ევროპის ახალი ინდუსტრიული გზა - გარემოს დაცვა და ციფრული ტექნოლოგიები
10 მარტს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ინდუსტრიული სტრატეგიის განმსაზღვრელი პოლიტიკის დოკუმენტი. ევროკავშირი ახალი ინდუსტრიული სტრატეგიის ფარგლებში გამოყოფს გარემოს დაცვისა და ციფრულ ინდუსტრიას. ევროკომისია განმარტავს, რომ „ტყუპ“, ეკოლოგიურ და ციფრულ, გარდაქმნას გავლენა ექნება ევროპის ეკონომიკის, საზოგადოებისა და ინდუსტრიის ყველა ნაწილზე. საჭირო გახდება ახალი ტექნოლოგიები, შეიქმნება ახალი პროდუქტები, სერვისები, ბაზრები და ბიზნეს მოდელები, რაც გამოიწვევს ახალი ტიპის სამუშაო ადგილების წარმოქმნას, რომელიც ჯერ არ არსებობს. აგრეთვე, შექმნის ახალი უნარ-ჩვევების საჭიროებას, რომლებიც ჯერ ადამიანებს არ აქვთ.
ახალი ინდუსტრიული სტრატეგია, ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს ქმნის ასევე კლასტერებისთვის, რადგან მნიშვნელოვანია, მათი როლი ევროკომისიის მიერ დასახელებული ორივე მიმართულების განვითარებისთვის.
ციფრული ინდუსტრიის მიზანია განავითაროს IT სექტორი და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
კომპიუტერების და აპარატურის წარმოება;
პროგრამირება;
ციფრული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მიწოდება;
საკონსულტაციო სერვისები.
ციფრული ინდუსტრიის განვითარების მიხედვით ევროპის წამყვან ქვეყნებს შორისაა გერმანია, შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია და დანია.
წარმატებული ციფრული კლასტერის მაგალითად ევროკომისიას 2017 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში “კოშიცეს აიტი ველის კლასტერი” მოჰყავს, რომელიც სლოვაკეთში, ქალაქ კოშიცეში მდებარეობს. კლასტერის მიზანია შექმნას რეგიონული პარტნიორობა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კომპანიებს, საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და რეგიონულ მმართველობებს შორის და ამ გზით ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის ზრდას, შექმნას სამუშაო ადგილების ფართო არჩევანი კვალიფიციური მუშახელისთვის და შეიმუშაოს დარგის საერთო სტრატეგია, რაც მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ სლოვაკეთის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებისთვის.
კლასტერის საქმიანობა კონცენტრირებულია განათლებაზე, ინოვაციებსა და თანამშრომლობაზე. პრიორიტეტებს შორის რჩება განათლება, თუმცა, კლასტერი უფრო ფართო მიმართულებით მუშაობს და მისი შემადგენელი ნაწილი სექტორში ინვესტიციების მოზიდვაც გახდა. კლასტერს დარგობრივი ასოციაცია მართავს რომელიც 2007 წელს ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფოს, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და წამყვანი IT კომპანიების ერთობლივი ინიციატივა. 2016 წლის მონაცემებით, შექმნიდან 10 წლის შემდეგ, კლასტერში შემავალმა კომპანიებმა 10,000-მდე სამუშაო ადგილი შექმნეს.
გარემოს დაცვის ინდუსტრიები მოიცავს შემდეგ ქვე-სექტორებს:
· განახლებადი ენერგია;
· მასალების და ენერგიის ეფექტიანობა;
· ნარჩენების მართვა, მეორადი გამოყენება, გადამუშავება და მეორადი წარმოება;
· შეკეთება და მოვლა;
· გაზიარების ეკონომიკა, რომელიც მოიცავს გაქირავებას და ლიზინგს;
· გარემოს დაცვის სერვისები.
ევროკომისიის 2017 წლის კვლევა გარემოს დაცვის მიმართულებით გამოყოფს „მწვანე ტექ კლასტერს“ ავსტრიის ქალაქ შტირიაში, რომელიც ავსტრიის „მწვანე გულს“ წარმოადგენს.
კლასტერი 2005 წელს შეიქმნა და მისი საქმიანობა უკავშირდება მწვანე ინოვაციის განვითარებას და აერთიანებს სექტორის 20 გლობალურ ლიდერს, რომლებიც ერთი საათის სავალ მანძილზე არიან თავმოყრილი. კომპანიები, რომლებიც აქ არიან თავმოყრილი თითქმის ორჯერ უფრო სწრაფად იზრდებიან ვიდრე მსოფლიო ბაზრის საშუალო მაჩვენებელი და ქმნიან 1000-ზე მეტ სამუშაო ადგილს ყოველწლიურად.
კლასტერი მხარს უჭერს კვლევითი პროექტების განვითარებას, ტექნოლოგიური ტრენდების და ახალი შესაძლებლობების შეფასებას და გლობალური კონტაქტების დამყარებას. 2015-2020 წლის სტრატეგიის მიხედვით იგი აქცენტს მწვანე ინოვაციის ძირითად მიმართულებაზე გააკეთებს, როგორიცაა მწვანე ენერგია (ბიომასა, წყლის და მზის ენერგია), მწვანე მშენებლობა და მწვანე რესურსები (გადამუშავება), კლასტერი გეგმავს 100 ახალი, ინოვაციური პროექტის განხორციელებას 5 წლის განმავლობაში. მწვანე ტექ კლასტერის მონაწილეობით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს შორისაა მსოფლიოში პირველი მინის ცათამბჯენი ქალაქ გრაცში, რომელიც ელექტრო ენერგიას „energy glass“ ტექნოლოგიის საშუალებით გამოიმუშავებს.
შტირიაში ელექტრომობილების ბატარეების წარმოებაა განთავსებული. ასეთი ბატარეების უსაფრთხო გადამუშავებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლითიუმის ბატარეების ნარჩენების მართვაში. კლასტერი გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების მიმართულებით მსოფლიო ლიდერად მრავალჯერ დასახელდა .
ზემოთ განხილული ორი მიმართულებიდან საქართველოში უკვე არსებობს აისიტი კლასტერი, რომელიც 2017 წელს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დახმარებით შეიქმნა.
ავტორი: მარიამ სალდაძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.