თაფლის წარმოება და გამოწვევები საქართველოში
თაფლის სექტორს საქართველოში, ისევე, როგორც კენკრას, აქვს დიდი პოტენციალი და იმავდროულად უამრავი პრობლემა, რაც აფერხებს ადგილობრივი ფერმერების წინსვლას. თაფლის ამჟამინდელი წარმოება ქვეყანაში საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა და ზრდის ტემპიც საკმაოდ მცირეა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს ქვეყანაში თაფლის წარმოება 2 ათასი ტონა იყო. 2016 წელს -2,1 ათასი ტონა. 2017-2018 წელს კი წარმოება უცვლელად-2,5 ათასი ტონის ნიშნულზე გაჩერდა. იმის გამო, რომ მეურნეობების ზუსტი აღრიცხვა არ ხდება, ამიტომ ეს ციფრები შესაძლოა, რეალურისგან ბევრად განსხვავებული იყოს.
ქართული თაფლი უნიკალური არომატითა და გემოთი გამოირჩევა, ამიტომ ის ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში. მიუხედავად ამისა, საქართველოდან თაფლის ლეგალური ექსპორტი ძალიან მცირეა. წლების განმავლობაში, საქართველოდან თაფლი არალეგალური გზებით გადის, უმეტესად მეზობელ ქვეყნებში. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2015 და 2018 წლებში ექსპორტის მოცულობა შედარებით მაღალი იყო. ამ წლებში უცხოეთში შესაბამისად 73 ათასი და 70 ათასი დოლარის თაფლი გაიყიდა. ხოლო 2016-2017 წლებში ექსპორტი მკვეთრად დაეცა 21-დან 16 ათას დოლარამდე. 2019 წლის პირველ ორ კვარტალში ექსპორტირებული თაფლის ღირებულება 40% -ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 12 ათას დოლარს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ექსპორტირებული თაფლის ფასი 5-დან 10 დოლარამდე მერყეობს, ცხადია, რომ რომ 2018 წელს ექსპორტირებული თაფლის საერთო რაოდენობა 7-დან 14 ტონამდე მერყეობდა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტის მოცულობა ძალიან დაბალი და არასტაბილურია, 2018 წელს ის ნულს გაუტოლდა. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველო არ იყენებს ამ უპირატესობას, რაც მას პროდუქტის ხარისხის თვალსაზრისით გააჩნია და ასევე, რასაც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ანიჭებს. ადგილობრივი თაფლის მწარმოებლები კვლავაც ვერ ახერხებენ ახალ ბაზრებზე გასვლას. სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ თაფლის წარმოება იმდენად მცირეა, რომ მისი ევროპის ბაზრისთვის რეგულარული მიწოდება შეუძლებელია. მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი კი ამბობს, რომ ევროპაში ექსპორტი აბსურდია. სახელმწიფომ თაფლის გადამამუშავებელ ახალი ქარხნის მშენებლობა დააფინანსა, სადაც ერთგვაროვანი თაფლის მიღება იქნება შესაძლებელი, მაგრამ ის ჯერჯერობით არ მუშაობს.
თაფლში ანტიბიოტიკების არსებობა კვლავაც ადგილობრივი წარმოების მთავარი პრობლემაა. ანტიბიოტიკების იმპორტის აკრძალვის მიუხედავად, ბევრი ფერმერი მას დაავადების პროფილაქტიკისთვის კვლავ იყენებს. ბევრმა მათგანმა არ იცის და ვერ აცნობიერებს შედეგებს, რაც ანტიბიოტიკების გამოყენება იწვევს. ეს დიდწილად თაფლის წარმოებაში ახალი მიდგომებისა და მეთოდების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია. თაფლის სექტორიც პროფესიონალი ვეტერინარის ნაკლებობას განიცდის. ქვეყანაში არ არსებობს ლაბორატორია, სადაც თაფლის სრული სპექტრის ანალიზი ჩატარდება. ამის გამო, ფერმერებმა თაფლის ნიმუშები შესამოწმებლად ევროპის ლაბორატორიებში უნდა გაგზავნონ, რაც ძალიან ძვირი ჯდება. ადგილობრივ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში თაფლის ანალიზი 121-დან 700 ლარამდე ჯდება. თაფლის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ამ საფასურის გადახდაც რთულია, ამიტომ ლაბორატორიას ანალიზისთვის წლის განმავლობაში რამდენიმე მეფუტკრე თუ მიმართავს.
ადგილობრივი ბაზარი გაჯერებულია უხარისხო, საეჭვო შემადგენლობის თაფლით, რაც ხარისხიან პროდუქტს კონკურენციას უწევს. შედეგად, მწარმოებლებს თაფლი გაუყიდავი რჩებათ. ბაზრის არასაკმარისი კონტროლის გამო ფერმერები მთავრობას ადანაშაულებენ. მათი თქმით, მთავრობა არ აკონტროლებს ფუტკრის მეურნეობებს, არ ხდება ინვენტარიზაცია. არსებობს მრავალი მიტოვებული საფუტკრე, რომელიც დაავადების წყარო ხდება და სხვა მეურნეობას სერიოზული საფრთხეს უქმნის.
ადგილობრივი თაფლის მწარმოებლები ფიქრობენ, რომ ქართულ თაფლს ევროკავშირის ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას. ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში ევროპაში თაფლის ექსპორტი ვერ მოხდება თუ პროდუქტის ხარისხი არ გაუმჯობესდება და წარმოების დონე არ გაიზრდება. ასევე, აუცილებელია მეფუტკრეთა გაერთიანება, რაც ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს გაზრდის.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.