმა ეს გზა ბევრად ადრე გაიარეს. დღეს მსოფლიოში მთლიანი პროდუქციის 60% კოოპერატივების მიერ იწარმოება. ჩვენთან კი მდგრადი კოოპერატივი ჯერ არ არსებობს. დრო სჭირდება იმას, რომ ადამიანები მიხვდნენ და მოუნდეთ ერთმანეთთან გაერთიანება. ჩვენ ფერმერები პრაქტიკულად არ გვყავს. სახელმწიფომ ყველას მისცა მიწა, ძროხა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ წარმოების, ხილის მოყვანის, ვეტერინარული გამოცდილება. ჩვენ ახლა ვიწყებთ ამის გაკეთებას.
სოფლის მეურნეობაში უამრავი ფინანსური რესურსი იხარჯება, რომ მივაღწიოთ მეურნეობების გამსხვილებას და ბიზნეს-ოპერატორების ჩამოყალიბებას. მაგრამ ამისთვის ფული არ არის საკმარისი. სახელმწიფო არ შეიძლება იყოს პროდუქციის მომყვანი ან გამყიდველი. ის არის დამხმარე. ამისთვის გვაქვს 80-მდე სახელმწიფო პროგრამა. რომლითაც ხელს ვუწყობთ წარმოების, რეალიზაციის განვითარებას.
-გასაგებია, რომ ჩვენთან დიდი ფერმერული მეურნეობები არ არის. სანამ შეიქმნება, მანამდე წვრილ ფერმერებს აქვთ სურვილი შეიტანონ სუპერმარკეტში პროდუქტი, მაგრამ არ შეუძლიათ 10 ათასი ლარის გადახდა, რასაც ეს სავაჭრო ობიექტები ითხოვენ.
-არც უნდა გადაიხადოს. ამისთვის არსებობენ კომპანიები, რომლებიც უკვე არიან ამ ბაზარზე შესული, არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ისინი უნდა გაერთიანდნენ. უნდა მოძებნონ ისინი. პროდუქციის წარმოება მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი გაყიდვაა მთავარი. ამიტომ ფერმერების ძალისხმევა აქეთ უნდა იყოს მიმართული. მნიშვნელოვანია, როგორ მიაწოდებს ბაზარს ამ პროდუქტს. როცა აშენებს პლანტაციას, სადაც უნდა მოვიდეს 4-5 ტონა მაყვალი. წინასწარ უნდა იცოდეს სად გაყიდის ან რა შეიძლება დამზადდეს ამ მაყვლისგან. მაყვლისგან ძალიან კარგი საწებელი მიიღება, რომელიც მთელი წელი მოიხმარება. უნდა იცოდეს, რომ თუ არ აქვს სამაცივრე მეურნეობა, მისი შენახვის პრობლემა შეექმნება. ქვეყანაში უნდა შეიქმნას კონსოლიდირების ცენტრი, სადაც მათი პროდუქტი თავს მოიყრის.
- ფერმერი, ფინანსურად ვერ შეძლებს, რომ სამაცივრე მეურნეობაც გააკეთოს. ამის ფული არ აქვს ჩვენ ფერმერს…
- კი, მარტო ერთისთვის იქნება რთული. მაცივარს ის ვერ გააკეთებს და არც იქნება რენტაბელური. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც სამაცივრე მეურნეობას აფინანსებს. თუ შეიკრიბებიან ეს ადამიანები, თანადაფინანსებით შეუძლიათ გააკეთონ. შეიძენენ მობილურ მაცივარსაც, რომელიც ძალიან ძვირი არ არის. გვაქვს აგრო-კრედიტი, ლიზინგში შესვლა.
-კი, მაგრამ ფერმერები ამბობენ, რომ თანადაფინანსების შემთხვევაშიც ტექნიკის შესაძენად საკმაოდ დიდი კრედიტის აღება უწევთ. რომლის გადახდა მათთვის რთულია…
- მეც ძალიან მინდა მერსედერს-ბენცის აქციების მფლობელი ვიყო, მაგრამ არ მაქვს შესაძლებლობა. იმ აქციებს თქვენ ხომ არ მიყიდით? ბიზნესის დაწყება განსაზღვრულ უნარ-ჩვევებს და ფინანსურ შესაძლებლობას მოითხოვს. თუ არ მაქვს, მივდივარ და ვეძებ პარტნიორს, რომელსაც ის აქვს ან სხვა აკეთებს ამ ბიზნესს და არა მე. თუ არ მაქვს ბევრი ფული, ბიზნესს მცირედით ვიწყებ, მაგალითად, ერთი ძროხით. იმ ერთი ძროხას მოვუვლი და 5 წლის შემდეგ შეიძლება მყავდეს 5 ძროხა.
-როდესაც სახელმწიფომ დაიწყო პროგრამა „დანერგე მომავალი”, მაშინვე გქონდათ გათვლა, რომ გავიდოდა 5 წელი და მოვიდოდა დიდი მოსავალი, მაგრამ არ იქნებოდა იმდენი მაცივარი, სადაც შეინახავდნენ პროდუქტს, რომ არ იქნებოდა ექსპორტზე გატანის საშუალება, არ იქნებოდა აწყობილი ლოჯისტიკა. ეს წინასწარ გაითვალისწინეთ?
- „დანერგე მომავალი” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია.
- თქვენ ამას გაშენებული ფართობების მიხედვით ანგარიშობთ?
- არა მარტო. გაშენებული ფართობით, მოსავლით, გაყიდვებით…ყველა ამ პარამეტრით. ეს პროექტი რომ დაიწყო, იმიტომ გაკეთდა შემნახველი მაცივრებიც.
-მაგრამ, არ აღმოჩნდა ეს საკმარისი, ხომ ვხედავთ…კახეთში არ იცოდნენ კენკრა სად შეენახათ. მაცივრებში ატამი იყო დასაწყობებული, იქ კენკრას ვერ შეიტანდნენ. რადგან ამ ორ ხილს სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება. რომ შეიკრიბოს ეს ხალხი, 10-20 ტონა რომ შეაგროვოს, სადმე ხომ უნდა შეინახოს? სანამ ექსპორტზე გაიტანენ, ხომ გაფუჭდება?
- ექსპორტი ასე არ ხდება. 10, 20 ან 5 ტონით ექსპორტი არ ხდება. თქვენ მერე შეიძლება დასვათ საკითხი, ფულს ვინ გადაუხდის, ვინ გადაუზიდავს, თვითმფრინავს ვინ დაუქირავებს. ექსპორტი ეს არ არის. მე ვერ დავუკრეფ და ვერ შევუნახავ. ვინც ამ ბიზნესს ხელს ჰკიდებს, მან უნდა გათვალოს, სად უნდა მიაწოდოს, რომელ ბაზარს. სახელმწიფო არ ეძებს გასაღების ბაზარს.
-უცხო ქვეყნებში გვყავს ატაშეები, რომლებიც უნდა დახმარებოდნენ ექსპორტიორებს… ჩვენი საელჩო ეხმარება მეწარმეებს უცხოეთის ბაზარზე შესვლაში?
- საელჩომ უნდა მისცეს იმ ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა.
- აძლევენ მათ ამ ბაზას ატაშეები?
- აძლევენ, კი. ყველა საელჩოს მაგივრად მე ვერ ვილაპარაკებ…ექსპორტს რომ თავი დავანებოთ.. თბილისის მაღაზია ვარ… რომელ თვეში და რამდენ კენკრას მომიტან, ეს კითხვა მწარმოებელს რომ დავუსვა, ვერ მეტყვის, რადგან პროდუქცია მცირე რაოდენობით აქვს.
- ფერმერი იმას გეტყვით, რამდენი მოსავალი ექნება. მაგრამ მაცივარი არ აქვს, სადაც შეინახავს, რომ მერე რეგულარულად მოგამარაგოთ...
- პროდუქტის მოცულობას გააჩნია. მცირე მოსავალს სჭირდება მცირე ზომის მაცივარი. მაგრამ ის ამაზე წინასწარ არ დაფიქრებულა. არადა უნდა იცოდეს, სად უნდა გაიტანოს. ყველაზე მარტივი არის მოიყვანო პროდუქცია. დღეს საქართველოში ნებისმიერი მოცულობის მაცივრის ყიდვა შეიძლება კენკრის შესანახად. საჭიროა პატარა ოთახი, ერთი კონდიციონერი, თუნდაც ძველი, რომელსაც გადააკეთებ. კაპიკები ჯდება. მეორადი კონდიციონერები 100-200 ლარი ღირს.
-კენკრისთვის გამოდგება ის ძველი კონდიციონერი?
- დიახ. ნებისმიერი ხილისთვის გამოდგება. ეს დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ამას უნდა მოფიქრება. მაყვალი 12 ლარად რომ იყიდებოდა, მადლობის სათქმელად არავინ მოსულა. 2 ლარზე რომ ჩამოვიდა, ახლა აქვთ პრეტენზია, დიდ ფულს ვეღარ შოულობენ, თორემ 2 ლარად გაყიდვაც მომგებიანია.
სოფელ რუისში, სადაც ფერმერული მეურნეობა მაქვს, გლეხებს ვეუბნები, როგორ შეუძლიათ იშოვონ დიდი ფული კომბოსტოს და პომიდვრის მოყვანით. გგონიათ იჯერებენ? როცა კლიენტი მიდის მათთან კომბოსტოს საყიდლად, იწყებენ ვაჭრობას და ფასის კლებას. ერთი აკლებს 2 თეთრს, მეორე- 3-ს, მესამე -5 -ს და ყველას საქმე ფუჭდება. საკმარისია, ისინი შევიდნენ კოოპერაციაში, დაიჭერენ და გააკონტროლებენ ფასებს. ეს არის მსოფლიო კოოპერაციის ფორმულა. აბა ადამიანები კოოპერაციაში სიყვარულის გამო კი არ ერთიანდებიან. იაპონიაში ფერმერად ითვლება ვისაც 100 კვადრატული მიწა აქვს. სახლის სახურავზე რომ აქვს ბაღი და რაღაც მოჰყავს, ისიც ფერმერია. მთავარია, რას მოიყვან იმ მიწაზე. კარგი, წელს ვერ გავყიდე მაყვალი, ვიწუწუნე, მაგრამ მომავალი წლისთვის რას ვაკეთებ? მომავალ წელს ან საოცარი დეფიციტი იქნება ან პირიქით..
-და ან ჩეხავენ მაყვალს, რგავენ სხვა რამეს ან წარმოებას საერთოდ თავს დაანებებენ...
-არავინ არაფერს ჩეხავს, ეგ ტყუილია.. შარშან 6 ჰექტარი ვაშლის ბაღი ამოვყარე. მაგრამ კი არ გავჩეხე, განახლებისთვის ვამზადებ. ხოლო თუ მაყვალი იმიტომ აჩეხა, რომ უფრო რენტაბელური მარწყვი მოიყვანოს, ძალიან ჭკვიანი ყოფილა.
-საქმე ის არის, რომ რთულია იმის განსაზღვრა, მომავალ წლებში მაყვალი უფრო მომგებიანი იქნება თუ მარწყვი…
-იმიტომ რომ სხვას უყურებენ. ვინც თვითონ თვლის, იმას ასე არ მოუვა. როცა „დანერგე მომავალში” მონაწილეობის მსურველი მოდის, ვეუბნებით, რომ კენკრის ბაღს სადაც აშენებს, წყალი უნდა იყოს. ვუხსნით, რომ ელექტროენერგია უნდა იყოს ახლოს მიყვანილი…
-არხთან ახლოსაც გააშენეს ბაღები, მაგრამ იცით ალბათ მელიორაციაში რა პრობლემებია, ხშირად წყალი ნაკვეთთან ვერ აღწევს…
-160 ათასი ჰექტარი საქართველოში ურწყავი მიწაა. როცა ასეთ ადგილზე სიმინდს დათესავ, ცხადია, რომ იზარალებ.
-თქვენ როცა „დანერგე მომავალის” ფარგლებში დააფინანსეთ ბაღები, იქ მოთხოვნა იყო ჩადებული, რომ ის სარწყავ არხთან უნდა ყოფილიყო. მაგრამ არხში არ მოდის წყალი, რომელსაც წესით, სახელმწიფო მელიორაცია უნდა აწვდიდეს …
-არ ვამბობ, რომ სამყარო იდეალურადაა აწყობილი. ქვეყანაში წყლის დეფიციტია. ფართობები, სადაც ნაყოფიერი მიწაა, წყლის გარეშეა დარჩენილი. და ამას უნდა წლები და მილიარდები, რომ ირწყვებოდეს.
-მიზეზი უფრო მეტად მართვის პრობლემა ხომ არის?
-სადაც წყალია, იქ მართვის პრობლემა არ გვაქვს. პრობლემა იქაა, სადაც წყალი არ არის..
სოფელი რუისი, სადაც პაპაჩემი მერუე იყო, 5 კილომეტრზეა გაშლილი. ამ სოფლის ყველაზე შარიანი და მოჩხუბარი ხალხი წინუბანში ცხოვრობს. იცით რატომ? სარწყავი წყალი სოფლის მეორე ბოლოდან მოდის და ამის გამო არის სულ დავა. სასაფლაოსთან უნდა გაიაროს წყალმა. იმ წყლის დარაჯობით სასაფლაოსთან ღამეები მაქვს გათენებული. გაიყვან წყალს, ვიღაც ამოვა, გეჩხუბება, შეგაშინებს ან შენ შეაშინებ. ეს არის წყლის გაყვანა. იმიტომაც ვერ ვრისკავ ინტენსიური ბაღის გაშენებას, რომ მას მუდმივი წყალი სჭირდება. სოფელ რუისიში კი პრობლემაა წყლის ადგილამდე მიყვანა. ჩვენ კიდევ უცბად მოვინდომეთ მრიცხველზე დაყენებული წყალი. ეს იქნება, მაგრამ 15-20 წელი სჭირდება. ფერმერმა უნდა იფიქროს, რომ აწყობილი სისტემა არ გვაქვს და რისკები წინასწარ უნდა გათვალოს. იცით, რას ნიშნავს წვიმა სოფელში? თუ არის წვიმიანი ზაფხული, ყველა რუ არის სავსე, მოსახლეობაში მოთხოვნა მცირდება და სარწყავი წყალი შეგიძლია სოფლის ბოლომდე მიიყვანო, რაც გვალვის დროს შეუძლებელია. ზემოთ ვინც არის, ის რწყავს, ბოლო ნაკვეთამდე კი წყალი ვერ აღწევს.
-ექსპორტს ძალიან დიდი პრობლემა აქვს. გაუმართავია ლოჯისტიკა, კარგო რეისები არ არსებობს, ტვირთი სამგზავრო თვითმფრინავებით უნდა გადაიტანონ, სატვირთო ტერმინალი მხოლოდ თბილისი აეროპორტს აქვს, ქუთაისში არ არის. პირდაპირი რეისები ბევრ ქვეყანასთან არ გვაქვს...ამ პრობლემებთან დაკავშირებით თქვენ თუ მუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად…
-რამდენი წელია რომ საქართველოდან რეისები დაიწყო? უცბად გინდათ აწყობილი სისტემა, რისთვისაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ათწლეულები დასჭირდათ. კარგო რეისს გავაკეთებთ, მაგრამ გარანტიას მოგვცემთ, რომ თვითმფრინავი შეივსება? ვიდრე პროდუქცია არ არის, კარგო ვერ იქნება. ასეა, როცა პროდუქტი ცოტა გაქვს, წვალობ, ხან თვითმფრინავით მიგაქვს, ხან კამაზით. ვიდრე გარკვეულ მოცულობამდე მიხვალ, ეტაპებია გასავლელი. იმდენი პროდუქცია არ არის, საკუთარი მაღაზიები რომ მოვამარაგოთ. ქსელებში ვერ შედის. ასეა, მაგალითად, ქართული თაფლიც. ქართული თაფლის შესვლაც ევროპის ბაზარზე არის აბსურდი.
-რატომ? ქართულ თაფლს, მცირე რაოდენობით, მაგრამ შეუძლია მაღალ საფასო სეგმენტში შევიდეს…
- ვერ შევა. ეგ მხოლოდ თეორიაა. სანამ ერთგვაროვანი თაფლი არ გვექნება, სანამ მეთაფლე არ მიხვდება, რომ არ უნდა მოგატყუოს, რომ ანტიბიოტიკს არ იყენებს. სანამ ქვეყანაში ღია ტუალეტების პრობლემა იქნება, მანამდე სულ ასე იქნება.
მთელი საქართველოს სოფლების კანალიზაციის მოწესრიგებას რამდენი მილიარდი დასჭირდება, იცით? ევროკავშირმა როცა გაგვიწერა, 2015-დან 2017 წლამდე დაახლოების კანონმდებლობაზე იმუშავეთო, ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს პერიოდი გვჭირდება მარტო იმისთვის, რომ წავიკითხოთ, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირმა ახლავე გააღოს კარი და შევვარდეთ ქართველები. კი ბატონო, შევვარდეთ, მაგრამ რით? ახლა ჰასპის სტანდარტი გვაქვს დასანერგი. მწარმოებლებს მისი დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოვთხოვოთ. ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, ამაზე ხალხი გაგიჟდებაო. რაზე უნდა გაგიჟდნენ? ტუალეტი რომ დალაგებული უნდა იყოს, ეს რომ მოვთხოვო? ნაგავში რომ არ გვიკეთებდნენ საჭმელს? გლობალ-გეპზე და ბაღების სტანდარტიზაციაზე ხომ აღარ არის ლაპარაკი. ძალიან შორს წავალთ.
რაც ფერმერის გასაკეთებელია, მან თვითონ უნდა გააკეთოს. სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ისეთ კომპონენტებში, რაც არის ბიზნესის გასაკეთებელი, მათ შორის, პროდუქციის გაყიდვაში.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.