რა პრობლემები აქვს ქართული ავეჯის კლასტერს
ქართული ავეჯის კლასტერი 35 მცირე და საშუალო საწარმოს, ინტერიერის დიზაინერსა და სერვისის მიმწოდებელს და ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებს აერთიანებს. კლასტერი ავეჯის სექტორის ხელშეწყობის, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ამ გაერთიანების ჩამოყალიბების შემდეგ 2 წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა, ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესი ჯერჯერობით არ ჩანს. სექტორს უამრავი პრობლემა აქვს, ნატურალური ხის ბაზრით დაწყებული, ტექნოლოგიური უზრუნველყოფით გაგრძელებული. კლასტერში გაერთიანებული ავეჯის საწარმოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევას წარმოადგენს კვალიფიცირებული კადრების დეფიციტიც.
კლასტერის წევრების ძირითადი ნაწილი „ხელოსნების ქალაქის” ტერიტორიაზე საქმიანობს. „ხელოსნების ქალაქი” თბილისში, ავჭალის დასახლებაში მდებარეობს, სადაც კომპაქტურად არის განთავსებული ავეჯის მწარმოებელი 200-მდე საწარმო და თვითდასაქმებული ხელოსანი. კლასტერი არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დამოუკიდებელი, კონკურენტული საწარმოების გაერთიანებაა.
ავეჯის კლასტერის ჩამოყალიბება 2016 წლის ოქტომბერში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) დაიწყო. ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში თანადაფინანსებული პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, განხორციელების შედეგად შეიქმნა ქართული ავეჯის კლატერი. კლასტერის ხელმძღვანელმა ორგანომ უნდა იმუშაოს პროდუქტისა და წარმოების ხარისხის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე, იმისთვის, რომ მოხდეს კონკურენტუნარიანობის ზრდა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე და კვალიფიციური კადრების მომზადებაში ხელშეწყობა. გარდა ამისა, მან უნდა განახორციელოს სამთავრობო სტრუქტურებთან სექტორის ადვოკატირება და ლობირება. ავეჯის კლასტერის საქმიანობისა და მისი წევრი საწარმოების წინაშე ამჟამად არსებული პრობლემების შესახებ კლასტერის გამგეობის წევრს მარიამ ლეჟავას ვესაუბრეთ:
-რა კონკრეტული სარგებელი მოუტანა ავეჯის საწარმოებს კლასტერში გაერთიანებამ?
-პირველ რიგში, გამოვყოფ იმ ფაქტს, რომ ავეჯის სექტორი ამ გაერთიანების შედეგად საქართველოს ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულ დარგებს შორის მოხვდა. შედეგად, წვერმა კომპანიებმა მოახერხეს ბიზნესის გაფართოება. მეწარმეებს გაუჩნდათ მოლოდინი, რომ უფრო წარმატებულად იმუშავებდნენ. ავეჯის მწარმოებელთა გაერთიანება მანამდეც არსებობდა, მაგრამ კლასტერმა ამ გაერთიანებას იურიდიული სახე მისცა. ამ სფეროს ლობირება და ადვოკატირება უფრო ადვილი გახდა. ამის გამო კლასტერს მუდმივად ემატება ახალი საწარმოები. მოხდა კლასტერის წევრი კომპანიების მივლინება მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენებსა და ავეჯის მწარმოებელ კომპანიებში. რამდენიმე კომპანიამ გაერთიანებული ძალით შეძლო რთულად შესასრულებელი პროექტების მაღალი ხარისხით შესრულება. მათ შორის იყო ავეჯის მსხვილი შეკვეთა მსოფლიო ჭადრაკის ტურნირისთვის, რომელიც ბათუმში გაიმართა. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პავილიონები უმოკლეს ვადებში იყო მოსაწყობი. ამ შეკვეთის შესრულებას ერთი კომპანია მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ შეძლებდა. პროექტში ჩაერთო კლასტერის რამდენიმე კომპანია და ის დასრულდა წარმატებით- უმაღლესი ხარისხით შესრულებული პროდუქტით.
- ავეჯის საწარმოების კლასტერში გაერთიანების ერთ-ერთი მიზანი ექსპორტის ხელშეწყობა იყო. რამდენად მოხერხდა ამ მიზნის მიღწევა?
-კლასტერის არც ერთი კომპანიის პროდუქცია სერიული წარმოებით, საერთაშორისო ბაზრებზე, ჯერჯერობით, არ გადის. ექსპორტს ბიუროკრატიულმა ბარიერებმა შეუშალა ხელი. კომპანია „იკეა” დაინტერესდა კლასტერის ერთ-ერთი წევრი საწარმოს, „ეკო”-ს პროდუქციით, რომელიც ნატურალური ხის ნედლეულით მაღალი ხარისხის გარე ავეჯს ამზადებს. „იკეამ” ამ ქართულ კომპანიას ავეჯი საკმაოდ დიდი მოცულობის დაუკვეთა. შეკვეთის შესასრულებლად „ეკოს” დამატებითი ფინანსური რესურსი სჭირდებოდა, ამიტომ მიმართა „აწარმოე საქართველოს” პროექტს, მაგრამ ბიუროკრატიული პრობლემის გამო უარი უთხრეს. უარის მიზეზი იყო ის, რომ განაცხადი ხელმომწერის ძმას უნდა შეეტანა ანუ დოკუმენტი ერთი ძმის ნაცვლად მეორემ წარადგინა. ამის გამო განაცხადი არ მიიღეს. „ეკომ” ვერ მიიღო დაფინანსება და პროექტი ჩავარდა. თუ ეს საწარმო სამომავლოდ ფინანსების მოძიებას შეძლებს, „იკეა” მზად არის, რომ „ეკოს” ავეჯი შეიძინოს.
-რა პრობლემები აქვს ამჟამად ავეჯის წარმოებას და რა უნდა გაკეთდეს მათ გადასაჭრელად?
-წარმოების განვითარებას უხარისხო ნედლეულიც უშლის ხელს. საქართველოში შედარებით დაბალხარისხიანი მასალა შემოაქვთ, რაც საექსპორტო პროდუქციისთვის არ გამოდგება. ეს ნედლეული ევრო 1-ის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ მისი ევროკავშირის ქვეყნებში გატანა ვერ მოხდება. არის შედარებით ხარისხიანი ნედლეულიც, მაგრამ ის მასიური წარმოებისთვის არ არის საკმარისი.
-ავეჯის წარმოებაში ადგილობრივი ხის მასალის გამოყენება არ ხდება?
-რაც შეეხება ნატურალური ხის ადგილობრივ ბაზარს, იქ გაცილებით რთული სიტუაციაა. ხის მასალა ძირითადად „შავ ბაზარზე” იყიდება და საწარმოსაც უსაბუთოდ უწევს მისი ყიდვა. ამის გამო, საწარმო მას ხარჯებში ვერ ასახავს, რაც შემდეგ პროდუქციას აძვირებს. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივი წარმოება იაფ, იმპორტირებულ ნედლეულს იყენებს, რომელიც ცხადია, ნატურალური არ არის. ნატურალური ხის პროდუქციაზე უცხოელი დამკვეთების მხრიდან არის მოთხოვნა, მაგრამ მისი დამზადება ქართულ ავეჯის კომპანიებს უჭირთ, ვინაიდან პროდუქციის თვითღირებულება მაღალი გამოდის. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ხის ნედლეულის ბაზარი სახელმწიფოს მიერ არ არის დარეგულირებული.
თანამედროვე სტანდარტები ითვალისწინებს, რომ უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული, რაც ბევრ ადგილობრივ საწარმოში ვერ ხერხდება. ადგილობრივ საწარმოებში ტრავმა ბევრს აქვს მიღებული, დასაქმებულ ბევრ ხელოსანს ხელის თითი აკლია. საწარმოო თანამედროვე ტექნოლოგიები ითვალისწინებს, რომ თუ პერსონალი დასაშვებზე ახლოს მიდის, დანადგარი ავტომატურად ჩერდება, დაზიანება რომ არ მოხდეს. ჩვენთან, სამწუხაროდ, ძალიან ძველი დანადგარებით მუშაობენ, შესაბამისად უსაფრთხოებას ვერ იცავენ, ამიტომ პროდუქციის დასამზადებლადაც მეტი რესურსი და დრო სჭირდებათ.
გარდა ამისა, საწარმოებიდან ხდება კადრების გადინება. კომპანია წლების განმავლობაში ზრდის კადრს, ასწავლის და შემდეგ ის, როცა საქმეს შეისწავლის, მიდის და თვითონ იწყებს ავეჯის დამზადებას. ხშირია შემთხვევები, როცა ის საქმეს დამოუკიდებლად თავს ვერ ართმევს, ვალებში იძირება და ამით დამკვეთიც ზარალდება. ავეჯის წარმოება კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის. ერთ-ერთ დანადგარზე, რომელიც ავეჯზე ორნამენტებს აკეთებს, მუშაობა მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის. როცა დანადგარი მწყობრიდან გამოდის, თვითონ ეს ადამიანი აკეთებს, რადგან ხელოსანიც არ არის ქვეყანაში.
„ხელოსანთა ქალაქის” ტერიტორიაზე შეიქმნა კოლეჯი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. კოლეჯს ჰქვია „ხელოსნების სკოლა”, რომელიც ავეჯის სექტორისთვის კადრების გადამზადებას ახორციელებს. კოლეჯის მოსწავლე იქვე საწარმოებში გადის პრაქტიკას და კურსდამთავრებული 2 თვის შემდეგ ადგილზე საქმდება. გვინდა გავაკეთოთ უფრო კვალიფიცირებული კურსები, რომ კონკრეტულად რომელიმე დანადგარის სპეციალისტები მომზადდეს, როგორიცაა მაგალითად, სამუშაო ნახაზების შემდგენი, რომელიც ასევე, დეფიციტურია.
-რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ ხელი შეუწყოს კლასტერის მუშაობას?
-სავალდებულო უნდა გახდეს ავეჯის საწარმოთა ლიცენზირება, ისე რომ არ მოხდეს, რომ ნებისმიერმა გახსნას საწარმო, დამკვეთისგან ფული აიღოს, შემდეგ შეკვეთა ვერ შეასრულოს და დაიკარგოს. ქვეყანაში არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც საწარმოს ლიცენზიას მოსთხოვს. საწარმოს აკრედიტირებული პროგრამა უნდა ჰქონდეს გავლილი. ხოლო ამ სფეროში დასაქმებულს შესაბამისი უნარ-ჩვევები უნდა გააჩნდეს.
-რა გეგმები აქვს კლასტერს სამომავლოდ?
-სამომავლო მიზანი არის, რომ კლასტერში გაერთიანებული ყველა კომპანია მყარად იდგეს ფეხზე, რომ შეძლონ დამოუკიდებლად საკუთარი კომპანიის მენეჯმენტი, მოახერხონ გასაღების ახალი ბაზრების მოძიება და პროდუქციის ექსპორტზე გატანა. ეს მას შემდეგ მოხერხდება, როცა გაუმჯობესდება ხარისხი და ბაზარზე იქნება ჯანსაღი კონკურენცია.
-კლასტერის შექმნის მიზანი არის, რომ გეოგრაფიულად ერთ არეალში თავმოყრილმა კომპანიებმა დაზოგონ ხარჯები. რამდენად ახერხებენ ამას „ხელოსანთა ქალაქში”?
-ერთ არეალში თავმოყრით ამ კომპანიებმა დანახარჯები მნიშვნელოვნად შეამცირეს. „ხელოსანთა ქალაქის” ტერიტორიაზე ერთ სივრცეშია განთავსებული მომწოდებელი და მწარმოებელიც. მათ საწყობი საერთო აქვთ, არ აქვთ ტრანსპორტირების ხარჯი და დროის დანაკარგი. მაგალითად, ერთ საწარმოს კარგი დანადგარი აქვს, მეორეს -მაღალი ხარისხის საჭრელი, მესამეს ჰყავს კვალიფიციური კადრი. ისინი ამ რესურსს ერთმანეთისგან ქირაობენ. ეს ყველაფერი წარმოების ეფექტურობას ზრდის და პროდუქციასაც აიაფებს.
-როგორც ვიცით, კლასტერს დაფინანსების პრობლემა აქვს. რისთვის გჭირდებათ დამატებითი სახსრები?
-ავეჯის სექტორის მუშაობა სეზონურობით ხასიათდება. თებერვლიდან აპრილის შუა რიცხვებამდე შეკვეთები მცირდება, ასევე, სექტემბერიც ნაკლებად არის დატვირთული. თუ კომპანია კარგი რეპუტაციით სარგებლობს, მას გაფართოების პრობლემა არ აქვს, შეფერხების გარეშე იხდის ხელფასს, გადასახადებს, მაგრამ უფრო მასშტაბური პროექტებისთვის, როგორიცაა თანამშრომლის საზღვარგარეთ გადამზადებისთვის გაგზავნა, რესურსები აღარ ჰყოფნის. ვცდილობთ მათ დონორების მეშვეობით მიღებული თანხით დავეხმაროთ. აგრეთვე, ვეძებთ დონორ ორგანიზაციას, რომელიც კლასტერის წევრ კომპანიებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისთვის უცხოელი ექსპერტების ჩართულობას უზრუნველყოფს.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.